ცდა პირველი – “შემოდგომის ლეგენდა”

Posted on September 29, 2010

14



ბევრი რომ არ ვილაპარაკო პირდაპირ ვიტყვი, გადავწყვიტე ლიტერატურულ კონკურსში  “შემოდგომის ლეგენდა” მონაწილეობა მივიღო. თუ რატომ და რისთვის “გავთავხედდი” ასე, მგონია ამას ყველაზე უკეთ ჩემი სამოტივაციო წერილი უპასუხებს, რადგან მეტი არც არაფერი მაქვს სათქმელი. აგერ ბატონო ჩემი სამოტივაციოც🙂

მ ო ტ ი ვ ა ც ი ა

მწერლობა მინდა.

ალბათ უკვე ბანალურია როგორც ვიწყებ სამოტივაციო წერილის წერას, მაგრამ იმედი მაქვს ჩემზე უფრო ბანალური დასაწყისებიც ექნებათ სხვა კონკურსანტებს. მართლა მინდა მწერლობა. ვიცი, რომ არც ისე ადვილი იქნება ჩემი ოცნების ახდენა, თუმცა, თუ არ ვცდი, ვერც ვერასდროს გავიგებ შევძლებ თუ არა ვიყო ის, ვინც მინდა, რომ ვიყო.

მხატვრობაზეც ვოცნებობდი, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო გადავიფიქრე. მოკლედ, ამ სფეროში ჩემი ნიჭი (თუკი საერთოდ მქონდა) დავაკონსერვე და გადავწყვიტე, რომ სხვა რამე მეცადა. ეს „სხვა რამე“ კი წერაა. ვწერ მოთხრობებს, ხანდახან ლექსებსაც, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერც ერთს ვუწოდებ მოთხრობას და ვერც მეორეს ლექსს. ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენლისგან განსხვავებით, არც თავდაჯერება მაქვს იმდენი, რომ საკუთარ თავს მომავალი მწერალი ვუწოდო. ჯერჯერობით მომავალი ჟურნალისტი უფრო  ვარ . ჩემი სავარაუდო პროფესიაც იქიდანაა განპირობებული, რომ მინდა ვწერო. მინდა რომ ჩემი ნაწერი იყოს ფასეულობის მატარებელი.

ხოდა რატომა არ უნდა ვცადო ბედი „შემოდგომის ლეგენდა“-ში. ეს იქნება პირველი რეალური ნაბიჯი ჩემი მხრიდან, რითიც საჯაროდ გამოვხატავ სურვილს, რომ მინდა ჩამოვყალიბდე მწერლად. კარგ მწერლად. სიმართლე გითხრათ, სულაც არ მადარდებს საკონკურსო პრიზები და მათი მოპოვების მსურველები, რომელთაც ალბათ ჩემს კონკურენტებს უნდა ვუწოდებდე. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის, თუმცა უბედნიერესი ვიქნები თუ მეორე ტურში გადვალ. ბოლოსდაბოლოს რამდენიმე დღეს გავატარებ მწერლებისა და მომავალი მწერლების გარემოცვაში, რაც ვფიქრობ მეტ ენთუზიას მომცემს, რომ ვწერო.

მოკლედ ვიტყვი – ეს ჩემი პირველი მცდელობაა ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისა და დასაკარგი არც არაფერი მაქვს. თუ გავალ მეორე ტურში ბოლომდე ვიბრძოლებ დავუმტკიცო, თუნდაც, ჩემს უახლოეს გარემოცვას, რომ როდესაც „ჩემთვის ვჯღაბნი“ ხოლმე, ეს იმაზე უფრო სერიოზული საქმეა  ვიდრე მათ გონიათ. და თუ ვერ წავალ ყვარელში, არც მაგით გადამეწურება იმედები. იმას მაინც გავიგებ ღირს თუ არა საერთოდ გავაგრძელო წერა. ანდა თვითგანვითარების რა ეტაპზე ვარ.

ხოდა, ვინც წაიკითხავს ჩემს მოთხრობას “ალმინა და მე” და ამ სამოტივაციოსმაგვარ წერილს და ჩათვლის რომ ღირს მომცეს შანსი მადლობა მას წინასწარ.  იმ შემთხვევაში კი თუ არ მომეცემა შანსი, ვეცდები მეტი წავიკითხო, მეტი ვწერო და მომავალ წელს მაინც ვივარგო.

მადლობა თქვენ, რომ თქვენი ძვირფასი დრო დამითმეთ🙂  (მგონი ცოტას მაინც ვნერვიულობ, რადგან იმედი არასდროს კვდება).

თუ გინდათ წარმატებაც კი მისურვეთ :)

თუ გინდათ წარმატებაც კი მისურვეთ🙂