საუკეთესო საქმე ამქვეყნად

Posted on July 1, 2010

5



ჯერ კიდევ რაღაც ორმოცდაათი წლის წინ ჟურნალისტიკის სკოლები საერთოდ არ არსებობდა. ამ ხელობას პირდაპირ სარეპორტიოროში, ტიპოგრაფიაში, უახლოეს კაფესა და პარასკევ ღამეების “ფხიზლობებისას” ვეუფლებოდით. გაზეთი იყო ფაბრიკა, სადაც ჟურნალისტებიც “ცხვებოდნენ” და მიუკიბ-მოუკიბავი ახალი ამბებიც. ჟურნალისტები ყოველთვის მხარში ვედექით ერთმანეთს, საერთო ცხოვრებით ვცხოვრობდით და ისე ვიყავით შეპყრობილნი საკუთარი სამუშაოთი, რომ სხვაზე არაფერზე ვსაუბრობდით. საქმე მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს ადუღაბებდა და პირადი, განცალკევებული ცხოვრებისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩებოდა. აუცილებელ სარედაქციო თათბირებს არავინ ატარებდა, მაგრამ ყოველ დღე, ხუთ საათზე, დღის მარათონის შემდეგ სულის მოსაბრუნებლად ყველა თანამშრომელი საახალამბებო განყოფილებაში ყავის სასმელად იკრიბებოდა. უბრალოდ, ვსაუბრობდით, გაზეთის თითოეული განყოფილების ცხელ-ცხელ ამბებზე ვბჭობდით და უკანასკნელი შტრიხები შეგვქონდა მომდევნო დღის გამოცემის მასალებში.
იმ დროს გაზეთი სამ დიდ განყოფილებად იყოფოდა: ახალი ამბების, სენსაციისა (“საკვანძო მასალებისა”) და სარედაქციო წერილებისა. ყველაზე პრესტიჟული და “დახურული” – სარედაქციო განყოფილება იყო; რეპორტიორი ამ პირამიდის ბოლოს, სადღაც სტაჟიორსა და ხელის ბიჭს შუა იმყოფებოდა. დრომ და თავად სამუშაომ აჩვენა, რომ ჟურნალისტიკის ნერვული ცენტრი სხვაგვარადაა განლაგებული. 19 წლისამ კარიერა ანონიმი ლიტთანამშრომლით დავიწყე სარედაქციო განყოფილებაში და ნელ-ნელა, დიდი წვალებით მივცოცავდი სამსახურებრივ კიბეზე, სანამ ბოლო საფეხურს, დამწყები რეპორტიორისას, არ მივაღწიე.
შემდგომ ჟურნალისტიკის სკოლები გაჩნდა და ტექნოლოგიის შემოტევებიც დაიწყო. ამ სკოლების კურსდამთავრებულებმა ცუდად იცოდნენ გრამატიკა და სინტაქსი, ძლივ-ძლივობით ერკვეოდნენ მცირედი სირთულის ცნებებშიც კი და სახიფათო დოზით არ ესმოდათ საკუთარი პროფესიის არსი: სენსაცია ნებისმიერ ფასად სწონიდა ყველა ზნეობრივ თვალსაზრისს.
ეტყობა, თავად პროფესია ისე სწრაფად არ ვითარდებოდა, როგორც მისი სამუშაო ინსტრუმენტები. ჟურნალისტები დაიკარგნენ ტექნოლოგიის ლაბირინთებში, რომელიც მათ გიჟური აჩქარებითა და სრული უკონტროლობით მომავლისკენ უბიძგებდა. სხვაგვარად, საგაზეთო საქმე ჩათრეულ იქნა ტექნიკური მოდერნიზაციისათვის სასტიკ შეჯიბრში და შეწყვიტა თავისი ქვეითების (რეპორტიორების) გამოწაფვა, დაივიწყა ერთობლივი შრომის ის მექანიზმები, რომლებიც პროფესიას ასაზრდოებდა. ახალი ამბების განყოფილებები იქცა სტერილურ ლაბორატორიებად, რომლებშიც მარტოხელა მგლები მუშაობენ; საიდანაც გეჩვენება, რომ არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარება უფრო იოლია, ვიდრე მკითხველის სულამდე მისვლა. დეჰუმანიზაცია ოთხით მიქრის.
