შეზღუდული მედიის შეზღუდული აზროვნება

Posted on June 11, 2011

3



(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”)

გებელსი ამბობდა, ხშირად გამეორების შემდეგ ტყუილი თავისთავად იქცევა სიმართლედო. ვერ გეტყვით, რამდენად კარგად იცნობს ქართული მედია ფაშისტური პროპაგანდის ელემენტებს, მაგრამ ჩვენი ტელევიზიების ყურების ან ჟურნალ-გაზეთების კითხვისას მუდამ მიჩნდება განცდა, რომ ქართული მასმედიით ინფორმაციას კი არ ვიღებ, უნიჭო ტყუილებს ვისმენ. ამაში დასარწმუნებლად გასულ თვეში თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენების ასახვაც გამოდგება — კრიზისული სიტუაციები ხომ საუკეთესო საშუალებაა ტენდენციების ლუსტრაციისათვის. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები ხელკეტიან აქციის მონაწილეებს არბევდნენ, „რუსთავი-2“-ის ეთერში ერთ-ერთ გასართობ შოუს იმეორებდნენ, „იმედზე“ ქართველი „ვარსკვლავები“ პოკერს თამაშობდნენ, პირველ არხზე კი აღარც გადამირთავს ტელევიზორი, თუმცა ვიცი, რომ დარბევის (თუ დაშლის) ტრანსლირება დაგვიანებით დაიწყო. ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მომიტინგეთა და სამართალდამცველთა შეტაკებას პირდაპირი ეთერით გადასცემდა, „მაესტრო“ იყო. ალბათ, ამიტომაც თქვეს შემდეგ, რომ „მაესტრომ“ კარგად იმუშავა. თუმცა ესეც გულუბრყვილო შეხედულება მგონია.  ერთი სიტყვით, ნაციონალური არხებისათვის სულაც ვერ აღმოჩნდა სათანადოდ მნიშვნელოვანი რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები. მოგვიანებით ზემოხსენებულმა სამმა ტელევიზიამაც დაიწყო საგანგებო ჩართვები. ამ დროს მე სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე ვიცოდი, რომ სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაღუპული იყო, არაერთ ჟურნალისტს სასტიკად სცემეს, ხოლო აქციის მონაწილეთა ნაწილი დააპატიმრეს. პარალელურად „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი მაყურებელს არწმუნებდა, რომ არც ერთი ჟურნალისტი ნაცემი არ იყო და აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე „მოლოტოვის კოქტეილი“ იპოვეს. მართალია, ეს „კოქტეილები“ არ აფეთქებულა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე დღიდან კი ტელევიზიებმა მობილიზება გამოაცხადეს, რათა მაყურებლის ყურადღება გადაეტანათ აქციის ორგანიზატორთა „ბნელ წარსულზე,“ „საეჭვო ფინანსებსა“ და სენტიმენტალურ-ემოციურ ფაქტებზე.

ასეთ დროს მაყურებელი, რომელმაც ისედაც კარგად იცის ბურჯანაძის რუსული ვოიაჟები და მისი პოლიტიკური წარსული, რაც დღევანდელ მთავრობას უკავშირდება, უბრალოდ მოტყუებული რჩება. ტელევიზიებმა თვალსა და ხელს შუა „გააცურეს“ თავიანთი მაყურებელი აქცენტების მეორეხარისხოვან ფაქტებზე გადატანით. თუმცა არაპროფესიონალიზმის ნამდვილი ზეიმი შემდეგ და შემდეგ დაიწყო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამის საილუსტრაციოდ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებიც საკმარისია. „ქრონიკის“ გამოშვებებიდან დაწყებული, „სპეციალური რეპორტაჟით“ დამთავრებული, „იმედის“ ჟურნალისტები და წამყვანები მაყურებელს გამარჯვებული სახეებით აუწყებდნენ ქართული სახელმწიფოს გადარჩენასა და რუსული სცენარის ვერგანხორციელებას. სხვა საკითხია, რამდენად სჯერა დღეს მაყურებელს მათე კირვალიძის „იმედიანი საინფორმაციო პოლიტიკის,“ თუმცა ერთი რამ ცხადია: ის, რასაც ტელეკომპანია „იმედი“ აკეთებს, ჟურნალისტიკისგან ისევე შორსაა, როგორც საბჭოთა ტელევიზიები იყო რეალობას დაშორებული.

