მოდით, დაგვიპყარით!(მიმართვა “ილიაუნის” რექტორატს)

Posted on November 28, 2010

28



მეუფე იობ’მა დალოცა ოპოზიცია, მისი მხარდამჭერები და რაც მოხდა თქვენ თავადაც ნახეთ. ერთ დღეზე მეტს ვერ გაქაჩა იმისი ლოცვის მადლმა, მაგრამ ეგ არაფერი კიდევ ბევრჯერ შეიკირბებიან პარლამენტთან და კიდევ ბევრჯერ დაიშლებიან. მაგის არ შეგეშინდეთ ხალხნო აქციების მეტი რა იქნება, მაგრამ ამჯერად რუის-ურბნისული ლოცვა-კურთხევის მეორე, უფრო საინტერესო ასპექტზე მინდა ყურადღება გავამახვილო. სულიერ ოკუპაციაზე. მამა იობ’მა ს-თქვა „ილიაუნელები“ სულერად ოკუპირებულები, ასეთები და ისეთები არიანო. ალბათ ისევ დეისაძეის ლეგენდარული წიგნის გამოძახილია ეს ყველაფერი. იმდენს იზამენ ჩვენი სულერი მამები და პაპები სანამ „სირობას“ „სერობის“ ტოლფასად არ აქცევენ ხალხის თვალში და მერე მონაგანი იქნება „ვეფხისტყაოსანზე“ მოთხრობილი ლეგენდები, როგორ სდევნიდა ეკლესია ამ ნაწარმოებს, და მერე როგორ იქცა ლიტერატურულ შედევრად. დეისაძე და სირობა იქით იყოს და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ის, რომ მეუფე იობ’ი რუისიდან დასკვნებს აკეთებს „ილიაუნიში“ არსებულ სიტუაციაზე. ცოტა არ იყოს და ბუნდოვანი რჩება ჩემთვის სულიერი ოკუპაციის რეალური არსი, ნუთუ მართ(ლ)მადიდებელი ქრისტიანები ისეთი მყიფენი არიან საკუთარ რწმენაში, რომ ნოდარ ლადარიას ან გია ნოდიას ლექციები მათ რწმენას შეუცვლის, ანდა რომელი რწმენის შეცვლაზეა ლაპარაკი ? ცოტა არ იყოს და ესეც სასაცილო არაა ზემოხსენებული ლექტორებიდან  რომელიმე ანტიქრისტედ რომ მივიჩნიოთ? მოკლედ, არ მგონია რომ ბევრი მტკიცება სჭირდებოდეს რუისიდან წამოსული ტერმინის უაზრობას, უშინაარსობას. ალბათ იობ’ი ხუმრობის ხასიათზე იყო.

იობ'ი

მაგრამ იმას კი დანამდვილებით ვერ ვიტყვი ჩვენი მეორე „მამა“ თეოდორე გიგნაძე რამდენად იქნება ხუმრობის ხასიათზე 29 ნოემბერს თსუ-ში გამართულ ლექცია-ქადაგებაზე. ეს ალბათ „სადმე“ შემუშავებული სტრატეგიის ნაწილია და „ილიაუნის“ ოკუპაციით შეშინებული  აპირებენ „სულიერი დეოკუპაციის“ პოლიტიკა გაატარონ თსუ-ში. უკვე რამდენიმე დღეა ჩემი უნივერსიტეტის კორპუსებში დამონტაჟებულ ეკრანებზე ტრიალებს რეკლამა, საიდანაც სტუდენტებს მოუწოდებენ დაესწრონ ჟურნალ „კარიბჭის“ მიერ ორგანიზებულ, დიადი ქართველი მამის, თეოდორე გიგნაძის  ლექცია-ქადაგებას , სადაც ის ნებისმიერ შეკითხვაზე გაგვცემს კომპეტენტურ პასუხს და კიდევ ერთხელ გვეტყვის, რომ მსუბუქი მაკიაჟი ცოდვად არ ითვლება, ცოდვად „ვულგარული“ მაკიაჟი მიუჩნევია ღმერთს, რომ მანქანა უნდა და თუ ვინმე აჩუქებს მადლობელიც კი დარჩება მას, ალბათ ამჯერად ფეშენებელურ ვილასა და იბიცაზე ორ ბილეთსაც ითხოვს „საყვარლად“. შეიძლება ერთი-ორი ქართველი მწერალიც შემოელანძღოს და დასასრულ, დესერტად შორენა ბეგაშვილებსა დასხვა „ასქესებულ“ დედაკაცებსაც ჩადებს და ამოიღებს მიწიდან. მოკლედ დიდი სულიერი ღაღადისი იქნება. ეს იქნება ჭეშმარიტად ღვთიური ნაბიჯი თსუ-ს სულიერი დეოკუპაციისა და სულიერი გაბრწყინებისა.

