“საია”-სა და IREX-ის ერთობლივი ტრენინგის მეორე დღე

Posted on February 26, 2011

2



ახალგაზრდა იურისტებისა და IREX-ის ერთობლივი ტრენინგის შესახებ წინა პოსტში ვისაუბრე, დღეს კი ამ ტრენინგის მეორე დღე იყო.

სიმართლე გითხრათ დღეს საოცრად დავიღალეთ თითქმის ყველანი, (ერთიორს კინაღამ ჩაგვეძინა კიდეც) თუმცა თემატიკა გუშინდელის მსგავსად საკმაოდ საინტერესო და რთული იყო, ამასთანავე განვიხილეთ რეალობიდან აღებული რამდენიმე ქეისი, რომლებმაც სიმართლე გითხრათ კიდევ უფრო შემირყია საქართველოში სამართლიანობის პოვნის რწმენა. პოსტის ბოლოს ერთ ასეთ ქეისზე მოგიყვებით, მანამდე კი ორიოდე სიტყვას ვიტყვი იმ თემებზე, რომლებზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა თამარ კორძაიამ, ნათია კაპანაძემ, თათული თორდუამ და მედიაექსპერტმა სანდრო ბარამიძემ ისაუბრეს.

განხილული საკითხები :

  1. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რეგოლირების სფერო და კოდექსის სტრუქტურა – ტრენინგის ამ ნაწილში, პირადად ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ჩვენს რეალობაში, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ სავალდებულო დებულებებს მოიცავს, ნაცვლად იმისა, რომ ის თვითრეგულირების ფარგლებში იყოს მოქცეული. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია განსხვავების დანახვა „ცილისწამების“ ცენბასა და „ჯეროვანი სიზუსტის შეცდომას“ შორის . ცილისწამების დროს აუცილებელია, რომ დადასტურდეს ფაქტის მცდარობა, ასევე მოყენებული ზიანის არსებობა და წინასწარგანსაზღვრულობა. ამასთანავე, ცილისწამების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია უჩივლოს მედიასაშუალებას სასამართლოში 100 დღის განმავლობაში. (101-ე დღეს თავს ნუღარ შეიწუხებთ ტყუილად). რაც შეეხება ჯეროვანი სიზუსტის შეცდომას, ამ შემთხვევაში დაზარალებულმა უნდა მიმართოს თავად მაუწყებლის მარეგულირებელ საბჭოს არა უგვიანეს ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღისა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოში წასვლა და იქ ჩივილი უბრალოდ უნაყოფო იქნება.
  2. ციფრული მაუწყებლობა-თანამედროვე გამოწვევები- ეს საკითხი საკმაოდ საინტერესო და ვრცელია. ორიოდე სიტყვით ვიტყვი, თუ რას წარმოადგენს ციფრული მაუწყებლობა და რით განსხვავდება ის დღევანდელი ანალოგური მაუწყებლობისაგან. უფრო ვრცლად კი ამ თემაზე პოსტი  „ლიტერატორის ბლოგზე“ იხილეთ.
    მოკლედ, მოემზადეთ 2015 წლიდან თქვენ ვერ უყურებთ ტელევიზორს, თუკი ის ციფრული სტანდარტების შესაბამისი არ იქნება, ანდა არ შეიძენთ სპეციალურ დეკოდერს, რომელიც ციფრულ სიგნალს გარდაქმნის თქვენი ანალოგური ტელევიზორისათვის. ე.წ. 1-ლი რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს აქვს არებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც 2015 წლამდე მთელი სამაუწყებლო სივრცის „გაციფრულება“ უნდა მოხდეს. ეს კი გულისხმობს : სიხშირული სპექტრის ეფექრტურობას (ანუ თუკი აქამდე ერთ სიხშირულ ზოლში, მხოლოდ ერთი პროგრამული არხი გადაიცემოდა, ახლა 4-8 არხის გადაცემა იქნება შესაძლებელი), გაიზრდება სატელევიზიო არხების არჩევანი, ასევე მაყურებელს ექნება საშუალება მიიღოს ისეთი მომსახურება, როგორიცაა კადრის „დასტოპება“, უკან გადახვევა და ა.შ. ასევე გაიზრდება სატელევიზიო ინდუსტრიის შემოსავლები, იქნება უკეთესი ხარისხის გამოსახულება და ხმა და ა.შ. მოკლედ, საკმაოდ დადებითი ცვლილებაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა შესაბამისი ტექნიკური ბაზისა და სამომხმარებლო ბაზის შექმნა, რომლის შექმნაც საკმაოდ რთულია და ზოგიერთს ეეჭვება კიდეც რომ დარჩენილ პერიოდში საქართველო მოასწრებს აღებული ვალდებულების შესრულებას.
