ცნობილი ჟურნალისტები

Posted on July 3, 2010

3



არ მინდა რომ ჩემს ბლოგს პირადი დღიურის ფუნქცია ჰქონდეს, ამიტომაც ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ ინფორმაციულ ტექსტებსაც დავდებ . ამჯერად გადავწყვიტე დროდადრო შემოგთავაზოთ ცნობილი ჟურნალისტების მოკლე ბიოგრაფიები. ვფიქრობ , რომ ასეთი პოსტები საინტერესო იქნება არა მხოლოდ მომავალი ჟურნალისტებისათვის , არამედ ზოგადად ყველა ადამიანისთვის. დავიწყოთ ამერიკიდან:

ელაია  პარიშ ლოვეჯოი

1802-1837

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, და გამომცემელი. აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლების გატარებულ სოციალურ რეფორმებს. საკუთარი გაზეთის „Observer.“ -ის ფურცლებიდან უპირისპირდებოდა ბაპტისტებს, კათოლიკეებსა და მონობის ყველა  მომხრეს. მიუხედავად გახშირებული თავდასხმებისა მის პერიოდულ ორგანოსა და თავად ელაიაზე, ჟურნალისტი „წერდა , ლაპარაკობდა და აქვეყნებდა მხოლოდ იმას რაც მის შეხედულებებს ეთანხმებოდა“. თავდაპირველად მოღვაწეობდა სანტ-ლუისში , თუმცა მას შემდეგ რაც 1836 წელს ქალაქის მოედანზე ჩამოაღრჩვეს ზანგი , ფრანკ მაკინტოში , ელაია კი ღიად დაუპირისპირდა თითქმის მთელ ქალაქს , ის იძულებული იყო გადასულიყო ალტონში ,(ილინოისი). აქ მან დააარსა აბოლიციონისტური* გაზეთი “Alton Observer”. ადგილობრივმა, მონობის მომხრეებმა მისი გამომცემლობა სამჯერ დაარბიეს , სტამბიდან გამოიტანეს საბეჭდი დაზგები და მდინარეში გადაყარეს , თუმცა „ოჰაიოს მონობის საწინააღმდეგო საზოგადოებამ“ მას რამოდენიმეჯერ გადასცა საჭირო აღჭურვილობა , რათა გაეგრძელებინა წერა.  1837 წლის ოქტომბერში ალტონის ინტელიგენციამ  სთხოვა ელაიას დაეტოვებინა ქალაქი , თუმცა ამაზე  მან უარი განაცხადა , მიიჩნევდა , რომ მასაც ისეთივე უფლება ჰქონდა იქ ცოვრებისა როგორც ყველა დანარჩენს. 1937 წლის 7 ნოემბერს მონობის მომხრეებმა მიიტანეს იერიში საწყობზე , სადაც ინახებოდა ლოვეჯოის დაბეჭდილი გაზეთები. ბრბოს შესაჩერებლად ელაია და მისი თანაშემწე როიალ ველერი გამოვიდნენ , თუმცა მათ მცდელობას შედეგი არ გამოუღია. მათი საწყობი დაარბიეს , თავად ელაია კი მოკლეს .

შეტევა“Alton Observer”-ის საწყობზე

შეტევა “Alton Observer”-ს საწყობზე

გენდერული ბალანსისათვის🙂 ასევე შემოგთავაზებთ ცნობილი ფემინისტი ჟურნალისტის მარგარეტ ფულერის მოკლე ბიოგრაფიასაც :

სარა-მარგარეტ ფულერ ოსოლლი

1810-1850

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და ქალთა უფლებების დამცველი. იყო პირველი ქალი კორესპონდენტი ომისა და საზღვარგარეთის საკითხებში. მისი წიგნი „ქალი მე-19 საუკუნეში“ კი მიიჩნევა პირველ სერიოზულ ფემინისტურ ნამუშევრად.

