„იცოცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს“

Posted on August 6, 2010

0



(სტიგმა; შიდსთან ასოცირებული სტიგმა)

რამოდენიმე დღის განმავლობაში ვესწრებოდი საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ მიერ მოწყობილ ტრეინინგს თემაზე „შიდსთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია.“ არ ვაპირებ დაწვრილებით მოვყვე რა და როგორ ხდებოდა ამ ტრეინინგზე, თუმცა გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა თუკი ჩემი ბლოგის მკითხველიც შეძლებდა მინიმალურად მაინც გაეცნობოდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სტიგმა (ბერძნ.-ლაქა; დამღა)განიხილება, როგორც ძლიერი სოციალური იარლიყი, რომელიც ამ იარლიყის მქონე ადამიანებს ირგვლივმყოფების თვალში მნიშვნელოვან დისკრედიტაციას უკეთებს.

სტიგმის დამახასიათებელი სამი ძირითადი ნიშანი

  1. ხაზი ესმება ადამიანებს შორის განსხვავებულობას და ეს განსხვავება მნიშვნელოვნად ითვლება
  2. განმასხვავებელი ნიშნების მქონე ადამიანებს ძირითადად, უარყოფით თვისებებს მიაწერენ;
  3. ადამიანებს ყოფენ ორ ჯგუფად: „ჩვენ“ და „ისინი“

სტიგმის გამოვლინების ფორმები:

  1. კულტურული სტიგმა (ხაზი ესმება მახასიათებლებს გარკვეული კუტურული კუთვნილების მიხედვით);
  2. ინსტიტუციური სტიგმა (როდესაც სტიგმატიზაციას ხელს უყწობენ ინსტიტუციური ორგანოები);
  3. პიროვნებათშორისი (ინერპერსონალური) სტიგმა;
  4. შინაგანი სტიგმა.

როგოც წესი სტიგმას ორი მხარე აქვს : შინაგანი და გარეგანი.

გარეგანი სტიგმის გამოვლინებებია:

  • ადამიანის მიერ იმის მტკიცება, რომ არ მიეკუთვნება ამ (სტიგმატიზირებულ) ჯგუფს;
  • ღირსების შემლახავი გამოთქმები;
  • ამ ჯგუფის წარმომადგენლებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
  • შიში (დაინფიცირების, ძალადობის);
  • „მენტორული“ დამოკიდებულება;
  • მოცემული ჯგუფის წარმომადგენლების აზრების იგნორირება;

შინაგანი სტიგმა- ეს არის სტიგმა იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც ადამიანი თავად მიეკუთვნება და, შესაბამისად, იცვლება ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება. გამოვლინებები :

  • საკუთარი არასრულფასოვნებისა და ნაკლოვანების განცდა;
  • მცდელობა, დაამტკიცო, რომ შენ უკეთესი ხარ ვიდრე სტიგმატიზირებული ჯგუფის სხვა წარმომადგენლები;
  • მოცემული ჯგუფის წევრებთან ურთიერთობის დამყარების გაძნელება
  • დისკრიმინაციის შიში და ზოგჯერ დაუსაბუთებელიც;
  • უძლურების, მოცემულ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის გრძნობა.

დისკრიმინაცია (ლათ. diskriminatio-განსხვავება) რომელიმე ნიშნის მიერ გამოყოფილი ჯგუფის წევრთა უფლებების შეზღუდვა . (ეროვნული, რასობრივი, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, დაავადების და ა.შ.)

რაც შეეხება შიდსტან დაკავშირებულ სტიგმას. მისი წარმოშობის მიზეზები მრავალგვარია-ამ დაავადების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია, სხვადასხვა „მითები“ ინფექციის გადაცემის გზების შესახებ, ცრურწმენები, ეპიდემიის შესახებ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ცნობები, ავადმყოფობასთან და სიკვდილთან დაკავშირებული შიში და ა.შ.

აივ ასოცირებული სტიგმის ხელშემწყობი ფაქტორები:

  • აივ ინფექცია/შიდსი არის დაავადება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;
  • აივ ინფექცია გადამდებია და საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია მისი გავრცელებისა და პროფილაქტიკის გზების შესახებ ინფორმაციულობის დონე;
  • აივ ინფექცია ასოცირებულია ისედაც სტიგატიზირებულ ჯგუფებთან, როგორებიცაა: ნარკოტიკების მომხმარებლები, სექს-მუშაკები, ჰომოსექსუალები.

აივ/შიდსის ნიადაგზე აღმოცენებული სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია კიდევ უფრო აძლიერებს მაღალი რისკის ქცევის მქონე (ე.წ.“მარგინალური“) ჯგუფებისადმი ისედაც უარყოფით დამოკიდებულებას. (ეს ჯგუფებია- ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, სექს-მუშაკები, ჰომოსექსუალები და ა.შ.) ისინი როგორც წესი განიცდიან ორმაგ სტიგმას .

