აქცენტები

Posted on November 22, 2010

33




მე მგონი, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად აქცენტების სწორედ გაკეთება უჭირს ხალხს.  (მათ შორის მეც, მაგრამ ახლა საკუთარ არასრულფასოვნებაზე საუბარს არ ვაპირებ).

მაგალითად, ჩემს უნივერსიტეტში (თსუ) აქცენტი კეთდება იმაზე, რომ „ბოლონიის პროცესი“ აუცილებლად განხორციელდეს და არა იმაზე, რომ სწავლისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას . ახლა მეტყვით ეგ დასაწვავი „ბოლონიის პროცესი“ მაგისთვის ხორციელდება ზუსტადაცო. მაგრამ თუ თქვენ თვითონ არ სწავლობთ ამ „ცოდნის ტაძარში“ ვერაფრით მიხვდებით რაოდენ „კომფორტულია“ ხუთსაათიანი შუალედების გატარება სიცივეში ან სიცხეში რომელიმე აკადემიური კორპუსის წინ, ვერ მიხვდებით თუ რაოდენ „სასარგებლოა“ ჯგუფელების არყოლა, პაპუასური ფორმებით შუალედური და საბოლოო გამოცდების ჩაბარება. თუმცა ეს ხომ არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია რაიმე „სვწკურ-ევროპული“ სახელი დავარქვათ ჩვენს უნივერიტეტში მიმდინარე პროცესს და ყველაფერი კარგადაა უკვე. თანაც ჩვენი ახალი რექტორი ხომ უკვე შეხვდა თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს, ოღონდ ერთი ეგაა, რომ ეს ყოველივე პიონერებისა და ბელადის გაევროპელებულ შეხვედრას უფრო ჰგავდა. ვერაფრით ჩავწვდი ამ ფორმალური ფსევდო-საჯარო შეხვედრების აზრს, როდესაც აუდიტორიები გადაჭედილი იყო ადმინისტრაციიდან  და თვითმართველობიდან მობრძანებული გუნდრუკისმკმევლებისაგან. თუმცა არც ესაა მნიშვნელოვანი ალბათ, მთავარია ბატონი ალექსანდრე იჯდეს კაბინეტში ზაფხულში -გრილად, ზამთარში- თბილად. მერე რა თუ მე-6 კორპუსში გათბობა ვერ ჩართეს, იმის გამო რომ მრიცხველი ვერ დაამონტაჟეს, პირველი თოვლის დადებამდე ეგეც მოგვარდებაო და ცხელი გულის გასაგრილებლად „კოკა-კოლის“ აპარატი შემოგვიტანეს შემოგვიტანეს შუა ნოემბერში. არც ისაა მნიშვნელოვანი რომ სახელმძღვანელოები არ გვაქვს, წადით და იშოვეთ „ჩვენ რა ვალდებულები ვართ ყველაფერი დაღეჭილი ჩაგიდოთ პირშიო“ , დაუღეჭავი მოგვაწოდეთ პატივცემულებო და ჩვენ გავიქნევთ ყბებს. მოკლედ, ერთი არასწორი აქცენტი, რომელზე საუბარიც მინდოდა ჩემს უნივერსიტეტში „ბოლონიის პროცესით“ გამართლებული ქაოსი და არეულ-დარეულობაა.

