ღვთის სასჯელი

Posted on March 24, 2011

33



რამდენიმე დღეა ჩემ გარშემო მუდმივი შფოთვაა : ზოგი იმაზე შფოთავს, რომ ვიღაცებს იაპონიის მოველენები ღვთის სასჯელი ჰგონია, ზოგი კიდევ იმაზე, რომ მეორედ მოსვლა მოახლოვდა და თუ სასწრაფოდ არ მოვეგებით გონს, მალე საქართველოშიც დაიწყება ცეცხლის წვიმები და კალიების შემოსევა. მოკლედ, იმაზე აღარ დავწერ რაც ისედაც იცით („ლიბერალის“ ვიდეო, რომელიღაც მღვდლის ქადაგება და სოც,ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა მასალა). ვიღაცებს ალბათ დაგვიანებულიც მოეჩვენება ეს პოსტი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ერთ-ერთ ლექციაზე ისევ გავიგონე არგუმენტები : „იაპონია გარყვნილია და ამიტომ დაისაჯა“, „იაპონია განვითარდა და ამიტომ დაისაჯა“ და ა.შ. ხოდა მათ საპასუხოდ მინდა ჩამოვწერო ყველაზე მასშტაბური კატასტორფები და ამ კატასტროფების მსხვერპლის რაოდენობა მხოლოდ 2010 წელს :

1)      ინდონეზიაში  25 ოქტპმბერს ვულკანის ამოფრქვევისას გამოყოფილმა ფერფლმა და გაზმა დახოცა 386 ადამიანი;

2)      ინდონეზიაში 30 ნოემბერს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შეიწირა 370 ადამიანი;

3)      26 ივლისს დაწყებულმა წყალდიდობამ პაკისტანში იმსხვერპლა 2000-ზე მეტი ადამიანი.

4)      მაისში ჩინეთში თავსხმა წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 3000 ადამიანი, 1000 კი დაიკარგა;

5)       აპრილში ჩინეთის მიწისძვრის დროს დაიღუპა 2698 ადამიანი, 400-მდე კი დაკარგულად ითვლება;

6) ზაფხულში გვალვამ და ტყეში გაჩენილმა ხანძრებმა რუსეთში შეიწირა დაახლოებით 15 000 ადამიანი;

7)      ტროპიკულმა შტორმმა მადაგასკარში, 12 მარტს დახოცა 36 ადამიანი;

8 ) თებერვალში, ჩილეში მომხდარმა 8.8 ბალიანმა მიწისძვრამ მოკლა 521 ადამიანი;

9) და ბოლოს, იანვარში ჰაიტის მიწისძვრის დროს დაიღუპა 200 000-დან 250 000-მდე ადამიანი.

დავუშვათ, რომ იაპონია განვითარებისა და გარყვნილების გამო „დაისაჯა,“ ნეტავი მსოფლიოს ერთ-ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ჰაიტიმ რა დააშავა სამაგისო, რა შეატყო ღმერთმა ამ ქვეყანას ისეთი განვითარებულის, რომ 200 000-ზე მეტი ადამიანი დაუხოცა? ანდა მადაგასკარელებმა რა გააკეთეს იმისთანა, რომ მათი გამოხშირვა გახდა საჭირო?

ვერ ვხვდები რატომ გინდათ, რომ ღმერთი, რომელიც ასე ძალიან გიყვართ და გწამთ გამოიყვანოთ რობესპიერად, რომელიც ყველას ხოცავს. იცოდეთ, რობესპიერსაც იგივე ბედი ერგო საბოლოოდ, რაც მის მიერ დასჯილ ხალხს.

ჰაიტი, 2010 წელი - ღმერთს უყვარს ჰაიტი

ეს ბავშვი ალბათ გამორჩა ღმერთს

"გარყვნილი" "განვითარებული" ჰაიტელი ბავშვები