რე

Posted on March 8, 2010

8



ახლადგაღვიძებული მზის სხივები თეთრად შეფეთქილმა სახლებმა შთანთქეს ისე , რომ ჩემს საძინებლამდე არც ერთს არ მოუღწევია . და დილის რომანტიკაც აქ ჩაკვდა. ლოგინის სითბოსა და ნებივრობას რატომღაც წამოდგომა და თბილისის მომაბეზრებელ ქუჩებში ხეტიალი ვამჯობინე. ჯერ კიდევ საწოლში წოლისას დამეუფლა უცნაური გრძნობა. ვიღაც ამომძახოდა სხეულიდან, რომ დღეს უბრალოდ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი , რომ დღეს უნდა მოღებოდა ბოლო იმ გულისამრევ თამაშს, რასაც ფორმალრად ერქვა”ჩემი  ცხოვრება”  , თორემ სინამდვილეში ცხოვრებასთან მას საერთო არაფერი ჰქონია. უკვე ოცდახუთი წელი იყო , რაც ერთსა და იმავე როლს ვთამაშობდი , უკვე ოცდახუთი  წელი იყო იძულებული ვიყავი ხალხისთვის ღიმილიანი სალამი მიმეგდო , რათა არ შეემჩნიათ ჩემი ფასეული, თანდაყოლილი სევდა… ყველას რატომრაც ბედნიერი ვეგონე მე კი საშინლად უბედური მეგონა ჩემი თავი … არა, კი არ მეგონა უბედური ვიყავი.

როგორც ყოველთვის ახლაც სწრაფად და უწესრიგოდ ჩავიცვი და სახლიდან ისეთი სისწრაფით გამოვვარდი, თითქოს ვინმე შემეხვეწებოდა დარჩი არ წახვიდე , ნუ გაიმეტებ თავს სასიკვდილოდო. სიკვდილი ჩემთვის უცხო აღარ იყო , მე მასთან ერთად მეძინა ბოლო წლები, გასაკვირია და აქამდე არც კი შევხებივართ საწოლში ერთმანეთს. გამუდმებით ჩამესმოდა ტირილის ხმა , რომელსაც ალბათ, გლოვასთან საერთო არაფერი ჰქონდა.. ის უფრო ქართული ტრადიცია იყო , ვიდრე ნამდვილი გულისტკივილი. უკვე წარმოდგენილი მქონდა როგორი იქნებოდა ჩემი საფლავი. როგორ დააწერდნენ შავი მარმარილოს ქვას დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს და ვიღაც უწმინდური , როგორ დახატავდა ჩემს უწმინდურ სახეს . შემდეგ რომელიმე მღვდელი როგორ ჩაიკითხავდა ფსალმუნს და ჩემს გასვენებაში ერთი გულიანად გაძღებოდა თევზისა და ხორცის მსუყე-მსუყე ნაჭრებით. მოკლედ …  შეჩვეული ვიყავი, რომ მე უნდა მოვმკვდარიყავი და რაც  დრო გადიოდა უფრო და უფრო მიკვირდა – რატომ იგვიანებდა ის – მახინჯი დღის მახინჯი შემოღამება. სიმართლე გითხრათ გულიც მწყდებოდა… ოღონდ არა იმიტომ რომ მიწაზე სიარული აღარ მომიწევდა, არამედ უფრო იმიტომ რომ ჩემი აზრგამოცლილი ცხოვრბიდან ვერაფერს ფასეულს ვერ ვტოვებდი. ჩემი არსებობა ისე ჩაიკარგებოდა დროის ზვირთებში, როგორც მე ჩავიკარგე ამქვეყნიურ არარაობაში. ყველაზე მეტად სწორედ ეს მიკლავდა გულს … მკვდარი გულით ცხოვრება კი წარმოსადგენადაც საშინელია არა თუ საცხოვრებლად.

ხმაურს და ბევრ ხალხს ისედაც ვერ ვიტანდი, ამიტომ ყველაზე მიყრუებული ქუჩა ავირჩიე სასეირნოდ.მინდოდა ბოლოს მაინც დავრჩენილიყავი საკუთარ თავთან, გულახდილად მესაუბრა და გულახდილად გავჩუმებულიყავი. ძველთბილისურ სახლებს უკვე დიდი ხანი იყო სიბერე შეჰპარვოდათ. მე კი სიბერე ყველაზე მეტად არ მიყვარდა … ის ხომ გამგზავრების წინა , მოსამზადებელ დღეს გავს, ბარგი რომ უნდა ჩაალაგო . ბავშვობიდან მძულდა დღე, როდესაც ბარგი უნდა ჩამელაგებინა. ასეთ დროს არც აქ ხარ და არც იქ. თან აქაც ხარ და იქაც. ერთ დღე იკარგება . ასეთივე სიძულვილს ვგრძნობდი სიბერისადმი. მსურდა ერთი დიდი რგოლი ჩამოსცლოდა ჩემი ცხოვრების ჟანგიან ჟაჭვს , ოღონდ კი იმ ავადმყოფ, ზანტ აქლემს არსად გადავყროდი.

ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო , ამიტომ გამვლელები თითქმის არ ჩანდნენ, მხოლოდ და მხოლოდ მეეზოვე აფხაჭუნებდა ფიჩხის ცოცხს რომელიღაცა ჩიხის კუთხეში.

ნელ-ნელა გაიფანტა სადად შემოწოლილი სიჩუმე და ამ წვრილ, გაძვალტყავებულ ქუჩასაც თანდათან შეეპარა სიცოცხლე. ადამიანებიც გამოჩნდნენ.ყველას რაღაც გლუვი , პრიალა სახე ჰქონდა. მათ წყვილ-წყვილ თვალებში გულგრილობა იხატებოდა.ნეტავ სხვას რას ველოდი მათ უსიცოცხლო მზერაში?

ვიჯექი ბორდიულზე და უკვე წარმოდგენილი მქონდა ჩემი აღსასრული. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი მხოლოდ და მხოლოდ მეტი თავისუფალი სივრცე და მეტი ჰაერი მჭირდებოდა. უკვე ყელში იყო ამოსული ჩაკეტილობა. მთელმა ცხოვრებამ კარებსა და ფანჯარას შორის გაიარა. არადა არც არავის უთქვამს გააღე კარი და  გადი შენც იპოვი მას, ვისაც (რასაც) ეძებო. მართლებიც იყვნენ , იმიტომ რომ მაინც ვერ ვიპოვიდი. და გადავწყვიტე , საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ეს მზიანი დილა ყოფილიყო ჩემი უკანასკნელი დღის დასასრული და ღმერთმა უწყის რისი დასაწყისი.

თვალი გავაყოლე ვიწრო და დაკლაკნილ ქუჩას , რომელიც სადღაც ქვემოთ მოსახვევში უჩინარდებოდა. უცბად შემეშინდა რომ მეც ამ ძველი ქუჩასავით  მოსახვევში ჩავიკარგებოდი და აღარასოდეს აღარავის გაახსენდებოდა ჩემი არსებობის შესახებ. მაინც წამოვდექი და საპირისპირო მხარეს შემოვტრიალდი. აღმართს ავუყევი. უცებ რატომღაც საოცარი ჟიანი ვიგრძენი დაღლისა. მომინდა რომ მეგრძნო სიმძიმე მუხლებში და შემდეგ ის სიამოვნება რომელიც ყოველ დაღლას მოჰყვება ხოლმე შესვენებისას.

ათასი რამე მხვდებოდა წინ , ათასივეს ალბათ საკუთარი იდუმალება ჰქონდა . თუმცა ეგ ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა იმ წუთას. მივუყვებოდი გზას და უცნაური აზრები დაფრინავდნენ ჩემს თავში. მაგრამ ვერცერთი ვერ აღწევდა გულამდე.ისინი  მარცვალ-მარცვალ ამოჰყვნენ ამონასუნთქ ჰაერს და გაიფანტნენ მასთან ერთად.

როდესაც საკუთარი ფეხის ხმამ გამომაფხიზლა აღმოვაჩინე რომ უკვე საკმაო გზა გამომევლო და მტკვრის ნაპირს მივუყვებოდი. ზამთრის გაყინული მზე მდინარის ბინძურ ტალღებს ლოშნიდა. სხივები ოქროსფრად აკვდებოდნენ მტკვრის დაუბანელ პირს მე კი თვალებში მიჭყიტებდნენ …  ო, რა ცოტა იყო ჩემში სიცოცხლის სურვილი; ო, რაოდენ დიდი იყო ჩემში უღმერთობისა და ღვთისმოშიშეობის განცდა. უღმერთობის რადგან სიკვდილი მინდოდა და ღვთისმოშიშეობის რადგან არ მინდოდა ეს ჩემი ხელით გამეკეთებინა.

