ალმინა და მე

Posted on April 7, 2010

16



პირველად  ცირკში დედამ  მომიყვანა. სულ თოთო ვიყავი. თვალებზე თხელი აპკი მქონდა გადაკრული , (მას შემდეგ რამდენჯერ მიოცნებია რომ ისევ გადამკვროდა ის თანდაყოლილი ლიბრი მაგრამ ამაოდ) , სმენითაც თითქმის არ მესმოდა . არა , თითქმის კი არა საერთოდ არ მესმოდა. არ მახსოვს არაფერი.  მხოლოდ მონაყოლით ვიცი , რომ ვიყავი პატარა და ულამაზო . თუმცა ჩემი მშობლები თავს იმით იიმეედებდნენ , რომ ან მალე მოვკვდებოდი ან სასწაული მოხდებოდა . სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ეგ იმათ ჰკითხეთ როცა თქვენც დაიხოცებით და საიქიოში ნახავთ ) მათ არ გაუმართლათ . შესაბამისად  არც მოვკვდი და არც სასწაულის ძალით გავლამაზდი. სიმართლე გითხრათ მე სულაც არ მადარდებდა, რომ სადღაც ამ სამყაროში , რომელიც ჩემზე გაცილებით უფრო მახინჯია , ვიღაც ჩემზე ლამაზი ან  ბედნიერი იყო .

დრო რომ გავიდა და სიარული ვისწავლე  აღმოვაჩინე რომ ღმერთს  ჩემთვის  მხოლოდ ერთი ფეხი გაემეტებინა ნორმალური , მეორე ვიღაც ლამაზი ბიჭისთვის ეჩუქებინა , რომ  მას გოგოები მოეხლიბლა , ისინიც აცუნდრუკებულიყვნენ მისი სილამაზით , როგორც ეს მათ ჩვევიათ და შემდეგ  მისგან ნაბიჭვები გაეჩინათ. როდესაც ეს თავდაპირველად აღმოვაჩინე საშინლად გავბრაზდი , მაგრამ მერე მივხვდი ეს სიბრაზე სისუსტის ნიშანი იყო და არა ნამდვილი გულისწყრომის. რომ არ მოგატყუოთ ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ ჩემს ”ღვთაებრივ” გარეგნობაზე . უბრალოდ გეტყვით , რომ კუზიღა მაკლდა და ერთი ფრანგი მწერლის დიდი წიგნის მთავარ გმირს დავემსგავსებოდი . (ისე , ეს წიგნი ყოველთვის ნერვებს მიშლიდა გადაჭარბებული ტრაგიზმითა და სიმახინჯის აპოლოგიით , თუმცა მაინც სიამოვნებით წავიკითხე).

მოკლედ ჩვენი ქალაქის ცირკში მიმაბარეს მშობლებმა . ეს ”დაწესებულება” ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი გადმონაშთი იყო  ამ დახრუკულ ,  უსიცოცხლო დასახლებაში , ქალაქი ფერმია რომ ერქვა. აქაური ხალხი ისეთი გაყეყეჩებული იყო , რომ სასწავლებელიც კი გახსნეს (რომელმაც მალევე შეიცვალა პროფილი და სიცარილედ იქცა )და სახელად ”სკოლა” უწოდეს . (ალბათ ესეც სადმე ჰქონდათ გაგონილი თორემ ამდენის მოფიქრების უნარი მათ ნამდვილად არ გააჩნიათ). ფერმიაში კიდევ იყო  რამოდენიმე სრულიად ფუნქციადაკარგული შენობა : დიდი ოთხსართულიანი ”მახინა” , სადაც მკერდსავსე, თეთრხალათიანი დეიდა-ბებიები დარბოდნენ საქმიანი იერით და თან გამუდმებით რაღაც მოშავო-მოყავისფრო სითხეს წრუპავდნენ , აქაოდა საქმეს ვაკეთებთ და ენერგიის მომატებაში გვეხმარებაო. მის გვერდით კი ნამდვილი ჯოჯიხეთის ფილიალი გაეხსნათ და ზედ დიდი ასოებით წაეწერათ, რომ ამ შენობაში სამართლიანობა და წესრიგი ძმურად ხელიხელგადახვეული ზეიმობდნენ გამარჯვებას.(რამდენჯერ გამცინებია ამ უაზრო მტკიცებაზე – ნეტავ სად ნახეს მათ სამართლიანობა წესრიგში ყოფილიყო).   ოდნავი მოშორებით კი ერთი ციცქნა ბომონი აღემართათ ადგილობრივ ფულმოჭარბებულებს  (თავადაც მიხვდებით რატომ), სადაც ყოველ კვირა დღეს უამრავი ხალხი იკრიბებოდა , რომ გული მოეოხრებინათ ჭორაობით. თან შიგადაშიგ რაღაც უცნაურ , არქაულ ენაზე წაიბურტყუნებდნენ ხოლმე რამოდენიმე სიტყვას ”ლოცვას” რომ ეძახდნენ და ეზოდან ისეთი სახით გამოდიოდნენ ხოლმე თითქოს ღმერთი მათი ბიძაშვილი იყო და არავის ქონდა უფლება, რომ  ის განსხვავებულად ჰყვარებოდა . მთელი ქუჩის აყოლება-ჩაყოლებაზე კი სოკოებივით ამოყრილიყო ქოხმახები .ირგვლივ უმეცრებისა და სიბინძურის სუნი იფრქვეოდა . თუ აღმოსავლეთით   ჩაუყვებოდით  ფერმიის ერთადერთ ქუჩას თვითკმაყოფილთა უბანში მოხვდებოდით ,სადაც დიდი , რამოდენიმე სართულიანი და აივნიანი სახლები იყო ჩალაგებული. აივნებზე მუდამ ისხდნენ ასევე თვითკმაყოფილი ცოლები და ზედმეტად ჭკვიანი სახეებით საუბრობდნენ ყველაფერზე , თან იმ მოშავო-მოყავისფრო სითხეს ათხრუპუნებდნენ და თვალების ნაბვით  და ნეკა თითების  ბზეკით ცდილობდნენ საკუთარი ”არისტოკრატობის” დამტკიცებას.

