თსუ-ისთვის და არა მის წინააღმდეგ

Posted on April 22, 2011

0



თამთა სიხარულიძე – თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი

თამთა სიხარულიძე და მე🙂

უკვე არაერთი პოსტი თუ ინტერვიუ მიეძღვნა განვითარებულ მოვლენებს, გაისმა მრავალფეროვანი მოსაზრებები და მოგვეწება ათასგვარი იარლიყი. ახლა მინდა ჩემი პოზიციაც დავაფიქსირო და ასე თუ ისე პასუხებიც გავცე იმ მოსაზრებებს, რომლებსაც გავეცანი.
1) არა უნივერსიტეტის წინააღმდეგ, არამედ მისთვის!!!!!
პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდი (16 აპრილი, მზიური) – ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ გამოვდივართ უნივერსიტეტის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვებრძვით უნივერსიტეტს გაუგებარი მიზეზების გამო, ჩვენ ძალიან მარტივ (თუმცა როგორც ჩანს რთულად განსახორციებელ) რამეს ვითხოვთ: პირველ რიგში, მივიღოთ მაქსიმალურად ხარისხიანი განათლება და მეორეც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღოს ის სახე, როგორსაც იმსახურებს პირველი ქართული უნივერსიტეტი. „უნივერსიტეტობას“ თსუ ყველაზე საშინელ პერიოდშიც არ წყვეტდა: ამას ერთი შეხედვით, უნივერსიტეტში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ათასგვარი გამოფენებით, რომლებიც წელიწადში არაერთხელ იმართება. თითოეულ მისვლაზე ერთი მხრივ ვამაყობ, რომ მეც თსუ-ელი ვარ, მეორე მხრივ კი გული მწყდება რომ ეს ის უნივერსიტეტი აღარაა, ჩვენ ის სტუდენტები აღარ ვართ (სხვათაშორის არც ბოლო დროინდელი მოვლენების შემდეგ ვფიქრობ, რომ რაიმე შეიცვალა… ახალი არავინ მინახავს ჩვენ გვერდით; ვინც აქამდე ვიყავით კვლავ ისინი დავრჩით, მეტიც უფრო ცოტანი. 10, 20 ან თუნდაც 40 უნივერსიტეტელი კი ჩემთვის ჯავახიშვილის სტუდენტების სახე არაა). ზუსტად, ნამდვილად არ ვიცი ჩემი მეგობრები რას ფიქრობენ ამაზე, მაგარამ პრობლემებზე ლაპარაკი 15 აპრილს არ დაწყებულა, უნივერსიტეტში ფეხის შედგმის დღიდანვე იღებს სათავეს (სხვათაშორის მაშინ ჯერ კიდევ უცხო ვიყავი და ყოველ ნაბიჯზე უსამართლობის გამოსწორებას ვითხოვდი, გაზაფხულზე კი მივხვდი, რომ უკვე ხერხები ვიცოდი, რას როგორ გავმკლავებოდი, თითქოს მეც ამ დიდი ბიუროკრატიის მონაწილე გავხდი). ამ დისკუსიების დროს ყოველთვის ვახსენებდით, რომ ესაა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც თითქმის აღარ არსებობს და ჩვენი, როგორც ამ უნივერსიტეტის სტუდენტების ვალია ვეცადოთ მაინც წვლილი შევიტანოთ მის გაუმჯობესებაში, რაც არც ისე შეუძლებლად წარმოგვედგინა. ასე, რომ ისინი, ვინც ამ მოვლენებს წარმოიდგენს, როგორც უნივერსიტეტის წინააღმეგ მიმართულს ვთხოვ ჩვენი პოზიცია გაითვალისწინონ და ტყუილ-უბრალოდ დროს ნუ დახარჯავენ უკვე წაგებისთვის განწირული კამპანიის წამოსაწყებად….

2) არა, ძალადობას!

ბევრმა ვერ გაიგო რას ვითხოვდით და უმეტესობა დღესაც, უამრავი ახნის შემდეგ, იმ აზრზეა, რომ უნდა დავუბრუნდეთ თარგმანების საკითხს. მე ვიტყვი: არა თარგმანებისთვის, არამედ მშვიდობისთვის! მშვიდობა ცოტა გადამეტებულია ალბათ, მით უფრო, რომ არც ნამვილი მშვიდობისთვის იბრძვის ბევრი. მშვიდობა ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ უნდა გამიქრეს დაუცველობის განცდა, რომელიც აქციის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა. რატომ მშვიდობა? იმიტომ, რომ ზემოთ ნახსენები პუნქტის განსახორციელებლად აუცილებელია გვქონდეს დაცულობის განცდა, რათა თავისუფლად შევძლოთ ჩვენი ვალის აღსრულება (უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩართვის უფლების შესახებ მოგახსენებთ). რადგან ეს პრინციპი დაირღვა, თარგმანებიც და სხვა პრობლემებიც მეასიათასე ხარისხოვნად იქცა. თურმე ჯერ სხვა პრობლემები გვქონია მოსაგვარებელი, გარემო რომ შეიცვლება (და უთუოდ შეიცვლება), მერე გინდ თარგმანები მოვითხოვოთ, გინდ ცხრილების ნორმალურად შედგენა, გინდ სისუფთავე, გინდ პროგრამების გაუმჯობესება და კიდევ მრავალი რამ. 21-ე საუკუნეში სისხლის ფასად არაფერი უნდა გვიჯდებოდეს, მით უმეტეს სტუდენტის უფლებებით სარგებლობა. რამდენჯერაც შეეცადნენ ამ უფლებებით ესარგებლათ, იმდენჯერ მოხვდათ, სწორედ ამიტომაა თავისუფალი გარემოს შემქმნა უპირველესი ამოცანა…. სწორედ ამიტომ „არა ძალადობას!“

