დაცლილი მეორედის ჰანამი

Posted on June 20, 2010

9



(ვისაც წკითხული არ აქვს ჯერ “დაცლილი მეოთხედის ჰანამი” წაიკითხეთ თორემ აქ ვერაფერს გაიგებთ)


მას შემდეგ , რაც  ერთის წერილი ორისთვის დავწერე დიდი ხანი გავიდა.

არა ,  არც ისე დიდი …

ჰანამი დამთავრდა და მე პირობა ვერ შევასრულე . ისევ და ისევ იმის გამო რომ „პესიმიზმი- აზრგამოცლილია, სუიციდი- დანაშაული შენს წინაშე, უღმერთობა კი რეალობა.“

საკურას ყვავილები დრომ დააბერა, როგორც წესი  ყოველწელს ასე ხდება ხოლმე , მაგრამ ამჯერად ალუბლები რატომღაც უფრო მეტად დაემსგავსნენ სიკვდილის ანგელოზებს …

უამრავი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში , თუმცა  ჩემი არსებობა იგივედ დარჩა.

მე ისევ ტოკიოს გარეუბანში ვცხოვრობ და ისევ სიმარტოვეს სძინავს  ჩემს გვერდით საწოლში . იყო დრო როდესაც ეს ადგილი სხვას ეკავა.

და დღეს ისევ  აყვავდნენ ალუბლის ყვავილები. ხალხი ისევ ემზადება ჰანამიზე წასასვლელად . მე კი კვლავინდებურად ვწერ ჩემზე და სხვაზე. კიდევ ერთხელ ვწერ წერილს ორისთვის:

„არ გკითხავ როგორ ხარ , ეგ უკვე მე აღარ მეხება.

ისევ ჰანამია ტოკიოში, ჩემი სიტყვები ისევ ფურცელზე ცეკვავენ ფლამენგოს (მახსოვს – ცეკვა შენი სტიქია არაა ) და ისევ მარტო ვარ. ოღონდ …

მართლა ბევრი რამ. შეიცვალა მე მარტოობა დავაფასე და შევიყვარე. შენს მაგივრად ეხლა მარტოობა მიყვარს . მწარეა მაგრამ რეალობაა .

მას შემდეგ , რაც შენს გამო თავი მეოთხედად ვიგრძენი  და თან დაცლილად ,იმდენი რამე მოხდა , რომ მეშინია მთელი ცხოვრება არ მეყოფა ყველაფრის მოსაყოლად.

შენც წახვედი ,  საკუთარ ოთახში ჩაიკეტე და იქიდან ცდილობდი მეგრძნო , როგორ გტკიოდა უჩემობა. თუმცა სულაც ვერ ვგრძნობდი. სახალხოდ გამომჟღავნებული დარდი სიყვარულის გამო სულაც არ მჭირდებოდა. ახლა კი საერთოდ სიყვარული(ც ) აღარ მჭირდება . მინდოდა გვყვარებოდა ერთმანეთი , მაგრამ მხოლოდ ერთმანეთისთვის. გვეტირა ერთად როცა აგვეტირებოდა და გვეცინა ერთად , როცა გაგვეცინებოდა. თუმცა შენ დაჟინებით მოითხოვდი , რომ მე არასდრსოს მომეწყინა და სულ კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი.  ერთხელ შენც ატირდი და მითხარი :

„ეს რა უაზრობა გთხოვე, სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნები ადამიანი , მე კი იდიოტივით მოვითხოვდი შენგან იმას , რასაც თავადაც  ვერ ვახერხებო“

სულ მაგონდებოდა ჩემი მეგობრის სიტყვები „ყოველგვარი პირობა ხელოვნურია, ხელოვნური კი ყველაფერი ყარსო“ .

მინდოდა შენც შეგშინებოდა ჩემი შიშების და მეც მელაპარაკა შენს ღმერთთან. შენ კი დაჟინებით დუმდი.

