ცხოვრებისეული პოსტი :)

Posted on November 1, 2010

40



ჩემი ბლოგი ცოტა ისეთია, აი მშრალს რომ იტყვიან. ეს იმიტომ რომ პირადზე თითქმის არაფერს ვწერ. რამდენიმე ადამიანმა უკვე მისაყვედურა შენზეც დაწერე რამე, ნუ ხარ მშრალიო. თან უკვე მყავს ერთი ორი მუდმივი მკითხველი. ხოდა, აგერ ბატონო გამოვწურე საკუთარი თავი როგორც შემეძლო და ცხოვრებისეული პოსტიც გავაშანშალე. მოკლედ თუ ცოტათი მაინც გაინტერესებთ ვინ ჩემი ფეხები ვარ, ინებეთ :

„ცხოვრებისეული“ – ვერ ვიტან ამ სიტყვას, რადგან ვერაფერს ვიტან ცხოვრებისეულს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი კოსმიური სიჩქარით მებზრდება. ერთადერთი  ეგეთი წიგნები და ფილმები მიყვარს. ზოგმა შეიძლება თქვას, ბანალურიაო, მაგრამ მე მაგათგან უფრო მეტს ვსწავლობ ვიდრე სურეალისტური და აბსტრაქციული შემოქმედებიდან. არა, არ იფიქროთ, რომ  აბსტრაქციონიზმის და სურეალიზმის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ვერ ვიტან, როდესაც მათ წინ  სიტყვა „ფსევდო“ შეეპარებათ ხოლმე. საერთოდ „ფსევდოსაც“ ვერ ვიტან ვერაფერს. მათშორის ფსევდო-ცხოვრებისეულ რაღაცებს. ხოდა გათენდა…

დილით მობილური-მაღვიძარის მონოტონური, გულისამრევში გადასული ან დედაჩემის გულისშემძვრელი ხმა მაღვიძებს. მახსენდება გუშინ (არა უკვე დღეს) რომელ საათზე დავწექი და ეხლა რომელზე ვდგები. ასეთია ჩემი ახალი დღის პირველი წუთები. იწყება დილის ფოციალი. ყავა უნდა მოვიდუღო, სიგარეტი მოვწიო და “Facebook”-ში უნდა შევიხედო ვინდოუსის ფანჯრიდან. თუ გამიმართლა და მადა მაქვს შეიძლება საჭმელიც კი ვჭამო. მაბრამ ამდენი სიგარეტის შემდეგ, ერთ დიდ საფერფლედ ვარ ქცეული და დილით ჭამის სურვილი, თქვენ წარმოიდგინეთ და, არ მაქვს. “Facebook”-ში, როგორც წესი მხვდება რამდენიმე წერილი და წერილებზე ცოტა მეტი შეტყობინება. ზოგს ვაიგნორებ, ზოგს ვესწერვები, ზოგს კოცნის სმაილსაც კი ვუწერ . (რომელიც ასე ძალიან სძულს ჩვენს „ლიბერალურ და მემარცხენე ანდერგრაუნდს“🙂 ).

კომპიუტერიდან ვდგები და ჩემს ოთახში გავდივარ სიგარეტის მოსაწევად. ვაყროლებ იქაურობას. კბილებს ვიხეხავ და ჩემი განუყრელი მწვანე ჩანთაგადაკიდებული (ზოგჯერ შავჩანთაგადაკიდებული) დედაჩემთან, სამსახურში ჩავდივარ, რომ გზის ფული მომცეს. რკინის ორლარიანს ისე ვიდებ საფულეში,  თითქოს სადმე დამეკარგება. წიქარას გმირს ვგავარ, ეს ორი ლარი გამვლელსაც უნდა ვაჭამო, გამომვლელსაც, მეც ვჭამო და სახლშიც უნდა მოვიტანო. რაღა დაგიმალოთ და საკმაო წარმატებით ვახერხებ ჩემზე დაკისრებულ „წიქარასეულ“ მოვალეობას. არ მკითხოთ ეხლა საიდან და როგორ, რადგან ნათქვამი მაქვს, რომ ზედმეტად პირადულის შესახებ ბლოგზე არ დავწერ. უბრალოდ ჩემდა გასაკვირად იმდენს ვახერხებ, რომ ეს ფული გზაშიც მყოფნის, დღეში ერთ კოლოფ სიგარეტსაც ვყიდულობ, ყავასაც ვსვამ „თურქულში“ და ზოგჯერ ვჭამ კიდეც. ხო პლუს მაგას ქსეროქსები. რა თქმა უნდა მადლობა ჩემს მეგობრებს. მიხვდებიან ვისაც ვგულისხმობ თუ წაიკითხავენ.

