არარაობავ, სტუდენტობა უნდა გერქვას შენ !

Posted on December 27, 2010

30



(ციკლიდან- დავალებები თსუ-სთვის)🙂

როგორც იქნა სტუდენტი გავხდი… ამიხდა რამდენიმეწლიანი ოცნება და დღეს ჩემს საფულეში პირადობის მოწმობის გარდა, ორი სტუდბილეთია (პლასტიკური და ლამინირებული), თუმცა ჯერჯერობით არცერთი დამჭირვებია, თუ მაღლივის ბიბლიოთეკაში, წელიწადში რამდენიმე გამოცდისას, ზრდილობის გულისთვის დამკვირვებლისთვის წარდგენას არ ჩავთვლით. ფული ისევ არაა. არა, წუწუნი არაფერ შუაშია. ხანდახან რეალობის აღწერა წუწუნი გვგონია ხოლმე. მაგრამ დაე, ვისაც ჰგონია ეგონოს. მე ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი.

მოკლედ უფულობასა და სტუდენტობაზე ვსაუბრობდით. გაიხსენეთ, ლექციების რეჟიმი ჩვენს უნივერსიტეტში და მიხვდებით, რატომ ვერ იმუშავებს სტუდენტი სრულყოფილად. გაიხსნეთ, რამდენი ზრდასრული და უნარშეუზღუდავი ადამიანია უმუშევარი და აღარ გაგიკვირდებათ ახალგაზრდების უმუშევრობა. გაიხსენეთ, საშუალოდ რამდენი დიპლომი აქვს „ სტატისტიკურ ქართველ ტაქსისტს“ და საერთოდ აღარაფერი გაგიკვირდებათ. გაიხსენეთ, ფასები წიგნებზე და მიხვდებით, რატომ ვერ ყიდულობს ბევრი ჩვენგანი მათ.  და ბოლოს, გაიხსენეთ რამდენ მაღაზიაში, კინოსა და თეატრში, მუზეუმსა და კულტურულ დაწესებულებაში მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება და საბოლოოდ მიხვდებით, რატომ ხდებიან ქართველი სტუდენტები ხშირად ინერციულები. რატომ ვერ ყალიბდებიან სრულფასოვან მოქალაქედ, ვერ იღებენ სრულყოფილ განათლებას, ვერ ყალიბდებიან ანგარიშგასაწევ ძალად.

მოდი, სტუდენტურ პრობლემებზე ზოგადად საუბარს დროებით შევეშვათ და მხოლოდ სტუდენტურ ფასდაკლებებზე ვისაუბროთ. ალბათ, საერთოდ ვერ მიხვდით რაზე ვსაუბრობ. არა იმიტომ, რომ მიუხვედრელები ხართ, არამედ იმიტომ, რომ ცნება „ფასდაკლება“ საქართველოში ზოგადად აზრშეცვლილია და არსებული ფასის გაყინვასა და ზემოთ გადახაზულ, გაორმაგებულ ფასს ნიშნავს. ხოლო როდესაც „ფასდაკლებას“ წინ სიტყვა „სტუდენტური“ ეწერება საერთოდ ფანტაზიის სფეროში გადავდივართ.

თქვენი არ ვიცი და მე მეტროსა და ყვითელი ავტობუსის გარდა არსად გამიგია, რომ სტუდენტებზე რამე შეღავათი იყოს გათვალისწინებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში თითქმის ყოველდღე ვრწმუნდები ადამიანის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებში. ვხედავ თუ რაოდენ მოქნილი და ელასტიკური შეიძლება იყოს ჩემი სხეული. ვითვლი ხოლმე რამდენ ტრიუკს გავაკეთებ ავტობუსში და დანიშნულების წერტილას მისული გაბრაზებული ვბუზღუნებ ხოლმე, რომ აღარასოდეს ავალ აღარც „სანდრას ავტობუსში“ და აღარც „ჟუჟუნას ტროლეიბუსში“ , მაგრამ განახევრებული ფასის გამო ხშირად მიწევს უარის თქმა საკუთარ ჯანმრთელობაზე და რამდენიმე საათში ისევ ყვითელი ავტობუსის ან მეტროს ვაგონის ჭერზე მაქვს ფეხები აწყობილი. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტუდენტის ცხოვრებაში ფასდაკლება. განა იმიტომ რომ 40-60 თეთრი არ გვაქვს. უბრალოდ ხშირად ყველანაირი ხარჯი ერთად რომ იყრის თავს, ცოტა არ იყოს და ძვირი გამოდის სტუდენტობა.