თითქმის დავიზეპირე „წინასწარმეტყველი“ , თუმცა სულ სხვანაირად გვესმოდა ფრაზა „ ერთმანეთის სასმისები ერთურთს შეუვსეთ , მაგრამ ერთმანეთის სასმისიდან არ დალიოთ“ . შენ არც კი დაგაინტერესა იქ რა ეწერა. ეგ სულაც არ მწყენია, თურმე უნდა მწყენოდა.

ვიყავი შენს გვერდით და ცოტა მოშორებითაც. მტკიოდა მაშინაც და მტკივა ეხლაც.

მე უხეში ვარ, ზედმეტად უხეში შენთვის, შენ კი ნაზი ხარ ზედმეტად ნაზი , ჩემთვის. მე საუკეთესოდ მესმის შენი , ისევე როგორც შენ ჩემი. თუმცა ეგ სულაც არ კმარა იმისთვის,რომ თითქმის ყოველდღე მოვისმინო სიტყვები „მე შენს გამო ვარ  ცუდად, შენ უხეში ხარ,შენ ბევრი რამე არ გესმის ჩემი“.

ამ სიტყვებს ხომ ნებისმიერი მეტყოდა და მაგისთვის სიყვარული სულაც არ იყო საჭირო.

ხშირად გტკენია ჩემგან გული და ამას ყოველთვის მაგრძნობინებდი, თუმცა არაფერს მეუბნებოდი, უბრალოდ ჩუმდებოდი. საუკეთესოდ იცი , რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სიჩუმეს და გაურკვევლობას ვერ ვიტან. შენ შენსას აგრძელებდი, მე ჩემსას. და ეს ისევ ასე მოხდება.

თუ მე ვიტყვი უარს ჩემს აზრებზე და სურვილებზე, შენ კი შენსაზე მაშინ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენ, მე კი მინდოდა ისე გვყვარებოდა ერთმანეთი როგორც უნდა გვყვარებოდა.

შენ გეშინოდა რომ მე შენი შეცვლა მინდოდა , მე კიდევ შენი დაკარგის მეშინოდა და ამიტომ გთხოვდი  უბრალო , ადამიანურ პრინციპებზე გეთქვა უარო, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ დროებით, მანამ სანამ რამე შეიცვლებოდა.

შენ საკუთარი თავი ჩემზე მეტად გიყვარდა და გააკეთე ის ერთადერთი , რისი არ გაკეთებაც გულით გთხოვე . მერე ამას უცნაურობებით ამართლებდი , საკუთარ თავს ამცირებდი, თითქოს ამით რამე შეიცვლებოდა.

მე ბრალს არაფერში გდებ გარდა ერთისა: სულ მუდმივად ყველაფერში დამნაშავე მე ნუ გგონივარ. და თუ მაინც ასე ფიქრობ მაშინ ვეღარ ვხვდები რატომ მელოდებოდი რომ მე პირველს მეთქვა თითქოს და წასასვლელი ვიყავი. ალბათ , ესეც იმიტომ ,რომ დამნაშავედ მეგრძნო თავი დროის გასვლის შემდეგ.

მაშ გიხაროდეს : მე თვს დამნაშავედ ვგრძნობ , მაგრამ არა ძველებურად. რატომ ? იმიტომ რომ ბევრი რამე ვსწავლე შენგან , მთავარი კი ის რომ უნდა ,მოვქცე ისე როგორც მე მინდა. შენც ხომ სულ მაგას აკეთებდი.

შენით ტანჯვა აღარ გაგრძელდება და აღარც შენი ტანჯვა. შენ   იპოვი მას ვინც არ იქნება უხეში, არ ენდომება „შენი შეცვლა“ და ვინც არ შეგზღუდავს.

მაინც ვერ ვხვდები რაში გზღუდავდი ?