ბავშვობა მან მასაჩუსეტში, კემბრიჯპორტში გაატარა ოჯახთან ერთად. მიიღო საკმაოდ კარგი განათლება , ჯერ გროტონის გოგონათა სკოლაში , შემდგომ 20 წლამდე კი მას პირადად ასწავლიდა ელაიზა ფარერი , ცნობილი პროფესორის ჯონ ფარერის ცოლი და ეტიკეტთან დაკავშირებული წიგნების ავტორი. 30 წლის ასაკში მარგარეტი უკვე ითვლებოდა ყველაზე განათლებულ ადამიანად მის გარემოში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებაში, 1834 წელს კი დაიწყო წერა „North American Review”-სათვის, თუმცა სხვადასხვა პრობლემის გამო მოუწია დროებით შეეწყვიტა სამწერლო კარიერაზე ფიქრი.

1839 წელს რალფ ვალდო ემერსონისაგან მარგარეტ ფულერმა მიიღო მოწვევა გამხდარიყო ტრანსცენდენტალისტური** ჟურნალის “Te Dail” -ის რედაქტორი. 1840 წლიდან ის შეუდგა უკვე საგამომცემლო საქმიანობას. იგი აქტიურად ჩაერთო ტრანსცენდენტალურ მოძრაობაში , თუმცა არასდროს გამხდარა ამ საზოგადოების ოფიციალური წევრი. მან გაზეთი 1844 წელს დატოვა ჯანმრთელობის გამო (თუმცა გსათვალისწინებელია ისიც რომ მას იმედები გაუცრუვდა , სამუშაოსთან დაკავშირებით). იმავე წლის შემოდგომაზე მარგარეტმა დაიწყო მუშაობა ჰორაცი გრილის “New York Tribune”-ში ლიტერატურის კრიტიკოსად. ის გახდა პირველი სერიოზული ქალი მიმომხილველი ჟურნალისტიკის ისტორიაში. გარდა ადგილობრივი მწერლებისა ის წერდა უცხოელი ავტორების, სხვდასხვა ლექციისა და გამოფენის შესახებ.1846 წელს მარგარეტი გაემგზავრა ევროპაში სამოგზაუროდ გაზეთის დავალებით. 1850 წელს ის და მისი ქმარ-შვილი გემით „ელიზაბეტი“ გამოემგზავრნენ უკან აშშ-ში. გზაში დაღუპული კაპიტნის , გამოუცდელი თანაშემწის გამო კი გემი „ელიზაბეტი“ აფეთქდა  „ცეცხლოვან კუნძულთან“ , ნიუ-იორკიდან 100 მეტრის მოშორებით. რომლის დროსაც მარგარეტი და მისი ქმარი ისე დაიღუპნენ , რომ მათი ნეშთიც კი ვერ იპოვეს. გარკვეული დროის შემდეგ მხოლოდ ანჯელინოს (მარგარეტის შვილი) სხეული გამორიყა წყალმა.  აფეთქების დროს დაიკარგა და დაიწვა მისი ნაწერების დიდი ნაწილიც.

მარგარეტ ფულერის მემორიალი

მარგარიტ ფულერის მემორიალი

*)აბოლიციონიზმი [-ლათ. abolitio გაუქმება, მოსპობა] – (ისტ.). საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-18 ს. ბოლოს და მე-19 ს. პირველ ნახევარში; მიზნად ისახავდა ზანგების მონობის გაუქმებას

**)ტრანსცენდენტალური [ლათ. transcendens(transcendentis) რაც საზღვარს სცილდება] – 1. იდეალისტურ ფილოსოფიაში; ცდის გარეშე არსებული განყენებულ-ლოგიკური. 2. კანტის იდეალისტურ ფილოსოფიაში: რაც დაფუძვნებულია შემეცნების აპრიორული, ცდისაგან დამოუკიდებელი ფორმების აღიარებაზე.