Reporters without borders რეპორტიორები საზღვრების გარეშე

Posted on October 17, 2010

0



დაარსდა 1985 წელს.

რეპორტიორები საზღვრების გარეშე :

  • იცავს ჟურნალისტებსა და მედია ასისტენტებს, პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დაპატიმრების, დევნისა და წამებისაგან.
  • იბრძვის ცენზურისა და კანონების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის პრესის თავისუფლებას;
  • ფინანსურად ეხმარება 100-ზე მეტ ჟურნალისტსა და მედია-მუშაკს ყოველწლიურად (უფარავს გადასახადებს, ჯანდაცვის ხარჯებს …), აგრეთვე ეხმარება დაღუპული ჟურნალისტების ოჯახებს;
  • მუშაობს რათა დაიცვას მედია-მუშაკები, განსაკუთრებით ისინი ვინც „ცხელ წერტილებში“ ეწევიან ჟურნალისტურ საქმიანობას.

მანამ, სანამ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ კონკრეტულ ქმედებას განახორციელებს, იგი საკუთარი კორესპონდენტების დახმარებით დაწვრილებით სწავლობს აღნიშნულ საკითხს. კორესპონდენტები როგორც წესი კონკრეტულ რეგიონებზე არიან მიმაგრებულები ( აფრიკა, სამხ. და ჩრ. ამერიკა, აზია და წნარი ოკეანის  აუზი, ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა). ამის შემდეგ კი ორგანიზაციის თანამშრომლები კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლებას უგზავნიან საპროტესტო წერილებს, რათა მოახდინონ გავლენა მთავრობებზე, რომლებიც არ სცემენ პატივს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების უფლებას, აგზავნიან რელიზებს მედია-ორგანიზაციებში, რათა ჟურნალისტებმა მხარი დაუჭირონ კოლეგებს.

ზოგ შემთხვევაში, საკმარისი არაა ინფორმაციის შეგროვება და საჭირო ხდება კორესპონდენტების სხვადასხვა ადგილზე გაგზავნა, შეხვედრა დაზარალებულ ჟურნალისტებთან, ქვეყნების მთავრობებთან და ა.შ.

მათი საჯარო ქმედებები მიმართულია რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება კანონდარღვევათა შესახებ, ასევე ისინი ხელს უწყობენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების თვალში მოხდეს იმ მთავრობების ლუსტრაცია, რომლებიც კანონს არ სცემენ პატივს.

ფინანსდება შერეული სახით : მის შემოსავალს წარმოადგენს, როგორც ფოტოალბომებისა და კალენდრების გაყიდვით მიღებული თანხები, ასევე თანხები სხვადასხვა აუქციონიდან, მცირე და დიდი შემოწირულობები, საჯარო გრანტები და სხვადასხვა კერძო ფირმასთან პარტნიორობით მიღებული ფული.

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ხუთივე კონტინენტზე ახორციელებს საკუთარ საქმიანობას, ეროვნული განყოფილებების მეშვეობით ( ავსტრია, ბელგია, კანადა, საფრანგეთი,გერმანია, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი). მისი ოფისებია ნიუიორკში, ტოკიოსა და ვაშინგტონში. მისი კორესპონდენტები მუშაობენ სხვადასხვა რეგიონულ ორგანიზაციასთან ერთად (ავღანეთი, ბანგლადეში, ბელორუსია, მიანმარი, კოლუმბია, კონგოს დემოკრატიული რესპ., ერიტრეა, ყაზახეთი, პაკისტანი, პერუ, რუმინეთი, რუსეთი, სომალი, შეერთებული შტატების და ტუნისი).

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ დარეგისტრირებულია საფრანგეთში, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია და აქვს კონსულტანტის პრივილეგია გაეროში.

ორგანიზაცია ცნობილია მისი პერიოდული გამოცემებით, რომლებშიც აღწერილი და შეფასებულია კონკრეტული მედია-საკითხი, სხვადასხვა მასშტაბით.

  • პრესის თავისუფლების ყოველწლიური მიმოხილვა- (The round-up of press freedom in the world) -იანვარში ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ჟურნალისტია მოკლული, დაპატიმრებული  ან ფიზიკურად დაშავებული გასული წლის განმავლობაში.
  • მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე (World Press Freedom Day) – აღინიშნება 3 მაისს. ამ დღეს ორგანიზაცია აქვეყნებს ფოტოალბომს, რომელიც გასულ წელს გადაღებული ფოტოებითაა შედგენილი და ყიდის მას, რათა მიღებული თანხა გამოიყენოს ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობისათვის.
  • პრესის თავისუფლების ინდექსი მსოფლიო მასშტაბით (The Worldwide Press Freedom Index)–  აქვეყნებს ოქტომბერში და აფასებს ჟურნალისტებისა და მედია-ორგანიზაციების თავისუფლების ხარისხს.
  • დაპატიმრებულ ჟურნალისტთა მხარდაჭერის დღე (Jailed Journalists Support Day)- ეს დღე აღინიშნება 1989 წლიდან და როგორც წესი ქვეყნდება მეორე ფოტოალბომი.
  • პრიზი ორგანიზაციისაგან (The Reporters Without Borders Prize)- აღინიშნება დეკემბერში. ამ დროს  „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-საგან პრიზი გადაეცემა ჟურნალისტს, რომელმაც გასულ წელს თავისი საქმიანობით გამოავლინა საკუთარი პროფესიისადმი ერთგულება, პრესის დამოუკიდებლობისადმი რწმენა და მისი პროფესიული მოვალებობის შესრულება მიმართული იყო პრესის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვისაკენ.



ორგანიზაციის ვებგვერდი “Reporters without Borders”