4 უდიდესი საინფორმაციო სააგენტოს ისტორია

Posted on October 9, 2010

0



არამგონია ვინმეს სჭირდებოდეს იმის ახსნა თუ რა დატვირთვა აქვთ დღეს საინფორმაციო სააგენტოებს. ამ პოსტში თქვენ წაიკითხავთ მსოფლიოში ოთხი ყველაზე დიდი საინფორმაციო სააგენტოს მოკლე ისტორიას.

გლობალური ჟურნალისტიკა: საერთაშორისო კომუნიკაციის კვლევა.

რედაქტორი – ჯონ მერილი

,,აჟანს-ფრანს-პრესი“ (AFP)


საინფორმაციო სააგენტოების განვითარებას დასაბამი დაედო 1835 წელს, როდესაც ახალგაზრდა ფრანგმა შარლ-ლუი ავამ ჩამოაყალიბა ,,ავას“ სააგენტო პარიზში, რომელიც დღევანდელი ,,ეი-ეფ-პის“ წინამორბედი იყო. 10 წლით ადრე ავამ შექმნა ინფორმაციის გავრცელების სამსახური, რომელთაც ძირითადად ვაჭრები და ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობდნენ. მან წარმატებით შეძლო გაზეთების მიერ მისი სააგენტოს მომსახურების გამოწერის უზრუნველყოფა. ამ წარმატებას უკავშირებენ საფრანგეთში იაფფასიანი პრესის ჩამოყალიბებას გაზეთ ,,ლა პრესის“ მეთაურობით, რომელიც 1836 წელს შეიქმნა. სიახლეებზე მოთხოვნა გაიზარდა და ავამ გადაწყვიტა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. მან გაზარდა კორესპონდეტების რაოდენობა, დაიწყო უცხოური პრესის თარგმნა და რაც მთავარია ისარგებლა ახლად გამოგონილი ტელეგრაფით კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვისთვის. 1860 წლისთვის ავას საინფორმაციო ქსელმა მთელი ევროპა მოიცვა. მან ხელშეკრულება დადო ინგლისურ ,,როიტერთან“ და გერმანულ სააგენტო ,,ვულფთან“ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ. ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობა მიმზიდველი გამოდგა თითქმის ყველა ევროპული გაზეთისთვის და მათ გამოიწერეს ,,ავას“ სააგენტო.

1879 წელს ,,ავას“ სააგენტო სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, სადაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა სარეკლამო და საინფორმაციო განყოფილებები. რეკლამაზე მუშაობა ავას ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილი იყო. მან ბარტერული შეთანხმების საფუძველზე უფასო სარეკლამო სივრცე მოიპოვა იმ გაზეთებში, რომლებსაც არ გააჩნდათ სააგენტოს მომსახურების გამოწერის ფინანსური საშუალება. ავა ყიდდა ამ სივრცეს რეკლამის დამკვეთებზე.

1940 წელს ნაცისტური აგრესიის დროს საფრანგეთის მთავრობამ შეისყიდა სააგენტოს საინფორმაციო განყოფილება, რათა პროპაგანდის სამსახური ჩამოეყალიბებინა ქალაქ ვიშის ტერიტორიაზე. როდესაც გერმანელები შეიჭრნენ საფრანგეთში მათ ხელში ჩაიგდეს სააგენტო და მიუერთეს ნაცისტურ საინფორმაციო სისტემას ,,დი-ენ-ბის“. 1944 წელს ნაცისტური ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ ,,ავას“ სააგენტოს ეწოდა მისი ამჟამინდელი სახელი ,,აჟანს-ფრანს-პრესი“. 1957 წელს საფრანგეთის პარლამენტმა დაამტიკიცა კანონმდებლობა, რომელმაც ,,აჟანს-ფრანს-პრესი“ დამოუკიდებლობა მიანიჭა.