კიდევ ერთი უნიკალური მოვლენა ქართულ ტელესივრცეში „რეალტივია“. „სახალხო კრების“ აქციების დაწყებიდან მოყოლებული, ეს ტელევიზია თავდაუზოგავად მუშაობდა ოპოზიციის „გაშავებაზე“. მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძის უცენზურო (ალბათ უფრო უზრდელური) მიმართვა პოლიციელებისადმი ამ ტელეკომპანიამ ამოჭრა და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ათეულჯერ გაუშვა. აი ასე, უბრალოდ გადიოდა და გადიოდა ტელევიზიით გაჩეჩილაძის გინება. მთელი ამ ხნის განმავლობაში რეპორტაჟებში არ შეწყვეტილა ცინიკური მიმართვები ნინო ბურჯანაძისადმი — „ფქვილის პრინცესა,“ „ლედი ნინო“ და ა.შ. კულმინაცია კი ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე „რეალტივის“ ჟურნალისტი გოგონას  საქციელი იყო. ახალგაზრდა კორესპონდენტმა ლამის პირში ჩასჩარა ნინო ბურჯანაძეს მიკროფონი და თან გამწარებული იმეორებდა ერთსა და იმავე შეკითხვას:  „როდის დაიკვნეტს ნინო ბურჯანაძე თითებს. იმ თითებს, რომლებსაც ბრილიანტები და ძვირფასეულობა ამშვენებს?“ ამ შეკითხვაში ეთიკისა და ზრდილობის ნასახიც რომ არ ურევია, ვფიქრობ, იოლი მისახვედრია. თუმცა, შესაძლოა, არაეთიკურობა შეკითხვის ინფორმაციულმა ღირებულებამ დაჩრდილოს. რას გაიგებდა მაყურებელი მნიშვნელოვანს, ამ შეკითხვაზე თუნდაც რომ ეპასუხა რესპონდენტს? ან, საერთოდ, რა შუაში იყო ბრილიანტები იმ სიტუაციასთან?

მე თუ მკითხავთ, „რეალტივის“ მთელი არქივი უნდა შეუნახო მომავალ თაობას, რათა სტუდენტ ჟურნალისტებს აუხსნა, როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი. ამაზე უკეთესი მაგალითის მოძიება შეუძლებელია.

ბეჭდური მედიაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ისტერიკა, რომელიც იმ დღეებში იღვრებოდა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან, შორს იდგა რაციონალურობისაგან. ყველაზე საინტერესო კი ჟურნალ „ტაბულას“ გასული კვირის ნომერი გახლდათ. ეს ჟურნალი წარმატებით ასრულებს „რუსთავი-2“-ის ბეჭდური ვერსიის როლს, თან ამას ინტელექტუალურ და განყენებულ სახეს აძლევს. ჟურნალმა ყდაზე ბურჯანაძის თალხი ფოტო დაბეჭდა და მოწოდებაც დაურთო: „გასამართლდეს!“. რატომღაც მგონია, რომ გადაწყვეტილებების მიღება ჟურნალისტის საქმე არ უნდა იყოს (შემთხვევითი არ არის, რომ ბურჯანაძე ამ ჟურნალს სასამართლოში უჩივის). კიდევ ერთი საინტერესო ფოტო მკითხველს ჟურნალის შუა გვერდებზე ელოდა. იმ დღეებში ესპანეთში მიმდინარე აქციები პოლიციამ დაარბია. ამ დარბევის დიდი ფოტო კი „ტაბულამ“ სიამაყით დაბეჭდა. ალბათ, გვაჩვენა, რომ პოლიციელის მხრიდან ძალადობა ნორმალური ქმედებაა. თუმცა ვერ გეტყვით, რა ლოგიკით შეირჩა ფოტო, რომელზედაც რამდენიმე ძირს მჯდომი მომიტინგე და იქვე მდგომი პოლიციელი არიან გამოსახული. ქართული დარბევისაგან განსხვავებით, იქ არ ჩანან ნაცემი ჟურნალისტები, დასისხლიანებული მომიტინგეები და საგანმანათლებლო შენობის ეზოში ორი დღით „მოყუჩებული“ გვამები.

აღარავინ დაობს, რომ ქართული მედიასივრცე რეალობასაა აცდენილი. რატომღაც ტელევიზიებს ყველაზე ხშირად მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის გამო აკრიტიკებენ. თუმცა ყველას ავიწყდება, რომ მთავარი ბოროტება მაინც საინფორმაციო გამოშვებებიდან მოდის.