მეორე ცოტა უფრო ფართო მნიშვნელობისა და შინაარსის არასწორედ აქცენტირებული საკითხი ესაა ე.წ. „ოროსნების რევოლუცია“ . მგონია რომ, ჩვენს საზოგადოებაში  უფრო მეტი მსჯელობა იმაზე მიმდინარეობს თუ რამდენად მორალურია ამ ტერმინის ხმარება ვიდრე იმაზე, რომ რეალურად მომავალი თაობის უმრავლესობა დებილიზაციის გზას ადგას. ვიცი რადიკალური შეფასებაა, მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ საქართველო წიგნის კითხვის სიხშირით პროცენტულად ირანის და პაპუა ახალი გევინეის გვერდით დგას. (სამაგიეროდ ჩვენ „ვეფხისტყაოსანი“ გვქონდა თამარ მეფის დროს ხო ? ) ცოტა არ იყოს და სასაცილო სიტუაცია იქმნება. ისე, მართლა მაინტერესებს თუ ბავშვები საკუთარი პირით ამბობენ, არაფერი გვისწავლიაო, რატომღა ან როგორღა აბარებენ (თუნდაც არასაბუნებისმეტყველო საგნებს)  ?? ნეტა ვინც ჩააბარა იმისმა ნახევარმა რატომ ჩააბარა საერთოდ უმაღლესებში? ანდა მოსახლეობის 99% რომ არ სწავლობდეს უნივერსიტეტებში რა დაშავდება მაგით? ახლა არ მითხრათ რა უნდა აკეთონო. ის უნდა აკეთონ რასაც შეძლებენ. ვის რა ჩემს ფეხებად უნდა უნივერსიტეტგამოვლილი დებილი ? თუ ადამიანი დებილია ცხრა დიპლომის მერეც დებილი იქნება.
<a href="“>
არც ისე დიდი ხნის დამთავრებული მაქვს სკოლა და ძალიანც კარგად ვიცი რა სიტუაციაა საჯარო სკოლებში. უნამუსობაა ყველაფერი მასწავლებლებს გადავაბრალოთ, მაშინ როდესაც მოსწავლეების უმეტესობა ცხოველივით იქცევა გაკვეთილებზე, მაშინ როდესაც მშობლებს სკოლის არსებობა მხოლოდ „მშობელთა კრებებზე“ ახსენდებათ. მოდი, ყველამ გავახილოთ თვალი და ორმაგ სტანდარტებს მოვეშვათ, ჯერ იმას ვამბობთ რომ სწავლების პროცესი იძულებითი არ უნდა იყოსო, შემდეგ კი მასწავლებლებს ვადანაშაულებთ, რომ არ ექცევიან ბავშვებს სათანადო სიმკაცრით. ჩვენში ისევ შემორჩენილია საბჭოთა მასწავლებლის კულტისადმი მოთხოვნილება. ეს იყო ადამიანი, რომელიც თითოეულ მოსწავლეს შოლტით ადგა თავზე, ურეკავდა სახლში მის მშობლებს, ზოგჯრ სტუმრობდა კიდეც  შინ და მათ „უპატაკებდა“ შვილის საქციელს და ამ ყველაფერთან ერთად ტუალეტშიც არ დადიოდა.🙂

თუმცა მეორე მხრივ, რთულია არ გესმოდეს წლევანდელი აბიტურიენტებისაც. მაშინ როდესაც იცი, რომ ლამის სახელმწიფო დონეზე მოითხოვება მხოლოდ ჩასაბარებელი საგნების ცოდნა, შენც ძალაუნებურად ყურადღებას მათზე ამახვილებ. და უცბად იგებ, რომ ყველა საგანში გამოცდა გაქვს, გახსენდება რომ ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები ფეხებზე გეკიდა იმიტომ რომ შენს მასწავლებელსაც ფეხებზე ეკიდა თუ არ მოსთხოვდი, შენ კი არ თხოვდი რადგან არ აბარებდი. ამ დროს სულ მცირე პანიკაში მაინც ჩავარდება აბიტურიენტი და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველაფრის გამოკიდებით იმ ოთხ საგანსაც ვეღარ ისწავლის, რაც აქამდე მოეთხოვებოდა. უბრალოდ წარმოუდგენელია, რამდენიმე თვეში ისწავლოს ბავშვმა ფიზიკა ან ქიმია. ანდა დავუშვათ, რომ ისწავლა იმ დონეზე, რა დონეცაა საჭირო ამ ყბადაღებული გამოცდის ჩასაბარებლად. თქვენი აზრით,
გამოცდების შემდეგ იმ ბავშვს რამე დარჩება თავში ? თუმცა ჩვენ ხომ ყველაფერ ფასადურზე ვაკეთებთ აქცენტს და რა მნიშვნელობა აქვს რეალურ ცოდნას მიიღებენ თუ არა მოსწავლეები, მთავარია რეფორმამ ჩაიგრიალოს წარმატებით.

ჩემი შეფასებით არასწორედ დასმული აქცენტი ნომერი  სამი ჩვენს საზოგადოებაში- ეს რელიგიაა.  (ნუმერაცია პირობითია და ხარისხობრივად არ დამილაგებია) არავისთვისაა დამალული თუ რაოდენ მძლავრი იარაღია რელიგია პოლიტიკაში, მაგრამ ყველაზე სავალალო ამ ყველაფრისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაა. უკვე ჩვენ, ხალხი მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს რელიგიის რესურსები, გვეკეკლუცოს მისით და სასულიერო სფეროს მართვაში მონაწილეობა მიიღოს. რელიგია კარგავს მის ფუნდამენტურ თვისებას -ინტიმურობას. ის პირადი და რწმენაზე დამყარებული კი აღარაა, არამედ საჯარო და მოთხოვნებზე დამყარებული გვინდა რომ გავხადოთ. ყველგან და ყველაფერში მართლმადიდებლობას ვჩრით. გაიხსენეთ რამდენი საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი ატარებს ვიღაც წმინდანის სახელს. ასეთი სასწავლო დაწესებულებების არსებობის მართებულობა ალბათ სადავო საკითია, თუმცა ვერაფრით ვხვდები რატომ უნდა ეცადო ბავშვს დაბადებიდან დაუბნელო გონება რომელიმე კონფესიის ცნებებითა და მცნებებით. იქნებ სჯობდეს, რომ ადამიანმა ჯერ საღად აზროვნება ისწავლოს და თავად გადაწყვიტოს შემდეგ იყოს თუ არა მართლმადიდებელი ან ბუდისტი. თუ შუა საუკუნეებში ვართ და გვინდა რომ ევროპელებს მივემსგავსოთ (ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ მათი უმეტესობა „ხიხია კათოლიკეა“) ? ბარემ დავაბრუნოთ ვაჟთა და ქალთა გამიჯნული სასწავლებლები.
<a href="“>

