დაცლილი მეოხედის ჰანამი

Posted on January 26, 2010

11



(ერთის წერილი ორისათვი)

წლების წინ გადმოაცურა ფურცელი და ასოებმა ტაში შემოკრეს, სიტყვები აცეკვდნენ როგორც მომაკვდავი შამანის უკანასკნელი ლოცვა :
” სულს ისევ ცდუნების ჯანღი დააწვა. უკვე მერამდენედ და უკვე მერამდენედ უიმედოდ…
გავიდა წლები.
გათოვდა ისევ.
შენ დარჩი . მეც დავრჩი.
სხვაც…
სინამდვილე კი მხოლოდ წუთებს ითვლიდა.
გასულმა წლებმა თუ წუთებმა მე მახსოვრობა ჩამომიშალა. არ მახსოვს რა , მაგრამ მახსოვს როგორ. დანარჩენი მხოლოდ მიწიერი იყო. და ეგ აბა რა ჩვენი საქმეა. (გემახსოვრება) ”ჩვენ ხომ მიწას მხოლოდ ფეხით ვეხებით” შენ იქ , მე აქ , მაგრამ მაინც. შენიც მიწაა და ჩემიც.
ჰანამი მთავრდებოდა. მოვარდისფრო ყვავილები სხვებმა გათელეს. ალუბლის სუნი კი ისევ აგდის… ეხლა სხვას უღიტინებს ნესტოებში, ახელებს ისე რაოგორც მე მახელებდა. ჩემთვის აღარავის….
გახსოვს, როგორ დავდევდით თოვლის ფიფქებს?
გახსოვს, როგორ ავრბოდით ღრუბლებზე?
ის თუ გახსოვს, როგორ მოგპარე ტუჩები დათოვლილი ხეების ქვეშ? გაოცება?
მაგრამ იყო ზაფხული…
აღარც არავის გახსენებია გაზაფხულის ყვავილები, ტოტებს რომ წყდებოდნენ და ჩუმი კვნესით გვეფინებოდნენ.
სადღაც უკრავდნენ ფლამინგოს მუსიკას, სადღაც ერდელეზის. ჩემთან კი მხოლოდ ობოლი ნოტების ფეხის ხმა ისმოდა ”მე რომ ვტიროდი ,ცაც ტიროდაო”.
ანზუ დაფრინავდა. აქვე ახლოს და დიდი, თეთრი ფრთებით ძალიან მტკენდა სხეულის ყველა ნაწილს.
მე ვაგრძელებდი პატარ-პატარა ეტიუდების თამაშს სუფლიორების გარეშე. ბოლოს კი სცენიდან ისევ კულისებში. და ისევ მარტო ნახევრად განათებულ სარკეში.
სარკიდან გადავდიოდი იქ სადაც შიშველმა გოგონებმა ითამაშეს. იბანავეს და წავიდნენ.
ეს არ იყო ელდორადოს ბარაქიანი მიწა. არც აზრაილის ჩუმი წყევლა. ეს შენ იყავი და მე … და ჩვენს გარშემო მბრუნავი ბებერი დედამიწა.
მე ისევ მახსენდება ღრუბლებზე მიდგმული ძველებური კიბე და გაოცებული სახიდან აღებული ტუჩების ანაბეჭდები.
კამუფლაჯები , კამუფლაჟები, კამუფლაჟები ხალხს !!!
… და კვლავ უსაზღვროა პატივისცემა, თუმცა შენ შვილს (ან იქნებ შვილებს) სცემ უკვე პატივს.
მაგას მე აღარავინ მეკითხება (ტრადიციულად) …
მე ხელი გკარი, შენ გაიღიმე და ორივემ ვიტირეთ . შენ დღისით, მე ღამით. შენ ძლიერი ხარ , მე – სუსტი.
და ეს წერილი სულაც არ არის ღრმა. მის წასაკითხად კიპუ არის საჭირო.
ისევ მახსენდება ვარდისფრად გადმოყრილი ფიფქები და ჩვენი სტუმრობა ინკებთან, კიპუს სასწავლად. აქ ბევრი კვანძია და ერთი ხელის გადასმა არ აის საკმარისი. შენ თვითონაც მიხვდები თუ ოდესმე წაიკითხავ.
შენ გძინავს. უკვე დედა ხარ და დაიღლებოდი.
მე ვწერ. ”უკვე” იგივე ვარ და რა დამღლიდა.
ღამეს საზღვრები დავიწყებია , ვნება კი დანაშაულად აქციეს.
შენ ჩემი ოცნება ხარ , მე კი შენი მეოცნებე ვიყავი.
შენ ტანჯვასავით მარადიული და მარადისობასავით მტანჯველი აღმოჩნდი.
და მე ვინ ან რა ვარ?
გამახსენდა- მე მეოთხედი ვარ, მხოლოდ მეოთხედი. მაგრამ უკვე დაცლილი .
პესიმიზმი- აზრგამოცლილია, სუიციდი- დანაშაული შენს წინაშე, უღმერთობა კი რეალობა.
რამოდენიმე საათში ისევ გათენდება და ისევ გავლენ ჰანამიზე ტოკიოში. მე დავრჩები სახლში და ბოლომდე დავცლი წითელი სითხისგან ჩემს მეოთხედს”
არ გამოცალა — პირობა პირობა იყო.
მაგრამ არც ჰანამიზე გასულა.
უკრავდნენ ტანგოს. ისევ სიზმრებში წარსულდებოდა არ არსებული მომავალი. და ესეც მარადიულია როგორც ალუბლის სუნი მის ქალურ თმებში.
ნეტავ აქვე ყოფილიყო ავერნის ტბა.
ყველაფერი კი წყალქვეშა ნავში დაიწყო.