უმეტეს შემთხვევაში თსუ-ს მე-6 კორპუსთან ვდგავარ და მარტო ვეწევი სიგარეტს. ნამწვს მწვანე ურნაში ვაგდებ, ხის გვერდით რომ კიდია იქ. პარალელურად ვიღაცას ვკოცნი, ვიღაცას ვესალმები, ვეღრიჯები ან მეღრიჯებიან. მძულს გადაკოცნა და ნუ გადამკოცნით ხოლმე რა  :| !!!

ლექციები, შესვენებები და სიგარეტი. მერე შუალედები და შუალედური უსაქმურობა. ამ პერიოდში ვახერხებ, რომ რამდენჯერმე „დავიგრუზო“, მერე თვითკმაყოფილებაში ჩავვარდე, მერე ისევ „დავიგრუზო“ და ასე დაუსრულებლად.

რა მგრუზავს??? ის რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში მარტო ვარ. ის რომ პრაქტიკანტი ვარ და ფულის გარეშე „ვპახაობ“, რადგან ხელფასი რედაქტორსაც კი არ აუღია ოთხი თვეა. ის რომ მინდა ბევრი რამე:

  1. მინდა ვიყო მწერალი… მაგრამ,
  2. ვარ „ლიტერატურულად უპატრონო“ (არ მახსოვს ვინმე რამე რჩევა მოეცეს ჩემი ოცნების ასრულებისთვის, მაგრამ ალბათ ასეა საჭირო. ერთადერთი გამონაკლისი ჩემი მემეა <3)
  3. მინდა ჟურნალისტი ვიყო. (ნაწილობრივ აქაც  „უპატრონო“ ვარ. ნაწილობრივ იმიტომ რომ ნელ-ნელა ჟურნალისტურ წრეს ვიცნობ და სწორედ მათი დამსახურებაა რომ პრაქტიკანტი ვარ)
  4. მინდა ხელფასიანი სამსახური, რომელიც ჩემს პროფესიასთან გაკვრით მაინც იქნება შეხებაში.
  5. მოკლედ, ბევრს აღარ გავატრაკებ და თუ ვინმეს დააინტერესებს კიდევ რა მინდა მოვიდეს და პირადად ვეტყვი.

ყველაზე მეტად კი ალბათ, ის მგრუზავს რომ არ მყავს ადამიანი რომლისგანაც რამეს ვისწავლი მუდმივად. ამას თუ გინდათ „პატრონი“ დაარქვით, თუ გნებავთ „მოძღვარი“, „მასწავლებელი“, „ოსტატი“ ან სულაც „მეგობარი“ ან „ძმაკაცი“.

ხო მეგობრებს და ძმაკაცებს რაც შეეხებათ. ბევრი მყავს. ოხრად. და იცით რას ვაკეთებ ? ვცდილობ ყოველი მათგანიდან რაღაც ავიღო შევაერთო და ჩემი იდეალი შევქმნა. ვქმნი მექანიკურ ადამიანს, რომელიც ხან მასწავლის, ხან მაკრიტიკებს, ხან მეჩხუბება, ხან მანუგეშებს, ხან მაქებს და ხანაც ვუყვრვარ.

ლექტორები მყავს მრავალფეროვანი მაგრამ მაინც მონოტონურები. ჯერ კიდევ საბჭოთა კონიუქტურაში მოქცეულები, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ცდილობს რაღაც გაურკვეველი სტანდარტების დანერგვას. უმეტესობა მათგანი მაინც გულგრილი, კონფორმისტი და „დაღლილია“. ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს და ასე ჰგონიათ, რომ სტუდენტს თუ შეეწინააღმდეგები ხელფასი მოგემატება.

საუბრობენ ერთსა და იმავეს – რომ მედია დღეს თავისუფალი არაა, რომ დღევანდელი ჟურნალისტები არაფრად ვარგიან (თითქოს მე დამეზარდოს ისინი ჟურნალისტებად), რომ ობიექტურობა აბსტრაქტული ცნებაა, რომ სიტყვის სრული თავისუფლება არ არსებობს. მერე ადგებიან და ამ ყველაფერს ერთად, (თითოეული მათგანი მცირე ცვლილებებით, ) გვაწერინებენ კოლოკვიუმებში. ვერ გავცდით მედია-ეთიკას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მაია ასათიანის დახასაითებას. (არა, გატყუებთ, დავით კიკალიშვილი და ნოდარ მელაძის კომუნიკაციური თვისებებიც ჩამოვარაკრაკე მასკომუნიკაციის კოლოკვიუმზე). არ იფიქროთ რომ ჩემი ლექტორები არ მიყვარს. პირიქით ისინი მიყვარან, რადგან არიან ისეთები როგორიც ყველაა. ეს ის ყველაა, რომელშიც ჩემი საყვარელი ადამიანებიც შედიან. ალბათ შეჩვევის  და „სხვა გზა არაა“-ს საქმეა. ზოგიერთი ჩემდამი პირადი სიმპათიიტაც კია განწყობილი, მაგრამ მაინც არავინ იღებს ჩემზე, როგორც სტუდენტზე პასუხისმგებლობას ბოლომდე. ეხლა არ გამიტრაკოთ და არ დამიწყოთ ჭკუის რიგება, რომ არავინ აიღებს ჩემზე პასუხისმგებლობას ბოლომდე და ა.შ. ეგ თქვენზე კარგად ვიცი, როგორმე. უბრალოდ მინდა რომ ვიღაც ჩემზე უფროსი , უფრო გამოცდილი, ჭკვიანი და განათლებული ადამიანი მყავდეს გვერდით მუდმივად და სულ მკიდია ეს ადამიანი ლექტორი იქნება, მასწავლებელი თუ თამრია. მაგრამ ზოგი ჭირი ამრგებელია და თითქმის არასდროს ვარ ვინმეს გლობალური ზეგავლენის ქვეშ.

ხო , იქ გავჩერდი შუალედებში რომ ვეწევი ხოლმე და თან ვიღაცებს ველაპარკები. უმეტეს შემთხვევაში ველაპარაკები ბავშვებს , რომლებიც უკვე დასასტავებულები არიან და ვუხსნი თუ როგორ მძულს აქაურობა (თსუ). ხო კიდევ ერთი, არავის სასტავში და საძმო-სადოში არ ვარ.. მთელი დღე , თითქმის მთელი დღე მარტო დავბოდიალობ. ჩემი მეგობრები კი სულ ჩემთან არ არიან კიდევ კარგი, თორემ ალბათ ისინიც მომბეზრდებოდნენ.

თსუ-ს მერე სადმე მივდივარ და ვინმეს ვნახულობ, თორემ უკვე ფენა-ფენა მაგინებენ ნაცნობ- მეგობრები, რომ მათთვის არ ვიცლი. არადა ვერ ვიცლი. ნუ ზოგჯერ არც ვიცლი ხოლმე და ისიც იმიტომ რომ არ მინდა ხშირი კონტაქტით ვინმე მომბეზრდეს ან ვინმეს თავი მოვაბეზრო.

