კიდევ ერთხელ, ნაძალადევ სკეპტიციზმზე

Posted on January 9, 2011

14



უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა  „განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის“ მიერ გადაღებული ვიდეოები, სადაც ცნობილი თუ ნაკლებ ცნობილი ადამიანები გამოთქვამენ საკუთარ აზრს განსხვავებულობაზე. რეაქცია არაერთგავროვანია. მაგრამ გასაკვირი არ იქნებოდა მაგალითად, ჩემი ჰომოფობი ან ქსენოფობი ძმაკაცისაგან რომ მომესმინა კრიტიკა, რომელიც გასცდა ვიდეოებსა და ვიდეოს მონაწილეებს და ჯერ თავად ორგანიზაციის კრიტიკაში გადაიზარდა, შემდეგ კი „ფილოსოფიურ ჭმუჭვნაში“ და საუბარი ამჯერად უკვე იმას ეხება, საჭიროა თუ არა განსხვავებულობის კვლევა და უნდა ვიამაყო თუ არა მე, ადამიანმა საკუთარი ინდივიდუალობით.

ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ მთავარი კრიტიკოსები თავადვე არიან განსხვავებულები. არ ვაპირებ ვინმეს კონკრეტულად დასახელებას. უბრალოდ ეს ე.წ. „ტრაკში-პერო-სკეპტიციზმი“ ყველაფრისადმი უკვე სასაცილოა. სასაცილოა, როდესაც ადამიანი იწყებს ფილოსოფიასა და გაურკვეველ ორგანიზაციულ მრწამსზე საუბარს, ამ დროს კი მისი ბევრი მეგობარი უარს ამბობს საკუთარ რეალურ ცხოვრებაზე, უწევს საზოგადოებაში დამკვიდრებულ, მახინჯ სტერეოტიპებს დაემორჩილოს და იცხოვროს ვიღაც სხვის ცხოვრებით, იმის შიშით, რომ სცემენ ანდა სამსახურსა და ადამიანურ ურთიერთობებს დაკარგავს ან სულაც მოკლავენ.

ზოგადად, ყველაზე რთულია გაიაზრო და გაითავისო პრობლემა, რომელიც უშუალოდ შენ არ გეხება. ეს კი, სწორედ ეგ შემთხვევაა. იმის გამო, რომ მთავარ კრიტიკოსებს საკუთარი განსხვავებულობის მიუხედავად, არ შექმნიათ პრობლემა უმთავრეს რამეში, თვითრეალიზებაში, მშვენიერ ადგილებზე მუშაობენ, პირადსაც იწყობენ და არაპირადსაც, ვერ წარმოუდგენიათ, რომ სხვებისთვის განსხვავებულობა პრობლემაა.

ჯერ ორიოდე სიტყვას ვიტყვი, საჭიროა თუ არა განსხვავებულობის კვლევა. ალბათ, სიტყვა „კვლევა“ აშინებთ და ჰგონიათ, რომ ეს მაინცადამაინც ცდების ჩატარებას გულისხმობს ან მაინცდამაინც განსხვავებულობის პროპაგანდას ისახავს მიზნად. მაგრამ რეალობა ცოტათი სხვანაირია. განსხვავებულობა მაინც იარსებებს პროპაგანდას გაუკეთებს თუ არა ვინმე და ასოციაციის დასახელებას დასაწყისში რომ კითხულობთ და იწყებთ შფოთვას, ბოლომდე უნდა ჩახვიდეთ და ნახოთ, რომ კვლევები სათემო აქტივიზმისათვისაა საჭირო და არა იმისთვის, რომ მერე ასოციაციის დაწერილი ანგარიში ასოციაციის წევრებმავე იკითხონ. თუკი „განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის“ ასოციაციის მიერ ჩატარებულ,ერთ-ერთი კვლევის შედეგებს გადახედავთ, დაინახავთ რამდენი პრობლემა აქვთ „არაჰეტერონორმატიულ“ ადამიანებს. იქნებ და ტერმინოლოგიურ  კაზუისტიკაზე მეტად იმაზე გვეფიქრა, რას გვთავაზობს ეს ასოციაცია შინაარსობრივად. თუ მაინცადამაინც შენ უნდა გცემოს ან დაგასახიჩროს ვინმემ, რომ მიხვდე, რომ შენც განსხვავებული ხარ, რომ ბევრი ადამიანი  შენს გარშემო ვერ ახერხებს რეალიზებას. თუ შენ კარგად ცხოვრობ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას არ სჭირდება გვერდით დგომა. იქნებ აბზეკილი ცხვირების მიღმა გავიხედოთ და დავინახოთ, რომ სწორედ ასეთი კვლევების მეშვეობით უნდა მოხერხდეს საჭიროებების დადგენა ადამიანებისათვის, რომლებიც ჩვენი საამაყო თანამოქალაქეების მიერ იჩაგრებიან საკუთარი სქესის, რასის, ეთნიკურობის, ან ნებისმიერი სახის იდენტობის გამო.

