To blog, or not to blog, this is a question

Posted on February 19, 2011

42



(პოსტვა არპოსტვა, საკითხავი აი ესაა- shakespeare.wordpress.com🙂 )

მაშინ როდესაც ბლოგერების უმეტესობა თიბისი ბანკის მოწყობილი „ფართისთვის“ თავს იბანდა, თმებს იშრობდა ან რამეს აკეთებდა, „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ რამდენიმე ბლოგერი, რამდენიმე ჟურნალისტი და მე ქართულ ბლოგოსფეროზე ვმსჯელობდით.  ზოგადად ასეთი ტიპის დისკუსიებისადმი, ცოტათი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან როგორც წესი, აზრის გამოთქმის საშუალება მონაწილეთა რაოდენობის ზრდის პროპორციულად მცირდება ხოლმე. თუმცა ვფიქრობ, რომ გუშინ ნამდვილად საინტერესოდ წარიმართა მთელი საღამო. ერთი ეგაა, რომ ცოტათი აცდა დისკუსია სათაურს და ბლოგოსფეროზე (მითუმეტეს ქართულ ბლოგებზე) მეტად სოციალური მედიის ზოგად დანიშნულებასა და სამოქალაქო ჟურნალისტიკაზე ვისაუბრეთ. გაასაგებია რომ Facebook-ი ბლოგების მთავარი გამწევი ძალაა, როგორც ეს გუშინ მოწვეულმა სტუმარმა შოთა ხინჩაგიშვილმა თქვა, მაგრამ მეგონა ქართული ბლოგების შესახებ უფრო მეტი რამე ითქმებოდა. ისევ და ისევ მტკიცედ მწამს, რომ ქართული ფბ-ის სამომხმარებლო თავისებურებები ცოტა არ იყოს და ატროფირებულია. რატომღაც ის ადამიანებისათვის მთავარ სადისკუსი არენადაა ქცეული. ერთი მხრივ გასაგებიცაა ეს ტენდენცია, მაგრამ ნამეტანიც არაფერი ვარგა.

საუბრისას რამდენიმე საკითხი წამოიჭრა და სანამ უშუალოდ ამ საკითხებზე გადავიდოდე , მინდა ვთქვა, რომ :

  1. ქართული ბლოგოსფერო, ჩემი აზრით, საკმაოდ განვითარებულია და სულაც არ არის ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როგორც ეს გუშინდელ საღამოზე რამდენიმე ადამიანმა დახატა.
  2. არ მჯერა, რომ ქართული ბლოგები იმდენად ერთფეროვანია, რომ წასაკითხს ვერ იპოვის კაცი. აქ ალბათ უფრო კითხვის დაზარებაა პრობლემა, ვიდრე ბლოგოსფეროს ერთფეროვნება. ვერავინ დამაჯერებს, რომ სიყვარულოვნას და ჩემი ბლოგი, ან ყოლბაიას და მანქის ბლოგები ერთმანეთს გავს. აღარაფერს ვამბობ, თუკი ლიშთოთასა და ზურიუსის ბლოგებს შევადარებთ ერთმანეთს.
  3. პრობლემები და თან უხვად ქართულ ბლოგოსფეროშიც არის და ეს ტრაგედია სულაც არაა, პირიქით ეს უფრო ნორმალურია.

ახლა კონკრეტულად რამდენიმე საკითხზე :

ყველა ბლოგი ბლოგია?

რა თქმა უნდა არა. პირადად მე მგონია, რომ რადიო „თავისუფლების“, „ლიბერალის“ ან „ტაბულას“ ბლოგებს იმდენი აქვს საერთო ბლოგებთან, რამდენიც მე იასირ არაფატთან. გუშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ია ანთაძე, გიორგი კიკონიშვილი ან ნინო ბექიშვილი ისევე არიან ბლოგერები, როგორც მე პრიმა-ბალერონი. ბლოგის მთავარი „მუღამი“ არის ის, რომ პოსტებში ფულს არავინ გიხდის, არ ხარ შებოჭილი თემატიკასა და აზრის შენეულ ჩამოყალიბებაში, წერ თუნდაც ბევრ სისულელეს და ამის გამო არც საყვედურს გეტყვის არავინ და არც რედაქტორი  გაგიწყრება. ის, რაც იწერება მედიაბრენდების ე.წ. ბლოგებზე თავისუფლად გავიდოდა საავტორო სვეტის რუბრიკაშიც. ვერაფრით ვხვდები რატომ უნდა ერქვას ია ანთაძეს ან ნინო ბექიშვილს ბლოგერი, ისინი ხომ ჩვეულებრივ ჟურნალისტურ ტექსტებს წერენ, მერე რა რომ ხშირად მათი ნაწერები ახალი ამბის ნაცვლად თვალსაზრისი უფროა.

