პრინციპულად გაუმართლებელი და ალოგიკური ქმედებები

Posted on May 1, 2011

1



(თამთა სიხარულიძის მეორე პოსტი ჩემს ბლოგზე)

22-28 აპრილის Weekend-ში სტატია გამოქვეყნდა თსუ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ამჯერად არ ვისაუბროთ ავტორის მიერ დამახინჯებულ ფაქტებსა ან ამ სტატიის უნიკალობაზე (თვითმართველობის ბრწყინვალე არგუმენტებმა თავი მოიყარა ერთ წყაროში). მთელ ამ ქაოსში ჩემთვის ერთადერთი წინადადებაა ძალზე მნიშვნელოვანი: „ოთხშაბათისთვის სტუდენტებმა უნდა მოგვაწოდონ იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელთა თარგმნაა საჭირო“… აქამდეც და ამ ამბების შემდეგაც აქა-იქ მესმოდა შეძახილები: „გადასცენ სია, გადმოგვცენ სია, გადავცეთ სია, გადმოგვცენ სია, გადასცენ სია, გადმოგვცენ სია, გადავცეთ ეს სიაა ბოლოს და ბოლოს, რა გახდა…..“ არ ვიცი მართლა გადასცეს თუ არა თვითმართველობას ან ვინმე სხვას რაიმე სია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნაცა და მიწოდებაც გაუმართლებელია.მოთხოვნა წიგნების სია გადმოგვეცით თვალებში ნაცრის შეყრასა და თვითდაბრმავებას გავს, როცა ამას ადმინისტრაცია ითხოვს. როცა თვითმართველობა ანალოგიურ ულტიმატუმს აყენებს ეს უკვე თვალებში ნაცრის შეყარაზე მეტიც კია, სასაცილოა.

1. რატომ უნდა შეადგინოს სტუდენტთა უცნობმა (თუნდაც ნაცნობმა) ჯგუფმა სათარგმნი წიგნების სია?