რომელიღაც საათზე ისევ მეტროს გადაჭედილ ვაგონში ვჯდები და ვცდილობ წარმოვიდგინო რომ ეს თბილისის მეტრო არაა. ვცდილობ წარმოვიდგინო რომ რომელიმე „ჟიზნენი“ ფილმის გმირი ვარ. ცოტას ვუბერავ არ შეიმჩნიოთ. J ზოგჯერ ტრანსპორტში წიგნსაც ვკითხულობ ხოლმე. (რა თქმა უნდა თუ გამიმართლა და ადგილია დასაჯდომად). ცოტას ვკეკლუცობ ხოლმე რა, ვცდილობ უფრო სერიოზული და საინტერესო გამოვჩნდე ვიდრე ვარ. თან მიყვარს ბებია-ბაბუების სახეებსი დაფიქსირება, რომლებსაც მოსწონთ წიგნის მკითხველი ახალგაზრდა ბიჭის ყურება. იმასაც ვაფიქსირებ ხოლმე, ჩემი თაობის ხალხი რომ მიყურებს ირონიული სახით და ფიქრობენ ალაოდ ხარო. მოკლედ გზაში მაგრად ვერთობი, არადა ყურსასმენები რომ მქონდეს ალბათ სიმღერებს მოვუსმენდი J). ამასობაში აქაც რამდენჯერმე ვახერხებ დაგრუზვასა და თვითკმაყოფილებაში გადავარდნას.

უი თვითკმაყოფილებაზე დამავიწყდა მეთქვა. რა მათვითკმაყოფილებს ?

  1. ის რომ რასაც მივაღწიე, თუნდაც სტუდენტობას, თსუ-ში გლიჯინით ჩაბარებას (ამ თემაზე სხვა პოსტებში მიწერია დაწვრილებით), წარმატებულ პრაქტიკანტობას და “Facebook“-ში 650-მედ მეგობარს სულ საკუთარი უკანალით მივაღწიე. (აქვე დავძენ, ვისთვის ეს ყველაფერი მიღწევაა და ვისთვის არა, ხოდა ნუ გამომეკიდებით ეხლა )
  2. წაკითხული მაქვს იმაზე მეტი წიგნი ვიდრე ველოდი, მაგრამ იმაზე მეტი მაქვს დარჩენილი წასაკითხი ვიდრე წაკითხული მაქვს და წინ ბევრი სასიამოვნო საათი მელოდება. არ იფიქროთ ვბლატაობდე, ვინც მიცნობს ეცოდინება მე და ბლატაობა ცოტა მყრალად ვართ ერთმანეთთან, უბრალოდ მიხარია რომ ისე ვკითხულობ ბავშვობიდან , რომ არ მახსოვს ვინმეს რამე ერჩიოს ანდა მოეწოდებინოს აიღე ეს კარგიაო. მოკლედ, ჩემით შევიყვარე წიგნები და არარეალიზებულ სექსუალურ პოტენციას წიგნების კითხვაში ვარეალიზებდი🙂
  3. ადამიანების უმეტესობასთან ვახერხებ ვიყო მხიარული, ვიხუმრო რამეზე თუნდაც საკუთარ თავზე და მათზე მოვახდინო მეტნაკლებად. ხაზს ვუსვამ მეტნაკლებად, სასაიმოვნო შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ალბათ უფრო ასოციალურ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები. ( აი ზოგიერთ ადამიანტან კი ამასაც ვერ ვახერხებ იმდენად მაღიზიანებნ.კონკრეტიკის გარეშე)

აუუუ ვერ ვიტან საკუთარ თავზე ლაპარაკს. როგორც მინიმუმ კრეტინი უნდა იყო რომ საკუთარი თავი აქო ანდა ლანძღო, ხოდა ისედაც ბევრი ვილაპარაკე და ვიკრეტინე, ამიტომ ისევ ყოვედღიურ რუტინას დავუბრუნდეთ.