დესტიგმატიზაციისათვის საჭიროა მეტი ინფორმაციის მიღება აივ-თან და შიდსთან დაკავშირებით.

პირველ რიგში უმჯობესი იქნებოდა განვმარტოთ რა არის აივ-ი და რა არის შიდსი.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი

აივი- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ასუსტებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავ ძალებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა დაავადებას

შიდსი- შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი აივით გამოწვეული დაავადებაა, რომლის დროსაც დამცავი ძალები ბოლომდე განადგურებულია და ნებისმიერ ინფექციას შეუძლია ადამიანი მოკლას.

მკურნალობის გარეშე აივით დაინფიცირებულმა ადამიანმა შესაძლოა იცხოვროს 8-10 წელიწადი. ხოლო, თუ ადამიანი იღებს აივის საწინააღმდეგო წამლებს, ის დიდ ხანს და ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს.

აივი გადაეცემა:

  • შეუმოწმებელი სისხლის გადსხმით;
  • ნახმარი შპრცის ან ნემსის გამოყენებით;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით;
  • ინფიცირებული დედიდან შვილზე მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

აივი არ გადადის:

  • ხელის ჩამორთმევით ან კოცნით;
  • ხველებით ან ცემინებით;
  • ოფლით და ცრემლით;
  • საერთო ჭურჭლით, პირსახოცით და ტანსაცმლით;
  • საერთო აბაზანით და ტუალეტით;
  • მწერების (ცხოველების) ნაკბენით;
  • საერთო ტელეფონის გამოყენებით;

აივის გადაცემისათვის აუცილებელია :

  • აივის არსებობა;
  • ბიოლოგიურ სითხეში ვირუსის საკმარისი რაოდენობა;
  • აივი უნდა მოხვდეს სისხლში.

როგორ დავიცვათ თავი და ახლობლები აივისგან?

  • შეიკავეთ თავი მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრებისგან. უარი თქვით არასანდო პიროვნებასთან პრეზერვატივის გარეშე სექსზე;
  • უარი თქვით ნარკოტიკებზე;

გასათვალისწინებელია რომ ე.წ. „ფანჯარა“ პერიოდში ვირუსი უკვე იმყოფება სხეულში და გადამდებია სხვისთვისაც, თუმცა ამ დროის განმავლობაში (შეჭრიდან სამი თვის განმავლობაში) ტესტირება არაფერს აჩვენებს. ამიტომაც აუცილებელია განმეორებითი ანალიზი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია შიდსთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას :

  • აივი სხვაა და შიდსი სხვა. შიდსი ეს არის აივით გამოწვეული იმუნური სისტემის დარღვევის ბოლო სტადია.
  • „აივ“ ნიშნავს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ამიტომაც შეცდომაა : „ აივ ვირუსი“. „აიი“ უკვე ნიშნავს , რომ საუბარი ვირუსზეა;
  • სწორია „სქესობრივი კავშირი“ და არა „სექსუალური კავშირი“;
  • სწორია „ აივ-დადებითი ან აივ-პოზიტიური“ და არა „შიდსიანი“;
  • სწორია „ნარკოტიკის მომხმარებელი“ და არა „ნარკომანი“;
  • სწორია „ჰომოსექსუალი“ და არა „ჰომოსექსუალისტი“;
  • აივი ჰომოსექსუალებში ვრცელდება არა მონოგამიური ურთიერთობის გამო არამედ ანალური სექსის სიხშირის გამო;

შიდსი არ ანსხვავებს ადამიანებს, მან არ იცის რა არის დისკრიმინაცია… დისკრიმინაცია ადამიანების გამოგონილია.

საუბრით ინფორმაცია გადადის და არა შიდსი.

კოცნით სიყვარული გადადის და არა შიდსი.

ჩახუტებით სითბო გადადის და არა შიდსი.

ცნობისათვის : დღეის მონაცემებით საქართველოში ავით დაინფიცირებულთა რაოდენობაა- 2445. მსოფლიოში-3,4 მლნ.

აქედან 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 2010 წელს. ( 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 2009 წელს)

პროცენტულად საქართველოში აივით დაინფიცირებულთა ერთერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობა ცხოვრობს. (თუმცა ასე იყო უკრაინაშიც ათი წლის წინ დღეს კი იქ პანდემიის საფრთხე დგას უკვე).

საქართველოში აივი ყველაზე მეტად ინექციური ნარკოტიკის მიღებით გადადის. (ევროპაში ჰეტეროსექსუალური კავშირებით).

აივით დაინფიცირებულები თქვენგან არაფერს ითხოვენ მათ შორის არც ზიზღს, შეცოდებასა და იგნორირებას.