პასიურობა – ნორმა ჩვენს რეალობაში

Posted on May 12, 2011

16



(თავდაპირველად დაიბეჭდა გაზეთში „დრონი“)

როდესაც სკოლაში მსოფლიო ისტორიას ვსწავლობდი, მახსოვს, როგორი ხალისითა და ინტერესით ვკითხულობდი პარაგრაფებს 1960-იანი წლების ამერიკის შესახებ. გულწრფელ აღტაცებას იწვევდა ჩემში უბრალო ამერიკელი სტუდენტების ორგანიზებული, მშვიდობიანი, ნახევრად-რომანტიკული მუსიკალური აქციები და პაციფისტური გამოსვლები. ჩემს ახალგაზრდულ თავმოყვარეობაზე შთამაგონებლად მოქმედებდა ჰიპური და ნონ-კონფორმისტული სულით გაჟღენთილი ამერიკელების ცხოვრების სტილი. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სტუდენტობაც ასეთი საინტერესო და აქტიური იქნებოდა.

მოგვიანებით უკვე საქართველოს ისტორიის წიგნებიდან გავიგე, რომ 1978 წელს სტუდენტებმა „გადაარჩინეს“ ქართული ენა. 80-იანი წლების ბოლოს კი მთელს დეკადენტურ და ანტისაბჭოურ მოძრაობაში სტუდენტები, შეიძლება ითქვას, მთავარი გამწევი ძალა იყვნენ. დავაკავშირე საქართველოს 70-80-იანი წლები აშშ-ის 60-იან წლებს და სისხლსავსე სტუდენტობის მოლოდინით ჩავაბარე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვიყავი, რომ სტუდენტობა ისევე იქნებოდა პროგრესული და ახალი (შესაძლოა რევოლუციური) იდეების გამხმოვანებელი, როგორც ეს არც თუ შორეულ წარსულში ხდებოდა. თან მეშინოდა, ვაითუ უნივერსიტეტში ყველაფერი კარგად დამხვდეს და გასაპროტესტებელი აღარაფერი იყოს, მაშინ ხომ ერთფეროვანი ცხოვრება გარდაუვალი იქნება-მეთქი. თურმე ვცდებოდი…

გასაპროტესტებელი ბევრიც დამხვდა და ბევრიც შემდეგ მოხდა, მაგრამ პროტესტისა და აქტიურობის ნაცვლად სრულიად ამორფული, გულგრილი და ჩუმი მასა ვიხილე, რომელსაც მხოლოდ სტატუსის გამო ერქვა სტუდენტობა. ჯერ მეწყინა, რომ ჩემი თაობა ვერასდროს მოაწყობდა ვუდსტოკის ფესტივალს, შემდეგ გავბრაზდი, რომ ვერასოდეს გვეყოლებოდა ულრიკე მეინჰოფები. გაბრაზებამ აპათიაში ჩამაგდო და მიბიძგა მეტი მეფიქრა, ვიდრე მეწუწუნა. ახლაც ვცდილობ საკუთარ თავთან გავარკვიო, რა არის მიზეზი იმ ტოტალური პასიურობისა, რომელიც ჩვენი თაობისთვის ისეთი ბუნებრივია, როგორც დედის მუცლიდან თანდაყოლილი.

თავდაპირველად ეს ყველაფერი ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დავაბრალე. ვფიქრობდი,  შეიცვალა სამყარო, თავისუფალი ცხოვრების სტილიც თითქოს დამკვიდრდა, ადამიანების უმეტესობა ცივილიზებულ სამყაროში თავად ქმნის საკუთარ ბედნიერებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიც საყოველთაოდ აღიარეს და მათ დარღვევას ვერბალურად მაინც ყველა გმობს. ალბათ აღარ არის საჭირო ის რადიკალიზმი და ორგანიზებული პროტესტი, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო. ალბათ ახლა „ცივილიზებული“ მიდგომით უფრო ადვილად წყდება-მეთქი საქმე. მაგრამ შევცდი …