ბლოგების ინფორმაციულობა

რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ბლოგინგს არაფერი აქვს საერთო „ნამდვილ“ ჟურნალისტიკასთან, თუ გადახედავთ მსოფლიში ყველაზე პოპულარულ ბლოგებს, დაინახავთ, რომ რეალურად დღესდღეობით ისინი უფრო დიდ ჟურნალისტურ საქმეს აკეთებენ, ვიდრე ბევრი გაზეთი, ჟურნალი ან ვებ-გვერდი. ჩემი აზრით, ქართული ბლოგების ყველაზე დიდი მინუსი, ნაკლებინფორმაციულობაა. როგორც წესი მათი უმეტესობა, ანალიტიკასა და საკუთარი შეხედულებების ტირაჟირებას ეთმობა, არადა ბლოგერებს აქვთ საშუალება, რომ მეინსტრიმული მედიისგან განსხვავებით, თავისუფლად გაავრცელონ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ექსკლუზიურობაზეც აცხადებდეს პრეტენზიას. რამდენიმე უცხოელ ბლოგერთან მქონდა ვირტუალური ურთიერთობა და მათგან ხშირად გამიგია, როგორ „დაძრწიან“ სხვადასხვა ადგილას ჩანთამოკიდებულები და ლეპ-ტოპმომარჯვებულები. ხშირად კი იმაზე უფრო სწრაფად პოსტავენ, ვიდრე ამავე თემებზე მათ ადგილობრივ ტელევიზიებში რეპორტაჟები გავა. რა თქმა უნდა ,

ვერცერთ ქართველ ბლოგერს ვერ მოსთხოვ, რომ  გააკეთოს ეს ყველაფერი, რადგან ამისათვის საჭიროა თავისუფალი დრო, ენერგია ტექნიკური შესაძლებლობა და ფინანსები. ეს კი ისაა, რაც ქართველ ბლოგერებს ყველაზე ნაკლებად აქვთ. ის, ვინც ჩემგან განსხვავებით, მთელი შემართებითაა ჩართული სოციალურ მედიასა და ბლოგინგში, ალბათ, დაიწყებს კიდეც მსგავს საქმიანობას. თუმცა ალალად რომ ვთქვა, ეს უფრო ჩემი ფანტაზია მგონია, ვიდრე რეალობასთან მიახლოებული იმედი. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე, თუმცა ბლოგპოსტის ერთ-ერთი თავისებურება ხომ ისიცაა, რომ დიდ ჩანაწერებს თითქმის არავინ კითხულობს, თუკი უკვე „დიდი“ ბლოგერი არ ხარ.

