ცისფერი პროსტიტუცია

Posted on February 6, 2011

20



სექსი ამ პოსტთან არაფერ შუაშია. ასე რომ, ვინც ჩემს ბლოგზე ამ სათაურით გამოწვეული სექსუალური ალუზიების გამო აღმოჩნდა, იმედები უნდა გავუცრუო.

Facebook-ი . რა უნდა ვთქვა მე ამ სოციალურ ქსელზე ისეთი, რაც ჯერ არავის უთქვამს?  არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ერთი რამ. აღარ მომწონს ის, რაც Facebook-ზე ხდება. არც რეკლამები მაწუხებს და ე.წ. „Like”-კონკურსებიც არ მანაღვლებს. არც „კოცნის სმაილები“  და არც მეცხრე ცამდე გადაჭიმული „გაკოცეეეეე“ „საყვარელოოოოოოო“-ები აღარ მაღიზიანებს.

ბოლო ხანებია, უკვე აშკარად ვხვდები, რომ Facebook-ს სოციალურ ქსელთან კავშირი აღარ აქვს, ის უფრო სოციალური ზიზღის ვირტუალურ არენადაა ქცეული. მემარცხენეები მემარჯვენეებს, მართლმადიდებლები ათეისტებს, „ტაბულელები“ „ლიბერალელებს“, ხელისუფლების აპოლოგეტები ოპოზიციის გულშემატკივრებს, ახალგაზრდები უფროსებს, ქალები კაცებს და ა.შ., (ანდა ნებისმიერ შემთხვევაში საპირისპირო წყობით) აფურთხებენ, აგინებენ, ლანძღავენ, დასცინიან,  ადანაშაულებენ, ამხელენ და ა.შ. (მათ შორის მეც)

აგრესია ყველა მხრიდან მოდის. ყველლაფრისადმი შეწინააღმდეგების მანია საყოველთაოდაა გადაქცეული, თუმცა ამ მანიაში თავისთავად ცუდი არაფერია, თუკი ის არაჯანსაღ დამოკიდებულებაში არ გადაიზარდა.  უმეტესწილად კი ასე ხდება ხოლმე.

ყოველთვის ვამბობდი, Facebook-ი ქალი არაა, თორემ, ალბათ სექსიც გვექნებოდა და ცოლადაც მოვიყვანდი, იმდენად ბევრი სიკეთე გამიკეთა-მეთქი. თუნდაც ჩემს ჯგუფელებს ვუმტკიცებდი, რომ სოციალური ქსელები საკუთარი თავის გაყიდვის (დასაქმების) საუკეთესო საშუალებას გვაძლევს. რომ შეგიძლია საკუთარი თავი წარმოაჩინო უფრო ჭკვიანად, უფრო „პრადვინუტად“ და ა.შ. თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში, მე თუ მკითხავთ, Facebook-ი ადამიანის ლუსტრაციის საუკეთესო საშუალებაა, თუკი მას აქტიურად მოიხმარს. ე.წ. საკუთარი თავის წარმატებით გაყიდვა კი სხვა არაფერია, თუ არა პროსტიტუცია საკუთარი თავით. ალბათ ამაშიც შემეწინააღმდეგებით, მაგრამ დაფიქრდით, რამდენჯერ ყოფილხართ ყალბი, სხვის „Like”-ზე დამოკიდებული, სხვის დაკომენტარებულზე აცანცარებული და ახვინტრიცებული.

არ ვაზოგადებ არაფერს, ვსაუბრობ მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩემს მაგალითებზე. თუმცა, გადახედეთ „ვოლს“ და თავად დაასკვენით, რამდენადაა გასაზოგადებელი ჩემი მსჯელობა.

უკვე რამდენჯერმე მივიღე გადაწყვეტილება გამეუქმებინა Facebook-ი. თუმცა უკანასკნელ მომენტებში ყოველთვის უარს ვამბობდი გადაწყვეტილების „აღსრულებაზე“.

1) რატომ მაღიზიანებს Facebook-ი?

ა)დროთა განმავლობაში ადამიანს ეცვლება შეხედულებები და მეც ადამიანი ვარ. სულაც არ ვთვლი, რომ ჩემი თავის გასაღება და გაყიდვა მჭირდება. ანუ აღარ ვაპირებ პროსტიტუციას Facebook-სივრცეში.

ბ)მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველაზე ერთგული მეგობრების უმეტესობა Facebook-ის საშუალებით გავიცანი, მგონია რომ მათთან არავირტუალური ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე „ჩათის“ ან „პიემის“ უსიცოცხლო ჩარჩოებში მოქცეული მიწერ-მოწერა.

გ) რეალურად, ამ სოციალურ ქსელში იმდენი აგრესია მოდის არამხოლოდ ჩემი მიმართულებით, არამედ საზოგადოდ, რომ ვთვლი, თავს გაცილებით უკეთ ვიგრძნობ, თუკი აღარ წავიკითხავ დაშტამპული ფრაზებით ჩემი გაღიზიანების მცდელობებს. რა ჩემი ბრალია, თუკი საკუთარი ემოციების დაფარვას არ ვცდილობ ხოლმე და ხშირად საკმაოდ უხეშადაც გამოვხატავ.  ახლა დამიწყებთ ვერბალურ ონანიზმს, რომ მე არ უნდა ავყვე სხვებს, უნდა დავიკიდო სხვისი აზრები და ა.შ.  გაისეირნეთ! ნუ ეცდებით ჩამიჭედოთ გონებაში ის, რისიც თავადაც არ გჯერათ. ანდა მოკლედ, თქვენ ხომ მაგარი, ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული ადამიანები ხართ, რომლებსაც ცოტაოდენი სწერვობა გიხდებათ. მე არ ვარ, ხოდა ამით ყველაფერი ნათქვამია, მგონი .

დ) მომბეზრდა იმის კითხვა, თუ როგორ ცდილობს ჩემი მეგობარი დაუმტკიცოს უცხო ადამიანებს, რომ ინტელექტის ზეიმი მხოლოდ მის გონებაშია. რომ მხოლოდ მისი აზრია ჭეშმარიტი. რომ მას აქვს ნანახი ბევრი ფილმი, აქვს წაკითხული ბევრი წიგნი, უფრო მაგრად ღადაობს ღმერთზე, ათეისტებზე, იაღოვლებზე და ა.შ. მოკლედ უკვე დავრწმუნდი რომ ყველანი ყველაზე ჭკვიანები ხართ. (აღარაფერს ვამბობ დაბუშტულ ტუჩებზე, ყალბ სიყვარულსა და კოცნებზე-მართლა აღარ მაღიზიანებს მარტივი მიზეზის გამო. თუკი ასეთი ქცევა ვინმეს ბედნიერებას ანიჭებს, მე რატომ უნდა შევუშალო ხელი?)

ე)მომბეზრდა მუდმივი თავდაცვისა და თავდასხმის პოზიციაში ყოფნა ვირტუალურ სივრცეში. არა მგონია ვინმესთვის ჩემი თავდაცვა ან თავდასხმა რამეს ნიშნავდეს.

ვ)არ მინახავს არც ერთი Facebook-დიალოგი, რომელიც თუნდაც პოზიციების მიახლოვებასთან მიგვიყვანდა. როგორც წესი, ვირტუალური ურთიერთობის თავისებურებეიდან გამომდინარე, ოპოზიციური მხარეები უფრო შორდებიან ხოლმე ერთმნათეს და უბრალო უთანხმოება, ხშირად, გულისამრევ დემაგოგიაში გადადის.

ზ)ადრე იმაზე ვდარდობდი, რომ Facebook-ი ბევრ დროს მაკარგვინებს-მეთქი, მერე თითქოს დავარეგულირე  FB-დამოკიდებულება და ერთგავარ ხიბლში ჩავვარდი საჯარო დისკუსიებისა. ამ ეტაპზე კი მგონია, ჩემი მონაწილეობაც ასეთ დისკუსიებში, მხოლოდ ვირტუალური პროსტიტუციაა, ამ ჩემს კიდურებს თუკი ვინმე არ დაალაიქებს ჩემს კომენტარებს და არ აღფრთოვანდება ჩემი „ლაკონური სიბრძნეებით.“

