ზღვისფერია ქვიშა

Posted on February 27, 2010

6



ზღვისფერი ქვიშის ამბავი , რომელიც ფურცელზე იღვრებოდა როგორც, მისი ბაგეებიდან გადმოღვრილი ჯოკინდასეული სევდანარევი  ბედნიერების ღიმილი, სულაც არ მომხდარა ერთხელ.

იმას, რასაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ და სინამდვილეში არც კი ვიცით რა ჰქვია,  მისთვის მხოლოდ დაბადების უნარი მიუნიჭებია . როდესაც იგი ექვსდღიანი შრომით დაღლილი, ზღვის ნაპირზე ჩამომჯდარა დასასვენებლად , ჩუმად ჩასძინებია. ხელში შერჩენილი ყალმის წვერიდან კი ზღვისფერ საღებავს უდენია . გამოღვიძებულს შეუმჩნევია რომ მის ღვთაებრივ ძალას შეგნებულად თუ შეუგნებლად რაღაც ისეთი შეუქმნია, რაც არ თავსდებოდა არც ერთ ყალიბში. ის თვითმყოფადი და განყენებული, ქაოსური და მრავალმხრივი , თუმცა მაინც სრულყოფილი იყო. ის იყო ზღვისფერი ქვიშა , რომელიც შემდგომ უგუნურმა ადამიანებმა რატომღაც ერთ სიტყვაში გამოამწყვდიეს და ”მიყვარხარ” უწოდეს.  არადა რა კარგი სახელი ჰქონდა. საკუთარი სისუსტით შეშინებულ ღმერთს გადაუწყვეტია ყველაფერი გამოესწორებინა .შეეშინდა მეექვსე დღის ნაყოფს მისი სისუსტე არ შეემჩნია , არ მიმხვდარიყო რომ თურმე თვით უფალს გაუჩენია საკუთარი შემცვლელი. ისიც ამდგარა და ერთ მუჭაში მოუქცევია სანაპიროს ზღვისფრად დასვრილი ქვიშა , შემდეგ კი სული შეუბერავს,  ჰაერში გაუფანტავს წვრილ-წვრილ მარცვლებად , რომ შემდგომში  ადამიანებიდან ყველას შეხვედროდა , თუმცა არავის შესძლებოდა მისი დაჭერა და საკუთრებად ქცევა. როდესაც ერთ კვირას მოჰყვა მეორე ერთ-ერთი მარცვალი ადამსაც შეუსუნთქავს (ასე დავარქვით ადამიანებმა შრომის ბოლო დღის ბოლო ნაყოფს). და სრულყოფილება უცნაურად შეირყა.უბრალო მოკვდავს რაღაც არაადამიანური ძალა შეემატა. ღმერთიც (პირობითად ასე ვუწოდოთ) დაფიქრდა და მიხვდა რომ საკუთარი სისუსტის დასამალად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა კიდევ ერთი ადამიანის შექმნა. ისინი ერთმანეთის სისუსტეებზე ფიქრითა და კამათით გაერთობოდნენ და აღარ დაფიქრდებოდნენ უმთავრესზე. მათ გააბრუებდათ ზღვისფერი ქვიშის სურნელი და ყველაფერი იქნებოდა კარგად.

და ყველაფერი იყო, არის და იქნება კარგად. ეს გარდაუვალია და მარადიული.

როდესაც მისთვის (1) პირველი თოვლი მოდიოდა ის(2) ჯერ კიდევ არ არსებობდა. როდესაც მის (1) ლიბრგადაკრულ თვალში სინათლის სხივმა შეაღწია ის (2) მაშინ იწყებდა ტირილს პირველად. როდესდაც მან(1) მეორე სიტყვა თქვა მან (2) პირველად ამოილუღლუღა ”შენ” (როგორც წესი ეს ასე არ  ხდება ხოლმე). მის (1) პირველ გამართულ ნაბიჯს მისი (2) პირველი დავარდნა დაემთხვა. ორივე იშვა ერთხელ და ორივე იშვა ერთი რამისთვის. ორივე იყო ერთიდაიგივე და ორივე გავდა ერთმანეთს.  არა სხეულით , სულით.

არც ერთმა იცოდა რაიმე მეორის შესახებ და არც მეორემ ერთის შესახებ.  მათი  არსებობა გავდა ხის არსებობას , რომელიც რაღაც ძალით აღმოცენებულა და იძულებულია იცხოვროს მანამ,  სანამ ვინმე არ მოჭრის ანდა სანამ დრო არ მოუღებს ბოლოს. მისთვის არც დაბადება უკითხავს ვინმეს და არც სიკვდილს შეეკითხებიან.

