ტკბილი ილუზია სახელად “თავისუფლება”

Posted on May 9, 2010

17



რა არის ადამიანის ცხოვრება თუ არა  უსუსური მცდელობების მთელი ჯაჭვი ? მცდელობათა ამ უწესრიგო ერთობლიობაში კი ყველაზე მეტად საკუთარი  ცხოვრების მართვის სურვილია ამაოზე ამაო და უსუსურზე უსუსური. თითქმის არასდროს არავინ გეკითხება რა გინდა? ყველაფერი შენგან დამოუკიდებლად ხდება .

ალბათ გგონიათ ეს წყალწაღბული პესიმისტის სიტყვებია ან გარდატეხის ასაკში მყოფი სუსტი ახალგაზრდისა, რომელსაც ვერ გაუძლია ცხოვრების სირთულეებისათვის და გადაუწყვეტია ესე უმოწყალოდ ეწუწუნა ფურცლებთან. იქნებთ ისიც იფიქროთ პირველად ნახაო ამის დამწერმა არსებობის რეალური , მტკივნეული სურათები და აგონიაში ჩავარდა უიმედობით. მომკალით და ვერ დაგეთანხმებით.  მაგრამ დარწმუნებული ვარ არ მომკლავთ , რადგან რაღაც საერთო აუცილებლად აღმოგვაჩნდება ჩვენ ორს, მე და შენ.

მოვყვეთ სულ თავიდან : შენ , მომავალი ადამიანი იღებ ჩანასახის ფორმას დედის საშოში და ამას არავინ გეკითხება . თვეების განმავლობაში დაჰყავხარ  მომავალ დედას მუცლით და ასევე  არავინ გეკითხება გინდა თუ არა იქ წასვლა სადაც შენს მშობელს სურს. და ტკივილის, სისხლის და ცრემლის შემდეგ შენ იბადები. რაღა თქმა უნდა , არც ამას შეგკითხვია ვინმე. შენ სულ ახლახანს მოევლინე სამყაროს და უკვე გარემოების ტყვე ხარ. დაბადებიდან კი იწყება უფრო და უფრო მეტად შენი შებოჭვა. ჯერ აკვანში გადაგკოჭავენ არ გაძლევენ მოძრაობის ნებას, როცა უნდათ მაშინ გაჭმევენ და როცა უნდათ მაშინ გასმევენ , თან რასაც უნდათ იმას. გაცმევენ ისე როგორც თავად სურთ, აქაოდა პატარა ხარო , შენი აზრები არავის აინტერესებს.

გადის დრო და შენ იზრდები, სხვებისთვის ისევ პატარა რჩები. გგონია რომ აღწევ დამოუკიდებლობას, სინამდვილეში კი პირიქით უფრო და უფრო ხდები დამოკიდებული. უბრალოდ შენთვის აღარ სცალიათ , ამით გექმნება ილუზია რომ თავისუფალი ხარ , სინამდვილეში კი  ახალ-ახალ ფაქტორებზე ხდები დამოკიდებული. ისევ არავინ გეკითხება არაფერს. იბრძვი, ოფლს და სისხლს ღვრი რომ იყო თავისუფალი, სწავლობ, მუშაობ , იძენ ახალს და ივიწყებ ძველს ,მაგრამ მაინც… არავის აინტერესებს შენი არსებობის ყველაზე ტკბილი ნაწილი, თავისუფლება რომ ქვია. შენ ისევ იბრძვი და ისევ უშედეგოა ეს ყველაფერი. შენში პროტესტის გრძნობა დუღს და თითქოს ნაპრალსაც პოულობს გამოსასვლელად, მაგრამ ესეც ილუზიაა და შესაბამისად დროებითი. მშობლებს მეგობრები და ნაცნობები ანაცვლებენ. ისევ გიჭერენ ყელში თოკს. არც ახლოს გიშვებენ და არც შორს. საკუთარ ცხოვრებაზე გაბოროტებულები ცდილობენ შენი ცხოვრებით ინუგეშონ თავი და ექსპერიმენტები შენზე ატარონ. (თითქოს მეორედაც დაიბადებიან) . ამ დროს კი თავს იტყუებ ახალ-ახალი გასართობებით . გგონია რომ ვიღაცას ჯობიხარ, აჯერებ საკუთარ თავს რომ ერთხელაც ნახავ ყველას შენს ფერხთით გაგებულს. ამასობაში კი თავად ხდები სხვისი ცხოვრების გუშაგი, თავად ატუსაღებ სხვის თავისუფლებას , და ამით საკუთარი თავისთვსაც გამოგაქვს განაჩენი. დამოკიდებულება ხდება ორმხრივი, თავდაპირველად ეს შვებაა შენთვის, შემდეგ გბეზრდება და მალევე აღმოაჩენ რომ საკუთარი თავისუფლება დაატყვევე სხვისის შეურაცხყოფის გამო , აანალიზებ რომ ყელამდე ნეხვში ხარ და აღარც ძალა გაქვს . შენს გარშემო ათასობით ადამიანია, აქედან რამოდენიმე ასეული პატივს გცემს შორიდან , რამოდენიმე ათეული ცდილობს დაგარწმუნობს რომ უყვარხარ, ერთეულები ცდილობენ დაგაჯერონ რომ შენ სხვებზე მეტი ხარ მატტვის (მაგრამ იგივეს უმეორებენ ამ სხვებს) და ერთი ადამიანი იმასაც კი გეუბნება რომ ყველაზე მეტად უყვარხარ ამ ქვეყნად და რომ …. (მთელი სასიყვარულო პათეტიკა) . ესეც ისეთივე თვალში ნაცრის შეყრა და დროებითი ილუზიებია როგორც მთლიანად შენი არსებობა.

ასაკი გემატება და მარწუხებს ავიწროვებენ. ამჯერად სცენას იკავებენ – ცოლი (ან ქმარი) , მარადიული ტანჯვისათვის განწირული შვილები და ცოტა მოგვიანებით შვილიშვილებიც. გრძნობ როგორ გჭამენ გვერდებს ნელ-ნელა და ამავე დროს როგორი დიდი სიამოვნებით მიირთმევ შენც სხვის სულსა და ხორცს.  სივრცე ვიწროვდება , გოგირდის სუნი აგდის ხელებზე და ყარს ყველაფერი. ყარხარ შენც , იმიტომ რომ დაბერდი და სულ ცუდი სუნი გაქვს პირში. ახალი  მეციხოვნენი – წამლები. შენი არ არსებული თავისუფლება საბოლოოდ  არარსებულდება. მალე წამლებიც აღარ გშველის და ისევე წარმატებით კვდები როგორი წარმატებითაც არწმუნებდი საკუთარ თავს, რომ შენ თავისუფლებას მიაღწევდი. მოკლედ კვდები და არც ამას გეკითხება არავინ , რადგან შენ                                                                                                                                              თ   ა    ვ    ი    ს    უ    ფ    ა   ლ   ი            ა    რ   ა   ს    დ   რ   ო   ს            ხ     ა  რ   !!!!!!!!!!!!!

Tagged: