რატომ შეიცვალა ლაშა ანუ რა არის მოდური ?

Posted on March 4, 2011

32



ჩემი რამდენიმე მეგობარი ჩამაცივდა, რომ რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ძალიან შევიცვალე. მაგრამ შეცვლაცაა და შეცვლაც. მიმტკიცებენ, რომ უფრო „ცუდი“ გავხდი. (ისე საინტერესო კლასიფიკაციაა „ცუდი“ და „კარგი“, განსაკუთრებით ადამიანის მახასიათებლებზე საუბრისას) თან მადანაშაულებენ, რომ მოდას ავყევი და „ლიბერალობა“ და „პრადვინუტობა“ მოვინდომე. მოკლედ, ორ საკითხად დავყოფ და ისე გავცემ ყველას ერთად პასუხს, თორემ ცალ-ცალკე თავის მართლება მღლის.

1)რატომ შეიცვალა ლაშა ანუ რატომ არ ვიყავი ბავშვობაში „ლიბერალი“?


შეკითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ. მგონი მარტივად შემიძლია გაგცეთ პასუხი : დაბადებიდან არც ლიბერალია არავინ, არც კონსერვატორი, არც მოწმუნე, არც ათეისტი და არც მაიმუნი. დროთა განმავლობაში ადამიანი იქმნის ერთგვარ ინდივიდუალურ ინფორმაციულ ბანკს, აანალიზებს ან ვერ აანალიზებს მას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩავთვალოთ ის რაიმე სახის კონიუნქტურაში მოქცეულად ან არმოქცეულად. გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი მკვეთრად კონსერვატიულია. არა უფრო სწორი იქნება თუ ვიხმარ სიტყვას  „სტაგნაციური“. ჩემ გარშემო არავინაა დაინტერესებული, რომ ადამიანის განვითარებამ ხორციელ ზრდასა და კუჭის მოქმედების შედეგს გადააბიჯოს. თუ გინდა ამ გარემოში უპრობლემოდ იცხოვრო, უნდა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, უნდა გიყვარდეს ქეიფი, ქუჩაში დგომა, „საძმოში გატრაკება“, უნდა აბრუნო „ჩემი დედას შევ…ი“ ყოველ რამდენიმე წინადადებაში ერთხელ, სუფრაზე სადღეგრძელოების ჩამორაკრაკება უნდა შეგეძლოს, (დასაწყისი -„მშვიდობა\უფალი“; დასასრული – „ყოვლადწმინდა\დაშლა-არმოშლა“), არ უნდა შეეწინააღმდეგო სუფრის წევრებს იმაში, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, რომ ილია მეორე ჩვენი მამაა, რომ საქართველო=ქრისტიანობას და ა.შ. მოკლედ მგონია, რომ არც თქვენ იქნებით მარსიანელები და თქვენც გეცოდინებათ, რას ნიშნავს „მაგარი კაცი“ ტრადიციული გაგებით. ოდნავი გადახრაც კი არსებული სტანდარტებიდან უკვე იწვევს აგრესიასა და ხშირ შემთხვევაში ზიზღსაც კი. მერე უკვე შენი პრობლემაა რას იზამ. ასე რომ ვთქვათ „ბებიაშენისა“ მათ თვალში უკვე ნაჭამი გაქვს და შენ თავად უნდა მოიწმინდო პირი ან კიდევ განაგრძო მირთმევა მანამ, სანამ არ დაანახვებ მათ, რომ შენც მართალი ხარ რაღაცაში. ზოგჯერ ვახერხებ ამას და ზოგჯერ ვერა. მგონია, რომ სათანადო დროის გასვლის შემდეგ დაიწმინდება სანაცნობო და ჩემ გარშემო დარჩებიან ისინი, ვისაც ვიმსახურებ და ვინც მიმსახურებენ.