,,ასოშიეითიდ-პრესი“ (,,AP“) ,,AP“ წარმოიქმნა ,,ჰარბორ ნიუს“ ასოციაციიდან, სადაც გაწევრიანებული იყო ქალაქ ნიუ-იორკის 6 გაზეთი, რომლებიც გაერთიანდენ რათა ახალი ამბების ,,საინფორმაციო ნავებით“ შეგროვებაზე ხარჯები დაეზოგად. ეს ნავები ევროპიდან ჩამოსულ გემებს ხვდებოდნენ და ნაპირზე ინფორმაციით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. ,,ჰარბორ ნიუს“ ასოციაცია ფაქტობრივად გახლდათ ინფორმაციის შეგროვების კოოპერატივი და დღევანდელი ,,AP“-ს საქმიანობა ახლაც მსგავს პრინციპს ემყარება. 1857 წელს კიდევ ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან გაერთიანების შემდეგ ,,ჰარბორ ნიუს“ ასოციაცია გახდა ნიუ-იორკის პრესის ასოციაცია, ანუ ,,ნიუ-იორკ-ასოშიეითიდ-პრესი“. მისი არსებობის მანძილზე საინფორმაციო კოოპერატივის წევრები იყვნენ მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკის გაზეთები და მათი რიცხვი არასოდეს ყოფილა 7-ზე მეტი.

ტელეგრაფით სარგებლობის ხარჯების დაზოგვის მიზნით ,,ნიუ-იორკ-ასოშიეითიდ-პრესმა“ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებული გაზეთების გაერთიანებებთან გააფორმა შეთანხმება ახალი ამბების ურთიერთგაზიარების შესახებ. ,,ნიუ-იორკ-ასოშიეითიდ-პრესი“ ავრცელებდა ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს ვაშინგტონიდან და საზღვარგარეთიდან, ხოლო გაზეთები ადგილობრივი მოვლენებს აშუქებდნენ. 1885 გაზეთების ერთ-ერთი გაერთიანება ,,ვესტერნ-ასოშიეითიდ-პრესი“ გამოეყო კოოპერატივს და დამოუკიდებელი საინფორმაციო სამსახური დააფუძნა, რომელსაც ეწოდა ,,ასოშიეითიდ-პრესი“ (,,AP“). ორგანიზაციის კორპორატიული ცენტრი 1892 წელს განთავსეს ილიონისის შტატში. ,,ნიუ-იორკ-ასოშიეითიდ-პრესი“ ამაოდ ეცადა წინაამღდეგობა გაეწია ასეთი პერტრუბაციებისთვის და იმავე წელს გაკოტრდა. ,,AP“ თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა და 19-ე საუკუნის 80-იან წლებში მის ხელმომწერთა რიცხვი უკვე 700 გაზეთს ითვლიდა. 1900 წელს განხორციელდა ,,AP“-ს რეორგანიზაცია. სათაო ოფისმა ნიუ-იორკში გადაინაცვლა და მას შემდეგ ,,AP“-ს კორპორატიული ცენტრი იქ იმყოფება.

1945 წლის შემდეგ ორგანიზაციაში 2 მნიშვნელოვანი ცვლილება გატარდა. უზენაესმა სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო და უკანონოდ მიიჩნია ,,AP“-ს წესდებაში ჩაწერილი პირობა, რომლის თანახმადაც ასოციაციის წევრები იტოვებდნენ უფლებას დაებლოკათ იმავე ქალაქში ბაზირებული კონკურენტის მცდელობა ორგანიზაციაში გაწევრიანების საშუალებით ,,AP“-ს მომსახურებით ესარგებლა. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ამერიკის ნებისმიერმა შესაბამისი სტატუსის მქონე გაზეთმა მოიპოვა ასოციაციაში გაწევრიანების უფლება. 1946 წელს რადიო კომპანიებსაც დართეს ნება ორგანიზაციაში გაერთიანებულიყვენენ და ასოცირებული წევრების რანგში ,,AP“-ს სრული სერვისით ესარგებლად. ამ დრომდე რადიო სადგურები მხოლოდ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი შეზღუდული მომსახურებით სარგებლობდნენ.

,,როიტერსი“

კომპანია ,,როიტერსის“ დამაარსებელი იყო ბრიტანეთში ემიგრაციაში მცხოვრები გერმანელი პაულ იულიუს როიტერი, რომელმაც 1851 წელს ლონდონში სატელეგრაფო სამსახური დააფუძნა. ლონდონის საფონდო ბირჟის მახლობლად მდებარე პატარა ოროთახიანი ოფისიდიან როიტერი ახორციელებდა პარიზსა და ლონდონს შორის ინფორმაციას მიმოცვლას ფასიანი ქაღალდების კურსის შესახებ, რისთვისაც ის იყენებდა მსოფლიოში პირველ წყალქვეშა კაბელს. თავდაპირველად როიტერი საბირჟო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას კონტინეტზე საფოსტო მტრედების დახმარებით ავრცელებდა.

