ბავშვობაში ჩარჩენილი საქართველო

Posted on May 27, 2011

13



(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”)

26 მაისს მე და დამოუკიდებელი საქართველო ტოლები გავხდებით.

ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთი საინტერესო ვიდეორგოლი ტრიალებს. კლიპში აფხაზეთიდან დევნილი ბიჭის ცხოვრებაა გადმოცემული, პარალელურად კი ჩნდება ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის „ეპოქების“ ამსახველი კადრები. ვიდეოში რატომღაც მხოლოდ გამსახურდიასა და შევარდნაძის  პრეზიდენტობისას მომხდარი ნეგატიური მოვლენებია ასახული.  2003 წლის შემდეგ მომხდარი „ცუდი“ ამბებიდან მხოლოდ ე. წ. აგვისტოს ომია ნაჩვენები, ისიც „ცოცხალი ჯაჭვისა“ და ევროპელი პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტის ამსახველ კადრებთან ერთად. თან, ჩაგრულის იმიჯის გასამყარებლად და სენტიმენტების აღსაძვრელად, რუსული ბომბდამშენები და ტანკებიც უხვადაა გამოყვანილი, ბოლოს კი 20 წლის აფხაზი ბიჭის დაბადების დღის წვეულების ფონზე მოჩანს განათებული თბილისი და წარწერა: „დამოუკიდებლობის 20 წელი, 1991-2011“.

კლიპის ნახვის შემდეგ ჩემი დასკვნა ასეთია:

ჯერ კიდევ გაგანია საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ და აგიტპროპი საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი საშუალებაა.

ფორმალურად ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ხუთჯვრიანი დროშითა და ლომებიანი გერბით, „განათებული მთა-ბარითა“ და ღმერთთან წილნაყარი, თუმცა შეკვეცილი და ოკუპირებული სახელმწიფო ტერიტორიით.

სხვა საკითხია, თუ როგორები ვართ ჩვენი მენტალიტეტითა და აზროვნებით.

მოკლედ, გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს გენიალური კლიპი და ჩვენი არსებობის პერიპეტიებს გადავხედოთ. მაშ ასე, 20 წლისანი გავხდით. როგორც იქნა, ტინეიჯერობის ასაკიდან გამოვედით. ერთი შეხედვით, ახლა უკვე (ასაკით) დიდი ქვეყანა ვართ, და წესითა და რიგით, ამ ცხოვრებისაც ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ. თუმცა ეს მხოლოდ, წესითა და რიგით. რეალურად კი ჩვენ სახლში მარტო დარჩენილ, აცანცარებულ ბავშვებს ვგავართ. თითქოს მშობლები ეს-ესაა სახლიდან გავიდნენ და ჩვენი თავი სამყაროს თუ არა, ამ სახლის ბატონ-პატრონები მაინც გვგონია. ამიტომაც თამამად დავდექით ყირაზე, ყველა ოთახი ისე მოვაწყვეთ, როგორც ჩვენ გვინდოდა, დავიწყეთ სკოლის გაცდენა, სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკებსაც მივეძალეთ და მამიკოსაც წარმატებით მივბაძეთ „ძველბიჭობასა“ და „ქურდულ გაგებაში“.  ის აღარ გაგვახსენდა, რომ ჩვენი მშობელი არც ისე შორსაა, ხოლო სხვა „კეთილისმყოფლები“ კვლავაც რჩებიან ჩვენს ზედამხედველებად. ამიტომაც ორი ოთახი მშვიდად და წყნარად ჩამოგვართვეს, მეურვედ ჯერ მოხუცი კაცი დაგვინიშნეს, შემდეგ ახალგაზრდა და ეს ყველაფერი მხოლოდ ისტერიკით გავაპროტესტეთ. ოთახების წართმევას ჯარისკაცები შევაკალით, მეურვეების დანიშვნას კი ჯერ ხბოს აღტაცებით შევეგებეთ, შემდეგ კი ახალი მეურვის ძიება დავიწყეთ. ახლაც მაგ ძიების პროცესში ვართ და ისევ ველოდებით მესიას, სასწაულსა და „ღვთის წყალობას“ ბევრი ფულის სახით. უარი ვთქვით გონების გახსნაზე. სამაგიეროდ კუჭში გახსნილებივით დავიწყეთ უაზრო აქციებზე სირბილი. დიახ, უაზრო აქციებზე, რადგან აქციასა და პროტესტს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც რამე კონკრეტულს მოითხოვ, გაბრწყინებული ივერიისა და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა ხომ ერთი დიდი აბსურდია, ერთი იმიტომ, რომ თავად ჩვენში ბნელა და მეორე — სამართლიან სასამართლოს, როგორც მინიმუმ, სამოქალაქო აზროვნება სჭირდება. მოკლედ, წარმატებით შევითვისეთ ორმაგი სტანდარტები და თან ყველაფერი ცუდ წარსულსა და „ბოროტ ბიძიებს“ გადავაბრალეთ.