აი ამ ქალაქში მომიწია დავბადებულიყავი და რა გასაკვირია , რომ ცირკი ჩემთვის მალევე იქცა ყველაზე საყვარელ ადგილად.  აქ ხომ  ყველას რაღაც აკლდა  ზოგს გარეგნულად (მაგალითად მე) ზოგს კი შინაგანად (მაგალითად ჩვენს ბატონთბატონს – რომელსაც ჭკუასუსტობის დაღი აჩნდა).და სულაც ვერ ვამჩნევდი ქვეყნად გამეფებულ უსამართლობას. მოკლედ და გრძლად ,  აქ მე ვიყავი ის ვინც უნდა ვყოფილიყავი და ვინც ვიყავი კიდეც. როდესაც წარმატებით დავასრულე ჟონგლიორობისა და აკრობატიკის შესწავალა , ბატონთბატონმა მაშინვე დასში ამიყვანა . ამას კი ხელი ჩემმა საუცხოო გარეგნობამაც შეუწყო , ასე ძალიან რომ იზიდავდა ბავშვებს და საუცხოო შთაგონებას აძლევდა გაბრაზებულ მშობლებს , რათა გამოეგონებინათ ათასობით  მონსტრი , რომელთა სრული უმრავლესობა ერთიერთზე მგავდა მე .სულ მალე კი წამყვანი კლოუნის თანამდებობამდე აღმაზევეს და მეც გადავეშვი დაცინვის თავდავიწებაში. (ნუ განრისხდებით მე დამცინოდნენ !) . მგონი ისიც კარგი იქნება თუ გაგიმხელთ ჩემს მუდამ შღებილ , წითელცხვირა სახის მიღმა რა აზრები იმალებოდა და რაზე ვფიქრობდი ხოლმე , როდესაც ბავშვების ღრიანცელისგან დაღლილი ჩემს ”სამეფო ტახტზე” (სინამდვილეში ჩვრების გროვა რომ იყო)  მივეგდებოდი ხოლმე.