ტელეტაიპისა და ტელექსის გამოგონებამდე მავანი თვითმგვემი რადიოს უსმენდა, რათა ლამის კოსმიური ღრჭიალისა და სტვენის დომხალში მთელი მსოფლიოდან სიახლეები დაეჭირა. კარგად ინფორმირებულ კორესპონდენტს ფრაგმენტების შეკოწიწება, ფონისა და შესაბამისი დეტალების გამოკვეთა, ერთი სიტყვით, ცალი მალიდან დინოზავრის ჩონჩხის აღდგენა უხდებოდა. ამასთან, ავტორობის მითითება აკრძალული ჰქონდა – ეს მთავარი რედაქტორის წმინდათაწმინდა პრეროგატივა გახლდათ. ასე სულაც რომ არ ყოფილიყო, ითვლებოდა, რომ მეთაური წერილი და სარედაქციო სვეტები რედაქტორის მიერ იწერებოდა; თანაც სავსებით გაურკვეველი და უთავბოლო ენით, რომელსაც, როგორც ისტორია მოწმობს, ღვთისნიერ სახეს სწორედ ამ განსაკუთრებული მიზნით შტატში აყვანილი რედაქტორის პირადი მემანქანე აძლევდა.
დღეს ფაქტი და თვალსაზრისი ერთმანეთს გადაეჯაჭვა: ახალ ამბებში კომენტარებია ჩართული, ხოლო სარედაქციო მასალები ფაქტებითაა გატენილი. ამით საბოლოო პროდუქტი არ უმჯობესდება და არასდროს ჟურნალისტის პროფესია ამდენი ხიფათის შემცველი არ ყოფილა. უნებლიე თუ განგებ დაშვებული შეცდომები, ავადგანზრახული მანიპულაციები თუ გესლიანი დამახინჯებანი ახალ ამბავს სერიოზულ იარაღად აქცევს. ანონიმად დარჩენის მსურველ “ინფორმირებულ წყაროებსა” და “სახელისუფლო ჩინოვნიკებზე”, ანდა ყოვლისმცოდნე, მაგრამ მათ შესახებ არავინ რომ უწყის, იმ ჯურის დამკვირვებლებზე დაყრდნობით წარმოდგენილი დამოწმებანი ყველა დარღვევას ჩქმალავს და მათ დაუსჯელებს ტოვებს. დამნაშავე ჟურნალისტი ჯიუტად იცავს საკუთარ უფლებას, არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო, ისე რომ, კითხვა არც კი ებადება, ასე თავად ხომ არ იქცა თვინიერ იარაღად წყაროს ხელში, რომელიც მისი მეშვეობით სარფიან ინფორმაციას ავრცელებს. მე თუ მკითხავთ, ზუსტადაც ცუდი ჟურნალისტები უფრთხილდებიან თვალის ჩინივით თავიანთ წყაროებს, განსაკუთრებით, თუკი წყაროები ოფიციალურია. ისინი მათ მითოლოგიზებას ახდენენ, იცავენ, ელოლიავებიან და, საბოლოო ჯამში, მათ მიმართ სახიფათოდ სოლიდარულნი აღმოჩნდებიან ხოლმე. ეს კი აიძულებთ, სხვა წყაროებზე თქვან უარი.
მზად ვარ გავრისკო და თქვენ წინაშე სასაცილოდ წარმოვჩნდე, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ დრამას კიდევ ერთი დამნაშავე ჰყავს – მაგნიტოფონი. მის გამოგონებამდე ჟურნალისტური საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობდა სამი იარაღის: ბლოკნოტის, “ბრიყვისგან თავდასაცავი” ეთიკური პრინციპებისა და წყაროს მონაყოლის სასმენად, წყვილი ყურის მეშვეობით. მაგნიტოფონისთვის ჟურნალისტიკისა და ეთიკის სახელმძღვანელო ჯერ არ გამოუგონებიათ. ვინმემ უნდა აუხსნას ახალბედა რეპორტიორებს, რომ მაგნიტოფონი მეხსიერების შემცვლელი კი არა, უბრალოდ, ისევ ის კეთილი ნაცნობი ბლოკნოტია, ოღონდ გაუმჯობესებული და მოხერხებული.