3) სერთიფიკატებზე არ ვიყიდებით!

ამ ბოლო დღეებში ძალიან სასაცილო არგუმენტები მოვისმინე თუ რატომ არ შეიძლება გავაკრიტიკოთ თვითმართველობა: თურმე ჩვენ სტენდებს არ ვუყურებთ და ამასობაში თვითმართველობა მილიონ საგანმანათლებლო პროექტს აწყობს, თურმე ჩვენ „ვაბირჟავებთ“ ამ დროს კი ოფლი იღვრება ამ პროექტების მოსამზადებლად, ამიტომაც არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ თვითმართველობა არაფერს აკეთებს, თურმე არ გვეთქმის არაფერი რადგან მონაწილეობა მიგვიღია ამ ღონისძიებებში, თურმე ექსკურსია ყველაზე პოპულარული ღონისძიება ყოფილა, ამაშიც მიგვიღია მონაწილეობა და შესაბამისად არ გვაქვს უფლება „ტაშ-ფანდური“ ვუწოდოთ ამ საქმიანობას და ა.შ….. ძვირფასო თვითმართველობის წარმომადგენლებო თქვენს პროექტებში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება რაიმე პრეტენზია ქონდეს ადამიანს თქვენი საქმიანობის მიმართ (თუნდაც ამ პროექტების ხარისხთან დაკავშირებით). თქვენ ოპოზიციაც გყავთ, რომლებიც დაამარცხეთ არჩევნებში, მათაც კი შეუძლიათ ამ პროექტებში მონაწილეობა, რადგან სწორედ სტუდენტებისთვის კეთდება, სტუდენტებისვე ფულით; ახლაც კი შეუძლია ნებისმიერ ნაცემს ან მათ გულშემატკივარს მონაწილეობა მიიღოს თქვენს პროექტში და ეს უცნაურად არ უნდა გამოჩნდეს (ცალკე თემაა თავად ჩვენი პრინციპები ამ ეტაპზე)… პროექტში მონაწილეობა არ უნდა იგივდებოდეს ერთგულებასთან და მეორეც, გაუგებარია რის მიმართ ითხოვთ ერთგულებას? გააკეთეთ პროექტი, დაინტერესდნენ სტუდენტები და აქ დამთავრდა. თქვენ მიერ ბოძებულ სერთიფიკატს დავხევ თქვენ თვალწინ თუ ასეთი მნიშვნელოვანია, თუ ის მავალედებულებს ყველა თქვენი ქმედებისა თუ მოსაზრების მიმართ ლოიალური ვიყო. რაც შეეხება ექსკურსიას, ერთხელ გავბრიყვდი და აქაც ვიყავი, თუმცა არავინ დაინტერესებულა შუა გზიდან რატომ გაქრა ავტობუსიდან 5 კაცი და რა ბედი ეწია მათ. თქვენი დაღვრილი ოფლი ამ პროექტების მომზადებაში ე.წ ბირჟაობის დროსთან პირდაპირ პროპორციულ კავშირში არ უნდა იყოს, საერთოდ არაფერ შუაში არაა და ასეთი არგუმენტების მოყვანას მოერიდეთ, ბოლოს და ბოლოს ოფლის ღვრა თქვენი მოვალეობა, როგორც პროექტების ორგანიზატორების და დანარჩენი სტუდენტების ვალი სულაც არაა თანადგომას გიცხადებდნენ. ამიტომ ვერ დაგვადანაშაულებთ, რომ თუ ჩვენ პროექტებს არ ვაკეთებთ, ამიტომ არ შეიძლება გაგაკრიტიკოთ „არაფრის“ კეთებისთვის, არაფერში რაც იგულისხმება ყველა თგვენგანმა კარგად იცის. სტუდენტები თავიანთ საქმეს აკეთებენ და თუნდაც რომ „აბირჟავებდნენ“ უნივერსიტეტთან ეს თქვენ ხელს არ გიშლით, ამის გამო არ შეიძლება ვინმე შეაფასო. ერთი რამ კიდევ: უნივერსალური ჭეშმარიტება არ არსებობს და რატომ გგონიათ, რომ მაინცდამაინც თქვენ ფლობთ???? ჩვენ ყველანი სტუდენტები ვართ და თვითმართველობის პირდაპირი მოვალეობა სულაც არაა ადმინისტრაციის დამცველად მოგვევლინოს (მით უფრო, რომ თავად ადმინისტრაციას საწინააღმდეგო არაფერი აქვს კრიტიკის, როგორც თვითონ უთქვამთ არაერთხელ)… ზოგიერთი აგრესიას ამართლებდა „ქართველ კაცობით“, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს თვითმართველობის წევრს, ვიდრე ნებისმიერ „ქართველ კაცს“ და მართლაც რომ მიეყენებინა პირადი შეურაცხყოფა ვინმეს ეს არ უნდა გადაზრდილიყო ხელჩართულ ბრძოლაში, მეტი თავშეკავებაა საჭირო.

4) ინდიფერენტული სტუდენტობა!

ამ პუნქტში ჩემს მეგობრებს და ჩემ თავს მივმართავ. რატომ გვიკვირს, რომ ბევრი ჩვენი მეგობარი ჩვენ გვერდით არ დგას? რატომ გვიკვირს, რომ სხვა უნივერსიტეტებიდან უფრო მეტი ინტერესი გამოხატეს ვიდრე ჩვენთან? დაგავიწყდათ ამ ამბებამდე პირველ რიგში რისი გაკეთება გვსურდა? არ ვამბობდით, რომ ჯერ სტუდენტები უნდა მიხვდნენ, რომ უფლებები აქვთ, რომ უნივერსიტეტი მათია, მათთვისაა და სწორედ მათ ინტერესშია მოითხოვონ ყველაფერი რაც კანონოთ ეკუთვნით? უნდა მიხვდნენ, რომ ხმის ამოღება საშიში არაა? (თურმე ყოფილა). ნუთუ არ გვიკვირდა, რომ საერთოდ არაფერი აინტერესებთ ამ ქვეყნად? ამის ცოდნის შემდეგ ნუთუ გაუგებარია, რომ ის ხალხი, ვისთვისაც სულერთია რა მოხდება, ვისაც აზრი არასდროს აქვს, შესაბამისად არც არასდროს გაუჩნდება სურვილი რამე თქვას ის სიტყვის თავისუფლების დასაცავად არ დადგება? რატომ მოვუწოდებთ, რომ მათამდეც მივლენ? გავიგოთ, რომ მათ არ უზღუდავენ ამ უფლებას, იმიტომ რომ არ გამოუყენებიათ, არ იყენებენ და არც მომავალში აპირებენ გამოიყენენონ…. მით უფრო ვინც იღვიძებდა, იმას შეიძლება ახლა უფრო ჩაეძინოს; რატომ აიტკიებს აუტკივარ თავს?
ასეთი ადამიანები ეჭვი მეპარება კითხულობდნენ ჩემს პოსტს, მაგრამ თუ მაინც არიან ასეთები დაგვიმტკიცეთ, რომ უბრალოდ გეშინიათ და მეტი არაფერი, მე მირჩევნია გეშინოდეთ. შიში ადვილი დასამარცხებელია, ხმის ამოღების სურვილის გაჩენა კი ურთულესია!!!!!

5) გველეშაპის დამარცხება გველეშაპის დამარცხებაა!

რატომ ცდილობენ ზოგიერთები, რომ დავარქვათ სახელი რას ვებრძვით? კიბატონო სახელია უსამართლობა, უხარისხო განათლება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიუროკრატიული სისტემა და ა.შ ამ ხალხს თითქმის არ აინტერესებთ გვექნება თუ არა ჩვენ კარგი ცხრილები, კარგი რიდერები, წიგნები და ა.შ. მათთვის მთავარი კი არ არის ჩვენ გველეშაპი ისე დავამარცხოთ ამ არსების სახელი არც კი ვიცოდეთ, არამედ სახელი დავარქვათ და არ დავამარცხოთ.
გვაცალეთ მივხედოთ ჩვენ საქმეს და შედეგი ჩვენვე მოვიმკათ, ნუ უსწრებთ მოვლენებს. თუ უნივერსიტეტში სიტუაცია გამოსწორდა და თუნდაც სტუდენდეტები მიხვდნენ, რომ მათ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები, იბრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ, სრულიად ახლებული და მშვიდობიანი ხერხებით, ეს თავისთავად საზოგადოების შეცვლამდეც მიგვიყვანს. მაგრამ ნუ შერაცხავთ ჩვენს პროტესტს გმირების გამოჩენათ, რომლებსაც ყველა სხვადასხვა ფუნქციას აკისრებს…..

თამთა სიხარულიძე
21.04.11