ჩვეულებრივ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტზე არაა გათვალისწინებული ფასდაკლება არანაირ საქონელსა თუ სერვისზე . მათ შორის არც წიგნებზე (!!!) , არც თეატრებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში შესასვლელ ბილეთებზე, არც საცხოვრებლებსა თუ  სმა-ჭამაზე. ჯერ-ჯერობით ვერავინ ხვდება, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ფასდაკლებას სტუდენტისათვის. ყველას ჰგონია, რომ ამისათვის აუცილებლად ხელისუფლების ნება და „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანიური ქმედებებია საჭირო. არავის ახსენდება ის, რომ ხშირად საზღვარგარეთ ასეთ ფასდაკლებათა სისტემებზე სახელმწიფო სულაც არ ზრუნავს. იქ უნივერსიტეტების დირექციებსა და კერძო კომპანიებს ჰყოფნით საზრიანობა და ერთმანეთთან აფორმებენ კონტრაქტებს, თავადაც ნახულობენ სარგებელს და სტუდენტებსაც უიოლებენ ცხოვრებას. მაგრამ ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება. ეს უპერსპექტივობა განსაკუთრებით თვალსაჩინო იმ ქართველი სტუდენტებისთვისაა, ვინც შეიგრძნო სტუდენტური ფასდაკლებების სიტკბო და ახლა, კვლავ „სამშობლოშია“ და „დედა უნივერსიტეტის წიაღში იღებს განათლებას“. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტია ნინო მაჭარაშვილი. ჩემი თუ არ გჯერათ, პირველი პირისაგან მოისმინეთ, თუ რა კარგია ზოგჯერ სტუდენტობა (განსაკუთრებით მაშინ თუ საქართველოში არ ცხოვრობ :

„შარშან ვიყავი ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტი. გვქონდა ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაციის წევრობის ბარათები, ასევე, საერთაშორისო სტუდენტის ბარათი. ზოგიერთი სახის ფასდაკლების მისაღებად კი უბრალოდ უნივერსიტეტის სტუდბილეთიც კმაროდა.
ფასდაკლება ძალიან ბევრ პროდუქტზე იყო; განსაკუთრებით, კლუბებში უფასო შესვლებს ან სასმელის შეღავათიან ფასს გულისხმობდა ხოლმე ამა თუ იმ ბარათის აქცია;
ასევე, იყო ძალიან ბევრი მაღაზია, კაფე-ბარი და ა.შ., სადაც სტუდენტებისთვის 10-15 ან 20%-იანი ფასდაკლებები მოქმედებმა.
რაც ყველაზე მაგარი იყო, თითქმის ნებისმიერი სტუდენტური ბარათით შეგეძლო გესარგებლა ტრასნპორტზე ფასდაკლებით, რაც საკმაოდ კარგი შეღავათი იყო.
ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნისას, დავინახე, თუ რამხელა შეღავათია, იყო სტუდენტი (ვგულისხმობ, ფინანსურ შეღავათს); საქართველოში კი ამ სტატუსს მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათები მოაქვს ჩვენთვის, მეტი მე არ ვიცი, რაიმე ფასაკლება არსებობდეს სტუდენტებისთვის.
ვფიქრობ, ქართულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ახლაგაზრდულ სექტორზე მუშაობენ, ამ მხრივ უნდა განავითარონ თავიანთი მარკეტინგული გეგმა და სტუდენტებზე გათვლილი ბიზნესი აწარმოონ. ამით ისინიც მოგებულები დარჩებიან და ჩვენც – შეღავათიანად და ხარისხიანად გავერთობით!“

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა შემშურდა ესტონელი, ჩეხი ან თუნდაც ბულგარელი სტუდენტების, რომლებსაც აქვთ ფუფუნება, რომ ისინი სტუდენტები არიან და მათ ეპყრობიან ისე, როგორც ნამდვილ სტუდენტებს. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, კი მხოლოდ სტუდბილეთებსაც უნდა დავკმაყოფილდეთ.  ბოლოსდაბოლოს ამხელაზე შეწუხდა ჩვენი ადმინისტრაცია და ისინი სპეციალურად ჩვენთვის პლასტიკურ ბარათებზეც კი დაბეჭდეს. ეჰჰ, შექსპირს რაღა მოვთხოვო თორემ, მე მგონი, არარაობავ სტუდენტობა უნდა გერქვას შენ. ( და არა დედაკაცი)