მაგნიტოფონი მექანიკური თუთიყუშივით ისმენს და იმეორებს, მაგრამ ვერ აზროვნებს; ის საიმედოა, მაგრამ გული არა აქვს; და ბოლოს, მის მიერ ზედმიწევნითი სიზუსტით აღქმულს ისე ვერ დაეყრდნობი, როგორც ცოცხალი ჟურნალისტისას, რომელიც თანამოსაუბრეს ყურადღებით უსმენს და იმავდროულად, აფასებს მის ნათქვამს, ამოწმებს საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით.
სწორედ მაგნიტოფონს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა სადღეისოდ ინტერვიუსადმი დაუმსახურებლად დიდი პატივისგების გამო. სავსებით გასაგებია, რომ თავად რადიოსა და ტელევიზიის თავისებურება ანიჭებს ინტერვიუს მათი მთავარი საყრდენის როლს. დღეს მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებებიც იზიარებენ საერთო ცდომილებას და თვლიან, – თითქოს ჭეშმარიტების ხმა ჟურნალისტს კი არა, მის თანამოსაუბრეს ეკუთვნის. შეიძლება ღირდეს, კვლავ დავუბრუნდეთ მოკრძალებულ ბლოკნოტს, რომელშიც ჟურნალისტი თანამოუბრის ყურისგდებისას გააზრებულ ჩანაწერებს აკეთებს, ხოლო მაგნიტოფონს ფასდაუდებელი მოწმის შესატყვისი როლი ვარგუნოთ. ძლიერ ვისურვებდი მეფიქრა, რომ მორალის დარღვევა და სხვა პრობლემები, რომლებიც ამჟამინდელი ჟურნალისტიკის ღირსებას აკნინებს და ხელს უშლის მის მართებულ მუშაობას, ყოველთვის პირადი უზნეობის შედეგი კი არ ყოფილიყო, არამედ ჩვეულებრივი არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე ხანგამოშვებითი ცდომილება.
ჟურნალისტური სკოლების უბედურება, ალბათ, ისაა, რომ ზოგიერთი სასარგებლო პროფესიული ჩვევის გათავისებისას, არასაკმარისად უხსნიან შეგირდებს ხელობის არსს. ჟურნალისტურ სკოლებში ყოველგვარი სწავლება სამ ძირითად პრინციპს უნდა ემყარებოდეს. პირველი და მთავარი: უნარები და ნიჭი – აუცილებელი პირობაა; მეორე: გაცნობიერება იმისა, რომ “ჟურნალისტური გამოძიება” სულაც არაა გამორჩეული ჟანრი, ნებისმიერი ჟურნალისტიკა განსაზღვრებით გამოძიებას წარმოადგენს და მესამე: ეთიკა უბრალოდ დაოსტატების მეორეხარისხოვანი პირობა როდია, არამედ მისი განუყოფელი ნაწილი. ეთიკა და პროფესია – ისევე განუცალკევებელია, როგორც ბზუილი და ბუზი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველი ჟურნალისტური სკოლის საბოლოო მიზანი ძირითადი პროფესიული ჩვევების დაუფლებისკენ მიბრუნებაში უნდა გაცხადდეს; ისევე, როგორც ჟურნალისტიკისათვის საზოგადოების მსახურების თავდაპირველი ფუნქციის აღდგენაში; აღორძინებაში იმ ცხარე არაფორმალური სემინარებისა, რომელთაც ყოველ დღე, დათქმულ დროს, ჭიქა ყავაზე ვატარებდით წარსული დროების გაზეთების რედაქციებში.

გაბრიელ გარსია მარკესი

Tagged: