ასანთის ღერები

Posted on April 27, 2010

1



(ეს მოთხრობა ჩემი მეობრის გიორგის დაწერილია. ცოცხალი ტავით თავად არ პოსტავს არსად ხოდა გადავწყვიტე მე დამედო ჩემს ბლოგზე , იმედია მოგეწონებათ , მე ძალიან მომწონს)

როცა დროში გაწელილი საათის ისრები ყოფიერებაში დაუღალავად ებრძოდნენ სიყვარულს,კოჭლი იაკობი კი ღმერთს,ანგელოზები რქიან და ჩლიქებიან ეშმაკებზე სახარებას კითხულობდნენ.დედამიწის მკვიდრნი წვიმაში, ქვაფენილზე დაყრილ ასანთის ღერებს ჰგავდნენ.ზოგიერთის ანთება ჯერ კიდევ შიეძლებოდა. ღმერთი არ მონაწილეობდა უმეტესობის არსებობაში.საკუთარ პანაშვიდზე დასწრება ხომ არც ისე ადვილია.

რებეკა ფეხმძიმობას ასრულებდა,მაშებით გახეული საშოდან აყვავებული ნუში ზამთარს ასამარებდა.სიცოცხლის ვიწრო დერეფანში ახალფეხადგმული სასოება ჰაერს სხეულის სისხლიან ბოლოზე იწმენდდა.ქალმა გახდილი ვნების ნიშნად, კიდევ ერთხელ შეღება მწვანე სარეცელი წითლად, მაგრამ სიმშვიდეს არაფერი დაკლებია. მდუმარებაში ჩაიძირა ქალის სხეული.სამშობიარო ტკივილების განწირული ხმა, გაზაფხულის ყივილმა შეცვალა.

მთვარე კვლავ განაგრძობდა ემოციური გვამებით ძღომას.მკვდრების შუქურა ანათებდა შიშველ დებეკას და  სივრცეში დაკარგულ და გზააბნეულ სულებს თავისკენ ეზიდებოდა.ქალს ფეხები გადაეშალა მთელი სამყაროსთვის. გრძნობაარეული, თითქოს რაღაცას ანიშნებსო.. სამყარომ გაუმხილა მას საიდუმლო და გამჟღავნების შიშით თავისთან წაიყვანა. ვინ იცის რისთვის!?

ქალი წითლად შეიღება. საკუთარ თავს შეხედა და საუკუნო გლოვა გამოაცხადა.ალბათ მას მერე იმოსება მზის ჩასვლა თალხ ფერებში. უცებ, არსაიდან ქარი ამოვარდა.რებეკამ ალბატროსივით გაშალა კარაქისფერი, უგრძესი ფრთები და ზეცისკენ გაემგზავრა. ნალისებრი ფორმა უფრო მეტად მოიმრგვალა მთვარემ ნავახშმევს ისღა დარჩენოდა ალმაცერად და ოდნავი სინაღვლით ეცქირა მასავით გამძღარი მიწისთვის.მთავარე – უსისხლო სულიერებით, მიწა – სისხლში ამოსვრილი, ბებერი ამპარტავნებით.

შავ როიალს თეთრი ზეწარი გადააფარეს.

პროცესია იყო ჩუმი და მდუმარე. დედამიწელები ნაბიჯაუჩქარებლად მისდევდნენ კატაფალკას.მხოლოდ ბავშვის ბღავილი ისმოდა და ალაგ-ალაგ თუ აქვითინდებოდა ვიღაც უცნობი.როცა იგი რებეკას მოიგონებს, სწორედ ისეთი წარმოუდგება თვალწინ, როგორსაც ახლა,თავგადახდილ კუბოში სძინავს ღრმა ძილით. სამყარომ რებეკა იასამნების კაბაში გამოაწყო და სევდიანი მუსიკის მოსმენისას მიღებილი გამომეტყველება მისცა. მარმარილოსფერ სახეზე მომხიბვლელობის სხივი კიაფობდა.

ნელა მიიწევდა წინ კატაფალკა, თითქოს საკუთარ სამარეს თხრიდესო და მოქანცულ სახეებს ნუგეშად იასამნების სუნს უტოვებდა. საფლავში თოკებით ჩაშვებულ კუბოზე მიწის პირველი გორგლების ხმა არ იყო ისეთი შემზარავი, როგორიც უცნობს წარმოედგინა, მას სულს მხოლოდ ბავშვის გაუთავებელი ქვითინი უხუთავდა.საფლავის ქვა უნიჭო მხატვარმა მოხატა.მესაფლავე იშვიათად თუ გადაწმენდდა მტვერს მასზე.რებეკას განსასვენებელს მინდვრის ყვავილების სუნი ასდიოდა,ესეც კმაროდა ეპიტაფიად.