ჩემდა უნებურად თვალი გამექცა თბილისის ძველი , ქაოტური უბნებისაკენ და თითქოს ეხლა აღმოვაჩინე პირველად,  რომ ასეთი მშვენიერი ქაოსი ჯერ არსად მენახა. არც ერთი სახლი არ გავდა მეორეს და მაინც ისინი ისე იყვენენ ერთმანეთში შერწყმულნი , როგორც ერთი მთლიანობა. ეს ერთი მთლიანი პეიზაჟია უამრავი, მახინჯი, ძველი , დაგრეხლილი და დაბერებული მონასმით დახატული. მაგრამ მაინც ლამაზია…

რატომღაც შემეშინდა და შევჩერდი. ეს რაღაც ახალი იყო  ჩემთვის . ასეთი აზრები არასდროს მომსვლია თავში. თითქოს ეხლა დავინახე პირველად , რომ მე აქ  ამ პეიზაჟს ვერწყმოდი და არ მქონდა უფლება მხატვრისგან დაუკითხავად მოვშორებოდი ამ დიდ ტილოს . ეს უცნაური გრძნობა ძალიან, ძალიან საშიშად მომეჩვენა. მე მეს აღარ ვეკუთვნოდი. იცვლებოდა რაღაც . მაგრამ სასწრაფოდვე მოვიშორე თავიდან ”უცხო” აზრები და გზა განვაგრძე.

ბარათაშვილის ხიდთან რაღაც უცნაურად ნაცნობ სურათს მოვკარი თვალი. თითქოს ჩემს ოთახში ვიდექი და ვიყურებოდი თაბაშირით შემოწნულ სარკეში. ხიდის მოაჯირს მიღმა დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭი გადამდგარიყო. გაღებული პირით, გაწეწილი თმებითა და გაფართორბული თვალებით უყურებდა ჭუჭყიან მდინარეს. ცალი ხელით კი მოაჯირს ეჭიდებოდა. მაშინვე მივხვდი რის გაკეთებას აპირებდა.

ჩემდაუნებურად მოვწყდი ადგილს და მისკენ გავიქცი.მაგრამ ორიოდე წამში ის მეორე ”მე” აღარ იდგა ხიდის კიდეზე. მისი საბედისწეროდ გაშლილი ხელები სიკვდილს ეცეკვებოდნენ.  როდესაც ხიდთან მივირბინე მას უკვე წყლის ტალღები ეფერებოდნენ მთელ სხეულზე. ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი მის  ერთდროულად თვითკმაყოფილ და შეშინებულ სახეს. ზიზღი კისერში მომაწვა . მინდოდა ამომეყვანა წყლიდან ის ”არარაობად” ქცეული ”რაობა” და ერთი გულიანად მეცემა.  ვინ მისცა მას უფლება მტკვარს  რომ აბინძურებს თავისი ბინძური, ხრწნადი სხეულითა და  და არანაკლებ ხრწნადი  სულით ? რატომ აძლევს თავს უფლებას რომ წაშალოს საკუთარი გამოსახულება ამ ცხოვრების ტილოდან?

უცბად აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა რომ ხიდის მოაჯირთან ვიდექი , მტკვრის  თალხ ტალღებშიც მე ვიძირებოდი . ორ წამში, ორად ორ წამში გაირბინა მთელმა ოცდახუთმა წელიწადმა და კიდევ უფრო შემძულდა საკუთარი თავი. მაგრამ ეს იყო არა სასიკვდილო არამედ სასიცოცხლო ზიზღი. აჩქარებით ცემდა ჩემი ნაადრვად დაბერებული გული,თითქოს ჩემს გარშემო ჰაერი სულ ჩაუნთქავთო. გულგახეთქილი შემოვბრუნდი და იქვე ჩავჯექი.

ვერ შევამჩნიე როგორ მოიყარა ხალხმა თავი. როგორ გადახტა ვიღაც წყალში ”მე”-ს გადასარჩენად და როგორ ამოათრიეს წყლიდან  ჩემი ასაკის , სულ მთლად სველი ბიჭი რომელსაც მხოლოდ სუნთქვაზეღა ეტყობოდა რომ ის ჯერ კიდევ დიდი ნახატის ტრაგიკული პერსონაჟი იყო და რომ მხატვრის ნების გარეშე მაინც ვერაფერს გახდებოდა. სულ არ მგავდა მაგრამ მაინც ”მე” იყო. ალბათ მას სხვა რამე აწუხებდა და მე სხვა. მაგრამ ეხლა ეგ არ იყო გადამწყვეტი. მან მე სიცოცხლე მაჩუქა. მან მე ხელთავიდან დამხატა ამ დიდ ტილოზე.

და მე მადლობელი ვიყავი მისი.