მცირე ხნის მერე როიტერმა თავისი კომპანიის მომსახურება მიაწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს. ასევე გაიზარდა სერვისის თემატური მრავალფეროვნება და ეკონომიკურ სიახლეებთან ერთად ზოგადი შინაარსის ახალი ამბების გავრცელება დაიწყო. 1859 წლისთვის ,,როიტერსი“, რომელიც თავიდან მხოლოდ ფინანსურ დაწესებულებებს ემსახურებოდა, უკვე ბრიტანეთისა და კონტინენტური ევროპის წამყვანი გაზეთს დიდ უმრავლესობას ამარაგებდა ზოგადი სახის ახალი ამბებით. როიტერის ბიზნესი მყისიერად იზრდებოდა. საერთაშორისო ტელეგრაფის სისტემის განვითარებასთან ერთად ,,როიტერსის“ ფილიალები ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდა როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს მიღმა. 1861 წელს ,,როიტერსს“ წარმომადგენლები ჰყავდა აზიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში, ხოლო 1972 წელს კომპანიის ოფისი გაიხსნა იაპონიაში.

სააგენტო, რომელიც 1915 წლამდე ოჯახური კონცერნი გახლდათ, კერძო კომპანიად ჩამოყალიბდა და დღევანდელი სახელი შ.პ.ს. ,,როიტერსი“ დაერქვა. 1941 წელს ,,როიტერსის“ აქციების დიდი ნაწილი ბრიტანეთის ჟურნალისტურმა ასოციაციებმა შეიძინეს და სააგენტო ბრიტანული პრესის საერთო საკუთრება გახდა. 1947 წელს ავსტრალიული ,,ასოშიეითედ-პრესი“ და ახალი ზელანდიის პრესის ასოციაცია კომპანია ,,როიტერსის“ პარტნიორები გახდნენ. ამჟამად ,,როიტერსის“ მეწილეები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულნი, თუმცა ძირითადი წილის მფლობელები იმყოფებიან დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სააგენტოს საქმიანობას 15-წევრიანი დირექტორთა საბჭო მეურვეობს.
,,ტასი“


1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის კვალდაკვალ შეიქმნა საინფორმაციო სააგენტო ,,როსტა“, რომლის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა ოფიციალური კომუნიკეებისა და სიახლეების გავრცელება და პროპაგანდისტური მასალების მიწოდება ჟურნალ-გაზეთებისთვის ბოლშევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 1925 წლის 10 ივლისს მოსკოვში ბაზირებულმა სააგენტო ,,ტასმა“ (Телеграфное Агентство Советского Союза) ,,როსტა“ შეცვალა. საბჭოთა მედია სტრუქტურის მიხედვით, ,,ტასი“ ნაციონალურ მასმედია და რესპუბლიკურ საინფორმაციო სააგენტოებს ამარაგებდა ფედერალური, ადგილობრივი და უცხოეთის ახალი ამბებით. ,,ტასს“ დაარსების დღიდან მთავრობა აფინანსებდა და მართავდა, თუმცა მისი სტატუსი შეიცვალა კომუნიზმის დაცემასა და საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად.

საბჭოთა კავშირის რღვევამ და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) ჩამოყალიბებამ ,,ტასს“ პარტნიორი საინფორმაციო სააგენოტები დააკარგვინა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ამ სააგენტოებმა დამოუკიდებლად განაგრძეს საქმიანობა. რუსეთის უზენაესმა საბჭომ 1991 წელს მიიღო კანონი პრესის შესახებ, რითაც რუსეთის ისტორიაში პირველად გაუქმდა ცენზურა და ადამიანებს მიენიჭათ უფლება თავისუფლად აერჩიათ ნებისმიერი საინფორმაციო პუბლიკაცია. თუმცა, მედია ორგანიზაციების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის ,,ტასი“, კლასიფიცირდა როგორც ,,ოფიციალური“ ორგანიზაცია და მათ საბუჯეტო დაფინანსება დაუწესდათ. მართალია სააგენტომ  ობიექტურობასა და პროფესიონალიზმზე გააკეთა განაცხადი, მაგრამ სააგენტოს გენერალური დირექტორი პრეზიდენტის მიერ ინიშნება. 1992 წელს რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოსთან შერწყმის შედეგად ორგანიზაციას ,,იტარ-ტასი“ ეწოდა.