მცირედი განმარტებები თსუ-ში მომხდარ ამბებზე

Posted on April 19, 2011

29



თუკი თსუ-ში მომხდარ ამბებზე ჯერაც არაფერი იცი, მაშინ გირჩევ უბრალოდ ჩაკეცო ეს გვერდი და ინტერნეტში ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემას გადახედო. თემა, რომელიც ყველაზე მეტად, ალბათ, მე და ჩემს მეგობრებს გვეხება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა აწუხებდეს ჩემს ბლოგზე არ მიხსენებია ჯერჯერობით. არ მინდოდა ცხელ გულზე რამე დამეწერა და მკითხველს, მხოლოდ ჩემი ემოციები და სენტიმენტები შერჩენოდა ხელთ. ახლა კი, როდესაც ძალიან ბევრი რამ მოხდა და საფიქრალადაც საკმაოდ ბევრი დრო მქონდა, ვფიქრობ უფრო რაციონალურად დავწერ ამ ყველაფრის შესახებ. რა თქმა უნდა, ფაქტების მოყოლასა და წვრილმანებზე შეჩერებას არ დავიწყებ. უკვე ბევრგან დაიწერა ამ ყველაფრის შესახებ. ზოგან ობიექტურად, ზოგან კი თითქმის ბოდვის დონეზე. რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო და უფრო ადეკვატურად რომ აღიქვათ ეს ყველაფერი, დავნომრავ. მაშ ასე –

1)     აქცია შედგა, თუმცა …

მგონია, რომ 18 აპრილის აქციაზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ მოვიდა. თსუ-ს სტუდენტებიც კი, რომლებიც დღედაღამე ადმინისტრაციის, თვითმართველობისა და კონკრეტული ადამიანების ლანძღვა-გინებაში არიან, რატომღაც არ მოვიდნენ აქციაზე. სამხატვრო აკადემიიდან და სხვა უნივერსიტეტებიდან უფრო მეტი ადამიანი დაესწრო აქციას, ვიდრე თავად თსუ-დან. ერთის მხრივ, მესმის მათი, რომ რთულია ერთი ადგილის განძრევა და სხვისი ცემის გამო წვიმაში აქციაზე დგომა, მაგრამ მეორე მხრივ მათ უნდა ვუთხრა  – არაუშავს, კიდევ დიდ ხანს იყავით მოზელილი მასის ფორმით და მალე თქვენთნაც მოვლენ და თქვენც გცემენ. ანდა შესაძლოა არც გცემონ, თქვენ ხომ აზრს არასდროს არაფერზე აფიქსირებთ და თქვენი აქტივობა, მაქსიმუმ, ძმაკაც-დაქალოჩკებთან წუწუნითა და ჭორაობით შემოიფარგლება. მოკლედ ეგ ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია და ძალიან კარგად მესმის ისიც, რომ შესაძლოა გეშინოდეთ. გეტყვით, რომ მეც მეშინია, თუმცა შიში სულაც არ ნიშნავს ქმედუუნარობას. ღირსების საქმეა ეს ყველაფერი და თქვენი ეგოდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ღირსეულ ადამიანებად თვლით თავს. ეს ყველაფერი კი ქმედებაში თუ არასდროს აისახება, დარჩებით იმავე მდგომარეობაში – იწუწუნებთ, ყოველთვის შეგაწუხებთ თვითმართველობისა და ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობა, ყელშიც ბევრჯერ ამოგივათ, თუმცა  არაფერი შეიცვლება. არ იფიქროთ, თითქოს ჭკუას გარიგებდეთ, უბრალოდ გთხოვთ, იმოქმედეთ. ნუ გეგონებათ, რომ სტუდენტობა და უნივერსიტეტში სიარული მხოლოდ ლექციაზე ჯდომას ან ახალი მეგობრების შეძენას ნიშნავს. თქვენი, როგორც ინდივიდების ცხოვრება ახლა იწყება, ხოლო თუ არ გსურთ იყოთ ინდივიდი და კოლექტივის უბრალო წევრობაც გაკმაყოფილებთ, მაშინ ნუღარ მომაქცევთ ყურადღებას. არც ილია ვარ და არც აკაკი, რომ საზოგადოების გაზრდა-გაჯანსაღებაზე პასუხისმგებლობა ავიღო.

2)     ლექტორთათვის

არც ლექტორების სიუხვეს შევუწუხებივართ აქციაზე. გასაგებია, რომ ბევრმა არაფერი იცოდა ბოლო დღეების მოვლენებზე, მაგრამ ვინც იცოდა, იმათგან მხოლოდ ორი ლექტორი ვიცი, რომ მოვიდა სტუდენტებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. არც იმას აქვს გამართლება, რომ უნივერსიტეტში მომუშავე აკადემიურმა პერსონალმა არაფერი იცის იმაზე, თუ რა ხდება მის სამუშაო სივრცეში. ვიცი, რომ თქვენც გეშინიათ სამსახურის დაკარგვის, არც თქვენზე ძალადობაა გამორიცხული. ფრთხილობთ სუბიექტურები არ იყოთ. თუმცა აბსოლუტური ინერტულობა როგორ უნდა გაამართლოთ? ნუთუ არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში, მიიღოთ გადაწყვეტილებისათვის საჭირო ინფორმაცია?  ჩემგან თქვენ ჭკუა არ გესწავლებათ, უბრალოდ თქვენც მოგმართავთ, როგორც უბრალო სტუდენტი – ნუ დარჩებით მასაში. გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ხმამაღლა (არაა აუცილებელი ჩვენ გვეთანხმებოდეთ) . თითქმის ყველა ლექციაზე სტუდენტებს გვეუბნებით, რომ უკმაყოფილოები ხართ თსუ-ში არსებული სიტუაციით და ამაში ადმინისტრაციას ადანაშაულებთ ხოლმე. როგორ გგონიათ მაგ პრობლემებს 6 ნაცემი სტუდენტი და მათი რამდენიმე მეგობარი მოაგვარებს? რომც მოაგვარონ სინდისი არ შეგაწუხებთ, რომ სტუდენტების მომკილ ხორბალს თქვენ შეჭამთ? სულაც არ მაქვს ილუზია რომ ამ წერილს წაიკითხავთ და თუ წაიკითხავთ, არც იმის ილუზია მაქვს, რომ თქვენზე სათანადო გავლენას მოახდენს. მაგრამ უბრალოდ იცოდეთ მაინც – ჩვენ გვცემეს. ცემა ადვილად გადასალახი პრობლემაა. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება შეგვიზღუდეს. ამას კი ნამდვილად არ მოვითმენთ ისინი მაინც, ვისაც აზრი და მისი გამოთქმის სურვილი გვიჩნდება. უბრალოდ ვერ მოვითმენთ, რადგან თქვენ თავად გვასწავლით ხოლმე – სიტყვა თავისუფალი უნდა იყოს, რომ ის მხოლოდ ლექსიკურ ერთეულად არ დარჩეს. ისევ და ისევ ღირსების საკითხი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ბრალს უღირსობაში გდებდეთ ბრალს. პირიქით, უღრმეს პატივს გცემთ და გთხოვთ თავად დაგვეხმარეთ, რომ ეს პატივისცემა უფრო გაღრმავდეს.