პირადად არც ადმინისტრაციისა და არც თვითმართველობის მხრიდან არ მომისმენია ეთხოვათ სია გადმოგვეცითო, თუმცა განწყობა ჭორებით იგრძნობოდა. განწყობა კი ასეთია: თუ მოთხოვნაა რომ ლიტერატურა უნდა ითარგმნოს, კონკრეტული წიგნების სიაც უნდა იცოდნენ, აბა ისე რა აზრი აქვს თარგმნის მოთხოვნას?! თარგმნა კი არა ქართულ ენაზე სწავლების უფლების შეზღუდვაა უკმაყოფილების წყარო. შესაბამისად სულერთია წიგნებს თარგმნიან თუ ახალ წიგნებს დაწერენ; (იქნებ უკეთესიცაა ჩვენც დავკავდეთ სამეცნიერო მუშაობით, გვქონდეს საკუთარი წიგნები და თეორიები, მუდამ თარგმნაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, არც მზად შემოთავაზებულ თეორიებზე), მთავარია ეს წიგნები იყოს ხარისხიანი და ვიღებდეთ ეპოქის შესაბამის განათლებას.
მეორეც, რადგან მოთხოვნაა ხარისხიანი განათლების მიღება (რასაც მრავალი მიზეზის გამო ხელს უშლის არამშობლიურ ენაზე მასალის არსებობა), ჩვენ ვერ ვიქნებით ექსპერტები რა უნდა ითარგმნოს და რა არა, რომელი წიგნების წაკითხვაა აუცილებელი და რა შეიძლება დამატებით წყაროდ გამოვიყენოთ. სტუდენტები ვხედავთ, რომ ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი (ყველაზე მნიშვნელოვანიც) დამაბრკოლებელია ლიტერატურის არ არსებობა ქართულ ენაზე ამიტომ ვითხოვთ, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები. ჩვენ შეგვიძლია აღქმა რა გვიშლის ხელს განათლების მიღებაში, თორემ კომპეტენტურობაზე ჩვენ სფეროებში თავს ჯერ ვერ დავდებთ (ჯერ კი არა მომავალში რა იქნება, თუ ასე გავაგრძელეთ განათლების მიღება ესეც საკითხავია). სწორედ იმიტომ რომ მომავალში, ჩვენ როგორც პროფესიონალებმა შევძლოთ ახალი თაობებისთვის შეთავაზება ადეკვატური განათლების სისტემის, დღეს ვთხოვთ ჩვენს პროფესორებს შეიმუშაონ ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისი პროგრამები.
მესამეც, ჩემი აზრით საოცრად ალოგიკურია, თხოვნა წარვადგინოთ სათარგმნი ლიტერატურის სია: ვამბობთ რომ გვიჭირს შემოთავაზებული უცხოენოვანი ლიტერატურის აღქმა (მით უფრო წარმოუდგენელია თარგმნაზე ვიფიქროთ) ენობრივი ბარიერის გამო. მინიმუმ კარგად ხომ მაინც უნდა იგებდე რა წერია, რომ შეფასება შეძლო? გარდა ამისა, შესადარებლად სხვა წიგნებიც ხომ უნდა წაიკითხო? მესამეც ნუთუ შეუძლია 19-20 წლის ახალგახრდას გაარჩიოს რა არის მისთვის აუცილებელი პროფესიის ანბანის გასაგებად მაინც?! მაშინ უნივერსიტეტი რა საჭიროა თუ მიმართულება არ მოგვცა და საფუძვლებს არ გაგვაცნო?! უნივერსიტეტში ჩაუბარებლადაც დავსხდებოდით და ვიკითხავდით ყველაფერს განურჩევლად და რასაც მივიღებდით, მივიღებდით.
ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ უნივერსიტეტში 6 ფაკულტეტია, დაახლოებით 47 მიმართულება, როგორ უნდა მოვახერხოთ სტუდენტებმა ყველა საჭირო წიგნის სიაში შეტანა? მე პირადად გაუმართლებლად ვთვლი მხოლოდ კონკრეტულ ფაკულტეტებზე მოქმედებას და დანარჩენების უგულებელყოფას, ასე ვერც ერთი ფაკულტეტი მიიღებს სასურველ შედეგს.
ამას გარდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სია თითეული მიმართულების პროფესორებსა და ექსპერტებთან შევათანხმოთ, ამაზე უარს არავინ გვეტყვის, პირიქთ, სიხარულით ჩამოგვიწერენ სიას, მაგრამ ეს პრინციპულად გაუმართლებლია. რატომ ჩვენ? თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ჩვენი პროფესორები როგორ განათლებას მივიღებთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ კი არ უნდა გვიწევდეს შუამავლობა (საშინელი სიტყვაა ეს შუამავლობა საერთაშორისო მშვიდობის დამყარებას ხომ არ ვცდილობთ?! ნუთუ ყველა ერთი არ უნდა იყოს უნივერსიტეტში? ერთი მთლიანი მეგობრული გარემო?!) ადმინისტრაციასთან; თავად უნდა წამოაყენონ ეს საკითხი თუ ადმინისტრაციის მხრიდან არ მოდის ინიციატივა; ან პირიქით ადმინისტრაციამ უნდა გაიაროს კონსულტაციები პროფესორებთან და მათ უნდა წამოჭრან პროგრამების გაუმჯობესებისა და ჩვენზე მორგების საკითხი. ასე, რომ წიგნების სიის გადაცემა იმ სიჩუმის ხელშემწყობი იქნება, რომელიც გამეფებულია უნივერსიტეტში და მხოლოდ აუდიტორიებში ირღვევა 10-15 წუთით….

2. რატომ უნდა გადავცეთ სია თვითმართველობას?
დავუშვათ გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა და შევადგინეთ სია. რატომ უნდა გადავცეთ ის თვითმართველობას? გაგვიჭირდება და თუ ძალიან მოვინდომებთ ვერ შევხვდებით მინიმუმ დეკანს და მაქსიმუმ რექტორს, ან სხვა პასუხისმგებელ პირებს თუ რა? თვითმართველობას სია გადავცეთ იმიტომ, რომ გავწელოთ დროში?! დაველოდოთ როდის გადასცემენ სიას „ზემდგომ ორგანოებს“, ისინი როდის განიხილავენ საკითხს, როდის მოაწვდიან პასუხს, როდის ინებებს თვითმართველობა გადმოგვცემს პასუხს თან ინტერპრეტირებულსა და დამახინჯებულს?! არა, არა და არა! მითუმეტეს არა ახლა, როცა თვითმართველობის მიმართ ნდობა აღარ არსებობს, იმ ჯგუფის მხირდან, რომელსაც თხოვენ სიის გადაცემას.

3. თვითმართველობამ ახლა იკირსა შუამავლის როლი ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის?
თვითმართველობა, რომ წესიერად მუშაობდეს, დიდი ალბათობით არც დავხარჯავდით ამდენ ენერგიას (თან მაინც გვიყვარს ხოლმე, როცა ჩვენ მაგივრად იტკივებენ თავს, მეტიც თუ ეს მათი მოვალეობაა), მართლაც მივიდოდით მხოლოდ თვითმართველობის შესაბამის დეპარტამენტში, ჩამოვაყალიბებდით პრობლემებს და თავად მათ ემტვრიათ შემდეგ კარები ადმინისტრაციისთვის, მათ აეწიოკებინათ სასამართლოები და მათ მოეწყოთ აქციები, სადაც ყველანი ერთად, საერთო საქმისთვის ვიდგებოდით. ეს როლი თვითმართველობამ ახლა მოირგო, როცა აქამდე საკუთარი ქცევით ამტკიცებდა რომ ჩვენ სხვები ვართ, ისინი კი რაღაც განსხვავებულ ფენას წარმოადგენენ, რომელსაც ან უნდა დაუპირისპირდე, ან ყველაფერში ეთანხმებოდე და მუდამ მადლობელი იყო რომ არსებობენ. მთავარი პრინციპი: „ყველანი სტუდენტები ვართ!“ დარღვეულია. თანაც ეს როლი დროებითია, მხოლოდ პრემიერისთვის დაეთმო სცენა, ხვალიდან კი კვლავ ძველი სპექტაკლის თამაშს განაგრძობენ.

4. ვთქვათ სტუდენტები თვითმართველობას უნდა იყენებდნენ ადმინისტრაციისთვის ხმის მისაწვდენად, იმავე მეთოდით რატომ სარგებლობს ადმინისტრაცია?
არაფერი ახალი არ მომხდარა თუ თვითმართველობამ სპექტაკლი დადგა, თუმცა არ მინდა რეჟისორად ადმინისტრაცია მოგვევლინოს, მით უფრო როცა ბატონი ალექსანდრე საჯაროდ ამბობს: „რასაც ვუყურებ, უნივერსიტეტში სტუდენტებს აბსოლუტურად სხვა თაობაა, ძალიან პროგრესული, ძალიან ჭკვიანი, ძალიან თამამი, რაც მე არ მქონდა არასდროს, მე მქონდა კითხვის დასმის კომპლექსი (ეს ალბათ საბჭოთა ქვეცნობიერების პრობლემაა)… ამათ კითხვა აქვთ სვამენ პირდაპირ!“ (თოქშოუ შუადღე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=28-04-2011+13%3A49 ) თუ ასეთი ნიჭიერები და განსხვავებულები ვართ, რატომ მოხდა ის რაც მოხდა? ან რატომ გვიხშობთ უფლებას განვავითაროთ ეს ნიჭი? მინდა ამ და სხვა კითხვებზე საჯარო პასუხებს ვიღებდეთ, თუმცა არა მედიის მეშვეობით. ნორმალურ პირობებში თვითმართველობისთვის მიმართვა მხოლოდ ორგანიზებულობისთვის დაჭირდებათ სტუდენტებს, აზრების შესაჯერებლად და საერთო მოთხოვნის ჩამოსაყალიბებლად. ადმინისტრაცია კი, არც ნორმალურ პირობებში და არც ახლა, პასუხებს თვითმართველობის პირით არ უნდა გვცემდეს; 16 დღე გავიდა 15 აპრილის შემდეგ და ჯერ ნორმალური შეხვედრა არ შემდგარა. მე, სტუდენტს რომელსაც უნდა კარგი განათლება მიიღოს, აქვს კითხვები და პასუხების მოსმენას ელის, არ დამაკმაყოფილებს მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს თუ შეხვდება რექტორი. ეს რა თქმა უნდა, დამარწუმენებს, რომ არც ისე წყალწაღებულები ვყოფილვართ, როგორც ჩანდა აქამდე, მაგრამ კმაყოფილი მაშინ ვიქნები თუ თავადაც შემეძლება მოვისმინო რექტორის აზრი მიმდინარე მოვლენებზე, შემდეგ კი დავინახო რეალური ქმედებები. ასე, რომ თუ ადმინისტრაცია ყველა სტუდენტის ინტერესის თანაბრად დაცვას ცდილობს, ჯობს არ გამოიყენონ თვითმართველობა, როგორც შუამავალი და შემსრულებელი ჩვენთან დიალოგისა. ეს ჩვენი გაღიზიანების მეტს არაფერს მოიტანს.
თამთა სიხარულიძე