როგორ დავწეროთ ნიუსი

Posted on July 15, 2010

4



(რამოდენიმე დღის წინ NGO „მწვანე მოძრაობაში“ მთხოვეს, ჩამეტარებინა პატარა სემინარი, „როგორ დაიწეროს ნიუსი“. მეც რაც შემიძლია იმას გავაკეთებ, ოღონდ რამდენად კარგი ვიქნები ლექტორის ამპლუაში ეგ არ ვიცი. მაგას რომ თავი დავანებო, ცოტა კი მეუხერხულება დედა-ბებიის(აგრეთვე მამა-ბაბუის) ტოლ ხალხს რამე ვასწავლო, მაგრამ რადგან მთხოვეს, რაც შემიძლია გავაკეთებ. იმედია არ შევრცხვები )

ნიუსის ანუ ახალი ამბის წერა ყველას შეუძლია ისწავლოს გარკვეული დოზით. საგაზეთო ახალი ამბავი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისთვისაა , თუმცა იგივე სტილით დაწერილი ამბავი შესაძლოა სულაც არ იყოს გამოყენებული მასმედიის საშუალებებში და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც მოვუძებნოთ მას გამოყენება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ნიუსის სტილი გვაძლეს საშუალებას ესა თუ ის ამბავი მოვყვეთ ძალიან ლაკონურად და ამომწურავად, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოსადეგია. იმისათვის , რომ ზოგადად კარგად დავეუფლოთ ახალი ამბის „გაკეთებას“ საჭიროა ვიცოდეთ მისი სტრუქტურა, გავაანალიზოთ საგაზეთო სტატიები და განვახორციელოთ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ანუ ვივარჯიშოთ რაც შეიძლება მეტი. პრაქტიკის გარეშე წარმოუდგენელია კარგ „ნიუსავიკად“ ვიქცეთ.

ახალი ამბის წერის სტრუქტურა

ახალ ამბავს გააჩნია საკუთარი სტრუქტურა, რომელსაც „ამოყირავებულ პირამიდას“ (inverted pyramid)  უწოდებენ. წარმოიდგინეთ სამკუთხედი , ფუძით ზემოთ. სამკუთხედი უნდა დაიყოს პატარა გრაფებად, ფუძეში კი განთავსდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელის გაგზავნაც გსურთ მკითხველისათვის, შემდეგ გრაფაში (პირობითად) ჩაიწერება რანგით მეორე ხარისხოვანი ინფორმაცია, შემდეგ მესამეხარისხოვანი და ა.შ. ანუ ნიუსში ჯერ დაიწერება ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ დავწერთ ყველაფერს , რისი თქმაც გვსურს პოტენციური მკითხველისათვის.

„ამოყირავებულ პირამიდას „ განვითარების საინტერესო ისტორია აქვს, მანამ სანამ მოხდებოდა ინფორმაციის ციფრულ სისტემებში გადაყვანა, რედაქტორებს უწევდათ ამა თუ იმ ამბავთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელით დაწერა პატარა ფურცლებზე და მათი შემდგომ დალაგება მნიშვნელობის მიხედვით. საბოლოო ჯამში კი მკითხველი „ნიუსის“ შეხედვისთანავე იღებდა უმთავრეს ინფორმაციას.

ფაქტის აღწერა
„ამოყირავებული პირამიდის“ კონცეფციის ერთ-ერთი გააზრების მიხედვით, ნიუსში ჯერ უნდა დაიწეროს ფაქტი, შემდეგ კი ე.წ. „ბექგრაუნდი“. მაგრამ როგორ უნდა გავარჩიოთ რა არის „ბექგრაუნდი“ ? ამაში საყოველთაოდ ცნობილი „ექვსი დაბლიუს” (6W) პრინციპი დაგვეხმარება. ექვსი დაბლიუს პრინციპი გულისხმობს ექვს კითხვაზე პასუხის გაცემას. (სახელი დაერქვა ამ კითხვების ინგლისური შესატყვისების წირველი ასოების გამო). ეს კითხვებია :ვინ? სად? რა? რატომ? როდის? და როგორ? (ინგლისურად : Who? Where? What? Why? When? How? – რეალურად აქ მხოლოდ ხუთი სიტყვა იწყება ასო „W“-ზე თუმცა პრინციპს მაინც „ექვსი დაბლიუ“ ჰქვია).