3)     „არა ძალადობასთან“ ერთად „არა რადიკალიზმს“

კრიტიკა რომ უზრდელობა არაა ეს დიდი ხნის ჭეშმარიტება მგონია მე

გამგები გაიგებს, რომ ეს უკან დახევას კი არ გულისხმობს, ეს ნაბიჯია წინსვლისთვის. პირადად ჩემთვის რადიკალური მოთხოვნების წამოყენება ახალგაზრდული ქარაფშუტობა უფროა, ვიდრე რეალობის საღად აღქმის შედეგი. ამიტომაც პირადად მე არ მოვითხოვ არც თვით მართველობის დაშლას და არც ადმინისტრაციის შეცვლას. მოვითხოვ ერთადერთ რამეს, ადმინისტრაციამაც და თვითმართველობამაც შეიგნონ, რომ თავიანთი მხარდამჭერების მოქსევა უბრალო სტუდენტებზე მათი მხრიდან დანაშაულია. შესაძლოა ჩვენ დოკუმენტურად ვერ ვამტკიცებდეთ, რომ ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის ფაქტები თვითმართველობისა და ადმინისტრაციის მხრიდან იყო ინსპირირებული, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს. თავად ყველაზე უკეთ იციან რა და როგორ მოხდა.  როდესაც იღებ პასუხისმგებლობას იყო ამხელა ინსტიტუციის წევრი, წინასწარვე უნდა გქონდეს გააზრებული, რომ შესაძლოა ვიღაცამ გაგაკრიტიკოს, ვიღაც ცინიკურიც კი იყოს. მთავარია ეს ყველაფერი უზრდელობაში არ აგერიოს და რომც აგერიოს ამან ფიზიკური ძალადობის სურვილი არ უნდა გაგიჩინოს. მე არ მოვითხოვ რადიკალურ ცვლილებებს უნივერსიტეტში, ერთი მარტივი მიზეზითაც – ეს მოძრაობა და „ბრძოლა“ არ დაწყებულა ამ მიზნით. შესაბამისად მისი პროდუქტიულობაც საჭვო იქნება, თუკი ახლა აღმოვაჩენთ, რომ უნივერსიტეტის დამხობა გვინდა. უბრალოდ არამომგებიანი იქნება ასეთი იმპულსური და ემოციური ნაბიჯები.

გაიჟღერა ანარქო-სინდიკალისტურმა იდეებმაც. ეს კიდევ ერთი აბსურდი მგონია მე. თავის თავში ანარქო-სინდიკალიზმი სულაც არ მგონია ცუდი. პირიქით იდეალურადაც კი მიმაჩნია, გულწრფელი რომ ვიყო. მაგრამ რამდენადაა რეალური?  ქვეყნებში სადაც უნივერსიტეტის მართვა ჰორიზონტალურ პრინციპზე გადავიდა სულ სხვა სიტუაცია იყო და არის. ჩვენს გარემოში, როდესაც ნაგვის ურნაში ნაგვის ჩაგდებასაც ვერ ვახერხებთ, როდესაც მიწისქვეშ გადასასვლელები ტუალეტები გვგონია, როდესაც თვითმართველობაში არიან ადამიანები, რომლებსაც ჰიტლერთან გულწრფელი სიყვარული აკავშირებთ, რომლებიც მოითხოვენ „ჰოლოკოსტს“ უნივერსიტეტში, როდესაც სტუდენტების უმრავლესობას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია გვცემენ თუ მოგვკლავენ მათ თანაუნივერსიტეტელებს, არა მგონია, რომ ასეთმა იდეალისტურმა მიდგომებმა გაამართლოს. გასაგებია, რომ ცოტათი იდეალისტებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ რეალობას თუ ავცდით ეგ იდეალიზმიც გვერდზე მოგვრჩება და სხვა ყველაფერიც.  სისულელეა მოითხოვო ამხელა ინსტიტუციის ჰორიზონტალურად მოწყობა მაშინ, როდესაც ასეთი გამოცდილება საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში, სულ მცირე ორგანიზაციებშიც კი. მეც მინდა, რომ უნივერსიტეტს მართავდნენ სტუდენტები და არა პირიქით, მაგრამ დაფიქრდით, სამას სტუდენტსაც კი ეზარება აქციაზე ძალადობის გაპროტესტება და თქვენ გგონიათ, რომ ისინი თავს რაიმეს მართვისთვის შეიწუხებენ? გარდა ამისა, ანარქო-სინდიკალისტური იდეების განხორციელება დროში იმხელაზე გაიწელება, რომ შეიძლება თაობის შეცვლამაც კი მოუწიოს. ჩვენ ახლა გვცემენ და ახლა უნდა მოვითხოვოთ ამ ყველაფრის შეწყვეტა. როდესაც ამ მინიმუმს მივაღწევთ, მხოლოდ მერე უნდა მივცეთ თავს იდეალისტურ მოთხოვნებზე ფიქრის ფუფუნება.   კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომწონს ჰორიზონტალურობა, მაგრამ ამ ეტპზე სამართლიანი სუბორდინაციაც დამაკმაყოფილებს.