ალბათ ეცდები რამე შეცვალო ან თავად შეიცვალო , მაგრამ არა მგონია ეგ საუკეთესო გამოსავალი იყოს. შენც იცი რატომაც.

მე მქონდა ყველაფერიც და არაფერიც. თუმცა ყველაფერი არაფერი აღმოჩნდა.

მე მარტო ვარ და მარტო ვიქნები , ოღონდ დამიჯერე ამის გამო  თავს უბედურად არ ვიგრძნობ , პირიქით მშვენიერია მარტოობა . არ მჭირდება სიყვარული, რადგან მას არავისთვის მოუტანია  სიკეთე და მე რომელი ზრაპრის გმირი მნახე რომ მომიტანოს.

სიყვარულით ტკბობა   წამებია, ტკივილი კი საუკუნე.

ცდილობ დაივიწყო საუკუნეები მაგრამ მათ ნაცვლად წამები ქრებიან .

ეხლაც მახსოვს ალუბლის სურნელი შენს ქალურ თმებში და ნაძვის ქვეშ მოპარული კოცნა , მაგრამ ეს მხოლოდ შენი ტუჩების გემოს მქონე წარსულია, რომელსაც ვეღარაფერი გამოააწმყოებს.მე ვნანობ ბევრ რამეს ცხოვრებაში, მაგრამ არა შენს სიყვარულს.

მე მარტო ვარ და მარტო ვიქნები. დამიჯერე, ეს ისეთი ტკბილია , რომ არც ერთი შეგრძნება არ შეედრება მისით ტკბობას. დაე ვისაც სიყვარულით ბედნიერებისა სჯერა , სჯეროდეს. ვისაც მარტოობა უყვარს მას კი წინ ნუ გადაეღობებით, ეს მხოლოდ ცუდ შედეგს მოიტანს.

წინა წერილისგან განსხვავებით  ვერ ვიქნები რომანტიკული, ფილოსოფიური, იდუმალი და სიმბოლოებით სავსე. მე თითქმის ყოველდღე ვგრძნობდი  საყვედურს შენს თვალებში , სიტყვებში, ხელის ყოველ შეხებაზე , მაგრამ არ მიკითხავს : „თუკი ჩემი წასვლა არ გინდოდა , რატომ დამრთე ნება წავსულიყავი ? რატომ ერთხელაც არ შემაჩერე ?“ აი ეს ოხერი ზედმეტი სიამაყე და თავმოყვარეობა. მეც მქონდა თავმოყვარეობა ოღონდ არა შენთან  .

აღარ დაგტანჯავ ჩემი ნაწერის კითხვით. ერთსღა ვიტყვი : ფეხებზე მკიდია რა ხდება დღეს, ან რა მოხდება ხვალ. ხვალემ ხვალეზე იდარდოს მე კი ჩემს თავზე ვიფიქრებ.

დღეიდან მე დაცლილი ვარ , ოღონდ არა მეოთხედი, არამედ მეორედი. დღეს მართლა წავალ ჰანამიზე ენოში, ჩამოვჯდები მწვანე მოლზე და დავტკბები ალუბლის ფურცლების თოვლის ყურებით. მე დავტკბები მარტოობით და ნუ გეგონება რომ აქ დაწერილი რომელიმე  სიტყვა ყალბია. ეხლა მაინც ნუ შეგეპარება ეჭვი ჩემს ნათქვამში. არავინ მაძალებს რამე მოგწერო, შესაბამისად სიმართლის თქმა ,რომ არ მინდოდეს არც მოგწერდი.

რაც მთავარია იმას აღარასდროს გეტყვი , ამის აღარც უფლება და აღარც სურვილი  მაქვს…. თუმცა გრძნობა  კი თავისას შვრება.

კიდევ კარგი ავერნას ტბა იტალიაშია და არა იაპონიაში.

მე მახსენდება როგორ დაიწყო ყველაფერი წყალქვეშა ნავში“.