ანდა გაიხსენეთ როგორ იგება დღეს ტაძრები საქართვეოში. მალე ალბათ „მაგთის“ „ჯეოსელისა“ და“ბილაინის“ წმინდანებად გამცხადების საკითხიც დადგება სინოდში. თითქმის ყოველ ორ წუთში ერთხელ სადმე მოკრავთ თვალს რეკლამას, თუ როგორ დაილოცება, აშენდება და დამშვენდება თქვენი ოჯახი და საგვარეულო თუკი აკრეფთ ოთხნიშნა ან რამდენიმენიშნა ნომერს და „საშვილიშვილო საქმეში“ თქვენს წვლილს შეიტანთ. ნეტავი სანამ ფიჭური კავშირგამულობის კომპანიებს, მობილურ ოპერატორებსა და ჩასარიცხ აპარატებს გამოიგონებნენ როგორ აგებდნენ საქართველოში ამდენ ტაძარს. წარმოიდგინეთ გრიგოლ ხანძთელი კიდევ რამდენ ტაძარს ააგებდა მობილურები რომ ჰქონოდა მის მრევლს . მოკლედ პირადად მე გულს მირევს ეს ფსევდო-რელიგიური პათეტიკა და თქვენი არ ვიცი.

კიდევ ერთი არასწორედ აქცენტირებული თემა (და დღეს ამით დავამთავრებ) “Facebook”-ია. უკვე ყელში ამოვიდა სანაიას რეპორტაჟიდან დაწყებული თითქმის ყველა არხზე გასული სიუჟეტები, სადაც ქართველი „სელებრითები“, გაურკვეველი პროფესიის ექსპერტები და პოლიტიკოსები აფასებენ სოციალურ მედიასა და Facebook-ს. რატომ არის საჭირო ამდენი დისკუსია სოციალური ქსელების ავკარგიანობაზე მაშინ, როდესაც არცერთი მათგანი არ ექაჩება ვინმეს გინდა თუ არა დარეგისტრირდი ჩემს სამომხმარებლო ველშიო. ინტელექტუალური სახეებით გვიხსნიან და გვიმარტავენ თუ რაოდენ მავნებელია დამოკიდებულების გაჩენა სოცმედიისადმი, თუ რამდენ დროს აკარგვინებს ის ადამიანს და ა.შ. ძალიან მაინტერესებს Facebook-ი რომ არ იყო რა ჩემს ფეხებს აკეთებდა ეს ხალხი ამისთანა მნიშვნელოვანს, რომ ახლა წუხან კომპიუტერთან გატარებულ დროზე. ალბათ სოციალური მედიის ბრალია პოლიტიკაში, ფეხბურთში, ესტრადასა და კულტურაში გარღვეულები რომ ვართ. რაღაც საოცრად ჭკვიანი იერით ცდილობენ აგვიხსნან რომ Facebook-ი და Twitter-ი „წოწოა“. არავინ ლაპარაკობს რამხელა სარგებლის ნახვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ამ ქსელების მეშვეობით, არავინ საუბრობს თვითრეალიზაციის იმ ასპარეზზე, რომელსაც ისინი აძლევენ ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს ყველაფერი ფუნქციების არცოდნითაა გამოწვეული და იმისი ბრალია, რომ  „ადნაკლასნიკებში“ ერევათ ცუკერბერგის გენიალური გამოგონება.  იქნება და დაებლოკა ამ ხალხს უაზრო თამაშები და ქვიზები, თავი დაენებებინა „სიყვარულები-სიხარულები“ კომენტარების დადებისათვის ტუჩებდაპრუწნულ სურათებზე და მეტი ეფიქრათ რა სარგებლობა მოაქვს Facebook-ს ან სხვა ნებისმიერ სოციალურ ქსელს.
<a href="“>
მოკლედ ამჯერად სულ ეს იყო რაზეც მინდოდა გამეკეთებინა ჩემი აქცენტი. ბოდიშს ვიხდი ბლოგზე პასიურობისათვის.