ლეო ნაფტას არეული პოემა

Posted on January 13, 2012

2


(Profile)

მახსოვს ერთ-ერთ ლიტერატურულ დისკუსიაზე, რომელიც ეპატაჟს და თანამედროვე ქართულ ტექსტებს ეხებოდა, ჩემს მეგობარ მწერალს თამთა მელაშვილს ვკითხე, ეს ლეო ნაფტა რას წარმოადგენს, ყველა რომ იცნობს და მისი სახელი პირზე აკერიათ-მეთქი. თამთას გაეცინა და მიპასუხა, კოლორიტია, ქალაქის კოლორიტიო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ლიტერატურულ წრეებში ამ სახელს კარგად იცნობენ. საბოლოოდ ვინაა, ჯერჯერობით თავადაც ვერ გაურკვევია. ხან თომას მანის „ჯადოსნური მთის“ პერსონაჟი ნაფტაა, ხან სეტებრინი, ხან „მხედრიონელი“ ჯაბა იოსელიანი და ხანაც ტროცკი. ერთადერთი რაც იცის, ისაა რომ არ უნდა იყოს ირაკლი დათუნაშვილი (თავის ნამდვილი სახელი და გვარი). ეს ფსევდონიმიც ასე გაორების თუ გაასების ზღვარზე აირჩია.
„Literatura.ge-ზე რომ ვრეგისტრირდებოდი 5 წლის წინ, რამე მეტსახელი უნდა ამერჩია. მაშინ ახალი წაკითხული მქონდა თომას მანის ,,ჯადოსნური მთა” და ემოციების ქვეშ ვიყავი, ამიტომ ან სეტებრინი უნდა ამეღო ფსევდონიმად, ან ნაფტა, სხვა უბრალოდ გამორიცხული იყო, ისე ვიყავი ჩაციკლული. ჰოდა, ლიბერალ სეტებრინს მოექსტრემისტო ფანატიკი ნაფტა ვამჯობინე. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა მაქვს საერთო ჩემ პროტოტიპთან, იმდენად შევესისხლხორცე, რომ შემიყვარდა – გაორება კი არა გაასება მჭირს,“- ასე ყვება ნაფტა მისი მეტსახელის ისტორიას.
ნაფტა 1983 წლის 2 დეკემბერს თბილისში დაიბადა. კარგად ახსოვს „ბნელი 90-იანები“: წითელი კერასინკები,  სამხედროს გაკვეთილები და მთელი ის პათეტიკა, რასაც სკოლაში აწყდებოდა პატრიოტიზმის, რელიგიური შოვინიზმისა თუ ქსენოფობიის “გულწრფელი ქადაგების” სახით.
„სიტყვა ,,ქართველი” იმდენჯერ და იმდენ ბრუნვაში მესმოდა ბავშვობიდან, რომ ლამის მაშინვე დავიჯერე, რომ მართლა არსებობს ,,ზეციური საქართველო” და რომ იქ, მხოლოდ რჩეულები ხვდებიან, უფრო სწორედ, რჩეული ,,წამებულები”. რომ იქ მოხვედრა სამოთხეზე კარგი ,,პონტი” იყო… სამოთხე იქით იყოს და, ბებიაჩემს 6 წლის ბავშვი ვეჭირე ხელში იმ საზიზღარი შავმეწამული დროშით და ,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს” მაყვირებდა. ეს უკვე 9 აპრილის მერე იყო, ალბათ მეორე თუ მესამე დღე,“- წერია მის ერთ-ერთ ჩანაწერში „მე არ მახსოვს აფხაზეთი“.
საერთოდ ლექსების წერა სკოლამ, უფრო სწორედ, სკოლის სიძულვილმა დააწყებინა. იმდენად სძულდა, რომ არ იცოდა პროტესტი რა ფორმით გამოეხატა. ერთ დღესაც ადგა და თავისი პირველი ლექსი დაწერა, სათაურით ,,მძღნერის საგრაფო”.
სკოლის მერე იყო თეატრალური უნივერსიტეტი და კინოსასცენარო ფაკულტეტი. თეატრალურში მოხვედრის გახსენებისას ამბობს : „იქ როგორ მოხვდი, აზრზე არ ვარ. მისაღებ გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე ჩამებარებინა, იმიტომ რომ აზრზე არ ვიყავი ჯარისთვის თავი როგორ დამეღწია. ხოდა, ერთი წერა შემეძლო ავად თუ კარგად და ჰუმანიტარულ საგნებსაც ვფლობდი (ამასაც ავად თუ კარგად), ბედი ვცადე და მოვხვდი პირველივე წელს ასპროცენტიანი შედეგით, აი ასე.“