2010 წლის ნოემბერში მთელი მსოფლიო გაოგნებული უყურებდა იმ ახალგაზრდულ მუხტს, რომელიც ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გაზრდამ გამოიწვია. ლონდონის ქუჩებში  ათიათასობით სტუდენტი გამოვიდა და კონსერვატორი მთავრობის გადაწყვეტილება გაზრდილიყო სწავლების საფასური  გააპროტესტა. მათ პროტესტს უბრალო სკოლის მოსწავლეებიც კი შეუერთდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა კი მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო თავისი  ორატორული ნიჭით. 15 წლის ედი ქაზინსმა  რამდენიმეწუთიანი სიტყვით გამოსვლისას  მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ჩვენი თაობა ტყუილად გონიათ პოსტ-იდეოლოგიური თაობა. მან ერთი ხელის მოსმით დაანგრია მითი, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს მხოლოდ გართობა და კომპიუტერული თამაშები აინტერესებთ. ეს ბავშვი კიდევ ერთი შთაგონების წყარო გახდა ჩემთვის. ისევ გამიჩნდა ილუზია, რომ საქართველოშიც შესაძლებელი იქნებოდა ახალგაზრდული ბრძოლა იდეალებისთვის. თუმცა რეალობამ ისევ გამიცრუა იმედები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო მასალის ქართულ ენაზე თარგმნის მოთხოვნამ და ადმინისტრაციის კრიტიკამ შედეგად „მომთხოვნთა“  და „კრიტიკოსთა“ ცემა გამოიწვია, ისევ სტუდენტთა ხელიდან. ხოლო მომდევნო დღეებში ძალადობის საწინააღმდეგო აქციაზე მოსვლა 400 სტუდენტსაც კი დაეზარა. ან არ ჩათვალა საჭიროდ. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ქართველი სტუდენტები პასიურები კი არა ლამის მუმიფიცირებულნი არიან.

ჩვენს თაობაში აღარ არსებობს ორგანიზებული პროტესტის სურვილი და მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ყველა რაღაცით არის უკმაყოფილო და გაბრაზებული, ელემენტარული სოლიდარობის გამოვლენაც კი გვესიკვდილება. ამ ყველაფრის მიზეზების ძიებას ალბათ ისტორიულ-ანთროპოლოგიურ-სოციოლოგიურ-იდეოლოგიური კვლევა სჭირდება. და საეჭვოა მაგ შემთხვევაშიც კი რამე კონკრეტულ მიზეზამდე მივიდეთ.

ამ ყველაფერს ზოგი ისტორიული წიაღვლების ჭრილში განიხილავს და ახალგაზრდულ (უფრო სტუდენტურ) პასიურობას აბრალებენ საბჭოთა კავშირს, ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორულ წყვეტას, წარსულს ჩაბარებულ განათლების სისტემას და ა.შ. საგულისხმო არგუმენტია. ეჭვგარეშე ვიპოვით რაღაც კავშირს ამ ყველაფერს შორის. სოციალური აქტივობა ალბათ ქვეცნობიერად მაინც ასოცირდება პიონერობასთან, კომკავშირელობასთან, პარტიულობასთან და ა.შ. მაშინ ხომ ყველაზე აქტიურები სწორედ პიონერები, კომკავშირები და კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ. ახლა კი პოსტ-საბჭოთა ქრონოტოპოსში ჯერ-ჯერობით ერთპიროვნული ზიზღი ან ერთპიროვნული სიყვარული არსებობს 70-წლიანი „წითელი წარსულისა“. მგონი დროა დავიწყოთ განხიბვლა და ნეიტრალური განსჯით მივუდგეთ ობიექტურ ჭეშმარიტებებს. დროა გავაანალიზოთ, რომ კომკავშირელობა და პარტმუშაკობა ცუდი იყო არა აქტიურობის არამედ აქტივობების გამო. მაგრამ ეს არგუმენტის თავის მართლების მხოლოდ ერთი რიგითი საშუალებაა.

სტუდენტური პასიურობის კიდევ ერთ სათავეს ზოგიერთი ჩვენს სოციალ-პოლიტიკურ რეალობას აბრალებს. მე თუ მკითხავთ ესეც ჩვენი ნაციონალური უგუნურებაა. როდესაც ყველაფერს მთავრობას და პოლიტელიტას აბრალებ ამით სულ მცირე საკუთარ უპასუხისმგებლობას უსვამ ხაზს. კიდევ ერთხელ აღიარებ რომ შენ, როგორც ეროვნული ერთეული სოციალურად იმპოტენტი ხარ და არ შეგწევს ძალა თავად შექმნა კონიუნქტურა, რომელშიც გინდა რომ ცხოვრობდე. რეალურად თუ შეხედავ სახელმწიფოსა და ხელისუფლების ყოველი არაგონივრული გადაწყვეტილება შენს წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ასეთ დროს შენ შეგიძლია ადგე და გამოხატო პროტესტი უსამართლობის ან ირაციონალობის წინააღმდეგ. არ არსებობს მთავრობა, რომელსაც მასების არ ეშინია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობა ხარისხსაც განსაზღვრავს. შენ ვერ იქნები ნეიტრალური, რადგან შენი ბედი წყდება.