თეოდორე გიგნაძე

ყველაზე საშინელი კი სტუდენტთა რეაქციები და რელიგიური ვნებების გამომხატველი სახეების ყურებაა. მაგრამ სულაც არ მიკვირს ეს ყველაფერი. ის კი არადა ქართულის ლექციაზე ჩემს წაკითხულ თემას „მე ვარ ქართველი“ რა რექციებიც მოჰყვა ისიც კი აღარ გამკვირვებია. ჩემი ჯგუფელების უმეტესობა ვერაფრით მიხვდა, თუ რატომ ვარ წინააღმდეგი ქართული შაბლონების, კლიშეების, ტრადიციად ტირაჟირებული დებილიზმისა. რატომ მაღიზიანებს ამდენი ფსევდო-პატრიოტიზმი, ფსევდო-რელიგიურობა და ფსევდო-ქართული კლდემამოსილება. ვიცი, მეტყვით ქარის წისქვილებს ებრძვიო, მაგრამ იქნებ არც ისე დიდი აბსურდია ეს ბრძოლა. ქარის წისქვილებთან რომ არ ებრძოლა დონ კი ხოტს რა ჩემს ფეხებს დაწერდა სერვანტესი და რითი იამაყებდა მთელი ესპანეთი მერე. გამოდის რომ ზოგჯერ წისქვილთან ბრძოლასაც აქვს აზრი და ადამიანებს რა ღმერთი გაუწყრებათ, რომ ვერ მივახვედრო რას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ მე ამდაგვარ თემებში არ ვლაპარაკობ იმას, რაც თითქმის ყველას აქვს ნათქვამი ((რომ თურმე რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, რომ ხმალი უნდა ავლესოთ (რომელთა ქარქაშიდან ამოღებაც ვერა და ვერ დავამუღამეთ), რომ ჩვენ, არაგველები სისხლით გაუმაძღარნი ვყოფილვართ, რომ გვყოლია შოთა, ილია აკაკი ვაჟა და გალაკტიონი და ა.შ). როგორც წესი, თითქმის ყოველდღე სახეში მიფართხუნებენ „ბიბლიასა“ და „წმინდანების ცხოვრებას“ იმის ძახილით, რომ მე ათეისტი ვარ. არა ხალხნო მე პესიმისტი ვარ, პ-ე-ს-ი-მ-ი-ს-ტ-ი რა ვერ გაიგეთ?! უკვე  ყოველი ფეხის ნაბიჯზე მხვდებიან ჩემი ქრისტიანი მეგობრები, ნათსეავები, კლასელები, ჯგუფელები და მიკითხავენ მორალს, მაგრამ თავდაცვას არ ვაპირებ თუ არ ჩავთვლით იმას რომ ცოტას მეც დაგესხმებით თავს.

ლამის 17 საუკუნეა ვიფხრიწებით და თავს ვდებთ ქრისტიანობაზე, ხან ქრისტეს კვართს ვაფრიალებთ და ხან ღვთისმშობლის სუდარას, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ ვერ მოგვიხერხებია უმარტივესი  ქრისტიანული დებულებების გააზრება, რთული აღმოჩნდა თუნდაც ქრისტიანულ-ბიბლიური ფაქტების ადეკვატურად გაგება და აღქმა. ჯერ კიდევ ვერ გაგვითავისებია რომ ღმერთმა , მამაც რომ არის, ძეც და სულიწმინდაც ბიბლიის მიხევით ჯერ ადამიანი შექმნა და მერე გაყო ის ქალად და კაცად, ლამაზად და მახინჯად, ქრისტიანად და ბუდისტად, იეჰოველად და დუხობორად. მაგრამ მე არ ვაპირებ თეოლოგიურ წიაღსვლებს, სხვებისაგან განსხვავებით, რაც არ შემიძლია იმაზე ლაპარაკით შუაზე არ გავიფხრიწები. მე მხოლოდ მარტივი ლოგიკური დასკვნის გამოტანა მინდა მთელი ამ რელიგიურ-ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ფაქტებიდან. მთელი ბიბლიიდან მე ერთადერთი დასკვნა გამომაქვს – ყველა ადამიანი არის ადამიანი და არ აქვს მნიშვნელობა მის ფერს, ფორმას, გემოს და სუნს. არ აქვს მნიშვნელობა ხატებს ურტყამს თავს დილა-საღამოს თუ გოდების კედელს, ის ადამიანია და ამით ყველაფერი ნათქვამია. ხოდა რამენაირად ჩემი განსხვავებული აზრებიც აიტანეთ გთხოვთ, თუ არ აიტანთ და არა მგონია მაგით ძალიან შევწუხდე.

ძალიან რომ გადავუხვიე დაწყებულ თემას ვიცი, ამიტომაც ისევ მას დავუბრუნდები და ვაცხადებ: მე, როგორც ერთი რიგითი თსუ-ელი სტუდენტი მივმართავ ბატონ გიგი თევზაძეს, ზედანიას, ლადარიას, ნოდიას, პაიჭაძეს, კორძაია-სამადაშვილსა და სრულიად „ილიაუნის“ რექტორატს მოდიიიიით , დაგვიპყარით, მოახდინეთ ჩვენი სულიერი ოკუპაცია. გიგნაძის დეოკუპაციაზე უარესი არამგონია კიდევ არსებობდეს რამე ამ ქვეყნად.