ასე იყო თუ ისე, დროს საათი ქალის კალთაში დაუგორდა და აიმღვრა დროის მდინარება.დრო დაემსგავსა მეძავ ქალს, რომელთანაც გატარებული ღამე დილით ცარიელ საფულეს გიქადის.დენი უფულოდ არა, მაგრამ დედის გარეშე დარჩა.გადიოდა წლები.ბიჭი სულაც არ გრძნობდა თავს სამყაროს შვილად,თუმცა იგი ეშვილებინა იმ უცნობს, რომელსაც ცრემლები დაუგორდა რებეკას სამგლოვიარო პროცესიაზე.ასაკის მატებასთან ერთად უსაზღვრო ფანტაზიის უნარიც განუვითარდა დენს. ოცნების დროს არ ექნებოდა მნიშვნელობა შეეხებოდა თუ არა მიწას, იცხოვრებდა თუ არა ქალაქის პროვინციულ უბანში, გააკეთებდა თუ არა იმავეს რასაც სხვები აკეთებდნენ, იდგებოდა თუ არა ტაძარში, წირვის მოსასმენად ასანთის ღერებს დამსგავსებულ ადამიანებს შორის ახლა უკვე სრულწლოვანი.დენმა არ იცოდა მამის ვინაობა და არც არავის უთქვამს მისთვის, რომ იგი უმამოდ გაჩნდა,აბსტრაქციის ფარგლებგარეშე რეალობაში. საკუთარ წარმომავლობას მისი ქვეცნობიერი ეძებდა სულის სპირალურ ხვეულებში, იასამნების სუნით გაჟღენთილი.დენი სულაც არ ზრუნავდა დედის საფლავზე, მაგრამ ისე ხშირად დადიოდა, რომ ქუჩაში გაზაფხულის სურნელებით ადვილად იცნობდით.ბიჭს სურდა, გაეგო ვინ იყო მამამისი.უნდოდა ერთხელ მაინც შეეხედა მისთვის თვალებში.თუკი ოდნავი მსგავსება მაინც დააკავშირებდა მასთან შეეცდებოდა გაეგო იმ ადამიანების,რომლებიც შვილებს უცნობების ანაბარა ტოვებენ.

დენი იდგა ტაძარში.იდგა მოლოდინით,მაგრამ არ იცოდა რას ელოდა.ტაძარი იყო პატარა,კრამიტით გადახურული და თეთრი აგურით ნაგები, შიგნიდან მოუხატავი. თითქოს მონასტრის კედლები ოსტატის ხელებს ელიანო.კედლებს არ სურდათ გაქვავებული რეალობიდან წანაცვლება.იდგნენ ასე,დენივით, ელოდნენ მოულოდნელობას.სინათლე და ჟანგბადი ორი პატარა სარკმლიდან შემოდიოდა.დენს ეგონა, რომ სალაპარაკოდ მისულს, როცა  ღმერთი შინ არ დაუხვდებოდა ამ სარკმლებიდან ერთ-ერთით ეპარებოდა. შემდეგ საკუთარ გულში ჩაიხედავდა.როგორც ხორცის ატამის გახლეჩისას არ იცი კურკა რომელ მხარეს იქნება, დენმაც არ იცოდა ბოლომდე, არსებობდა თუ არა ღმერთი.

დენი სკოლაში სწავლობდა და მასაც,როგორც ყველას, ჰყავდა დაწყებითების მასწავლებელი.ეს იყო ხანდაზმულობაში არც ისე ღრმად ნაბიჯშედგმული, წელში გამართული ქალი.იგი დიდ სათვალეს ატარებდა და სახე დღემუდამ ფერუმარილით ჰქონდა გათეთრებული.მას როზეტა ერქვა.მადამ როზეტა ყოველთვის კოხტად ჩაცმული დაიარებოდა და თავზე საფირონისფერი, ფარფლებიანი ქუდი ეხურა.მასწავლებელი თავის პრობლემებს იშვიათად გამოამზეურებდა,მაგრამ იგი ხშირად უყვებოდა ბავშვებს თუ როგორ ოცნებობდა ადრეულ ასაკშივე მასწავლებლობაზე და იმ წუთზე როდესაც ამას თავის მოსწავლეებს ეტყოდა, იქნებ რომელიმესთვის მაინც გაეჩინა მასწავლებლობის სურვილი….

მადამ როზეტა თავის ბავშვობაზე დიდი მღელვარებით საუბრობდა,მაგრამ დენს ყოველთვის აეჭვებდა მისი მაშინდელი ენთუზიაზმი სამსახურში სიარულისას,რადგან მოხუცებულობის ასაკში ოცნების რეალობად ქცევას თან არ სდევს ის სიხარული და ლაზათი, რომელიც ბავშვს უჩნდება,როცა მას ორთვლიან ველოსიპედს უყიდიან, ანდა ზაფხულის სეზონზე პირველი ნაყინის დაგემოვნებას რომ ახლავს თან.ოცნებები, ხომ ბავშვობაში იბადება. წლების მერე სურვილების ახდენა კი მხოლოდ ეგოიზმი და თვითკმაყოფილებაა.მოხუცები ბავშვებს ემსგავსებიან, ისინი ყმაწვილობის ასაკიდან იცქირებიან.ამიტომაცა ვხედავთ მათ გამომეტყველებაში ბავშვურ მეამიტობას, გულუბრყვილობას და გაჯიუტებულ იერსახეს.ცხენივით,თოკით დაბმული რომ დასტრიალებს დღე და ღამ პალოს,რომელიც ღრმად არის ჩარჭობილ-ჩაჭედებული მიწაში,მოხუცებიც წრეს ურტყამენ ხეს, რომლის ძირშიც ჩაფლეს ბავშვობის სურვილები. ამოთხრის მერე კი მხოლოდ ლპობაშეპარულ უსარგებლო ნივთებად გადაიქცევიან. როზეტა ასე უვლიდა გარს დენს და მის თანატოლებსაც.ქალმა არ იცოდა და ვერც ვერასდროს გაიგებდა განიავებული,ჰარზე გამოტანილი სურვილების ფასს,რადგან ის ბავშვების თვალებში იფლობდა თავს, თითქოსდა როზეტა მათში იყო.ბიჭს ახლაც არ ესმოდა რას პოულობდა როზეტა ბავშვებში საკუთარი თავის გარდა,მაგრამ ერთი კი იყო,მასწავლებელი მათ ოცნებას ასწავლიდა.

მადამ როზეტამ უთხრა ბავშვებს, რომ შეიძლებოდა გახსნილიყო ცა და თუკი ამას შენიშნავდი და სურვილს ჩაუთქვამდი აუცილებლად აგიხდებოდა.უამბო ერთ გუდამოკედებულ მწყემსზე,რომელმაც ეს შეამჩნია და  მოულოდნელობით დაბნეულს უთქვამს: გუდა გუდაშიო.მას თურმე ძალიან დაუმძიმდა გუდა. სახლში მობრუნებული დენი, როცა კი დასაძინებლად დაწვებოდა ფიქრობდა გახსნილ ცაზე.ის ალბათ ქვიშისფერი იქნებოდა.დენს სურდა ამ მოვლენის ხილვისას მწყემსივით არ დაბნეულიყო…ასე ისწავლა მან ოცნება….

ბიჭი დაიღალა ფეხზე დგომით და მიეყრდნო ძველ და გაზეთილ კედლებს.წირვა კვლავ გრძელდებოდა, ხალხიც კვლავ უსმენდა მღვდლის გამაყრუებელ ღაღადს.ერთმანეთში ირეოდნენ ბროწეულის მარცვლებივით, მაგრამ სიმწიფისაგან და სიყვარულისგან ბროწეულივით არ სკდებოდნენ.

დენმა, ღვთიურ ფიქრებს აყოლილმა მაღლა აიხედა და ერთ-ერთი სარკმლიდან ცას გახედა.ის არ იყო ქვიშისფერი და ალბათ არც არასდროს იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ ღმერთმა იცის … მან გახსნილი ცა ვერ დაინახა და ვერ შეხედა მამამის თვალებში,თუმცა სახეში შხედა ცხოვრებას,რომ გაეგო როგორი იყო ის.დენმა შეიყვარა ის,ისეთი როგორსაც ხედავდა.ბიჭი მიხვდა, ოცნებები იმ მცოცავ მუხლუხოს ჰგავს, ერთ მშვენიერ,მზიან დღეს ფრთებს რომ გამოისხამს რებეკასავით და შეუერთდება გახევებულ ფენებს ჰაერისას,თუმცა დროებით.მიხვდა, რომ რეალობით და ილუზიებით გაბედნიერებულ ადამიანებს შორის დიდი განსხვავებაა და ეს სხვაობა იქ გადის,სადაც მსგავსებას აღმოაჩენ შენსა და ცხოვრებას შორის.ბევრი რამ გამოაშკარავდა, ბიჭისთვის ნათელი გახდა, რომ ვიღაც ყოველთვის უნდა მომკვდარიყო,უფრო მეტი ღირებულება რომ მინიჭებოდა ამ, საკუთარი სვე-ბედით დაჩაგრულ ყოფიერებას.

დენი დაიბადა იმიტომ, რომ საკუთარი არსებობა გაემართლებინა, თუნდაც ამას სხვებისთვის მუდმივად აზელილი ღამის მუდმივი ცქერა მოჰყოლოდა.ვინ იცის, დაბრუნდებოდა დენი სახლში და წლების მერე კაცობრიობისათვის რაიმე ფასეული შეექმნდა, და იქნებოდა კი ეს საკუთარი არსებობის გამოსარჩლება!? ვინ იცის!? ვინ იცის!?

Posted in: Uncategorized