ერთ-ერთ „პრობლემურ“ საკითხად ცდილობენ აქციონ, უნდა ვიამაყო თუ არა ინდივიდმა საკუთარი განსხვავებულობით. ჯერ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ, ვისი რა ჭოჭის საქმეა მე რითი ვიამაყებ და რითი არა?  მერე კიდევ, ვის რა ხელს უშლის ჩემი სიამაყე. ვინმეს რამე უშავდება თუკი მე

საკუთარი ინდივიდუალობით ვიამაყებ? იქნებ პრობლმა იმ „სიამყაყეშია,“ რომელიც ქედმაღლობაში და გულისამრევ, ნაძალადევ სკეპტიკოსობაში გადასდით ჩვენს „მორალურ მოძღვრებს“, რომლებიც გვიხსნიან რომ თურმე, მე არ მეამაყება ინდივიდუალობა, რადგან ეს ჩვეულებრივია მისთვის. ერთი ჰკითხეთ რამდენად ჩვეულებრივად გრძნობს თავს ჩემი მეგობარი, რომელსაც ყოველდღე იმის გამო სცემენ რომ გეია, ანდა შეეკითხეთ ჩემს მეორე მეგობარს, რომელიც ეთნიკურად სომეხია და ყოველდღეს სომხების დედის გინების მოსმენა უწევს კლასში.

გასაგბია, რომ შენ, ადამიანს, რომელიც გინდა თუ არა, მაინც განსხვავდები ჩემგან, არ გეამაყება საკუთარი ინდივიდუალობა, მაგრამ ნუთუ ეს ხელს უშლის, რომ მე ვიამაყო საკუთარით? ცოტა სასაცილოა, როდესაც საკუთარი ინდივიდუალობით ამაყობა-არ ამაყობიდან „ჰიპთეზურ ადამიანურ თავისუფლებაზე“ ვაკეთებთ დასკვნებს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი დასაწყისში ნახსენებ ვიდეოებზე მსჯელობ და თქვენ წარმოიდგინეთ და იმ ვიდეოებში მსგავსზე, არაფერზეა საუბარი.

ქსენოფობიაში (და სხვა ფობიებში) არ მინდა დამადანაშაულონ. თორემ თქვენ იმის ღირსი ხართ, რომ ყოველდღე ვიღაც გამცირებდეთ, გლანძღავდეთ, გირტყამდეთ და გართმევდეთ ბედნიერების უფლებას და მაშინ მიხვდებოდით საჭიროა თუ არა, რომ ვინმემ განსხვავებულობა იკვლიოს და საჭიროებებზე ისაუბროს. ამ შემთხვევაში ასოციაციამ და ე.წ. „სელებრითებმა,“ რომლებიც შესაძლოა ვერც კი აცნობიერებენ რას ამბობენ, მაგრამ რეალურად ახდენენ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის პრობლემების აქტუალიზაციას.

არ გიხდებათ🙂