ხოდა მივედი სახლში და წავიდა დაცხრილვა „გშია?“ „რატომ არ გშია?“ „რა ჭამე?“ „სად ჭამე?“ „რატომ ჭამე?“ „ვინ გაჭამა?“ (აი ეს შეკითხვა მიყვარს რა– და აგერ ჩემი ტრადიციული პასუხიც: მჭამელის და გამომჭამელის მეტი რა არის დე🙂 ).

შევდივარ ჩემს ოთახში და ააააააა…. აი ეს მიყვარს რა. როცა უბრალოდ ჩემს მომწვანო ოთახში ვარ, სადაც ბევრი წიგნი ერთი საწოლი, ერთი სავარძელი , ორი სკამი და ერთი მაგიდაა. ერთიც ტუმბოა წიგნებით გამოჭედილი და ერთიც ის, წგნების თაროების შეკვრა . (აუ ეხლა სახელს ვერ ვიხსენებ და „შკაფის“ დაწერა მრცხვენია , მომავალი ჟურნალისტი ვარ ბოლოსდაბოლოს.)

მოკლედ ჩემს მწვანე ოთახში ვზივარ და ვკითხულობ ან ვწერ ან რამეს ვაკეთებ. ამასობაში ჩემს ძმასაც ბეზრდება რუსი ნაშების კერვა და ისევ  „Facebook“-ი. თან საკუთარ თავს ჩავაგონებ რომ პარალელურად უნდა წავიკითხო ან ვნახო რამე საინტერესო. რადან „ვიგრუზები“ ხოლმე ამდენ , ჩემზე ჭკვიან ადამიანს რომ ვხედავ. ვხედავ რომ ბევრი ჩემზე მეტს კითხულობს, ბევრი ჩემზე უკეთ და ბევრს წერს. მოკლედ მეწყება ბრძოლები და ვხვდები რომ ისევ მინდა:

  1. ვიცოდე ინგლისური და რუსული უფრო კარგად;
  2. დავიწყო გერმანულის სწავლა;
  3. წავიკითხო ბევრზე ბევრზე ბევრზე ბევრი რაღაც,
  4. ვუყურო ბევრ კარგ ფილმს;
  5. ვწერო უფრო მეტი და ყველგან;
  6. გავიცნო უფრო მეტი ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი, რადგან  სწორედ ეს ხალხი მაძლევს უფრო მეტ შთაგნებას მათდაუნებურად. ვცდილობ მათი სტილი არ დავაკოპირო, უბრალოდ იმასაც ვცდილობ, რომ მათგან ავიღო დადებითი და უარყოფითი ფეხებზე დავიკიდო. ვცდილობ რაღაც საერთო აღმოვაჩინო მათში. (თუმცა უკვე გულის სიღრმეში მჯერა, რომ ყოველი ადამიანი ერთნაირი ნაგავია, რომლებიდანაც ზოგი უფრო ყარს და ზოგი უფრო ახერხებს განიავებას).

ამ ყველაფრის პარალელურად ვიღაც მწერს ან ვიღაცას ვწერ. ზოგს კი ისევ ვაიგნორებ და ზოგსაც ისევ კოცნის სმაილს ვუგზავნი უკვე პრინციპის გამო. მოკლედ ყელამდე FB-ქაქში ვარ.

აუ კიდევ ძალიან ბევრს დავწერდი მაგრამ ამ წუთას „რეფორმაცია-კონტრეფორმაციის“ ლექტორი ბოლო ხმაზე გაჰკივის, რომ „ხელისუფლება აუცილებლად ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული და თუ მან არ ივარგა, ის  ღვთის ნებით (მკლავს ეს რელიგიური პათეტიკა) და ხალხის ნებით უნდა იქნეს გადარჩეული“. თან გულმოდგინედ ცდილობს თავისი წიგნი შემოგვტენოს, ოღონდ ამ ყველაფერს „უმტკივნეულოდ“ აკეთებს.

ხოდა ესეც პირადი პოსტი, არ ვიცი რამდენად წვნიანია, მაგრამ შევეცადე.

ეს ისე, განწყობისათვის🙂