გოგონა ჰორიზონტიდან

Posted on March 26, 2010

6



მიას ისევ თხოვდნენ კინოში წასვლას . მას შეეშინდა სიახლის და  არჩია სახლში დარჩენილიყო.

უკვე მერამდენედ უნდა ჩაესუნთქა თავისივე ამონასუნთქი, დაძველებული ჰაერი და უკვე მერამდენედ უნდა შეფარებოდა თავის არსებობას. ყველაფერი იყო ნაცნობი და ათასჯერ გადამოწმებული . აქ არავინ არაფერზე ეჩხუბებოდა , არავინ აღშფოთდებოდა და არ გააკრიტიკებდა, როგორც კონფორმისტს ან როგორც არაკონფორმისტს. ამ ჩაობებულ კედლებში , მდოგვის ფერი რომ დასდებოდათ , მან შვა საკუთარი რეალობა , გამოზარდა ღარიბულად , თუმცა ჩაუნერგა მაღალი იდეალები. დღითიდღე ის ხევდა ფურცლებს ძველი რვეულებიდან და ასე ხელუხლებლად ინახავდა მათ.მთელ ოთახში სიმრავლემდე მისული , დახვავებული წიგნებიდან ხან ერთს ამოაცურებდა და ხან მეორეს . წაიკითხავდა ერთ გვერდს ან ერთ აბზაცს , ზოგჯერ ერთ წინადადებას და მერე ფიქრობდა იქნებ და როგორმე შეეთავსებინა იქაური აქაურს.

დრო რომ გავიდა შიში და აუცილებლობა დამეგობრდნენ . მიას ერთად ეჩხუბნენ და უთხრეს რომ ისიც ძლიერი იყო. მისი სიძლიერის აღიარებამ გოგონას სულ ოდნავ შემატა ძალა, მაგრამ თავდაჯერებას (უფრო კი თავდაუჯერებლობას) ვერაფერი მოუხერხა. ის ისევ ხეიბარი დარჩა . ყველაზე უკეთ ესმოდა რომ ასე მხოლოდ საკუთარ თავს ვნებდა . მის გარშემო ვულკანივით აფრქვევდნენ სისულელეებს , სამაგიეროდ მათ სწამდათ რომ იყვნენ ჭკვიანები და ისინიც ჩანდნენ ჭკვიანებად , მათ სწამდათ რომ ისინი იყვნენ საუკეთესონი და ისინიც ჩანდნენ საუკეთესოებად. პატარა, ლაჟვარდიდან მომზირალი გოგონა კი სადღაც ჰორიზონტზე ჩამოეკიდათ სულიერ არსებებს და ხან ტაშს უკრავდნენ ხან კი დასცინოდნენ . ნეტა იცოდეთ რა უცნაურად უყვარდათ ეს თხელი , სუსტი არსება თავის მეგობრებს. იმდენად უყვარდათ რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ახსენდებოდათ ხოლმე. მხოლოდ შექმნილი პრობლემების გადაჭრას თხოვდნენ . ერთხელაც არ მოსვლიათ აზრად – იქნებ და მიასაც უნდოდა თავად შეექმნა პრობლემა და შემდეგ ისინი დახმარებოდნენ მასთან გამკლავებში. მაგრამ ეხლა მაგას რაღა მნიშვნელობა ქონდა მას უყვარდა მეგობრები უანგაროდ და მთელი გულით . მტკიცედ სჯეროდა რომ მეგობრებსაც ასევე უყვარდათ მია.

როდესაც ის ახალ ქუჩაზე გადავიდა საცხოვებლად , მან იგრძნო საკუთარი ძალა და სისუსტე. ენდო ყველას და სულაც არ დაინტერესებულა   გაუმართლდებოდაა თუ არა ეს  ნდობა . მან ისედაც იცოდა რომ აქ ყველაფერი წარმავლობის ჭუჭყით იყო დასვრილი.

ყოველდღიურობის ხარკს მია მორჩილად იხდიდა . რწყავდა ყვავილებს , პურის ნამცეცებს გულუხვად ურიგებდა მასსავით წერტილისტოლა გულაფურჩქნულ  ბეღურებს , ზოგჯერ პეპლებს დასდევდა , დაიჭერდა და უშვებდა. გადაღლილ-გადაქანცული კი საღამოს ნეტარებისათვის ემზადებოდა ხოლმე. გულიანად იბანდა ხელებს , ჩაჯდებოდა ოცნებისფერ სავარძელში და იწყებდა ძებნას წიგნებში. ის ეძებდა მიას და კიდევ ვიღაცას . ოოხ რა გულუბრყვილოები ხართ გგონიათ ეს სუსტი თავდაჯერებას მოკლებული ბავშვი სიყვარულს ეძებდა ? – არა . ის ეძებდა კიდევ ერთ მიას , რომელთან ერთადაც შეძლებდა  მდინარის პირას გასეირნებას , თავის უცნაურობებზე ლაპარაკს და მოისმენდა იგივეს მეორე მიასგან. ხშირად ჩასძინებია ოცნებად ქცეულს სავარძელში და დილით როდესაც აღვიძებდნენ ეგონა , რომ ვიღაცას მისი ბედნიერების შურდა.

უკვე არც ისე პატარა იყო ლაჟვარდისფერთვალება გოგონა . ის კი არა ლამაზად მოხატული პერანგის ჩაცმის  უფლებაც კი მისცეს ,  აბა ისე ვინ მიუშვებდა ახალ ქუჩაზე . და ერთ დღეს როდესაც სახლის წინ  სრულიად აზრგამოცლილი იდგა და ელოდა დროის გასვლას , მეორე მია მიესალმა . გამოელაპარაკა და ძალიან შეუყვარდა , მეგორბულად , ბავშვურად. მე ვერ გეტყვით მეორე მიასაც (სინამდვილეში თია რომ ერქვა) თუ ესე ძალიან მოეწონა მასთან საუბარი , მაგრამ ერთი კი იყო – იმ დღის შემდეგ ისინი ისე დამეგობრდნენ თითქოს ობლად დარჩენილებს ერთმანეთის მეტი არაინ ჰყავთო.

ჭორაობდნენ ბიჭებზე , ერთმანეთს არწმუნებდნენ ცხოვრების სილამაზეში , უყვარდათ წიგნებით ოცნება და მუსიკით ხატვა . მიასგან განსხვავებით თია შავგვრემანი და საოცრად ეშხიანი გოგონა იყო . მიასგან განსხვავებით თიას უამრავი მეგობარი და თქვენ წარმოიდგინეთ ნამდვილი მეგობარიც კი ჰყავდა . ალბათ მაგიტომაც ხანდახან მიას ისევ მარტოობის გრძნობა ეპრანჭებოდა და ისე თავხედდებოდა რომ მასთან ცეკვასაც კი ბედავდა ხოლმე .მიასგან განსხვავებით თიას არ ეშინოდა სიახლის, არ ეშინოდა ხალხის , არ გაურბოდა აღშფოთებას და ყველთვის აღწევდა იმას რაც სურდა. ნეტავი გენახათ იმ დროს რა სიხარული იბადებოდა მიას თვალებში. მან ცხოვრებაში პირველად და ერთადერთხელ იგრძნო , რომ სულაც არ იყო უაზრობა ჭეშმარიტების ძიება , რომ თავდაპირველ აღშფოთებას შეგუება მოჰყვება ხოლმე და ხშირად თავადვე ვამტკიცებთ იმას რის გამოც ერთ დროს ქრისტეს ვაკრავდით ჯვარზე.

და რა ? რას ელით ? თქვენ გგონიათ რომ რამე ტრაგიკული უნდა მოხდეს  მათ ცხოვრებაში ? თქვენ გინდათ რომ მიას რაიმე ეტკინოს ? ან ის ხომ არ გნებავთ რომ თიას რამე მოუვიდეს ? ალბათ გინდათ მაგრამ ამჯერად იმედები უნდა გაგიცრუოთ. ისინი ეხლაც საუკეთესო მეგობრები არიან და თავიანთ ბავშვებთან ერთად ფერადი ბუშტებით ხელში მიუყვებიან ზღვის ნაპირს . უკან კი მათი ქმრები მსჯელობენ სერიოზული სახით პოლიტიკაზე და ფეხბურთზე , ხანდახან კი შეზლონგებზე წამოწოლილ ხორბლისფერ გოგონებს აფასებენ და გონებაში აშიშვლებენ . ეს სულაც არ აწუხებთ მათ ცოლებს და სულაც არ ადარდებთ მათ შვილებს . ისინიც ასევე მოიქცევიან როცა გაიზრდებიან . მთავარი სულ სხვა რამეა . თიასაც და მიასაც ეს მთავარი აქვთ.