წიგნი ჩვენი არსობისა

Posted on February 22, 2010

15



მახსოვს ,მეხუთე კლასში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა და როდესაც სულ მთლად ახლად გაცნობილი მყავდნენ ”ოთარაანთ ქვრივი” , ”კაკო ყაჩაღი”, ”სამი მუშკეტერი და დარტანიანი” , ჟიულ ვერნისა და  მაინ რიდის ნაწარმოებების გმირები , ქრთულის მასწავლებელმა იკითხა რა მიგაჩნიათ კაცობრიობის ყველაზე დიდ გამოგონებადო. დაუფიქრებლად და ბავშვურ-იმპულსურად ვუპასუხე, რომ წიგნზე მნიშვნელოვანი ჯერაც არაფერი გამოგვიონია ადამიანებს. მაშინ კლასის ნახევარმა ვერც გაიგონა რა ვთქვი , მეოთხედმა გაიფიქრა ”ვაი შე საცოდავოო” და რამოდენიმემ ალბათ გულში თქვა ”სადავოა მაგრამ შესაძლებელიო”. არც მასწავლებელს გამოხატვია აღფრთოვანება სახეზე , მაგრამ მე დღემდე ასე ვფიქრობ . მგონია რომ ადამიანს თუკი ოდესმე რამე გამოუგონია ფასეული, წიგნი მათ შორის ყველაზე უფრო ფასეულია. სწორედ წიგნითაა დღემდე შემორჩენილი ისტორიაც, რელიგია(იები)ც და სხვა საზოგადოერივი მედიუმებიც, რომლებიც დღეს გადამწყვეტ როლს თამაშობენ ჩვენი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე. თუმცა საყოველთაო პატივისცემა წიგნებისადმი მაინც არ არსებობს. შეიძლება ითქვას, პირიქით საყოველთაო უპატივცემულობაა გამეფებული ჩვენს რეალობაში წიგნებისა და ზოგადად კითხვისადმი.

სისულელე იქნება იმის ახსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ან შეიძლება ქონდეს წიგნს ადამიანისთვის. უბრალოდ მსურს ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ (მე და ჩემი რამოდენიმე მკითხველი) იმ მიზეზებზე რითაც გამოწვეულია  ”წიგნების საყოველთაო ფეხებზე დაკიდების სინდრომი” . გასაგებია რომ დღეს წიგნის კი არა ”პურის ფული”-ც არავის აქვს. მაგრამ აქვე გაუჩნდება ადამიანს შეკითხვა რატომ იყიდება ”სარკისა” და ”თბილისელების” მაგვარი მოჟურნალგაზეთო წარმონაქმნები ასეთი მსუყე-მსუყე ტირაჟებით მაშინ როდესაც ერთი ნორმალური ავტორის, ხარისხისა და ზომა-ფორმის წიგნი სულ რაღაც ათი ლარი ღირს (წარმოიდგინეთ ათ ლარში მთელი ორი თვის  ”სარკე”-ს ან ”გზა”-ს ნომრები  მოგივათ J ) . ის ვინც ყველაზე მეტს წუწუნებს როგორც წესი ყველაზე მეტს ხარჯავს ხოლმე და ის ვინც წიგნს რეალურად აფასებს შესაძლოა არ ქონდეს შესაძლებლობა, მაგრამ მაინც ახერხებს საკუთარი ”წიგნური სურვილის” დაკმაყოფლიებას. ნელნელა უნდა გავაანალიზოთ რომ დასრულდა ”წითელი ბაირამობა” და 1მან.60კაპ.-ად ვეღარ შევიძენთ ოცტომეულებს. ამის გამო წიგნებზე უარის თქმა სულ მცირე სიბეცის და გაუნათლებლობის  ნიშანია. დღესდღეობით ახალგაზრდათა უმეტესობისათვის ”მსოფლიო სპორტი” და ”11×11” არის ერთადერთი წიგნს მიმსგავსებული რამ, რასთანაც შეხება აქვთ. მეტროდან დაწყებული უნივერსიტეტების აუდიტორიებით დასრულებული ყველგან იპოვით ამ გაზეთებში თავჩამხობილ ახალგაზრდებს რომელთაც  სულ არ ადარდიათ ეხლა სადმე , რომელიმე მაღაზიაში იყიდება თუ არა ”ვიღაც” მარკესის (მაგარი როა) , კოელიოს (სექსებზე რო წერს) , დოჩანაშვილის(სკოლაში რომ ისწავლება უკვე), ჭეიშვილის (ეს ნეტა საერთოდ ვინაა) ან ვინმე ქიბრუწაშვილის წიგნები. სამაგიეროდ მათი სიცოცხლე უკვე იმაზეა დამოკიდებული ”ასდბწჭღთდ” ქვეყნის ”ღ” ჯგუფის ”ჩ” ქვეჯგუფის გუნდი მოუგებს თუ არა ამავე ქვეჯგუფის ”წყტლმნია” გუნდს.

მართალი ხართ ეგ ჩემი საქმე არააა ვისაც რა უნდა ის აკეთოს მაგრამ ”წიგნი” ???  რა დააშავა სულ უფრო და უფრო რომ მცირდება მისი მკითხველი? ათასგვარი ფორმა მოუგონეს და ათასგვარი სახე მისცეს წიგნებს მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში მას მაინც მეათასეხარისხოვანი ადგილი უკავია. ბევრისათვის მისი კითხვა სირცხვილის ტოლფასიც კი არის. ქართველი მწერლები და პოეტები კი ნელნელა ცისკრის ვარსკვლავებივით იმალებიან ცაზე, მზის გამოსვლა რომ აშინებთ ხოლმე. სრულიად უაზრო ხდება ამ ქვეყანაში მწერლობა და პოეტობა. თუ თავს ”გაიმეტებ” ამ  ზესაქმისათვის მაშინ თავი უნდა გაიმეტო შიმშილისა და მათხოვრობისთვისაც . თუ არა და უნდა იყო ნახევარი განაკვეთის მწერალ-პოეტი (როგორცეს არის დღეს გავრცელებული) და მხლოდ იმაზე უნდა იფიქრო რომ როგორმე შეინარჩუნო ეს სახელი.

ჩემი უხეში ვარაუდით ამ ბლოგს არა მგონია ეწვიოს ისეთი ვინმე ვისაც კითხვა არ უყვარს თუმცა რა იცით რა ხდება .და ბოლოს, ყველას ვეტყვი ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და ვისაც წიგნები არ უყვარს – თუ რამე წიგნი გაქვთ გადასაგდები მე მომეცით მე ”გადავაგდებ” . კაი ნაგავსაყრელი ვიცი ჩემს ოთახში