20-წლიანი მოთხოვნა

Posted on June 2, 2011

2



(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”)

უკვე 20 წელია, საქართველოს სახელმწიფო ჰქვია. ოცივე წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, ქართველები მოვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას და ახალ მთავრობას. რამდენჯერმე შევძელით კიდეც ამ სანუკვარი ოცნების ასრულება, თუმცა მადა ჭამაში მოდისო და, ახალ პოლიტიკურ სისტემასაც ისეთივე მონდომებით მოვუწოდებთ გადადგომისაკენ, როგორც ამას წინა სისტემის დროს ვაკეთებდით. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, დაკარგული ტერიტორიები, რევოლუციები, რამდენიმე „7 ნოემბერი“ და „26 მაისი“. ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით და პრეზიდენტის „გადაგდების“ ორი წარმატებული მცდელობით წახალისებულები, მესამედ ვცდილობთ ისტორული კარუსელის დატრიალებას. გვავიწყდება, რომ კარუსელი ტრიალებს, მაგრამ მას წინ წასვლა არ შეუძლია. ბოლო ასეთი კარუსელის შედეგი კი აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დღეს დაღუპული რამდენიმე კაცი, ათეულობით დაპატიმრებული და ნაცემი აქციის მონაწილე, აბსურდული შეფასებები მთავრობისა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან და ისევ რადიკალიზმი.

ზოგიერთმა 26 მაისს მომხდარი მოვლენები ეგზისტენციალური პრობლემის გადაჭრად აღიქვა და თამამად განაცხადა, რომ „ქართული სახელმწიფო შედგა“. არ ვიცი, რამდენად მართებულია იფიქრო, რომ სპეცრაზმის მიერ მიტინგის სასტიკად დარბევა და იმავე დღეს აღლუმის ჩატარება სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ნიშანია. ვიღაცებისთვის, ეტყობა, ნორმალური მოვლენაა, როდესაც  ყოველ მეორე წელიწადს ჩვენთან აქციებს ისე არბევენ, თითქოს ამ ყველაფერს ადამიანების სიცოცხლე არ ეწირებოდეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ, თუკი ქვეყანაში სამხედრო აღლუმი ყოველ წელს არ ჩატარდება, ის სახელმწიფო სახელმწიფო ვერ იქნება. ვერც იმაში დამარწმუნებს ვინმე, რომ 15 ნიღბიანი ადამიანის მიერ ერთი, თუნდაც ხელკეტიანი მომიტინგის ცემა ჩვეულებრივი მოვლენაა. არადა, არსებობს ვიდეოკადრები, რომლებშიც ცხადად ჩანს, თუ როგორი მონდომებით ურტყამენ „სახელმწიფო ინტერესების დამცველი“ სპეცრაზმელები წაქცეულ, უკვე ნაცემ ადამიანს. როგორც ჩანს, აქციის დაშლა ადამიანებზე ძალადობაში გვერევა. თუმცა, რაც მთავარია, სახელისუფლებო ენაზე რომ ვთქვათ, ქვეყანა არ ჩამოიშალა.

მოსახდენი მოხდა. ოპოზიციის მომიტინგე ნაწილიც, სოციალურ ქსელებთან მობილიზებული, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებიც და ხელისუფლების მხარდამჭერებიც გარკვეულწილად ელოდნენ სცენარის ასეთ განვითარებას. მაგალითად, 25 მაისის ბოლო წუთებს ისე ველოდი, თითქოს უკვე ნანახი საშინელებათა ფილმისთვის ხელახლა უნდა მეყურებინა. ველოდი სისხლს, რომელიც დაიღვრებოდა საკრალური მნიშვნელობის მქონე რუსთაველის გამზირზე და ამის შემდეგ სხვადასხვა ტიპის შეფასებებსაც მოვისმენდი. ასეც მოხდა.

(c) გიორგი გოგუა

ამ მოვლენების გაგრძელებად 26 მაისსვე დაწყებული ძალადობის საწინააღმდეგო აქციები უნდა ჩავთვალოთ. აღლუმის მიმდინარეობისას დაახლოებით 50-მდე სტუდენტმა დავგმეთ ოპოზიციის ავანტიურისტული ქმედებები და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა, მოვაწყვეთ მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე და სრულიად მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტეთ მილიტარისტული სახელმწიფო პოლიტიკა. აღლუმის დამსწრეთ კი, უბრალოდ, შევახსენეთ, რომ მშვიდობა უალტერნატივოა. პასუხად  „რუსეთის აგენტის“ იარლიყები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივიღეთ. მარადპარლამენტარმა გიგი წერეთელმა სტუდენტებს გვირჩია, აქციებზე სირბილის ნაცვლად სწავლას მიხედეთ და რუსული საქმის ხელშეწყობას თავი დაანებეთო.

უკვე მოძველებული თემაა ის, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და მხარდამჭერი ლამის სარკეშიც კი რუსეთს ხედავს.

ცალკე საკითხია მილიტარიზმის სახელმწიფო დონეზე ქადაგებებით გამოწვეული ნარცისული ვნებები და ამ ვნებებით მიღებული სიამოვნებაც. ისევ 26 მაისის გაგრძელებას დავუბრუნდეთ.

სტუდენტებისა და ცალკეული ჯგუფების აქციები ისევ გაგრძელდა. პირადად მე დიდი იმედი მქონდა, რომ აბსტრაქტული პაციფიზმის მოთხოვნიდან კონკრეტულ მოთხოვნებზე გადავიდოდით და, რაც მთავარია, ამ აქციებზე ფსევდოპოლიტიკოსებს რადიკალიზმის კიდევ ერთხელ გამოხატვის საშუალება არ მიეცემოდათ. თუმცა იმედები არ გამიმართლდა. მოთხოვნა „არა ძალადობას!“ ისევ ზოგადი ფორმით შენარჩუნდა, აქციის მიკროფონებთან კი ისეთი პოლიტიკოსები (?) გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთ მოთხოვნებს, როგორც წესი, ემოციას აფუძნებენ ხოლმე და არა რაციონალიზმს. გადავწყვიტე, უბრალოდ აღარ გავიდე აქციაზე, რადგან არ მხიბლავს იმ პოლიტიკოსის გვერდით დგომა, რომელიც გუშინ განსხვავებული მრწამსის, ეთნიკურობის ან სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ჩახოცვას ითხოვდა.

მოთხოვნების აბსურდულობას რომ დავუბრუნდეთ, ამოვიდა ყელში აბსტრაქტულ იდეებთან თამაში. ალოგიკურები ვართ, როდესაც, მაგალითად, მოვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, მეორე წუთში კი ყოველი ჩვენგანი  სულით და გულით ისევ „კაი ბიჭია“.  გასაგებია, რომ არ გვყოფნის პოლიტიკური ისტორიით მიღებული გამოცდილება, მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკას მაინც გადავხედოთ. იქ ძირითადად აქციები იწყება კონკრეტული სოციალური ან პოლიტიკური პრობლემის წამოჭრის დროს, პროტესტი კი იმდენად ერთსულოვანია, რომ ხელისუფლება იძულებული ხდება, დათმობაზე წავიდეს, ანდა  აქციები, უბრალოდ, წყდება. ჩვენ კი უკვე 20 წელია, ვერ განვიხიბლეთ და ისევ იდეალისტურ მოთხოვნებს ვუყენებთ ხან ვის და ხან ვის.

მომბეზრდა ერთი და იმავე ადამიანების სხვადასხვა პოლიტიკურ ამპლუაში ხილვა. მეც მინდა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს კი არ ეგონოს თავი პოლიტიკოსი, არამედ ამ საქმეს პროფესიონალები აკეთებდნენ. აღარ მინდა მაჟორიტარ დეპუტატებად მომღერლებსა და სპორტსმენებს ვირჩევდეთ, კულტურას სამხედრო ჩინის მქონე ადამიანები კურირებდნენ, ხოლო განათლების სისტემა მარად ექპერიმენტულ ლაბორატორიას ჰგავდეს. აღარ მინდა, დითირამბებს ვუძღვნიდეთ შეღებილ კედლებსა და შუშის შენობებს, ყველა ხელოვანს საზოგადო მოღვაწედ მიაჩნდეს თავი და განსხვავებული ადამიანი ეროვნული მტერი გვეგონოს. თუ არა და ამ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა. არის ქვეყნები, რომლებსაც ნაკლებსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, მაგრამ ადამიანის პატივისცემა ისწავლეს და ყოველ წელს პრეზიდენტის რევოლუციურად დამხობას არ მოითხოვენ.