დაფასება და არა მხოლოდ შეფასება !

Posted on July 29, 2010

4



ზოგადსაკაცობრიო ფილოსოფიის ფრქვევას ჩემი (მომავალი) პროფესიისა და გარდაუვალი კვდომის შესახებ ეხლა არ ვაპირებ.მინდა, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხს შევეხო – საქართველოში ჟურნალისტებს სათანადოდ ვერ ან არ აფასებენ და ამას ქართველი უკრაინელი  ფოტოკორესპონდენტის, საშა კლიმჩუკის სიცოცხლე და სიკვდილიც ცხადყოფს.  მანამდე კი პატარა შესავალს გავაკეთებ.

როდესაც საქმე ფუჭდება, ყველაზე იოლი სხვაზე ხელის შეწმენდაა. მართლაც, რომ ადვილია უბრალოდ ვიღაცის არაპროფესიონალიზმს დააბრალო ყველაფერი, რაც არ მოგწონს.

მგონი დამეთანხმებით, რომ საქართველოში ასეთ როლში ძალიან ხშირად ჟურნალისტები აღმოჩნდებიან ხოლმე. ხშირია მასმედიის წარმომადგენლების არაპროფესიონალზმზეა საუბარი ქვეყანაში, სადაც არაფერი კეთდება მედია-დონის  ასამაღლებლად. ხელისუფლებიდან დაწყებული უბრალო მოქალაქით დამთავრებული, ყველა,ვისაც არ ეზარება აკრიტიკებს ქართულ ტელევიზიას, რადიოსივრცესა და პრესას. თუმცა, აქაც მოქმედებს  ბრბოს პრინციპი და კარგის და ცუდის გადარჩევა (ჩვენდა სამწუხაროდ) არ ხდება ხოლმე. ყველას ერთ ქვაბში ყრიან და ჯანდაბის გზას უყენებენ. არავინ უარყოფს პრობლემების რეალურობას, რომელიც ჩვენს მედიას თავზე საყრელი აქვს, არც არავინ უარყოფს, რომ ჟურნალისტები არასაკმარისად არიან თავიანთ პრფესიაში დახელოვნებულები. მაგრამ…

ხშირ შემთხვევაში ყველას ავიწყდება რამხელა რისკს სწევენ მედიის წარმომადგენლები  თავიანთი პროფესიის გამო. ბევრი სახვა პროფესიის მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი სიცოცხლესაც კი სწირავენ საკუთარი საქმისა და ხალხის ინტერესებისთვის. შედეგად კი ვიღებთ ხალხის რეაქციას – „ყველა ჟურნალისტი ლაქლაქა და ტლიკინაა,“ „სულ ჟურნალისტების გაფუჭებულია საქმე,“ „ქართველი ჟურნალისტები არაპროფესიონალები არიან“ (ბოდიში მომითხოვია და, რომელს სფეროში გვყავს უკეთესი კადრები ? ), „ძირს იმედის ჟურნალისტები“, „მე არ ვკითხულობ ქართულ პრესას,“ „მაესტროც” ნაგავია და “რუსთავი 2-ც“ და ა.შ.

საკითხიდან ძალიან რომ არ გადავუხვიო, მინდა მოკლედ მოვყვე საშა კლიმჩუკის ცხოვრებისა და დაღუპვის ამბავი. ეს ადამიანი დღეს ალბათ მხოლოდ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს თუღა ახსოვთ. თავად განსაჯეთ ვინმეზე ნაკლები თუ იყო ის თავის საქმეში ან რატომ აღარავის ახსოვს მისი გვარი მანამ, სანამ აგვისტოს მოვლენების წლისთავი მოვა ხოლმე. მხოლოდ ამ დროს თუ გაიხსენებენ უკრაინელი ქართველ ჟურნალისტს და ისიც ისე რა … სხვათაშორის..

საშა კლიმჩუკი და გიგა ჩიხლაზე

საშა კლიმჩუკი და გიგა ჩიხლაზე

გუშინ, 28 ივლისს,საგამოფენო დარბაზ „ქარვასლაში,“  2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული ფოტოკორესპონდენტების ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრები გამოფინეს. მართალი გითხრათ აქამდე ვიცოდი , რომ ომში ჟურნლისტები დაიღუპნენ, თუმცა გვარები, სახელები და მათი ცხოვრების სხვა საინტერესო დეტალები გაგებულიც არ მქონდა. (ეს ჩემი ბრალიცაა ნაწილობრივ, თუმცა დარწმუნებული ვარ, სათანადო ყურადღება რომ მიექციათ დაღუპული ჟურნალისტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, გუშინ არ გავიგებდი პირველად კლიმჩუკისა და ჩიხლაძის გვარებს).

მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს, რომ საქართველოში იყო საშა კლიმჩუკის დონის ჟურნალისტი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეუძლიათ კორესპონდენტებს საქმისა და საკუთარი ხალხისთვის თავის გაწირვა. (ბოდიში ცოტა პათეტიკურად თუ ჟღერს).

ალექსანდრე (საშა) კლიმჩუკი

(1981-2008)

ალექსანდრე კლიმჩუკი დაიბადა 1981 წლის 30 ნოემბერსცხრა კლასი 44-ე საჯარო სკლოაში დაამთავრა, შემდეგ კი მე-6 გინმაზიაში გადავიდა სასწავლებლად. ამ დროისთვის მან უკვე დაიწყო მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსებში, მე-9 კლასიდან აქვეყნებდა  სტატიებს გაზეთებში. მას შემდეგ რაც საშამ თსუ-ში ჩააბარა , ის გაიტაცა ფოტოხელოვნებამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით მან 2003 წელს დაამთავრა.

ალექსანდრე კლიჩუკი იყო „კოსმოპოლსკაია პრავდას,“ „იტარ-ტასის,“ „საქართველოს თვალის,“ „Eurasianet.org”-ის „ნიუსვიკის“ რუსული ანალოგის ჟურნალისტი. როგორც ფოტოგრაფი საშა თანამშრომლობდა გაეროს ბავშვთა ფონდთან, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისი მოზარდმაყრებელთა  თეატრთან. 2006 წელს კი მან საკუთარი ფოტო-სააგენტო „Caucasus Press Images”  დააარსა. კლიმჩუკმა სამჯერ მოიპოვა იტარტასის მიერ დაწესებული ჯილდო წლის საუკეთესო ფოტოგრაფიისთვის. 2007 წელს კი გაიმარჯვა რუსულ ფოტოკონკურსში „ადამიანები ახალ ამბებში.“

საშა 2008 წელს აგვისტოს ომის გაშუქების დროს თავის კოლეგასთან და მეგობართან გიგა ჩიხლაძესთან ერთად დახვრიტეს ოსებმა. ისინი  მანქანაში ჩაცხრილეს ცხინვალის ერთ-ერთ ბლოკსაგუშაგოზე. ერთიცა და მეორეც საკუთარ საქმეს აკეთებდა. ერთიცა და მეორეც შეეწირნენ საკუთარ პროფესიას და ხალხის ინტერესს. მაგრამ…

დღეს ცოტას თუღა გაახსენდება მათ შესახებ. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ცოტას თუღა აინტერესებს მათი ოჯახები. ერთჯერადი 10 000 ლარიანი დახმარებით ამოიწურა მათი დამსახურება ქართული სახელმწიფოსთვის.

არ ვიცი წაიკითხავს თუ არა ვინმე ამ პოსტს, მაგრამ მთავარი მაინც სულ სხვა რამეა, ჟურნალისტებსაც ისევე უნდათ დაფასება (მორალური თვალსაზრისით მაინც) როგორც სხვა პროფესიის ადამიანებს. ჩვენ კი ბოდიში და სულ ცალ ფეხზე არ გვკიდია ვიღაც თუ მოკვდა 2008 წლის აგვისტოში თავისი პროფესიულო მოვალეობის შესრულებისას.

მე მინდა რომ ჟურნალისტიკას ხალხი აფასებდეს (დაფასება და არა მხოლოდ შეფასება).

ვისაც გინდათ და გაინტერესებთ უბრალოდ მიდით „ქარვასლაში“ და დაათვალიერეთ საშასა და გიგას სურათები . ბევრს ნახავთ იმაზე საინტერესოს ვიდრე ელით. ბოლოსდაბოლოს ეს ადამიანები იმდენს მაინც იმსახურებენ რომ მათი ნამუშევრების პრეზენტაციას 50 ადამიანზე მეტი დაესწროს.

გამოფენა  10 აგვისტომდე გრძელდება და მგონია,რომ ამ წუთას მათი ფოტოების ნახვა არის ის უმცირესი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ ორი ადამიანისა და პროფესიონალის პატივსაცემად. ელემენტარულად მათ მშობლებს მაინც ვაგრძნობინებთ, რომ ფეხებზე არ გვკიდია ის რაც მათი შვილებისგან დარჩა.