4)     და ბოლოს …


ნუ, ნუ ჩარევთ ამ ყველაფერში პოლიტიკას. გასაგებია, რომ ვიღაცას ხელისუფლება არ მოსწონს და ვიღაცას ოპოზიცია. თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორებამ კი არ უნდა განაპირობოს ადამიანების ცნობიერების შეცვლა და სამოქალაქო აქტივიზაცია, პირიქით უნდა მოხდეს. ინიციატივა და სურვილი სისტემის შეცვლისა ხალხის მასებმა უნდა შვან. ამისთვის სულ მცირე მეტი განათლება და მეტი შეგნებაა საჭირო. განათლებისა და შეგნების ასამაღლებლად კი უნივერსიტეტის დიპლომი სულაც არაა საჭირო. უამრვი საშუალება არსებობს ამისთვის, მთავარი მონდომება და სურვილია, ელემენტარული საშუალება კი ადამიანების საკმარის რაოდენობას აქვს. მე მესმის ადმინისტრაციის, რომელსაც ეშინია ამ პროცესმა არ მიიღოს პოლიტიკური ელფერი და მესმის ადამიანების, რომლებიც მაინც პოლიტიკას ხედავენ ნებისმიერ სიტუაციაში. თუმცა ამჯერად როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ყველაფერი პოლიტიკამდე არ დავიყვანოთ. ეს მხოლოდ გაართულებს და გაამწვავებს სიტუაციას.  რადიკალიზმი ახლა ძალადობის ტოლფასი მგონია.

P.S. და კიდევ, ბევრი შეკითხვა გაჩნდა თუ რატომ არ ვჩივივართ 16 აპრილს დაზარალებულები. პირადად მე ამის მიზეზი მგონია, რომ მაქვს. პირველი ისაა, რომ  ვერ ვამტკიცებთ დოკუმენტურად თვითმართველობის მონაწილეობას ფიზიკურ ძალადობაში. მხოლოდ სარჩელის დაწერა და შეტანა კი არაფრის მომცემი იქნება. თვითმართველობა ამ ყველაფერს პირად ანგარიშსწორებას უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ სჯერა ამ ყველაფრის. ჯერ კიდევ 15-ში ვიცოდით, რომ მათი ეგიდით “საცემთა სია” შედგა. თუმცა, ოფიციალურად მათი ამაში დადანაშაულებაც არ შეიძლება, რადგან ვერ დავამტკიცებთ.   და მეორე, მაქვს პირადი მიზეზი, რომლის შესახებაც ყველასთვის ახსნა-განმარტების მიცემას არ ვთვლი საჭიროდ. ამ ორ მიზეზს შორის არ არსებობს პრიორიტეტულობა. ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია ჩემთვის. უბრალოდ არ მინდა, რომ ისედაც მძიმე საარსებო გარემო, რომელშიც მე ვტრიალებ, კიდევ უფრო დამძიმდეს მორალურ-ფიზიკურად.

P.P.S. არ ვიცი რამდენს გაგიძლოთ ნერვებმა, რომ ეს ყველაფერი წაგეკითხათ, მაგრამ ყველას დიდ მადლობას ვუხდი წაკითხვისთვისაც და გვერდში დგომისთვისაც.