დიპლომი ჯერაც არ აუღია. რამდენჯერაც ფული წაიღო მის გამოსატანად, იმდენჯერ სასმელში დახარჯა.  ვიდრე უნივერსიტეტს დაამთავრებდა, პირველი კურსის შემდეგ ინგლისში წავიდა. როგორც თავად ამბობს, ინგლისში ყოფნის პერიოდი ალბათ მისი ცხოვრების ყველაზე კარგი და თან ყველაზე რთული პერიოდია.  ასაკით პატარა იყო და ალღო ვერ აუღო „ამხელა ინდუსტრიულ მანქანას“. ისეთი დაბნეული იყო, პასპორტიც კი დაკარგა.  წერილში „მანჩესტერი“, ნაფტა იხსენებს როგორ თბილად მიიღეს ერთ-ერთ პაბში შეკრებილმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა ის და მისი ბიძაშვილი, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ისინი გიორგი ქინქლაძის ქვეყნიდან იყვნენ.
საერთოდ თუკი რამე გულწრფელად უყვარს, ერთ-ერთი  ფეხბურთია -„ფეხბურთი ჩემი პირადი ცხოვრებაა, მე მას ესთეტიკის კატეგორიაში ვაყენებ და სპორტულ ფუნქციებს მთლიანად ვართმევ – ეს არის აზროვნება, გონიერება, შერწყმული ინსტინქტებთან. სიხისტე, ფილოსოფია და პოეზია. პირველი სიყვარული ჰოლანდიის ნაკრები იყო, შემდეგ ბარსელონა და აიაქსი და მოვდივართ ასე ერთგულად ამდენი წელია.“
ფეხბურთთან ერთად კიდევ ერთი გატაცება აქვს, მუსიკა. არ უყვარს ჟანრებში ჩაკეტვა. ესტრადის გარდა თითქმის ყველაფერს უსმენს, თუმცა მისი საყვარელი მუსიკოსი, ისევე როგორც პოეტი, ჯონ ბალანსია. ძალიან უყვარს პიჯეი ჰარვი, შეინ მაკგოვანი, პიტ დოჰერტი, ჯოი დივიჟენი, 80-იანების პოსტპანკი და 90-იანების ალტერნატივა. უყვარს “კოკაინშიკი” ლეონიდ ფიოდოროვი, ჯენეზის პიორიჯი, ფრენკ ზაპა, ჯონი გრინვუდი და რედიოჰედი, ტომ ვეითსი. პირველი გაცნობიერებული სიყვარული კურტ კობეინია.
”კურტი, სიგარეტი და საფეხბურთო კლუბი ბარსელონა. ჯაზთანაც არ ვარ მწყარალად, ჩარლი პარკერი დღემდე ჩემი უსაყვარლესი მუსიკოსია. ასევე ფიცჯერალდი, ჯერი გუდმენი, პეტ მიტენი, მოკლედ, აზრი არ აქვს სახელების ჩამოთვლას, მუსიკა აკეთელშობილებს, სამოქალაქო ომზე კარგად.“
ინგლისიდან მალევე დაბრუნდა და სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელა. თუმცა როგორც თავად ამბობს, უნივერსიტეტში ყოფნისას ფილმების ნახვის და თავისუფლების მოედანზე ქუჩის ბუკინისტებთან წიგნების ყიდვის გარდა არაფერი უკეთებია. ამ დროს მიეძალა ალკოჰოლს და ლიტერატურას.
ლიტერატურაში მასზე პირველი შთაბეჭდილება და სერიოზული ,,დეპრესია” ბოდლერმა მოახდინა, მერე იყო ბატაი, არტო, ცელანი, თამაზ ბაძაღუა – სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ავტორებზე „შეჯდა“. წამიერად ეცვლება შეხედულებები და განწყობა, ამის მიხედვით მოდიან ავტორებიც. ხშირად უბრუნდება უილიამ ბეროუზსაც.  ერთადერთი მწერალია რომელიც დათრგუნვით აგდებინებს „ლომკას“. აქვს პერიოდები, როცა წიგნებს საერთოდ არ ეკარება, შეიძლება ერთი თვე გავიდეს ისე, რომ არც ერთი სიტყვა არ წაიკითხოს და არც ფილმს უყუროს.