შენ შეგიძლია ამ ყველაფრით ქულები ჩაიწერო საკუთარ აქტივში. მთავარია გქონდეს პოზიცია და სულ ოდნავი გამბედაობა მაინც მის გამოსახატავად. ენერგია კი, რომელიც ასეთი ტიპის ცვლილებებს სჭირდება ყველაზე მეტად სწორედ სტუდენტობაში არსებობს. გასაგებია რომ ბევრს შია და ბევრს სცივა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პასიურობით როდის რას შველებია ახლა რომ ეშველოს? სად გინახავთ თქვენ მოუხვნელ მიწაში სიმინდი იზრდებოდეს? მოხვნას კი ძალისხმევა სჭირდება. ძალისხმევის ძალად გარდაქმნა  უკვე აქტიურობა მაშასადამე პასიურობიდან თავის დაღწევაა.

ჩვენი, სტუდენტების პასიურობის გამართლებას აპოლიტიკურობითაც ცდილობენ. მაგრამ ასეთ სიტუაციაში მსჯელობა თავიდანვე არასწორი მიმართულებით მიჰყავთ ხოლმე. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თუ ახალგაზრდობაში აპოლიტიკური ხარ მაშინ „კარგი ტიპი“ ხარ. მე მგონი, ჩვენ პოლიტიზირებულობა პარტიულობაში გვერევა. გასაგებია, რომ დღეს ადამიანებს ქართული პოლიტიკური პარტიები ვერ სთავაზონებ იმას, რაც მათ რეალურად სურთ, მაგრამ ამ ყველაფერს პოლიტიკასთან მხოლოდ ნაწილობრივ აქვს კავშირი. პოლიტიკა მხოლოდ პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და მთავრობის სხდომები არაა. პოლიტიკური პოზიცია შენს ადამიანურ პოზიციას, ფიქრებს, სურვილებსა და მოთხოვნილებებს გულისხმობს. ხოლო თუ კი არც პოზიცია გაქვს, არც ფიქრები, არც მოთხოვნილებები და არც სურვილები, მაშინ ადამიანი როგორღა ხარ? სულაც არ არის საჭირო იყო პარტიის წევრი, რათა ფაქტებსა და მოვლენებზე პოზიცია გაგაჩნდეს. გასაგებია, რომ დიდია საფრთხე იარლიყის მოკერებისა, მაგრამ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს უდიდესი იარაღი აქვთ ხელთ – გულწრფელობა. ჯერ-ჯერობით ჩვენი ეროვნული ცნობიერება არაა ისეთი დაჩაჩანაკებული რომ ყალბი გულწრფელისაგან ვერ გავარჩიოთ. ჩვენი პრობლემა ის კი არაა რომ სიყალბეს ვერ ვხედავთ, არამედ ის რომ ამ სიყალბეს თვალს ვუხუჭავთ და ისეთივე თანამონაწილენი ვხდებით დანაშაულისა, როგორც ჩამდენი.

„სტუდენტური ძილის“ სათავეს მე უფრო სხვაგან ვხედავ – განათლებაში. ოღონდ რა თქმა უნდა, განათლებაში მხოლოდ ბევრი წიგნის წაკითხვასა  და დიპლომების კოლექციონერობას არ ვგულისხმობ. პროცენტულად უმაღლესდამთავრებულთა რიცხვით ბარეორი ქვეყანა ვერ შეგვედრება, მაგრამ რა? ვითომ ეს რამეს ნიშნავს?

მოდი, პირდაპირ ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ნაკითხნი (ისიც უფროსი თაობა), მაგრამ არამც და არამც განათლებულები. სნობიზმსა და ყელყელაობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ქართველ სტუდენტთა პასიურობა, სიმხდალეში რომ გადადის, სწორედ გაუნათლებლობის ბრალია. წიგნიერების უნივერსალურობაზე ჩემი მხრიდან საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ჩემს თაობას არ უყვარს ფიქრი. ახალგაზრდების უმრავლესობა ინსტიქტის დონეზე დადის უნივერსიტეტებში, იღებს მაღალ ქულებსა და სტიპენდიებს, მაგრამ ადეკვატურად დიდ ხანს არ ფიქრობს წაკითხულ-ნასწავლზე. აი ასე, უბრალოდ, ჩვენ არ ვფიქრობთ საკმარისად ბევრს. ზედაპირულად ვუდგებით ყველას და ყველაფერს და ასე ზედაპირზევე ვყროლდებით. ახალგაზრდული ენერგია, რომელიც წესით ყველაზე პროდუქტიული უნდა იყოს უაზროდ იხარჯება. განათლებასა და სწავლას პატივი მხოლოდ მაშინ შეიძლება სცე ადამიანმა, თუკი ის დინამიკაშია. დინამიკურობის, მოძრაობის დასაწყისი კი მხოლოდ ფიქრი შეიძლება გახდეს. ჯერ-ჯერობით შორს ვართ მდგომარეობისაგან, როდესაც სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას ინსტიქტის დონეზე მოვახერხებთ, ამიტომაც ჯერ საჭიროა განსჯა, ფიქრი და ანალიზი.