შევეშვათ დროებით ალუზიებს და რეალობას დავუბრუნდეთ. გამუდმებით მიტრიალებს თავში კითხვა: რა გვეშველება? რატომღაც ერთსა და იმავე პასუხამდე მივდივარ: არაფერი. გარშემო მყოფნი მიკიჟინებენ პესიმიზმს, ხოლო ჩემს კრიტიკულობას საქართველოს აწმყოს, ჩვენი ფასეულობებისა და მენტალიტეტის მიმართ ჩემი არაპატრიოტული დამოკიდებულებით ხსნიან. თუმცა ეს ახსნაც ისეთივე ფიქრნაკლულია, როგორც ჩვენი ზოგიერთი მოქმედება. გაურკვეველია, რას ვგულისხმობთ პატრიოტიზმში — არსებულისა და წარსულის გაფეტიშებას თუ უკეთესი მომავლის შექმნაზე ფიქრს? პირადად მე პატრიოტობა მეორე უფრო მგონია. ადვილი დასათვლელია, რომ როდესაც 24 საათიდან 16 საათი შენს წარსულზე ფიქრობ, 8 საათი კი გძინავს, დრო აღარ გრჩება მომავალზე ფიქრისთვის. ფიქრის გარეშე ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას, ამიტომაც იძულებული იქნები, სხვისი მიღებული გადაწყვეტილებებით იმოქმედო. ასეთ შემთხვევაში კი განვითარების გარანტია არ გაქვს.

სწორედ ამგვარ სიტუაციაში ვართ ახლა. სკოლიდან და საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, თავს გვიტენიან ყალბი ისტორიით, უაზრო პათეტიკით, ფსევდოპატრიოტული და რელიგიური შეხედულებებით. გვაჯერებენ, რომ ქართული აუცილებლად ნიშნავს კარგს, რომ საქართველო მხოლოდ ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი ადამიანების საკუთრებაა. გვასწავლიან, რომ უმაღლესი ღირებულება უნდა იყოს სამშობლო, რწმენა და ა. შ. მაგრამ ავიწყდებათ იმის ახსნა, რას ვგულისხმობთ საქართველოში — მხოლოდ მიწის ნაგლეჯებს თუ ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხს? რას ვგულისხმობთ რწმენაში — ბრმადმორწმუნეობასა და ყველაფრის უაპელაციოდ მიღებას თუ რელიგიის რაციონალურად გააზრებას, რწმენის თავისუფლებას, მისი მრავალფეროვნების გარდაუვალობასა და უნიკალურობას? სერიოზული კრიზისი გვაქვს ღირებულებათა სისტემაში. რეტროგრადობა ისევ ავანგარდშია. ვითომ ლიბერალური დისკურსის გამტარებელი სახელმწიფო მანქანა ისევ წარმატებით იყენებს მასობრივ უგუნურებას, საბჭოთა სტილით ხალხის კონტროლის მექანიზმებს, მასის სენტიმენტებს. ყველაზე ცუდი კი, იცით, რა არის? ამ ვითომდა ლიბერალურ დისკურსს საშინლად მოძველებული, იდეოლოგიაგამოცლილი, საეჭვო წარმომავლობის მქონე და არალიბერალური დისკურსი უპირისპირდება. ოღონდ დაპირისპირებაცაა და დაპირისპირებაც, ეს უფრო პირადი შუღლისა და ინტერესების გამო ბრძოლას ჰგავს. ისინიც ხელისუფლებაზე უკეთ იყენებენ უმრავლესობის რეტროგრადობას, ყალბ რელიგიურ და პატრიოტულ პათოსს. ამას ემატება სოციალური სიდუხჭირეც და უკმაყოფილოთა რიცხვიც არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. გაჭირვებაში ყველაზე ადვილი ხომ სხვისი დადანაშაულებაა. ეს სხვა კი ვინ უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე, თუ არა ხელისუფლება? რატომღაც ჩვენს დანაშაულს ვერ ვხედავთ ჩვენსავე უფულობასა და შიმშილში.

ბევრი ამტკიცებს, რომ ეს დროებითია, რომ ყველაფერს ეშველება, როდესაც თაობა გამოიცვლება, ამიტომაც არაა საჭირო რადიკალური დაპირისპირება მასის ფსიქოლოგიასთან, გემოვნებასა და ღირებულებებთან. მომკალით და, ვერც ამ არგუმენტს ვირწმუნებ. თაობა, რომლის გამოცვლაზეც საუბრობენ, ზრდის ახალ თაობას და მას საკუთარ ღირებულებებს უნერგავს. ამას დაუმატეთ ის პოლიტიკური და სოციოკულტურული კატაკლიზმები, რომელთა მოწმენიც ჩვენ ყოველდღიურად ვართ და რომლებიც სიახლეზე მეტად ძველის მიბაძვას შეიცავს. მე არ მესმის, რას უნდა ელოდე განსაკუთრებულს ჩემი თაობისაგან. ჩემს თაობაზე იმედს მხოლოდ ისინი ამყარებენ, ვისაც ჩვენთან კონტაქტი არ აქვს და ყველაფერს განზოგადების პრიზმიდან უყურებს. ამის პარალელურად წარმატებით გვლანძღავენ და გაუნათლებლებს გვიწოდებენ. კი მაგრამ, ვისგან უნდა ავიღოთ განათლების მაგალითი? ნუთუ ჩვენი წინა თაობა განათლებული იყო? მაშ, რატომღა ვართ ამხელა ჭაობში ყელამდე ჩაძირულები?

მე, როგორც ერთ რიგით ახალთაობელს, მგონია, რომ არც თაობის გამოცვლას უნდა დაველოდოთ, არც მესიასა და მეორედ მოსვლას. საჭიროა მეტი გაბედული ადამიანი, რომლებიც დაუპირისპირდებიან რეტროგრადობას, მოჭარბებულ სენტიმენტალიზმს, სისხლში გამჯდარ ყალბ ფასულობებსა და ნორმებს, რომლებიც ვერასდროს იქნება განვითარების ხელშემწყობი.  ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ დავით აღმაშენებელმა, თამარ მეფემ და ილია ჭავჭავაძემ თავიანთი გასაკეთებელი თავ-თავიანთ ეპოქებში გააკეთეს. ახლა კი მათი ჩრდილიდან გამოსვლის დროა. თუმცა ეს, ცხადია, არ გულისხმობს მათს დავიწყებას. ეს მათი ნამოღვაწრის ახლებურად გააზრებას უფრო ნიშნავს. ახლებურად გააზრება კი იმაზე მეტ სარგებლობას მოგვიტანს, ვიდრე ამ ადამიანებმა მოუტანეს იმ დროში საზოგადოებას. თქვენი არ ვიცი და, მე მომბეზრდა ისტორიის წიგნის ზღაპრების წიგნივით კითხვა.

ისევ იმ საოცარ, დამოუკიდებლობის 20 წლისთავიდმი მიძღვნილ კლიპს დავუბრუნდეთ. დიახ, ჩვენ 20 წლისანი გავხდით, მაგრამ სულაც არ ვგავართ იმ ბიჭს, რომელიც ამ კლიპში ჩანს. ჩვენი 20 წელი სულაც არ იყო ასეთი. ეს კლიპი კიდევ ერთი მცდელობაა ილუზიური ისტორიისა და პარალელური რეალობის შექმნისა. გაგვიჭირდება ტყუილი ისტორიიდან და პარალელური რეალობიდან ჩვენი აწმყოს, და მით უმეტეს — მომავლის წარმართვა. აღლუმებითა და აქციებით აშენებული ქვეყანა ჯერ ისტორიას არ ახსოვს. მით უმეტეს XXI საუკუნეში, როდესაც მილიტარიზმის ბოროტებაში ყველა დარწმუნდა, რევოლუციების ხანმოკლე ეფექტურობა კი საკუთარ თავზე გამოვცადეთ. დროა მეტი პრაგმატიზმის, ნაკლები გრძნობათა ფრქვევისა და მეტი ინოვაციის. ახლა, როცა კაცობრიობა რაციონალიზმის უნიკალურობაში დარწმუნდა, ფანატიზმის დრო აღარ არის.

ჩვენ გავიზარდეთ, თუმცა მთავარი რამ ისევ ვერ ვისწავლეთ — ფიქრი.