პიერ პაოლო პაზოლინი

როცა გავლენებზე ლაპარაკობს, პიერ პაოლო პაზოლინის ახსენებს.
„პაზოლინის თავს  ალბათ ვერასდროს დავაღწევ. მარადიულად არის ჩემში ჩამჯდარი და თან არც ობდება. არადა მინდა რომ დაობდეს, გაიხრწნას, დაიბრიდოს, თან რაც შეიძლება მალე. პაზოლინია ჩემთვის ნამდვილი პოეტი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით – საერთოდ კინო უფრო ახდენს გავლენას ჩემზე, ვიდრე ლიტერატურა. ჩემს ტექსტებში ფაქტობრივი დოკუმენტალისტიკაა, კადრები – არეული და ზოგჯერ ძალიან გაუგებრად უაზრო. შეგიძლია ბოდვაც დაარქვა“.

ლეო ნაფტას ნაწერები თითქმის არ დაბეჭდილა.  უმეტესობას საკუთარ Facebook-ის გვერდზე ან ლიტერატურულ პორტალებზე აქვეყნებს.
„ხშირად არ ვწერდი, ახლაც ძალიან იშვიათად ვწერ, ძალიან ზარმაცი ვარ.“
მისი ლექსები პირველად გიორგი კეკელიძის ჟურნალში „ლ’ილ“ გამოქვეყნდა. მაშინ თავის მეგობრებთან – მიშა ბახსოლიანთან, ზურა ჯიშკარიანთან (იგივე ზომბი), პაატა შამუგიასთან და ავთო ხურციძესთან ერთად არტ-ჯგუფი „ლაბორატორია“ ჰქონდა შექმნილი. ახალგაზრდა მწერლები ერთად აწყობდნენ  ლიტერატურულ საღამოებსა და არტ-პერფორმანსებს.
„პარალელურად ჩვენ მეგობრებს ჰქონდათ არტ-ჯგუფი ,,ვარდისფერი ავტობუსი”, რომელიც ასევე ძალიან დადებითი მოვლენა იყო და რჩება ქართულ სივრცეში. საერთოდ, პოეტური ორდენების მტერი ვარ, საშინლად მძულს, მაგრამ ეს არ იყო ორდენები, ეს იყო ერთგვარი სინდიკატები, რომლებმაც მე ვთვლი, რომ თავისი საქმე გააკეთეს”- იხსენებს ნაფტა.
არ უყვარს როდესაც პოეტს უწოდებენ და ფიქრობს, რომ  სერიოზული პოეტები არ არსებობენ, არსებობენ მათი სერიოზულად აღმქმელი მკითხველები.
მისი ნაწერები, უმეტესწილად ლექსები, მართლაც ფრაგმენტულია და კინოს ეფექტით იკითხება. ვიღაცებისთვის ეპატაჟურიცაა, რადგან ხშირად იყენებს ვულგარიზმებს და სკაბრეზულ სიტყვებს, თუმცა თავად სულაც არ ფიქრობს, რომ ამ სიტყვების გამოყენება ეპატაჟია.
„არ მგონია რომ ის, რასაც მე ვაკეთებდი ეპატაჟი იყო. ეს უფრო მკითხველის გასაბრაზებლად, ასაგდებად დაწერილი ტექსტები იყო და არანაირი ლიტერატურული ღირებულება მათ არ ჰქონდა. ნამდვილად არ მეგონა ჩვენ საუკუნეში ადამიანების გენიტალიების ხსენება თუ ასეთ რეაქციებს გამოიწვევდა, ხოდა მეც ვერთობოდი. ეს იყო უბრალოდ თამაში ,,ცუდი სიტყვებით”. საერთოდ ,,ეპატაჟი” ძალიან ზოგადი ცნებაა, ის არც ,,ცუდ სიტყვებს”  ნიშნავს და არც ქუჩაში შიშველ სირბილს. ეპატაჟი, რომლის იქითაც ავტორი დაკარგულია და მთელი ყურადღება ,,სიტყვებზე” გადადის, ნაძალადევი და ყურით მოთრეულია, ეს უკვე სასაცილოა ჩვენ დროში. ერთჯერადი მაკულატურაა, თრეში – თუმცა ამის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. არ ვიცი ვარ თუ არა ეპატაჟური, ტექსტების მიხედვით მგონი ახლა უფრო ვარ ეპატაჟური, როცა აღარ ,,ვიგინები”, ვიდრე მაშინ, როცა ,,ვიგინებოდი”.

ნაფტა და ეკო დეისაძე

მიუხედავად ამისა, მისი ტექსტები ბევრისთვის გამაღიზიანებელია. როგორც თავად ამბობს, მათში რაღაცები გამუქებულია, თუმცა ძირითადად რეალობას და რეალურ შეგრძნებებს ასახავს. საერთოდაც, მისთვის რეალობა მყიფე ცნებაა და ის რაც უკვე მოხდა ან რაც უნდა რომ მოხდეს, ერთმანეთში ირევა ხოლმე. ასე ემართება დროსთან მიმართებაშიც– “ის, რაც მოხდა გუშინ, შეიძლება მეგონოს რომ მოხდა ერთი წლის წინ და ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბუნებრივად ხდება. ამ ტექსტებში კონტექსტი მართალია, დროები და რაღაცები არეული, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სიმართლეა. სხვა პუბლიკაციებს რაც შეეხება – დღემდე ვთვლი რომ სამოქალაქო ომი აკეთილშობილებს, რომ ნაციონალიზმი და რელიგია ბოროტება და მავნებლობაა, რომ დღევანდელი სამყარო მძღნერობაა, მაგრამ უნდა ვუშველოთ. ცხონებული იუნგი ამბობდა – ყარს, მაგრამ უნდა ვუშველოთო”.

ამბობს, რომ ბოლო ხანებში თითქმის ვეღარაფერს წერს. აქამდე წიგნების გამოშვებასაც ერიდებოდა, უაზრო მატრაკვეცობად თვლიდა. ცოტა ხნის წინ კი გადაწყვიტა თავისი ძველი ლექსები საბოლოოდ “მოეშორებინა თავიდან” და  ეკო დეისაძესთან (ავტორი წიგნის “საიდუმლო სირობა”) ერთად წიგნი გამოსცეს.  მასში შევა მისი თითქმის ყველა ძველი და ჯერ არ გამოქვეყნებული ლექსი, ეკოს “საგალობლები” და მათი ერთობლივი “არეული პოემაც”.