მაგრამ ეს იყო მანამ ,სანამ ერთი მთლიანის ორი ნახევარი ერთმანეთს  შეერწყმებოდა და  აღმოაჩენდა ერთმანეთს. ორივე ცხოვრობდა ოდნავ გვიან და ოდნავ წინ , მაგრამ არა იმ დროს , რომელ დროშიც  აიძულებდნენ ეცხოვრათ. ის (1) იფერადებდა ცხოვრებას სულ უმნიშვნელო საღებავებით  და ეს საღებავიც ვერ გაემეტებინა ღმერთს მისთვის დიდი რაოდენობით. მას (2) კი ცხოვრებას უფერადებდნენ და ამ უსაშველოდ მყრალი საღებავებით აღრჩობდნენ დღედაღამე.  ერთიც იზრდებოდა და მეორეც ერთიც იქმნებოდა და მეორეც. ხან მუხლებს იტყავებდნენ თამაშში , ხანაც ვიღაც მათზე ღრმა ადამიანის მოგონილ სამყაროს ეკედლებოდნენ წიგნებში. ცხოვრობდნენ ისე როგორც ბავშვები და ფიქრობდნენ ისე როგორც ადამიანები. არც ერთი იყო ჩვეულებრივი და არც მეორე.იქ სადაც მარტონი იყვნენ საკუთარ თავთან ისინი გავდნენ ერთმანეთს იმდენად , რამდენადაც გარეგნულად განსხვავდებოდნენ (ბოლოსდაბოლოს ერთი ქალად დაბადებულიყო და მეორე კაცად – თუმცა მაინც , ორივე ადამიანად).

ერთხელ როდესაც ისინი ცოტათი მაინც ეკუთვნოდნენ საკუთარ  არსებობას და როდესაც აღარ სჭირდებოდათ მშობლების კუდში დევნა ისინი დაფიქრდნენ და მიხვდნენ,  რომ იქ, საიდანაც მზე ამოდიოდა და ღმერთი იჯდა ფეხმორთხმით მათ რაღაც საიდუმლოს უმხელდნენ. ერთმაც გაიგონა იდუმალი ჩურჩული და მეორემაც , თუმცა ეს ისე  მიიღო ორივემ, როგორც ამ უცნაური ცხოვრების კიდევ ერთი კაპრიზი.

როდესაც ღმერთმა ვეღარ აიტანა ორი მოკვდავის თავხედობა , რომელთაც თითქოს პირი შეკრეს უზენაესის წინააღმდეგ, ის ჩამოვიდა ციდან და თითებზე შერჩენილი ზღვისფერი ქვიშის  მარცვლები სათითაოდ შეაყარა მათ სახეში.

სამყარო გახდა ლურჯი, სამყარო გახდა ფერადი. მათი ცხოვრება დაემსგავსა ნახევრად გამოცლილ წყლის ჭურჭელს , რომელსაც ისინი თავად ვერ აავსებდნენ . ერთიც სუსტი იყო მარტო და მეორეც , არც ერთი იყო ქერუბიმი და არც მეორე სერაფიმი. ზღვას ისინი ისე შეეყვარებინა როგორც დედას  შვილი .თუმცა ზღვა სულაც არ იყო მათი დედა. არც მამა. მათ სულაც არ ქონდათ ზღვა ნანახი.

სამაგიეროდ მათ ნახეს ქვიშა , რომელსაც ზღვის ფერი ჰქონდა და რომელსაც ოკიანის სურნელი მათთან მიჰქოინდა . ეს იყო აუცილებელი შემთხვევითობის , გარდაუვალი გამარჯვება. ეს იყო ზიარება ნამდვილი ნამდვილ ღმერთთან , სადაც მატერიალური იმაზე უფრო უბრალო იყო ვიდრე თავად უბრალოება. ეს იყო ზეიმი სანაპიროზე , სადაც ისმოდა ზღვის ტალღების ტანგოს ხმა და სადაც ერწყმოდა ქალისა და მამაკაცის სურნელი ასე ძალიან რომ დამსგავსებოდა მწიფე ალუბლის არომატს. სიტყვები იყო მხოლოდ დეკორაცია , მხოლოდ ხარკი რომელიც უნდა გადაუხადო რეალობას რათა ის იყოს უფრო შემწყნარებელი შენდამი.

ცხოვრება იწყებოდა ახალი ფურცლიდან … არა ! ! ! ცხოვრება საერთოდ ეხლა იწყებოდა , აქამდე იყო არსებობა. სიყვარულად წოდებული ეს უცნაურობა ვერ დასრულდებოდა. ვერც მოკვდებოდა. ერთი იმიტომ რომ ღმერთია თავად სიყვარული და ღმერთი მარადიულია, მარადიულის სიკვდილი კი ვის გაუგია. და მეორეც ზღვისფერი ქვიშის შემქმნელს მისთვის მხოლოდ დაბადების უფლება მიუცია (არავინ იცის რატომ მოიქცა ასე – შეეშალა თუ გამიზნულად) , ვის რა უფლება აქვს რომ შეცვალოს ის , რაც შექმნა მან , ვისი სახელიც არ ვიცით და რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ ხოლმე სუსტი მოკვდავნი.

და ყველაფერი იყო, არის და იქნება კარგად. ეს გარდაუვალია და მარადიული.

თებერვალი ახლახანს დამდგარიყო , მაგრამ უკვე მარტი იწყებოდა რამოდენიმე საათში.