ბლოგინგი და რეგულირება

ეს კი ის საკითხია, რომელზეც მგონია რომ ყველა უნდა თანხმდებოდეს, ვინც სიტყვა ბლოგის მნიშნველობა იცის. ბლოგინგის ერთ-ერთი კი არადა, უმთავრესი პლუსი დანარჩენ ჟურნალისტურ საქმიანობასთან შედარებით მისი დერეგულაციური ხასიათია. სისულელე იქნებოდა და მეტი არაფერი ერთგვარი ეთიკის კოდექსებსა და საბჭოებზე საუბარი. თუკი ასეთი საქმიანობა იზიდავს ვინმეს, უკვე არსებობს მედიასაშუალებები, სადაც შეგიძლიათ წეროთ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულებმა (ურყოფითი კონოტაციის გარეშე). მაშინ, როდესაც მიდის კამათი რომ არავინაა დაზღვეული, რომ გახდეს მსხვერპლი ბლოგერის შეგნებული თუ შემთხვევითი შეცდომისგან, მგონი საკითხი მარტივად დგას. ბლოგერს პირველ რიგში უნდა იყოს კითხვადი და მის გავრცელებულ ინფორმაციას მკითხველი ენდობოდეს. თუკი მე, ვიღაც იქსიგრეკბლოგერი დავწერ რომ ვიყავი კინოთეატრ „აბგდევზთ“-ში და ვნახე ფილმი „იკლმნოპჟრ,“ რომელიც გენიალური ქმნილებაა და ალბათ პირველი ქართული ფილმი იქნება, რომელიც ოსკარს მიიღებს, სინამდვილეში კი ეს ფილმი „გოგონა სლაიდიდან“ ანდა „უშენოდ მგონი მოვკვდები“ აღმოჩნდება, არამგონია ჩემი შემდეგი პოსტი ვინმემ წაიკითხოს.  შესაბამისად რეგულირების საკითხი მთლიანად ჩემს ხელშია და პრიორიტეტების რანჟირებას მე თავადვე მოვახდენ.  ასევე, რა თქმა უნდა, კარგია თუკი ვიცი სად და როგორ ვიხმარო წერტილ-მძიმე და უპირო შემასმენელი, მაგრამ იმის გამო რომ ჩემი გრამატიკა არადამაკმაყოფილებელია, სულაც არ შევიზღუდავ თავს პოსტების წერისაგან. მოკლედ ბლოგერი ხარ? ესეიგი შენ თავად ადგენ წესებსაც და კანონებსაც საკუთარ მიწაზე, შენ კი მკითხველო შეგიძლია ხელმეორედაც შემოხვიდე აქ, თუ ჩათვლი საჭიროდ. თუარადა ისევ და ისევ მე დავზარალდები და არა შენ.

პოლიტიკა და ბლოგინგი

for blogosphere

მეც მწყდება გული, რომ ქართულ სივრცეში არავინ (ან თითქმის არავინ) წერს პოლიტიკაზე. გარდა იმისა, რომ ეს თემა არაპოპულარია ქართველ ახალგაზრდობაში, სხვა პრობლემებიცაა. მაგალითად განათლების პრობლემა. მეც მინდა რომ ვწერდე პოლიტიკაზე, მაგრამ მაძლევს კი მე ამის საშუალებას ჩემი პოლიტიკური განათლება? თუ ზოგიერთივით ვწერო ისე, როგორც ისინი წერენ ფსევდო კინო- და ტელე-კრიტიკას? მე როგორც ბლოგერი, უპირატესად ვთვლი, ვწერო თემებზე, რომლებზეც ჩემი ცოდნა დილეტანტისას ოდნავ მაინც აღემატება. ნუ დაგეზარებათ და გაიხსენეთ ქართველ ბლოგერთა საშუალო ასაკი. 19-20 წლის ახალგაზრდა ადამიანების დაწერილი პოლიტიკური კრიტიკა არ გაიშვას. არ ვგულისხმობ იმას, რომ ეს შეუძლებელია ამ ასაკში. უბრალოდ ის ვინც პოლიტიკითაა დაინტერესებული არ წერს, ხოლო ვინც წერს, მას იმიტომ აქვს ამდენი თავისუფალი დრო, რომ პოლიტიკასა და მსგავს სერიოზულ თემატიკასთან მწყრალადაა. გარდა მაგისა, პოლიტიკურ თემაზე წერისას ყოველთვის რთულია შეინარჩუნო მკაცრი ობიექტურობა, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მიგაკუთვნებენ  ერთ  ან მეორე მხარეს. რაც დამეთანხმებით ახალგაზრდა ადამიანისთვის სულაც არაა მომხიბლავი პერსპექტივა. იქნებ და დროა გაცილებით უფრო მოზრდილმა, განათლებულმა და გამოცდილმა ადამიანებმაც ისწავლონ ბლოგინგი და წერონ პოლიტიკაზე. ნუ ჩაამწნილებთ იმას რაც იცით. ყველანი მაინც სიკვდილის შვილები ვართ🙂 .

არ ვიცი რამდენად კარგად და დეტალურად გადმოვეცი ის, რისი თქმაც მინდა, რადგან დიდ პოსტებს თქვენ არ კითხულობთ და არც ისეთი გიჟი ვარ, რომ ტყუილუბრალოდ ვწერო და მერე მე თვითონ ვიკითხო.