“საია”-სა და IREX-ის ერთობლივი ტრენინგის პირველი დღე

Posted on February 25, 2011

5



USAID-ის ხელშეწყობით G-MEDIA-ს (ქართული მედია აძლიერეს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეეის ინფორმირებულობას) ფარგლებში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და IREX-მა, დღეს სამდღიანი ტრენინგი დაიწყო. ტრენინიგის თემაა „გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში – არსებული პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები“.

ვიდრე უშუალოდ ტრენინგის პირველი დღის თემატიკას შევეხებოდე, ორიოდე სიტყვას ვიტყვი თავად G-MEDIA-ს შესახებ. ეს არის 4-წლიანი პროგრამა, რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) IREX-ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) მეშვეობით 2010 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 13 მილიონია და ძირითადად 4 ამოცანა აქვს :

  1. მედიაპროდუქტის ხარისხის ამაღლება, შინაარსის გამრავალფეროვნება და მიწოდესბუს არხების გაფართოება;
  2. პროფესიონალიზმის ამაღლება ჟურნალისტიკაში, თვითრეგულირება და პროფესიული სტანდარტები;
  3. მედია საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა;
  4. მედიამენეჯმენტისა და ბიზნესის გაუმჯობესება.

ზემოჩამოთვლილი 4 პუნქტი საკმაოდ ბუნდოვანი და ზოგადია ამიტომ ცოტათი დავაზუსტებ- ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება, მედია-წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნვა, გაიცემა გრანტები მედიაპროდუქტის საწარმოებლად, სწავლების ახალი მეთოდების დასანერგად, ასევე იგეგმება პრაქტიკული ტრენინგები სამოქალაქო ჟურნალისტიკაში, სპეციალიზებული ტრენინგები, მათ შორის საგამომძიებლო ჟურნალისტიკაშიც (რომლის დეფიციტსაც დღევანდელი ჟურნალისტიკა მართლა განიცდის), ასევე ის დახმარებას გაუწევს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განვითარებაში, IREX დაეხმარება მარეგულირებელ კომისიას საინფორმაციო კამპანიას 2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თაობაზე,. (ეს უკანასკნელი კი ის საკითხია, რომლის შესახხებ ჯერ-ჯერობით მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის) და სხვა.

ტრენინგის პირველ დღეს კი სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოსთან ერთად, განხილული იყო გამოხატვის თავისუფლებასთან და მედია სამართალთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო კი იყო:

1)      გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც განვიხილეთ ძირითად შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის, ( მე-10, 24-ე, და 41-ე მუხლები) გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით.

2)      გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის  შესაძლებლობები. გამოხატვს თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია თუ არსებობს შემდეგი სამი პირობა :

  • შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით;
  • შეზღუდვა ემსახურება რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს;
  • შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ამ სამი პირობიდან რომელიმეს უქონლობა შეზღუდვას უკანონოს ხდის.

3)      მაუწყებლები, პრესა და ინტერნეტ მედია განსხვავებულად რეგულირდება, რაც დამოკიდებულია თითოეულის ბუნებაზე. მაგალითად მაუწყებლობები დამოკიდებულები არიან სპეციალურ ლიცენზიებზე, ვინაიდან შეზღუდულია სიხშირეები. პრესა კი ამ მხრივ შედარებით დამოუკიდებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერნეტმედიაზე.

4)      რაც შეეხება მედიასაშუალებების (ამ შემთხვევაში მაუწყებლობების) ლიცენზირებას – მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირების წესები დადგენილია კანონით „მაუწყებლების შესახებ,“ კანონით „ლიცენზირებისა და ნებართვის შესახებ“, კანონით „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონით „რადიოსიხშირის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“  ((ეს ნამეტანი იყო, რა🙂  ))

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. აღნიშნულ სფეროში საქმიანობა ლიცენზიის გარეშე ისჯება კანონით.

ეს იყო მოკლედ იმ თემების ჩამონათვალი, რომელზეც დღეს IREX-ის ოფისში ვისაუბრეთ. წინ ორი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღეა.  ხოლო, თუკი თქვენც გაინტერესებთ მედიასამართალი და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, თუ არ ვცდები, მარტში ეს ტრენინგი კვლავ ჩატარდება და ყურადღებით იყავით.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგის თემა ძალიან საინტერესოა, ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთულიცაა. ძირითად შემთხვევაში საუბარია სამართლისა და იურისპუდენციის საკითხებზე, რაც დამეთანხმებით იოლი გასაგები არაა.