გაიქეცი ლაშა, გაიქეციიიიი

Posted on June 14, 2011

28



რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავას ლაივსტიმ-კონფერენციას ვუყურე და საშინლად დავითრგუნე. ჰო, აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – დავითრგუნე. დამთრგუნა უგულავამ, ჩერგოლეიშვილმა, იქ დამსწრე საზოგადოებამ და უგულავასადმი დასმულმა შეკითხვებმა. გადავწყვიტე აღარასოდეს აღარაფერი დამეწერა, აღარც ფბ-ზე დამეპოსტა რამე, საერთოდაც თავი დამენებებინა “ილიაჭავჭავაძეობანასათვის” და ვინდოუსიდან ხალხის “შეგონება” შემეწყვიტა. მაგრამ ვერ ვითმენ. გული მწყდება, რომ ლისაბონში, მადრიდში და თითქმის ყვალა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში ახალგაზრდები უპირისპიდებიან ჩამპალ-ჩამყრალებულ სისტემებს, მოითხოვენ სამუშაო ადგილებს, მეტ სოციალურ გარანტიებსა და პირობებს ნორმალური განვითარებისათვის . საქართველოში კი ჩემი მეგობრები თბილისის მერს ფონად უსხედან გაბრწყინებული სახეებით  და თვალებანთებულები უსმენენ “დიდების ზღაპრების” მოდრენიზებულ ვერსიას კანალიზაციების გაყვანისა და ბინათმშენებლობის შესახებ.

თურმე დმანისში მსოფლიოში უძველესი ადამიანის თავის ქალა უპოვნიათ. მოსალოცი საქმე ნამდვილად. თან, ალბათ, მსოფლიომ უნდა მოგვისამძიმროს, რომ ამ ჰომინიდის განვითარებას ვერ გავცდთ.
მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების. ახალგაზრდების უმრავლესობას სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩემი შიში. ისინი ხომ აპოლიტიკურები არიან. ისინი ხომ კაი ბიჭები არიან და ..ლეზე კიდიათ პოლიტიკა. ისინი ხომ ზედმეტად ინტელექტუალები არიან და ამიტომაც ბინძურ პოლიტიკაში არ ერევიან.  ისინი ხომ “ნორჩი ტაბულელები” არიან და საკმარისად “ძერსკებად” ითვლებიან, რომ პოლიტიკაზე საუბრით შენთან თავი დაიღალონ.
უგულავაზე და ჩერგოლეიშვილზე არ მწყდება გული. გვინდა-არგვინდა ისინი უკვე მორგებული “პრობკები” არიან და აღარაფერი ანაღვლებთ. უგულავას სახით “მარადგანახლებადი” მერი გვყავს. ჩერგოლეიშვილის სახით კი – ქალი ჟირინოვსკი. ორივე ქარიზმატულია და ორივე გვესაყვარლება ხოლმე. უგულავასთან კონფერენციაზე კი დავრწუნდით, რომ იუმორი თმარასაც მოჭარბებული აქვს, ჟირინოვსკის არ იყოს. მაგრამ ესენი იქით იყვნენ და აი ფონად ჩამომსხდარ ახალგაზრდებზე მწყდება გული. რა ვქნა, არ მეგონა, რომ ჩემი მეგობრები მხოლოდ დეკორის ელემენტები იქნებოდნენ.
მართლა მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების. ტექსტსაც ეტყობა რომ პანიკის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ მარადუემოციონი და მარადგაწონასწორებულები ჩემს ბლოგზე არ წერენ. ისინი “რუსთავი 2”-ში, “იმედში”, “რეალტივიში” “ტაბულასა” და “24 საათში” მოღვაწეობენ. ჰოდა მაპატიეთ თუ ისტერიკულიც ვარ ჩემს ნაწერებში. თუ არ გჯერათ ვერც დაგარწმუნებთ, რომ მართლა მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების.
ერთადერთი ოცნება მაქვს – ადრე და რაც შეიძლება სწრაფად გავიქცე ამ ჩასვრილი ქვეყნიდან. თქვენი იყოს შუშის შენობებიც და ახლად გახსნილი “მულტი-პულტებიც”.

ყველაფრის ღირსები ვართ – ჩვენ ხომ აპოლიტიკურები ვართ.