  3. ინფორმაციის თავისუფლება – მისი გარანტიებია ევროპული კონვენციის მე-10, საქ. კონსტიტუციის 24-ე და 41 მუხლები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი მესამე თავი. ამ ნაწილის ზოგადი შინაარსი, რომ ჩამოვაყალიბოთ – ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და მიიღოს ის სასურველი ფორმით. საჯარო ინფორმაციად ითვლება – ოფიციალური დოკუმენტი, მიღებული/გაგზავნილი, დამუშავებული/შექმნილი დოკუმენტი, გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეო და ა.შ. რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოს. „საია“-ს იურისტებისაგან კი ჟურნალისტებმა ერთი კარგი რჩევა მივიღეთ – ყოველთვის გამოითხოვეთ დოკუმენტი და ნურასდროს იტყვით მასზე უარს იმის შიშით რომ შესაძლოა არ მოგვცენ.  ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ტრენინგზე მონაწილეთა და ტრენერთა მხრიდანაც უამრავი მაგალითი იყო მოყვანილი, თუ როგორ არღვევდა სახელმწიფო ხშირად ამ უფლებას. საჯარო ინფორმაციაზე უარის შემთხვევაში, ყველას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს.
  4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა- „სახელმწიფო შესყიდვები მიჩნეულია, როგორც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კოუფციის ყველაზე მგრძნობიარე საქმიანობა“ (www.oecd.org) სახელმწიფო შესყიდვებს, როგორც წესი ახორციელებენ სამინისტროები, მათი ქვესაუწყებო დაწესებულებები, სსიპ-ები, თვითმართველობის ორგანოები და ა.შ. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კი დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვები სხვადასხვა დონეზე.
  5. ეს იყო ის ძირითადი თემები, რომლებიც დღეს განვიხილეთ ტრენინგზე. ახლა კი მოკლედ მოგიყვებით დაპირებულ ქეისს- 2009 წლის 27 აგვისტოს საქართველოს სამთავრობო სარეზერვო ფონდიდან (იმ დროისათვის ეს ფონდი მხოლოდ ბუნებრივ უბედურებების დროს დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა ფორსმაჟორში მყოფთა დახმარებაზე იყო გათვლილი) 1 000 000 ლარი გამოიყო და კულტურისა და ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით, ის შპს „მონიოს“ გადაეცა სესხად შვიდი წლის ვადით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე „მონიოს“ კუთვნილი საცურაო აუცის მშენებლობა-რესტავრაციისთვის. როდესაც „საიამ“ იჩივლა აღნიშნული ფონდიდან უკანონოდ გასესხებული თანხის შესახებ, მათ სასამართლომ უთხრა, რომ საჩივარი განიხილებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარე გამოჩნდებოდა და ის იჩივლებდა. ახლა თქვენ თავად დაფიქრდით, როგორ უნდა გამოჩნდეს ასეთი მხარე? ან რატომ უნდა გადაეცეს სავარაუდო ეკომიგრანტების (და სხვების) თანხა შპს „კჭყლმნ“-ს რაღაც აუზის ასაშენებლად? ან საერთოდ როგორ გინდა იპოვო სამართალი ასეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს ფანტაზია უსაზღვროა?