რაც შეეხება იმას, შევიცვალე თუ არა და რატომ, გიპასუხებთ რომ დიახ შევიცვალე და ამისი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზებიც მაქვს. გავიზარდე (უკვე დიდი ბიჭი ვარ რა :)) და მოვხვდი  გარემოში, სადაც სხვა ღირებულებებია მთავარი. უფრო მეტად სცემენ პატივს განათლებას (ზოგადად), პატივს გცემენ შენ და არა შენს ეთნო-რელიგიურ კუთვნილებას. ალბათ მართალი იქნება თუ ვიტყვი, რომ აქ უკვე საკუთარი ნებით ამოვყავი თავი. მე თვითონ მინდოდა მყოლოდა ისეთი სამეგობროც, სადაც შევძლებდი თავისუფლად ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, შევძლებდი კამათს თავპირის ჩამოლეწვის გარეშე.  მაგრამ მათ შორისაც ვერ ვიტყვი რომ ერთფეროვნებაა. ზოგიერთი მათგანი საოცრად მაგონებს ჩემს „ტრადიციულ“ ნაცნობებს ოღონდ მოდიფიცირებული სახით და ამჯერად აგრესია ისევ გამოხატვის ძირითადი საშუალებაა, ოღონდ მიმართულება აქვს შეცვლილი. მოკლედ ასეთი ადამიანები მმკ-ს გვანან, ცხვრის ტყავში. ისინიც ისეთივე გამაღიზიანებლები არიან, როგორც თავსაფრიანი დედაკაცები „ჰელოუინის“ დარბევისას.  მაგრამ არიან ადამიანებიც რომლებიც უბრალოდ მოგისმენენ და საკუთარ არგუმენტსაც მშვიდად გეტყვიან კონვულსიებისა და მანჭვა-გრეხვის გარეშე. ემოციის გამოხატვა მეც მიყვარს, მაგრამ საშინლად გამაღიზიანებელია როდესაც ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ, რომ ემოციურები იყვნენ. გიპარჭყავენ ხელებს, თითქოს ხმამაღლა ნათქვამი (ან ნაქნავი) უფრო დამაჯერებელია.

მოკლედ, მყავს მეორე სახის სამეგობრო წრეც სადაც საკუთარი თავის გამოხატვას უკეთესად ვახერხებ, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კამათი ინტერაქციის მიღებული ფორმაა და არ ითვლება აპოკალიფსად. მოკლედ მაგრად ვიჭყლიტები ხოლმე, ორნაირი ლაშა არსებობს და ორივეგან აკრიტიკებენ მას, ერთგან „ძალით ძერსკობისთვის“, მეორეგან „გოიმობისთვის“. რატომღაც მტკიცედ მწამს, რომ არც ერთი ვარ და არც მეორე.

2) რა არის მოდური?


ალბათ მიხვდებით, რომ არც ლედი გაგას ახალ ტანსაცმლის ხაზია რამე შუაში აქ მოყვანილ სიტყვა „მოდასთან“ და არც ანზორის ბალიშები. საქმე იმაშია, რომ ჩემი ათეისტი მეგობრები ამტკიცებენ ქრისტიანობა მოდაშიაო, ქრისტიანები თავს დებენ ათეიზმის მოდურობაზე, ლიბერალები ღაღადყოფენ, რომ კონსერვატიზმმა წაგვლება, თავის მხრივ კონსერვატულად მოაზროვნეები ვენებს იჭრიან ეს ლიბერალიზმი რა მოდური გახდაო, მემარჯვენეები მემარცხენეობის მოდაში შემოსვლაზე წუწუნებენ, მემარცხენები კიდევ მემარჯვენეებს აბრალებენ ტენდენციას ხართ აყოლილებიო. მოკლედ მაგარი აჯაფსანდალია. ცოტა არ იყოს და თავგზა მაქვს აბნეული, მეც მინდა რომ მოდას ავყვე, მაგრამ ვერ გავიგე რა არის მოდაში. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. სულაც არ მადარდებს რომელი კრიტერიუმით, რომელ კატეგორას მიმაკუთვნებენ. აზრი არ აქვს ამაზე ჭმუნვას, რაც გინდა გავაკეთო და ვთქვა, მაინც მოახერხებენ და ჩემს აქტივობას მოდურობის იარლიყს ააკრავენ

პ.ს. მეგობრებო, ერთი გენიალური აღმოჩენა გავაკეთე, თუკი საკუთარ თავზე იფიქრებთ უფრო მეტს ვიდრე ჩემზე, გაცილებით ადვილად მოაგვარებთ თქვენს პრობლემებს და უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს. აი ხომ ხედავთ, რა კეთილი ალტრუისტი ვარ, ჩემს აღმოჩენებს უსასყიდლოდ გიზიარებთ. ასე, რომ საქმით დაკავდით