31 ახალი წიგნი ლიტ. მუზეუმისგან

Posted on March 31, 2011

2



ეს იმ იშვიათ პოსტთაგანია, რომლითაც ვცდილობ ინფორმაცია გავავრცელო.

მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ გვიხარია ოკუპაციის მუზეუმის ქონა და განვაგრძობთ ტკბობას საქართველოს „დაჩაგვრისა და დამონების“ ისტორიით; მაშინ, როდესაც ზეზვასა და მზიას პასპორტებს ვეძებთ, ეგებ სადმე თიხის ფირფიტაზე ან ხბოს ტყავზე შენგენის ვიზა იყოს ჩარტყმულიო, რატომღაც სათანადო ყურადღებას არ\ვერ ვაქცევთ კულტურის იმ ნაწილს, რომლითაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებით  ესეოდენ საოცნებო ევროპას.  ლიტერატურაზე ვსაუბრობ.  ამ ბოლო ხანებში ლიტერატურული ცხოვრება ან ნამდვილად გააქტიურდა ანდა უბრალოდ მე გავიზარდე და ახლა მაქვს საშუალება, მქონდეს კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. თუმცა ალბათ ჯერ კიდევ შორსაა მომენტი, როდესაც ვიტყვით, რომ ლიტერატურას სათანადოდ ვაფასებთ.

ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, ლიტერატურის მუზეუმზე მინდა ვისაუბრო. „თბილისი მარიოტის“ უკან, ჭანტურიას 8 ნომერში ერთი ჩამოფხავებული შენობაა. ალბათ ბევრს ექნება შემჩნეული მწერლების ბიუსტები რომ არის ჩამწკრივებული ფანჯრის რაფებზე. ჰოდა, ეგაა ლიტერატურის მუზეუმი. შიგნით რამდენჯერმე ვიყავი და სიმართლე გითხრათ, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ გამახსენდა. ბევრი მიზეზის გამო.  ამ შენობაში მუზეუმის არსებობის განცდას, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ წიგნების სპეციფიკური სუნი მიქმნიდა.

მაგრამ სულაც არ ვაპირებ, მუზეუმის ადმინისტრაცია და მისი თანამშრომლები გავაკრიტიკო. პირიქით, ისინი მართლა მადლობის ღირსები არიან, რომ წლების განმავლობაში თითქმის მინიმალური ხელფასითა და მაქსიმალური ენთუზიაზმით ცდილობენ, მუზეუმმა იფუნქციონიროს. ჩემი ერთი მეგობრის წყალობით, ვიცი რამდენ საქმეს აკეთებენ. ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ კი გუშინ, 31 მარტს „მაგთის კლუბში“ გამართული წიგნების პრეზენტაციაც საკმარისია.

უკვე წლებია „მაგთი“ და ლიტერატურის მუზეუმი თანამშრომლობენ. ამ თანამშრომლობის შედეგი კი მართლაც რომ არაა ხელწამოსაკრავი. გუშინდელ პრეზენტაციაზე რამდენიმე სერიოზული გამოცემა იყო წარმოდგენილი. ესენია :

გალაკტიონ ტაბიძის საარქივო ოცდახუთტომეული- ეს ტომები 2003-2008 წლებში დაიბეჭდა და სულ მალე გაიყიდება ლიტერატურის მუზეუმსა და წიგნის მაღაზიებში. მათში თავმოყრილია ლექსები, პოემები, უბის წიგნაკები, სხვადასხვა სახის ჩანაწერები, ლიტერატურული წერილები, ეტიუდები, ესეები და ა.შ. ასევე გალაკტიონის ფოტოსურათები, მისი ხელით შესრულებული ესკიზები და ა.შ.

 

ილია ჭავჭავაძის საარქივო გამოცემა- ამ გამოცემაში, ძირითადად, თავმოყრილია ლიტ. მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ლექსები, პოემები, თარგმანები, პუბლიცისტური და პირადი წერილები.

 

აკაკაი წერეთლის საარქივო გამოცემა ორ წიგნად- აქაც ლიტ. მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცული დოკუმენტები და ნაწერებია თავმოყრილი.

 

ფუნაგორიების კრებული- ეს კრებული უკვე გამოიცა და მისი პრეზენტაციაც გაიმართა, ცოტა ხნის წინ მუზეუმში. მასში შესულია უცნობი ფუნაგორიები (გესლიანი ეპიგრამები). წიგნში არის გალაკტიონ ტაბიძის,კოლაუ ნადირაძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის,ნიკა აგიაშვილის, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძის და სხვათა ფუნაგორიები, ასევე სხვადასხვა პიროვნების შარჟები.

ჟურნალი „H2SO4” (რეპრინტი)ესაა 1924 წელს გამოცემული ჟურნალი. რომელშიც შევიდა ქართველ ფუტურისტ-ლეფელ მწერალთა და მხატვართა შემოქმედება. (სიმართლე გითხრათ, ვაპირებ მე ყიდვას)

და ბოლოს

1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალების პირველი წიგნი- ესაა პირველი წიგნი ოთხტომეულისა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიბეჭდება.  ის აერთიანებს 1913-18 წლების პერიოდულ გამოცემებს – „ოქროს ვერძი“ „ლეილა“, „პრომეთე“, „აისი“, „შვიდი მნათობი“- ყველა ნომერი თავისი ილუსტრაციებით.

 

მოკლედ, შესაძლოა ვიღაცისთვის ეს ყველაფერი უკვე კარგად დავიწყებული ძველი იყოს, ვიღაცისთვის ლიტერატურული ნეკროფილია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირადად მე ძალიან მომწონს თითოეული გამოცემა. მგონია, რომ ფინანსების გადანაწილება არც ისე რთული უნდა იყოს, რათა ამ მუზეუმსაც მუზეუმის სახე დაუბრუნოს ვინმემ და უფრო ნაყოფიერი გახდეს მისი საქმიანობა.

პ.ს.  ლიტერატურის მუზეუმის გამოცემული წიგნების ყიდვა შესაძლებელია

გიორგი ჭანტურიას #8

წიგნის მაღაზიაში “პარნასი”

ი.ჭავჭავაძის გამზირი #22 და ლესელიძის ქ. #33

“წიგნის სახლში ”

პეკინის #31, ი.აბაშიძის #22 და ბამბის რიგი #7

ასევე ჭავჭავაძის გამზ # 16,   რუსთაველის გამზ #36,   ცოტნე დადიანის #77,     წულუკიძის IV, შესახვევი 8/21   და მარჯანიშვილის #9