ნეტა არ მქონდეს სულაც სამშობლო …

Posted on December 15, 2009

4



(გადაპოსტებული ესსე)

ის რაც ეხლა მსურს წაგაკითხოთ ალბათ ზოგიერთს აბიტურიენტობასა და სკოლის პერიოდს გაახსენებს , მაგრამ არა უშავს. აქიდანვე გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ჩემს დაუძლეველ სურვილს გამოვაქვეყნო ეს პოსტი.

გახსოვთ ალბათ აბიტურიენტობის ტკბილ მწარე დღეები, როდესაც მასწავლებლები შეუბრა –  ლებლად გვთხოვდნენ ხოლმე რომ გვეწერა ესსეები და ანალიზები სხვადასხვა მწერლისა თუ პოეტის ნაწარმოებებზე. ბევრისაგან გამიგია რომ მათ ეს დავალება ყველაზე ძალიან სძულდათ. მე კი, სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად სწორედ ესეების წერა მიყვარდა. მაშინ როდესაც ეს გადაპოსტებული-ესსე დაიწერა ჩვენს კლასს სასწავლად მოცემული გვქონდა ტიციან ტაბიძის შემოქმედება (რამოდენიმე ლექსი) და დასაწერად  თემა- ”ნეტავ არ მქონდეს სულაც სამშობლო ანდა არ იყოს ასე ლამაზი !” მახსოვს ამ თემის წერისას უზომო სიამოვნებას განვიცდიდი სახლში,  თუმცა სულაც არ მეგონა რომ ის კლასისა და (განსაკუთრებით) მასწავლებლის მოწონებას დაიმსახურებდა. როდესაც მოვრჩი ქართულის გაკვეთილზე ჩემი ესეს კითხვას ერთადერთი რაც მახსოვს ბავშვების ოვაციები და ქართულის მასწავლებლის კომენტარი ;” აი ესაა ტიციანი და აი ესაა ქავთარაძეო !” მახსოვს. მახსოვს ისიც რომ კითხვისას რამოდენიმეჯერ შევჩერდი იმდენად არ მჯეროდა რომ მართლა ჩემი დაწერილი იყო. ხოდა ეხლა თქვენც გაგიზიარებთ ამ ნაწერს შესწორებების გარეშე ,მიუხედავად იმისა რომ ზოგს შესაძლოა სულაც არ მოეწონოს ის  :

”რითმები, რიტმები,მეტაფორები და ეპითეტები აზვირთებულან და შენსკენ მოიწევენ… თითქოს მეწყერიაო ისე  დაგეტაკება ლექსი და პოეზიის სამყაროში მოულოდნელად , შენდაუნებურად მოგისვრის. ოღონდ ნელა, ნაზად ”როგორც დემონის ფრთების შეხება”. ლექსთა მდინარებაში გვიანღა აღმოაჩენ რომ პოეზიითა ხარ მთვრალი , რომ მიხაკიანი პოეტის ამ სტრიქონებმა შენ ”გაგიტაცეს და ცოცხლად დაგმარხეს”. ახლაღა ხვდები ეს ტიციანია, ეს ტიტესეული მეწყერია მეწყერს რომ დაჰკრავს ხოლმე. პოეტიკის უკიდეგანო სივრცეში მოხვედრილს ხან ”ფეხმოტეხილი ღრუბლის” ნაზი ტრაგიზმი გატყვევებს, ხანაც ”ქვებზე გარჩენილი კალმახის” ექსპრესიულობა. ამ განზომილებაში ჭარბადაა მელანქოლიაცა და სიყვარულის ბობოქრობაც, ოპტიმიზმიცა და პესიმიზმიც. ირეალური სამყაროდან რეალურში გაბრუნებს ”გიგანტის შოლტის მუსკულები” და ”ხედავ გათელილი ლეკის ნაბადს”, ”დამსხვრეულ სახსრებს” და ”წამოქცეულ ცას” . გაკვირვებს პოეტის წინასწარმეტყველება ” არ გამიცვლია ხომ პოეზია- მუზები ცისკრის კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია, ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ” ტიციანი სიკვდილის გარდაუვალ, თვითნებურ მოსვლას მორჩილად ელოდა თუმცა თვითმკვლელობით იგი არ ახარებს არარაობებად ქცეულ დემონებს , რადგან უყვარდა ” და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა”.

მის მარგალიტთა მძივში რთულია იპოვო ლექსი სადაც არ შეხვდები ”შამილის თეთრად აშლილ ფაფარს”, როგორც სიმბოლოს თავისუფლების გამოხატულებისა, ”გულზე გადამავალ” თერგს , რომლის დაუდგრომლად მდინარება ალმას უფსკრულებში,  სულს უფორიაქებს ნებისმიერ მკითხველს. ტიციანისთვის საქართველო არ იყო მხოლოდ სამშობლო. საქართველო მისთვის ის მეორე ღვთაება იყო რომელსაც საკუთარ ”შვილებს” (ლექსებს) მსხვერპლად სწირავდა სიმბოლისტურ ბომონზე. სამშობლოსა და სატრფოს სიყვარული ისე ჩასჭიდებია ერთმანეთს მის შემოქმედებაში , როგორც დედა საფრთხეში მყოფ შვილს. ამ ორი ღვთაებისადმი სიყვარული, ინსტიქტამდე დასული, ფრთიანდება მის პოეზიაში და პირდაპირ, ჯიქურ მიიწევენ მკითხველი გულისაკენ.

გვახსენდება ტიტეს თანამედროვეობა და გვიკვირს, მაშინ როდესაც რიგი ქართველი მწერლებისა თუ პოეტებისა ”წითელ მზეს” უმღეროდა ”ინტერნაციონალს” , ეს დაუდგრომელი, ორპირის ფშანზე გაზრდილი სულითხორცამდე პოეზიით დაავადებული ადამიანი თითქმის დაუფარავად ხატავს რეჟიმის  სისხლში ამოსვრილ პირი-სახეს, სახსრებში გადამტვრეულ პატარა სალოცავს- საქართველოს. მისი ასეთი პირდაპირობა, დაღდაუმჩნევი თავისუფალი სულუ მუდმივად იქცევდა ტირანთა ყურადღებას. ეტრფოდა სიცოცხლესა და სიყვარულს და ასე ტრფობა – წამებით, სიყვარულით ცეცხლმოდებული , ამაყად შეხვდა ცელით შემოგელვებულ სიკვდილს. რადგან იცოდა რომ მისი ლექსები ” ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

ქართულ მიწა-წყალზე  ”ეგოისტურად შეყვარებული” ანანურის სიწმინდესა და თერგის დაუდგრომლობას ნაზიარები გადაჰყვა გაშლილი ვარდის ყვავილებს. სიკვდილთან პირისპირ შეყრამდე კი რაღაც უცნაური ტკივით ჩაიღიღინა  ”ნეტავ არ მქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზიო” , რადგან იცოდა რომ ის მწარე გულისტკივილი , რომელიც მას საქართველოს ყოფამ  გაუჩინა  და რომელიც მას სამარის კარამდე მიჰყვა სამარადჟამო იყო და საიქიო ცხოვრებაშიც არ მოასვენებდა. თავისი სულის ანაბეჭდად კი ”ანანურიდან” მოყოლებული ”ლექსი-მეწყერით” დასრულებული, მთელი ასხმა  მარგალიტებისა, ”ორბისგან აფრენილ გნოლს” – საქართველოს უანდერძა მისდა სულის საცხოვნებლად.