გასულ ზაფხულს ჩემი გერმანელი მეგობარი თბილისის ქუჩებში სიერნობისას გაკვირვებული მეკითხებოდა, საიდან ჰყავდათ 20-25 წლის ახალგაზრდებს ძვირფასი მანქანები. როდესაც ვუპასუხე, რომ თუკი ოჯახს შესაძლებლობა აქვს, ახალგაზრდას თავად ოჯახი ჰყიდულობდა მანქანასაც, ბინასაც და სამსახურსაც ის შოულობდა, მან ერთი შეკითხვა დამისვა – კი, მაგრამ როგორ სწავლობთ ქართველები ცხოვრებასო. მაშინ ნახევრად ირონიულად ვუპასუხე- მიმოიხედე გარშემო რა გვეტყობა ჩვენ ცხოვრებანასწავლის-მეთქი. სწორედაც რომ არაფერი გვეტყობა. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაცის უხილავი ხელი ჩაგვიდებს ლუკმას პირში. ეს უხილავი ხელივე მოგვცემს ქართულად ნათარგმნ წიგნებს, ბედნიერ სტუდენტობას, წარმატებულ სამსახურსა და უზრუნველ ცხოვრებას. მაგრამ არაფერი გეტკინოთ, სანამ ეგრე არ მოხდეს.

ჩვენი, სტუდენტების უმთავრესი და უპირველესი პრობლემა არც „რიდერების“ არ არსებობა, არც ლამაზ-ლამაზ უნივერსიტეტებში ვერსწავლა, არც მოუწესრიგებელი ცხრილები და არასტუდენტური ცხოვრება არაა. ჩვენი მთავარი პრობლემა პასიურობაა. ჩვენი უმოქმედობით თავადვე ვინგრევთ მომავალს.

მგონი დროა რაღაც ვისწავლოთ შორეული ან არც ისე შორეული წარსულიდან, მგონი დროა გამოვიდეთ საღათას ძილისგან. ოდნავ მაინც უნდა დავატანოთ თავს ძალა და არ შეგვეშინდეს ქაოსის, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ჩვენს აქტიურობას. უბრალოდ სირცხვილია მახინჯი სტერეოტიპების მონად ყოფნა. სტერეოტიპები კი იცოცხლეთ ბლომად გვაქვს.  სკოლის ასაკიდან მოყოლებული, მახინჯი, გენდერული და პატრიარქალური სტერეოტიპებით დამთავრებული. თუკი ახალგაზრდები ვართ, თუკი გვინდა ღირსეული სტუდენტობა უბრალოდ გავაქტიურდეთ. არავინ გთხოვთ წარმოუდგენელს. მარტივია გქონდეს პოზიცია და იცავდე მას. მარტივია ფიქრობდე და სათანადო დროს ხარჯავდე ფიქრისთვის. ძალიან უბრალო რამეა შენი მოთხოვნილებებისთვის ბრძოლა. აუცილებელი ხომ არ არის რომ ეს მოთხოვნილებები გასტრონომიულ თემებს უკავშირდებოდეს? არავინ ითხოვს, რომ ყველანი გმირები ვიყოთ, გმირები თავისითაც გამოჩნდებიან. და საერთოდაც სტუდენტებისაგან არავინ არაფერს ითხოვს გარდა იმისა, რაც მათ კეთილდღეობას ეხება. ნუთუ საიმისო ღირსებაც კი არ შეგვრჩენია რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის გულწრფელად ვიბრძოლოთ? ნუთუ გგონიათ რომ „სტუდენტური მოძრაობა“ მხოლოდ ისტორიის წიგნისთვის განკუთვნილი თემაა? მგონი დროა გამოვფხიზლდეთ. მგონი დროა გვქონდეს პრეტენზია ღირსებაზე !

P.S. ჩვენი ყოფის ყველაზე დიდი ირონია კი ის არის, რომ ამ წერილსაც ალბათ ისინი ჩაიკითხავენ ბოლომდე ვისაც ეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება.