თანამედროვე ქართული საინფორმაციო სააგენტოები

Posted on November 7, 2010

5



(ციკლიდან დავალებები თსუ-ში🙂 ) ეს ერთ-ერთი საკოლოკვიუმე თემაა ჩემი🙂

 

მანამ, სანამ უშუალოდ თანამედროვე ქართული საინფორმაციო სააგენტოების განხილვასა და ჟურნალისტიკის ამ მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე გადავიდოდეთ, უმჯობესი იქნება თუ განვიხილავთ მსოფლიო ახალი ამბების შეგროვებისა და გავრცელების გზებსა და ამ გზების განვითარების ისტორიას.

ახალი ამბების შეგროვებასა და გავრცელებას საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. იყო პერიოდი როდესაც ეს ყველაფერი საფოსტო მტრედებითა და უბრალო ნავების მეშვეობით ხდებოდა, თუმცა, იმ დროისათვის საინფორმაციო სააგენტოები არ იყო ჩამოყალიბებული იმ სახით, რა სახითაც ისინი დღეს არსებობს. უმეტესწილად ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება ხდებოდა არა ოპერატიულად და საკმაოდ შეზღუდული იყო სივრცობრივად. დროთა განმავლობაში როგორც მაიკლ შადსონი უწოდებდა, „დემოკრატიული საბაზრო საზოგადოების“ ჩამოყალიბებამ, მცირე-ბიუჯეტიანი გაზეთების გამოჩენამ, ახალ ამბებზე მოთხოვნილების გაზრდამ და ტექნოლოგიების განვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღესდღეობით საინფორმაციო სააგენტოებს შეუძლია წუთში 12 000 სიტყვა, რამდენიმე ფოტო და გრაფიკული გამოსახულება გადასეს დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეს.

140 წლის მანძილზე საინფორმაციო სააგენტოები სწრაფად განვითარდნენ და სადღეისოდ თითქმის ყველა მედიასაშუალება აქტიურად იყენებს მათ მომსახურებას. არ არსებობს მედია ორგანიზაცია რომელიც საერთაშორისო ან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების გაშუქების საქმეში არ იყენებდეს საინფორმაციო სააგენტოების მიერ მიწოდებულ ინოფრმაციას. ამის მიზეზი კი ის არის რომ მიუხედავად ფინანსური სიძლიერისა ან კორესპონდენტთა შტატების სიდიდისა მათ არ აქვთ ფუფუნება, რომ მსოფლიოს ან ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მომხდარ მოვლენებზე თავად მოიპოვონ ინფორმაცია.

დღესდღეობით მსოფლიოში ათასობით საინფორმაციო სააგენტო არსებობს, თუმცა ისინი განსხვავდებიან როგორც  მასშტაბურობით, ასევე მიწოდებული ინფორმაციის თვალსაზრისით. არსებობს რამდენიმე სააგენტო, რომლებიც მთელს მსოფლიოში განთქმულ და სანდო წყაროებად მიიჩნევიან. აღსანიშნავია რომ ყველა მათგანი  ე.წ. „ჩრდილოეთის“ ქვეყნებს ეკუთვნით, თუმცა დღეისათვის იმხელა მასშტაბისანი არიან, რომ რთულია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას მივაკუთვნოთ ისინი. (რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად რუსული „იტარ-ტასი“). ეს სააგენტოებია :

1. აჟანს-ფრანს-პრესი (AFP)- მისი წინამორბედი სააგენტო „ავა“ ჩამოყალიბდა საფრანგეთში 1835 წელს. 1879 წელს გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, 1940 ნაცისტური აგრესიის დროს მიუერთეს გერმანულ „დი-ენ-ბის“, 1957 წელს მიღებული კანონმდებლობით კი იგი დამოუკედებელი სააგენტოა.

2.“ასოშიეითიდ პრესი“ (AP)- „ჰარბორ ნიუს“ ასოციაციიდან 1857 წელს ჩამოყალიბდა „ნიუ-იორკ-ასოშიეითიდ-პრესი“. 1885 წელს მათ გამოეყოთ „ვესტერნ-ასოშიეითიდ-პრესი“ და დააფუძნა  დამოუკიდებელი საინფორმაციო სამსახური „AP“. ამის შემდეგ მისი პოპულარობა თავბრუსდამხვევი სისწრაფით გაიზარდა. 1945 წლიდან  ასოციაციის წევრობის უფლება აქვს ნებისმიერ გაზეთს, 1946 წლიდან კი რადიოკომპანიებსაც.

3.“როიტერსი“- 1851 წელს გერმანელმა ემიგრანტმა როიტერმა ბრტანეთში დაარსა სატელეგრაფო მომსახურება თავდაპირველად მხოლოდ საფონდო ბირჟებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა, თუმცა შედგომ გაფართოვდა მისი თემატური მრავალფეროვნება. 1915 წლიდან იგი კომპანიად ჩამოყალიბდა და დაერქვა შ.პ.ს.“როიტერსი“. 1941 წლიდან იგი ბრიტანული პრესის საერთო საკუთრებაა.

4.“ტასი“-1917 წელს დდაარსდა სააგენტო „როსტა“, იგი წარმოადგენდა ბოლშევიკების პროპაგანდისტულ ორგანოს. 1925 წელს იგი შეცვალა სააგენტო „ტასმა“. სსრკ-ს დაშლის შემდეგ იგი კლასიფიცირდა როგორც“ოფიციალური“ ორგანიზაცია და საბიუჯეტო დაფინანსებაზეა. 1992 წლიდან მას შეერწყა რუსეთის სატელეფონო სააგენტო და ჰქვია „იტარ-ტასი“.

რა თქმა უნდა, ეს არაა სრული ჩამონათვალი მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოებისა, თუმცა ამჯერად ქართულ მედიასივრცეში არსებულ სიტუაციაზე გავამახვილოთ ყურდღება. სსრკ-ს პერიოდში საქართველოში ძირითად საინფორმაციო წყაროდ „ტასი“ ითვლებოდა. 1990 წლიდან მოყოლებული კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ქართული ვარიანტი წარმოადგენდა ძირითად საინფორმაციო სააგენტოს. დროთა განმვალობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დღესდღეობით 10-ზე მეტი სააგენტო ფუნქციონირებს. მათ შორის ყველაზე პოპულარული  ხუთეული ასე გამოიყურება : “ინტერპრესნიუსი“ (IPN), „ჯიეიჩენი“ (GHN), „პირველი“, „მედიანიუსი“, და „ჯეონიუსი“.

1) ინტერპრესნიუსი“ (IPN) „პალიტრა-ჰოლდინგის“ კუთვნილებაა. დაარსდა ათი წლის წინ და უკვე წლებია წამყვანი საინფორმაციო სააგენტოა საქართველოში. როგორც სააგენტოების უმეტესობა, ისიც ხელმომწერებზეა დამოკიდებული. იგი სამი სახის მომსახურებას სთავაზობს კლიენტს, რომელიც განსხვავდება როგორც მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობით ასევე მისი გამოყენების ხარისხით და გადასახდელი თანხით. ქართულ სააგენტოებს შორის იგი ყველაზე ძვირია, თუმცა ოპერატიულობისა და ინფორმაციის რაოდენობის თვალსაზრისითაც პირველობს. გარდა ახალი ამბებისა იგი მომხმარებელს ანალიტიკურ სტატიებს, ვიდეოებს, ფოტორეპორტაჟებსა და სოციოლოგიურ კვლევებსაც სთავაზობს. მათ ოფიციალურ საიტზე ნიუსების ნაწილი გახსნილია ჩვეულებრივი ვიზიტორისათვის. სტატიები და ახალი ამბები სამენოვანია (ქართული, რუსული, ინგლისური).

2) „ჯიეიჩენი“ (GHN), რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოს“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. იგი დაფუძნებულია ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის ბაზაზე და მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან ინფორმაციას სთავაზობს (16 რუბრიკა). არის სამენოვანი და წერილობითი საშუალებების პარალელურად იყენებს ვიდეო და აუდიო საშუალებებსაც ინფორმაციის გასავრცელებლად. ნიუსებთან ერთად იგი აქვეყნებს ინტერვიუებსა და ანალიტიკურ სტატიებსაც.

3) საინფორმაციო სააგენტო “პირWელი” 2006 წლის 11 ნოემბერს დაარსდა. იგი აშუქებს საქართველოში, კავკასიის რეგიონში, მეზობელ ქვეყნებსა და ზოგადად მსოფლიოში მომხდარ ამბებს. „ინტერპრესისა“ და „ჯიეიჩენის“ მსგავსად სააგენტო „პირველი“ სამენოვანია და ნიუსების პარალელურად მომხმარებელს სთავაზობს სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და ექსპერტების მოსაზრებებს. მას 12 რუბრიკა აქვს, რომელთაგან ნაწილი ვებ-გვერდის ვიზიტორისათვის თავისუფალია ნაწილი კი დახურული ინფორმაციაა და მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა გახსნილი. სააგენტოს გამართილი მუშაობისათვის  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რეკლამას, გამომდინარე იქიდან რომ იგი განსაკუთრებული მასშტაბის არაა.

საბოლოოდ კი უნდა ითქვას, რომ ჩვენთან საინფორმაციო სააგენტოების მნიშვნელობა და ფუნქციონალური დატვირთვა უფრო და უფრო იზრდება, ეს განაპირობა ერთი მხრივ, ახალი მედიასაშუალებების დაარსებამ და მეორე მხრივ  თანამედროვე ტექნოლოგიების (ინტერნეტი) მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელებამ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე საკმაოდ ბევრი სააგენტოა შექმნილი, ისინი ჯერ-ჯერობით  ადგილობრივი მასშტაბისანი არიან და მათი ხელმომწერები ქართულ, სხვილ მედიასაშუალებებთან ერთად უცხოური და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები არიან. თუმცა აუცილებლად აღნიშვნის ღირსია რომ ქვეყნის შიგნით მათი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.

წყაროები : „გლობალური ჟურნალისტიკა: საერთაშორისო კომუნიკაციის კვლევა. რედაქტორი- ჯონ მერილი“ , www.top.ge,   www.ipn.gewww.ghn.gewww.pirweli.com.ge

 

Tagged: , ,