იმედგაცრუება

Posted on January 30, 2010

11



იმდენი ხანია ბლოგზე არაფერი დამიპოსტავს რომ სიმართლე გითხრათ მრცხვენია კიდეც იმ 7-8 ადამიანის ვინც შემოდის ხოლმე ყოველდღიურად ამ საიტის მიდამოებში.  მოკლედ რომ ვთქვა თავს ვალდებულად ვთვლი რამე დავწერო და აი ეს რამეც :
მოგეხსენებათ წარმოშობით ყველანი სოფლელები ვართ, ხოდა არც მე გახლავართ ხოხბის ნათესავი, თბილისში არც მე დავბადებულვარ (ნუ ეხლა მუხიანს თბილისს თუ დავარქმევთ ეხლა თბილისში ვცხოვრობ) ჩემი ცხოვრების დაახლოებით 1/3 დუშეთის რაიონ დაბა ფასანაურში გავატარე . თქვენ წარმოიდგინეთ და დაახლოებით 4-5 წელი არ მახსოვს აქიდან , რაზეც გული სულაც არ მწყდება.(ფასანაურის სიმბოლო)
მოკლედ დავიბადე ფასანაურში და ჩემი მახსოვრობის პირველი ნაშთებიც ფასანაურს უკავშირდება. როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა სკოლაში სიარული მეც 6 წლისამ დავიწყე და პირველი დღე რაღა თქმა უნდა სკანდალით დავიწყე.არ ვიცი 1997 წელს თბილისში რა ხდებოდა მაგრამ ფასანაურში კომუნიზმი ჯერ კიდევ მძვინვარებდა და 1 სექტემბერი რაღა თქმა უნდა სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილმა ლექსებმა , აღმაფრენის მომგვრელმა სიმღერებმა და დაუდგენელი წარმომავლობის ცეკვებმა გააფორმეს . პროტესტის ნიშნად ლექსის წარმოთქმაზე უარი განვაცხადე და ჩემს საკლასო ოთახს მივაშურე.
მაშინ როცა ყველამ იცოდა რომ მე ლელას კლასში უნდა დავმჯდარიყავი, უცებ აღმოაჩინეს რომ ჟუჟუნას კლასში ვიჯექი … და დაიწყო ერთი ორომტრიალი დირექტორიდან დაწყებული დამლაგებლითა და სკოლის დარაჯით (არა და სად ყავდა ჩემ სკოლას დარაჯი, ან რათ უნდოდა? ) დამთავრებული ყველამ ჩემს კლასში მოიყარა თავი და ცდილობდნენ აეხსნათ თუ რატომ უნდა გამოვსულიყავი ამ კლასიდან და შევსულიყავი გვერდით კლასში. ეხლაც მახსოვს რა თავგანწირვით ვებღაუჭებოდი მწვანე მერხს და როგორ მიბრიალებდა დედაჩემი თვალებს. მოკლედ არც დედაჩემის თხოვნამ შემდეგ ჩხუბში რომ გადაიზარდა , არც ჩემი მეზობლის დასახელებულმა ”რაციონალურმა” მიზეზებმა და არც მამაჩემის ბიძაშვილის დარიგებებმა არ გაჭრეს და საბოლოოდ მე ჟუჟუნას კლასში დავრჩი, რაც ცხოვრებაში არ მინანია , რადგან მიმაჩნია რომ ესეთი კარგი მასწავლებელი აღარც მყოლია ჩემ 12 წლიან სასკოლო გამოცდილებაში.
ამ დღიდან მოყოლებული სკაანდალი და ინტრიგა გახდა ჩემი სწავლის მუდმივი თანამგზავრი . სკოლაში დამქონდა წითელი კალამი და ჩემს ”წაშტერო” კლასელებს მე თვითონ ვუწერდი ნიშნებს, შემდეგ რომელიმე ”ნასედკა” კლასელი მიშვებდა მასწავლებელთან და იწყებოდა სასამართლო , რომელსიც რა თქმა უნდა ვმართლდებოდი , ჩემი უზადო რეპუტაციის გამო . დედაჩემს ყოველ კრებაზე მასწავლებელი ეხვეწებოდა ლაშა კლასის თანდასწრებით შენიშვნებს ნუ მაძლევსო , მე კიდევ რა ნამუსით არ შემესწორებინა რომ”კალბასი” კი არა ძეხვი იყო სწორი და ასანთის მაგივრად ”სპიჭკა” არ უნდა ეხმარა მასწავლებელს . მოკლედ დედაჩემი მოდიოდა სახლში მეჩხუბებოდა და შემდეგ კრებაზე კვლავ იგივე მეორდებოდა.
ყველაზე სასაცილოდ კი რაც მახსენდება არის ის, რომ თუ გინდოდა დღის გმირი ყოფილიყავი უნდა გაქცეულიყავი სკოლის კარებთან და ორი კილომეტრის მოშორებით მომავალი მასწავლებლისთვის უნდა გაგეღო დაჟანგებული კარები. ნეტავი განახათ რა თავპირისლეწვით გავრბოდით ხოლმე მე და ჩემი კლასელი ბიჭები რომ საპატიო ყარაულში დავმდგარიყავით. სასიამოვნოდ მახსენდება ”შესვენების ხუთი წუთები” და ”პოეზიის ხუთი წუთები” . შესვენების ხუთ წუთებზე უნდა წარმოგვედგინა რომ ვენახში ყურძენს ვკრეფდით და გოდორში უნდა ჩაგველაგებინა , ან მინდორში ყვავილებს ვკრეფდით და შემდეგ გვერდზე მჯდომი გოგოსთვის უნდა მიგვერთმია (ერთი შტრიხი – ლამის დაგინებული იყო რომ ბიჭი ბიჭის გვერდზე არ უნდა დამჯდარიყო და გოგო გოგოს გვერდზე) .
ყოველ ახალ წელს და სწავლის დაწყება – დამთავრებისას იდგმებოდა ზეიმები სადაც საპატიო წამყვანის როლი მქონდა ხოლმე არტყმული🙂 ვმონაწილეობდი სხვადასხვა სპექტაკლში – ზოგან ექიმი ვიყავი,ზოგან მოხუცი რომელსაც ორივე წინდა ერთ ფეხზე ეცვა და უშედეგოდ ეძებდა მეორეს ,ზოგან დედის მკვლელი და ზოგან შაჰ-აბასიც კი . მოკლედ ჩვენი სკოლის ”ესტრადაზე” ჩემს ”პკალენიაში” ”პარადი მიმყავდა”.
ხოდა ერთხელაც დედაჩემმა და მამაჩემმა დამახედრეს ცხელ-ცხელი ”ნიუსი” სკოლიდან დაბრუნებულს, რომ თურმე მომავალი წლიდან თბილისში უნდა გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. მეც რაღა თქმა უნდა აღვფრთოვანდი და მეგონა ვეზიარებოდი ”ქალაქის კულტურას” . ის კი არ ვიცოდი რომ თურმე ბედისწერა სასტიკად დამცინოდა და მამაჩემს სახლი მუხიანში ქონდა ნაყიდი თბილისის ნაცვლად😉.
აი ესეთი ცქაფია წუთისოფელი !!!

( მუხიანის ხედი თემქიდან )😉