თ)ჩემი არც ერთი უცხოელი მეგობრის „ვოლზე“ არ მიდის ამდენი სჯა-ბაასი პოლიტიკაზე, სოციალურ თემატიკაზე და ა.შ. ალბათ მიზეზი ისაა, რომ მათ, ჩვენგან განსხვავებით, აზრის გამოხატვის ალტერნატიული და უფრო ექსპრესიული საშუალებები აქვთ, მაგრამ პირადად მე ყელში ამომდის დევნილების თემით ჩემში ჩამალული სენტიმენტების გაღვივების უსუსრი მცდელობები. მგონია რომ ამდენი აღშფოთების გამოხატვა ხელისუფლების უსამართლობაზე, ოპოზიციის კასტრირებულობაზე, ტაბულას მიკერძოებულობაზე, ლიბერალის „ენჯეოშნიკურობაზე“ და ა.შ. აზრგამოცლილია. თუკი ვინმეს მართლა სურს რამის შეცვლა არამგონია Facebook-ის სტატუსებით და კომენტარებით ეს მოახერხოს. არ უარვყოფ კომუნიკაციის პრობლემის მოგვარებაში სოციალური მედიის მნიშვნელობას, უბრალოდ მეორე უკიდურესობაა, როდესაც ადამიანებს ფეტიშად აქვთ ქცეული „დაპოსტვა“.

ეს მართლა მცირერიცხოვანი ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რის გამოც ცუკერბერგის გენიალური გამოგონება მომბეზრდა. ალბათ იტყვით რას ბურღავ მერე ტვინს ადექი და გააუქმე შენი პროფილიო.

2) რატომ არ გავაუქმებ Facebook-ს?

ა) მინდა, რომ დაბადების დღე ბევრმა მომილოცოს (გნებავთ ეგოიზმად ჩამომართვით და გნებავთ ვირტუალურ ეგზიბიციონიზმად, ყველას გვაქვს რაღაც სულელური სურვილები) – ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ხოდა კიდევ, ლევან ღამბაშიძისეული სუიციდური გადახრები არ მხიბლავს.

ბ) ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, სწორედ, ამ სოციალური ქსელიდან ვიღებ ინფორმაციას, რომელსაც მეინსტრიმული მედიიდან უნდა ვიღებდე. ანუ მიკმაყოფილებს მოთხოვნილებას ახალ ამბებზე.

გ) Facebook-ით ვახერხებ საჭირო ინფორმაციის გავრცელებას, თუნდაც იმ პოსტისას, რომელსაც ახლა კითხულობთ.

დ) ჩემ გარშემო სრულიად კაცობრიობა არის ამ ქსელში ჩართული, შესაბამისად მათთან კონტაქტის დასამყარებლად, მათგან ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა. ეგრეა  და რა ჩემი ბრალია. ან მე ვინ რას მეკითხება.

ე)რამდენიმე წლიანი სტაჟის ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაყრა არ მინდა, რადგან ზოგადად არაა გამორიცხული ზემოჩამოთვლილი მიზეზების დივერსიფიცირება მოვახდინო. ჩემი ცვალებადი ხასიათის გადამკიდემ, არ ვიცი ხვალ რა განწყობით გავიღვიძებ.

აშკარად იფიქრებს ვინმე რომ თავს ვიმართლებ და ბლა ბლა ბლა. რა ხდება ჩემს ქვეცნობიერში მე არ ვიცი და ნურც თქვენ დაიწყებთ ბოდიალს იქ, რა იცით რა სახის პერვერსიებს წააწყდეთ.🙂 შესაძლოა თავს ვიმართლებ, შესაძლოა თვითშთაგონებას ვეწევი პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, შესაძლოა ისევ ვპოზიორობ და ისევ ვერბალურ პროსტიტუციას ვეწევი სრულიად ქართული Facebook-საზოგადოების წინაშე, მაგრამ ეგ ნაკლებად მადარდებს. ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოდნავ მაინც ავხსნა ის, თუ რატომ ვეღარ მიხილავთ ვირტუალურ დისკუსიებსა და თავპირისლეწვაში ჩაბმულს.

მოკლედ რომ ვთქვა, მომბეზრდა ცისფერ პანელზე ჯდომა. აღარ მინდა ჩემმა სუტენიორმა, მარკ ცუკერბერგმა Facebook-კოკაინით გამაბრუოს, რომ ისევ გავიდე ვირტუალურ პლეშკაზე მენტალურ-ვერბალურ-ფსიქიკური პროსტიტუციისთვის.

აი ხომ ვამბობ ცუკერბერგი ლატენტური სუტენიორია-მეთქი🙂