მამების ანუ მკვდარ თაობაზე

Posted on December 16, 2010

48



“ლაპარაკობთ ჩემს ზურგს უკან???? ე.ი. მე წინ ვდგავარ. ჩემს ცხოვრებას აკრიტიკებთ? ე.ი. თქვენს ცხოვრებაზე საინტერესოა. ცდილობთ მომიძებნოთ ნაკლი? ე.ი. გშურთ ჩემი. ტალახის ღირსად მთვლით? ე.ი. აქამდე სუფთად მივლია. ასე გააგრძელეთ )) მომიტევებია…”
(ვიღაცის სიტყვები🙂 )

( “პრელუდია” – უკვე შევეჩვიე მეგობრებისგან, კურსელებისგან, ნაცნობებისგან, უბრალო შემხედრებისგან საყვედურს, რომ ყველაფერს ვაკრიტიკებ, ვაპროტესტებ და ვწუწუნებ, რომ ყველაფერში ცუდს ვხედავ და „მთელ დღეს უარყოფითად ვატარებ“ ©კახი სანიკიძე. მაგრამ ნურას უკაცრავად ! არც ეგრე მარტივადაა საქმე. მე ყოველთვის მაქვს ჩემი არგუმენტი – ის, რაც მომწონს და რაც მსიამოვნებს სხევბის საქმე არაა, ის ჩემთვისაა სასაიამოვნო და მოსაწონი და შესაბამისად, სულაც არაა აუცილებელი ვინმესთან გამოვხატო ჩემი სიხარული, ბედნიერება, აღტაცება და ხვინტრიცის სურვილი. ეგ, კი არა და ხანდახან ვწუხვარ ხოლმე, ზედმეტად ბევრს ხომ არ ვიღიმი მეთქი. მოკლედ, ტყუილად ნუ დაიღლით მაგ კუნთოვან, ხორცის ნაგლეჯს ორალურ ღრუში ჩემს ზედმეტად არაკონფორმისტულ ხასიათზე ლაპარაკით, რადგან ვერაფერს შეცვლით. მე რაც მომწონს და მსიამოვნებს ეგ ჩემი საქმეა და სულაც არ მადარდებს ვინმეს ეცოდინება თუ არა ამის შესახებ რამე. მე ის უფრო მაწუხებს, რაც არ მომწონს და შესაბამისად ლოგიკურია, რომ უფრო მეტს ასეთ საკითხებზე ვლაპარაკობ. )