6W

6W

ალბათ გაინტერესებთ საიდან გაჩნდა ეს პრინციპი. თუმცა თუკი თქვენ მეგობართან საუბარს ჩაიწერთ, როდესაც მას რაღაც ამბავს უყვებით და შემდეგ გააანაზლიზებთ დაინახავთ, რომ თქვენ ბუნებრივად პასუხობთ ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. მაგალითად როდესაც ამბობთ, რომ თქვენ დაინახეთ რაღაც განსაკუთრებული, ამის შემდეგ იწყებთ თხრობას თუ ვინ (ან რა ) დაინახეთ, სად დაინახეთ, როდის დაინახეთ, რატომ იყო ეს ყველაფერი განსაკუთრებული და ა.შ. გადახედეთ ნებისმიერ ამბავს, ამოიღეთ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხები და რაც დაგრჩებათ სწორედ ეგ იქნება „ბექგრაუნდი“.

ნიუსების უმეტესობას ძირითად ინფორმაციასა და „ბექგრაუნდს“ შორის სჭირდება გარკვეულ წილად შუალედური ინფორმაციაც. ანუ ინფორმაცია, სადაც შედარებით უფრო დაწვრილებით და სკულპლუოზურად აღწერთ ამბავს. თუმცა ფორმატის შეზღუდულობის შემთხვევაში შესაძლოა ეს „ბლოკი“ გარკვეულწილად ამოვარდეს.

ამ ყველაფრის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ მაგალითად საავტომობილო ავარიის ამბავი, რომელიც შეიძლება დაწერილი ან მოთხრობილი იყოს ნებისმიერი პირის მიერ:
„დღეს, 12:00სთ-ზე, ………. ქუჩაზე საავტომობილო ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა მოხდა როდესაც ……. ………..ძეს საკუთარი ძაღლი გადაყავდა საავტომობილო ტრასაზე. ……… ……………შვილმა ვერ მოასწრო ძაღლისა და მისი პატრონის დანახვა და დროულად მანქანის დამუხრუჭება. მან მსუბუქად დაარტყა ………. ……………ძეს, თვითონ კი ეცადა მოეხვია საწინააღმდეგო მიმართულებით, რის დროსაც შეეჯახა ხეს. ორივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში.“

მართალია ეს არაა ჩვეულებრივი ნიუსის საუკეთესო( ან კარგთან მიახლოებული ვარიანტი), მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვეცადე მომეტანა ჩვეულებრივი ამბის მაგალითი, რომელსაც არც გაზეთში დაბეჭდავენ და მსგავსი ტექსტთ არც რადიოში ან ტელევიზიაში გაუშვებენ.

უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია სათაური. ეს ის გასაღებია რომლითაც უნდა გააღოთ მკითხველის ინტერესი, რომლითაც კლიენტის გონება უნდა აიძულოთ წაიკითხოს თქვენი ნიუსი.

აქვე აღვნიშნოთ – ნიუსი გულისხმობს, რომ ამბავი უნდა იყოს მოთხრობილი შედაებით ოფიციალური ენით (პუბლიცისტურად) და არა სალაპარაკო, ან ზედმეტად სამეცნიერო ენით. მინიმუმადე უნდა იყოს დასული ექსპრესიულობისა და პათეტიზმის ნიშნები. აქ მთავარია ამბავი და არა ემოცია ან ვინმეს შთაბეჭდილება.

აუცილებელია აგრეთვე გრამატიკული სიზუსტისა და ამბის რეალურობის დაცვაც. მუდმივად უნდა გახსოვდეს, რომ შენს დაწერილ ან მონათხრობ ამბავს კითხულობს\უსმენს ადამიანი, რომელზეც შენმა გადაცემულმა ინფორმაციამ გავლენა უნდა მოახდინოს. შენ ხარ პასუხისმგებელი პირი და უნდა გაითვალისწინო შედეგი, რომელიც შესაძლოა მოყვეს შენს საქმიანობას.

და ბოლოს, დაწერილი ნიუსი გადაიკითხე გულდასმით რამოდენიმეჯერ, საშუალების ქონის შემთხვევაში კი წააკითხე შენზე უფრო მეტად გამოცდილ ადამიანს.

(აქვე დავძენ , რომ ეს პოსტი დავწერე , რადგან მთხოვეს დახმარება და სულაც არ მგონია, რომ აქ ნათქვამი ყველაფერი უშეცდომო იქნება . იმ შემთხვევაში თუ რამე არასწორედ მიწერია , ვისაც არ ეზარება და საშუალება აქვს , შემისწორეთ).

Tagged: ,