როგორც აქამდე გითხარით ჩემი სიმახინჯე სასჯელად არასდროს  ჩამითვლია (თუ არ გავიხსენებთ პირველ გულისტკივილს , რომელიც ალბათ ბუნებრივი იყო) .რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ქვეყნად თითოეულ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს . ყველამ რაღაც  უნდა გააკეთოს – ზოგმა მეტი , ზოგმაც ნაკლები. ამიტომაც მტკიცედ მქონდა გადაწყეტილი არასდროს მეწუწუნა , იმ შემთხვევაშიც კი თუკი საერთოდ არაფერს გავაკეთებდი. რადგან თუ დაუკვირდებით არაფრის კეთებითაც რაღაცას აკეთებს ადამიანი — ის ხელს უწყობს სხვებს გააკეთონ მისი გასაკეთებელი და ამით იყვნენ ბედნიერები. მგონი ჩემი გარეგნობასავით მახინჯი წინადადება გამომივიდა. არაუშავს თუ მოინდომებთ  და რამოდენიმეჯერ წაიკითხავთ მიხვდებით რისი თქმაც მინდა . ერთი სიტყვით იმას გეუბნებოდით , რომ გადაწყვეტილი მქონდა არასდროს მეწუწუნა , თუმცა ჩემდაუნებურად ყველგან და ყოველთვის ჩემი წუწუნი ესმოდათ , ყველგან ჩემი უკმაყოფილება ჩანდა .იმაზე კი არ ფიქრობდნენ  რა იწვევდა მას , მხოლოდ ფაქტზე მიმითითებდნენ და ჩემს განსჯას იწყებდნენ , თითქოს მაკლდა საფიქრალი და სამსჯელო. რაც დრო გადიოდა და მეტს ვგებულობდი უკვე მომხდარის , ანდა იმ წუთას არსებულის შესახებ ვრწმუნდებოდი რომ  რაც უფრო ცოტა იცი მით უფრო ბედნიერი ხარ ,მაგრამ უფრო უშინაარსოც , რომ ადამიანი კი არ ცოცხლობს ის კვდება , რომ ბედნიერებაცა და უბედურებაც ისევე წარმავალია და როგორც ის შუალედური მდგომარეობა მათ რომ ყოფს და აკავშირებს ერთმანეთთან . ძალიან კარგად ვხვდებოდი ვინ და რა იყო ღმერთი (ალბათ ზედმეტი მომდის მაგრამ ყველას თავისი წილი ძაღლყურძენა აქვს ნაჭამი როგორც ბაბუაჩემი იტყოდა) და რაში დასჭირდათ ადამიანებს . თქვენ წარმოიდგინეთ და იმასაც მივხვდი , რომ ჭეშმარიტი თავისუფლება ბედნიერებაშია , ისევე როგორც ჭეშმარიტი ბედნიერებაა თავისუფლებაში. ერთი ეგ არის , რომ მაგ თავისუფლებამდე და ბედნიერებამდე მისაღწევ გზასჯერ კიდევ ვადგავარ , მაგრამ ვიცი რომ საბოლოო წერტილში ვერასოდეს მივალ. ის ჰორიზონტის ხაზივით გადაიწევს ზუსტად იმხელა მანძილით , რამხელათიც მივუახლოვდები.  უმთავარესი კი რასაც მივხვდი იყო ის , თუ რის გამო ღირდა ცხოვრება. ამაში კი დახმარება ჩემმა ყველაზე დიდმა აღმოჩენამ და მიღწევამ  , ჩემმა ფრთებჩამოლეწილმა  ანგელოზმა  გამიწია. ოღონდ თავისდა უნებურად .

არა, ირონია არაფერშუაშია , ტყუილად განრისხდით – ფრთებჩამოლეწილი ,იმიტომ რომ ისიც ისეთივე ”პირდამშვენებული” და ”ღვთისაგან დაჯილდოებული” იყო ფიზიკური ელეთმელეთებით , როგორც მე. ძალიან რომ არ მომივიდეს აღწერა- პორტრეტიზაცია გეტყვით, რომ როგორი პოლიც მე ვიყავი, ისეთი ვირჟინი ის იყო. დარწმუნებული ვარ , შექსპირს  ნამდვილად არ გამოვადგებოდით შთაგონებისათვის , მაგრამ არა იმიტომ რომ კაპულეტებზე ნაკლები სიყვრული ვიცოდით, ანდა მონტეგებზე ნაკლებ შეგვეძლო ამ გრძნობისათვის თავის გაწირვა? არა, უბრალოდ მე კოჭლი და მახინჯი ვიყავი , ის კი არც ისე ლამაზი (თუმცა სხვები სულ ამბობდნენ ის მახინჯებს შორისაც მახინჯიაო) . არ ვიცი ჩემმა ფიზიკურმა ”მშვენიერებამ” განაპირობა თუ სხვა რამემ ,მაგრამ  უკვე აღარ მაინტერესებდა  იყო თუ არა ისა თუ ის ქალი ან კაცი გარეგნულად სრულყოფილი. ერთადერთი ადამიანების ტუჩებზე ყურებას ვერ გადავეჩვიე. ყოველთვის მწამდა და მწამს , რომ ეს ადამიანის სხეულის ის ნაწილია , რომელიც გაგაღმერთებს კიდეც და სატანადაც გაქცევს  , რომელიც შენ სახესაც დაჩრდილავს და შენს სილამაზესაც დაამტკიცებს. ერთი სიტყვით როდესაც პირველად დავინახე  ალმინა (ასე ერქვა ”მას”)  განსაკუთრებული არაფერი  მიგრძვნია. დასში მის გამოჩენას ისევე შევხვდი , როგორც შარლიდოს (ჩემი ერთადერთი მეგობრის) ანდა მესირიოს (ჩემი ყველაზე დიდი მტრის) გამოჩენას . ალმინა აკრობატი იყო და მიუხედავად იმისა , რომ მისთვის ცალი თვალი ადამიანთა გამჩენს ჩემი მარცხენა ფეხივით ”შეელამაზებინა” , გასაოცარი სიზუსტითა და დახვეწილობით ასრულებდა ნებსმიერ მოძრაობას. ის ,მის განუყრელ მეგობართან , ტაირასთან ერთად ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს . არსად (მათ შორის არც ერთ წიგნში) შემხვედრიან ასეთი ერთგული მეგობრები . მიუხედავად იმისა რომ ტაირა სილამაზით მთელ დასს ჩრდილავდა  , სულაც არ ეთაკილებოდა  ჩემს ფრთებჩამოლეწილ ანგელოზთან მეგობრობა. ალმინაც თითქოს მეგობრისგან იღებდაო სასიცოცხლო ენერგიას  , ისეთი ხალისიანი და მხიარული იყო , რომ ნებისმიერ ფიზიკურად სრულყოფილ ქალს შეშურდებოდა მისი ბედნიერების.ისინი ერთად დგამდნენ საცირკო ნომრებს და სცენაზეც მუდამ ერთად გამოდიოდნენ. თუმცა ჩემს დაკვირვებულ თალს არ გამორჩენია, რომ ალმინას ბედნიერებას რაღაც აკლდა. რაღაც კი არა მისთვის თითქოს ერთ დიდი ნახევარი ბედნიერებისა ვიღაცას წაერთმია. სამსახიობო ნიჭის წყალობით ის საუკეთესოდ ახერხებდა დარდის შენიღბვას და ყველასთან მხიარული იყო , თუმცა მის არც თუ ლამაზ თვალებში მუდმივად იგრძნობოდა დაკარგული ნახევრის პოვნის სურვილი.

ალმინა დასში შემოდგომაზე აიყვანეს , გაზაფხულზე კი ჩვენი ცირკი მეზობელ ქალაქში გაემგზავრა , რათა მონაწილეობა მიეღო ყოველწლიურ ფესტივალში. სწორედ აქ დავახლოვდით მე და ალმინიტო. ჩვენი ჭკუასუსტი ბატონთბატონის წყალობით ტაირა არ გამოემგზავრა ჩვენთან ერთად და ალმინამაც უმალ მოიწყინა. მეც მუდმივად რომ ვგრძნობდი მის არსებაში რაღაც საინტერესოს, გადავწყვიტე შანსი ხელიდან არ გამეშვა და დავახლოვებოდი . გაზაფხულის მომაბეზრებელ, ნახევრადმზიან დღეებს მე და ჩემი ახალი მეგობარი ერთად ვატარებდით , სეირნობაში შეუმჩნევლად ვუახლოვდებოდით და ვშორდებოდით მდინარეს , თან გამუდმებულად ვსაუბრობდით. დროთა განმავლობაში კი იმდენი რამე აღმოგვაჩნდა საერთო მე და ალმინას , რომ ერთი პირობა შემეშინდა კიდეც ,ეგებ და ნათელმხილველია, ჩემს აზრებს კითხულობს და ეხლა ჩემთან გართობა და ჩემი დაცინვა გადაწყვიტათქო. მაგრამ მისი ბაგეებიდან (რომლებიც ჩემი აქტიური დაკვირვების ქვეში იყვნენ) ჩამოცვენილ თითოეულ სიტყვას ისეთი გუწრფელი ემოცია და მუხტი მოჰყვებოდა ხოლმე, რომ თავში შემოჩენილი აბსურდული ფიქრები მალევე გაიფანტნენ. ფერმიაში დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ  , რომ ერთმანეთში რაღაც ისეთი გვქონდა ნაპოვნი , რის გამოც შეიძლება ადამიანს ადამიანი მოენატროს. მოკლედ თითქმის ერთდროულად აღმოვაჩინეთ რომ მეც და ისიც შეყვარებულები ვიყავით და გაგიკვირდებათ და ერთმანეთზე .

ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ მე მეტი ვიყავი, ვიდრე ის პონები და დათვის ბელები, ცირკში მოსულ ხალხს ჩემსავით რომ აცინებდნენ .ვიგრძენი ,რომ ამდენი ხნის განმავლობაში კი არ მიცხოვრია, მიცოცხლია და ნახევრად  არც მე ვარსებობდი. ალმინიტოს გამოჩენამ თავდაყირა დაგვაყენა მეც და ჩემი ზედაპირზე მცურავი ცხოვრებაც. მე დავიწყე ოცნება, რომელიც ჭეშმარიტებას უახლოვდებოდა თავისი საზღვრებით , ეს იმიტომ რომ უკვე აშკარად ვოცნებობდი თავისუფლებაზე . მალევე მივხვდი , რომ ცირკის არენა და მთელი ეს გარემო ჩემთვის საპყრობილედ იყო ქცეული და ჩემზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული მოვშორდებოდი თუ არა აქაურობას. მე – გარემოების ტყვე. ალმინაც-გარემოების ტყვე. ერთი ორი თვეში კი ვიგრძენი ,რომ გრძნობებით აცეტებული და ა-შეყვარებული აღარ ვიყავი. ახლა უკვე ადამიანურ ფორმებს ვუბრუნდებოდი , არაადამიანური გრძნობებით აღსავსე. მე და ჩემი ალმინა ისევ ისე დავფრინავდით ოცნებების სადარაჯოზე , სადაც ჩვენი გარეგნობა რაღაც უცნაურ სინათლეს დაეჩრდილა . არა ისეც ნუ იფიქრებთ თითქოს ჩვენს ცხოვრებას აღარაფერი აღელვებდა და აღარაფერი უცვლიდა კალაპოტს . პირიქით , ბევრჯერაც ვჩხუბობდით (ძირითადად იმის დასამტკიცებლად მე უფრო მიყვარდა ის , თუ მას მე) , ზედიზედ რამოდენიმე დღე არ ვლაპარაკობდით და იმაზეც კი გვიფიქრია ჩუმჩუმად , ჩვენთვის, რომ იქნებ და მარტოობა სჯობდა ორში ყოფნას. ხშირადაც გავბრაზებულვარ როდესაც ალმინა ტაირასთან და სხვებთან ყოფნას არჩევდა ხოლმე ჩემთან ყოფნას. შემდეგ კი ალმინას სწყინდა როდესაც მე ვჩუმდებოდი და ისეთი ვხდებოდი როგორიც მასთან შეხვედრამდე ვიყავი (ანუ უხასიათო და აღტაცებას მოკლებული) . ის ვერ ხვდებოდა მიზეზს ჩემი ცუდად ყოფნის . სამაგიეროდ მე ვერ ვხვდბოდი ,რატომ უნდოდა სხვებთან ყოფნა, მაშინ როცა მე სხვები არ მჭირდებოდნენ .  ბევრიც განვიცადეთ და ბევრიც განვაცდევინეთ ერთმანეთს.  ”ტყვიებიც” უხვად დავუშინეთ ჩვენს შეყვარებულ გულებს. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივდიოდით ხოლმე , რომ ჩვენ ბედნიერები ვიყავით და ამ ბედნიერებას ყოველდღიურობაში და ერთმანეთში ვხედავდით . რომ ბედნიერების ერთი წამიც კი , თუ ის ნამდვილია, უფრო მეტია ვიდრე უბედურების მთელი საუკუნე ,რომელიც მას უსწრებს . დილით ნაჩხუბრებს საღამოს ის გვასულდგმულებდა რომ ბედნიერება წვრილმანებშია და შესაძლოა , დღეს ჩვენი სხეულები ცალ-ცალკე იძინებდნენ ,მაგრამ ხვალ ისინი ხელთავიდან შეერწყმებოდნენ ერთმანეთს და უკვე მერამდენჯერ განმეორებით იგრძნობდნენ შეყვარების გემოსა და სუნს ასე ძალიან რომ გავდა გაზაფხულის და ალუბლის სურნელს. ჩვენ მივხვდით ყველაზე მნიშვნელოვანს – მუდმივი არაფერია , ბედნიერება კი  რომელიც თავის მხრივ არამუდმივია წვრილმანებშია და ის შენ გელის .