რეფორმაციის ისტორიის ლექტორმა ახალგაზრდები დაგვადანაშაულა „ყველაფრის უაპელაციოდ მიღებაში“ (სტილი დაცულია). იმ წუთას აღვშფოთდი, რომ „პავლიკ მოროზოვის თაობის“ კაცი ჩვენ, სტუდენტებს კონფორმისტებს გვიწოდებდა. ვუთხარი კიდეც, მაგას თქვენი თაობის წარმომადგენელი არ უნდა გვეუბნებოდეს, თქვენ ხომ იმ თაობას ეკუთვნით, რომელმაც ჰიმნები და საგალობლები შეუთხზა სსრკ-ს და მათ ლიდერებს სათითაოდ მეთქი. ამ დროს ჩემი ჯგუფელი შემომიტრიალდა აღშფოთებული სახით და მითხრა, კი მაგრამ ეგ ის თაობაცაა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვაო. აღარაფერი ვუთხარი, გავჩუმდი. რა აზრი აქვს, რამის მტკიცებას, როდესაც ახლაგაზრდა ადამიანს იმდენიც კი ვერ გაუანალიზებია, რომ 9 აპრილს არ დაუშლია საბჭოთა კავშირი და ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავაზე დიდი დამსახურება საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებაში რუსეთ-აშშ-ს ინტერესებმა ითამაშეს. მოკლედ, ოჯახში, სანაცნობიში, სუფრებსა და ისტორიის სახელმძღვანელოებში გვასწავლეს , რომ ზვიადმა გაათავისუფლა საქართველო და დაშალა სსრკ, ხოდა ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დავიჯეროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლექტორის სიტყვები თითქმის ორ წამში გამართლდა ჩემი თაობის შემგუებლობასთან დაკავშირებით, მე მაინც ბოლომდე, ხმის ჩახლეჩვამდე ვეძახე „მამების“ თაობას კონფორმისტები და კოლაბორაციონისტები. მართალია პირადად ჩემთვის ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება (ხაზგასმით ვამბობ ამას), მაგრამ მაინც ღრმად მწამს, რომ „შვილების“ გაფუჭება და გაუბედურება „მამების“ დამსახურებაა.
ჩვენ დიდი ხანია გვარწმუნებენ, რომ „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო,“ მაგრამ არავის ახსენდება რომ იმ „შვილს“ გაკეთებასთან ერთად აღზრდაც უნდა. ასე, რომ „მამებო“ თუკი რამე არ მოგწონთ ჩვენში ეგ მხოლოდ იმისი ბრალია, რომ ქეიფსა და ყანწების დაცარიელებაში, რუს ნაშებთან გულაობაში, „წამლის ჩხერაში“ და „პლანით კაიფში“ გაერთეთ და ჩვენი აღზრდა დაგეზარათ/დაგავიწყდათ. ერთი-ორჯერ შეიბერტყეთ ყური (1978 და 1989 წელს) და გეგონათ დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყანა თავისით აშენდებოდა, შვილებიც თავისით დაიზრდებოდნენ და თქვენ მხოლოდ მხარ-თეძოზე უნდა წამოწოლილიყავით. მაგრამ მოთმმინება ჭკუაზე მეტი აღმოგაჩნდათ და მანამდე უყურეთ ქვეყნის ნგრევას, სანამ ბოლომდე არ გავნადგურდით. მოკლედ, დაგეზარათ ჩვენი აღზრდა? დაგავიწყდათ? არ გინდოდათ? ხოდა ახლა დროა ჩვენთან უაზრო კამათს, ჩვენს გაუნათლებლობაზე, უწიგნურობაზე, უუნარობაზე დაჯდეთ თბილად სავარძლებში და გაიხსენოთ რამდენი გაუნათლებელი იყო თქვენს თაობაში, რამდენმა ვერ გამოიყენა საოცნებო ოქროს მედლები და წითელი დიპლომები, რამდენმა დააობა მილიონები სალაროებში იმის გამო, რომ ფულის გამოყენების უნარი არ ჰქონდა. მორჩით ჩვენზე გადავლას,  გაითვალისწინეთ ის, რომ თქვენი თაობა წყალწაღებულია და ჩვენ მაინც გვაცადეთ ხავსზე მოჭიდება. საინტერესოა, ვისთან გაქვთ პრეტენზია, როდესაც თქვენ თავად ვერ აღგვზარდეთ (არ ვიღებ არგუმენტს, რომ კაცს მარტო წვრთნა ვერ უშველის თუ ბუნებამც არ უშველა. მერე რა რომ აკაკი წერეთლის პოემიდანაა, ეგეც ადამიანი იყო და ზოგჯერ არც ისე ჭეშმარიტებას ღაღადებდა).
მაგრამ მეორე მხრივ მადლობა „მამებს“ თავი თუ არ შეიწუხეს ჩვენი აღზრდით. რა უნდა გასწავლოს თაობამ, რომელმაც თავად არაფერი იცის. დიპლომების რაოდენობასა და ფაქტობრივი ინფორმაციის ოდენობას არ ვგულისხმობ, მე ღირებულებებსა და შეხედულებათა სისტემებზე მაქვს საუბარი. ვის რა ოხრობად უნდა შენი ენციკლოპედიური, „რა?სად?როდის?“-ისეული დახავსებული ცოდნა, მაშინ როდესაც ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება გიჭირს? ვის რაში სჭირდება შენი ისტორიის (ისიც დამახინჯებული) ცოდნა და მეფეების ზეობის წლების გაზუთზხვა, როდესაც იქიდან გაკვეთილს ვერ იღებ. მოდი დავსხდეთ და ჩამოვწეროთ, რა გვერგო თქვენგან მემკვიდრეობით (ნუ გეშინიათ დაკარგულ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და თურქეთში გატანილ სპილენძს აღარ გაგახსენებთ, ისედაც თქვენი ბრალია. მე ფასეულობებზე და მორალურ მემკვიდრეობაზე გესაუბრებით):
1 )ფსევდორელიგიურობა;
2) შიში და ზიზღი განსხვავებული აზრისადმი/ადამიანისადმი;
3) ქსენოფობია;
4)ყალბი, საქეიფო პატრიოტული პათეტიკა;
5) მდედრზე მამრის პრივილეგირებულობის შეგრძნება;
6) ჰომოფობია;
7)“ჩაცუცქვის“, „ჩმდდშვცისა“ და „ბოზიშვილივიყოს“ ინსტიტუტები;
8)კანონიერების, სამოქალაქო აზროვნებისადმი ზიზღი;
9)დამახინჯებული ენა და ისტორია;
10)სწავლისადმი გულგრილობა;
11) შვილის „ბოზებში“ წაყვანის ტრადიცია;
12) კამათის „უკულტურობა“;

13)…
მგონი ესეც საკმარისია, ჯერ ამდენი ჩასვრილი ამოწმინდეთ და მერე წამოდით შეტევით. ჯერ თქვენ თავად წაიკითხეთ საკმარისი და მერე გვაკრიტიკეთ უწიგნურობის გამო, ჯერ თქვენ დაწერეთ ღირებული რამ და მერე აკრიტიკეთ ჩვენი ნაწერები, ჯერ თქვენ აიმაღლეთ გემოვნება და მერე გვედავეთ ჩვენს უგემოვნობაზე.
მამებო, ხშირად მინდება ცუდი რამის თქმა თქვენზე, მაგრამ „მკვდარზე ან კარგი უნდა ვთქვათ ან არაფერიო“ – თქვენივე ნასწავლიდან მახსოვს, ამიტომაც თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთს გეტყვით – თქვენ ჩაყვინთული, გარდაცვლილი თაობა ხართ !