ნატო ვაჩნაძის “შვილი”

Posted on July 14, 2011

11



იყო დრო, როდესაც სიგარეტს არ ვეწეოდი, კომპიუტერი არ მქონდა, მეგობრები არ მყავდა, სკოლაში დავდიოდი და ღმერთი მწამდა. მოკლედ, იმაზე უფრო მოსაწყენი ცხოვრება მქონდა ვიდრე ახლა. როდესაც მეათე კლასი დავამთავრე ჩემმა კლასელმა ნატამ მითხრა მუშაობას ვაპირებ და თუ გინდა, შენც წამოდი და ერთად ვიმუშაოთო – კარდაკარ უნდა გვევლო და მართლმადიდებლური ჟურნალები უნდა გაგვეყიდა.

დავთანხმდი, რადგან ჩემ სანაცნობოში ჩემი ტოლი ბიჭები, როგორც წესი, ქუჩაში იდგნენ, საკუთარ კვერცხებთან თამაშს და ფურთხების დამუღამებას ცდილობდნენ. მე სახლიდან მაინც არ გავდიოდი, მთელი ზაფხული წინ იყო. თან ფულიც მექნებოდა. არ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც.

მოკლედ მე და ნატამ მუშაობა დავიწყეთ.

პირველად მაშინ მივხვდი, რომ ხალხთან კონტაქტზე მეტად, მხოლოდ შემწვარი კვერცხი მძულდა. კარზე ვაკაკუნებდით და სტანდარტული ფრაზით ხალხს მართლმადიდებლური ჟურნალების ყიდვას ვთავაზობდით. ზოგს იეჰოვას მოწმეები ვეგონეთ, ამიტომ გულუხვად გვლანძღავდნენ, ზოგი კი რამდენიმე ჟურნალს ყიდულობდა.

პირველი დღის ბოლოს მე და ნატამ ექვს -ექვსი ლარი რომ ჩავიდეთ ჯიბეში, ასე მეგონა, მთელი სამყარო ჩემს კისერზე იყო. სახლში მისულმა დაღლილი სახე „შევკერე“ და მაშინვე დავიძინე.

მეორე დილით კი გაათმაგებული ენერგიით შევუდექით მუშაობას.

თემქის დასახლებაში დავბოდიალობდით. თან ორივეს გვრცხვენოდა და თან ერთმანეთის ჯიბრზე იხტიბარს არ ვიტეხდით. ერთ-ერთ სადარბაზოში, მესამე სართულზე ასულებმა, თავი უცნაურ გარემოში ამოვყავით. კედლებზე სხვადასხვა ფერის თევზები იყო დახატული  წყალმცენარეებთან ერთად. ზოგს პირში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი, ზოგი კიდევ უცნაურ ტრიუკს აკეთებდა. ზღვის ვარსკვლავები და ცხენთევზებიც ეხატა. ცხოვრებაში პირველად ვნახე, რომ სადარბაზოს კედელი შესაძლოა ლამაზიც იყოს.

ორი ქალი იდგა და რაღაცაზე ლაპარაკობდა.

-რას ყიდით ბავშვებო?-გვკითხა ერთ-ერთმა.

ჩვენც გაზუთხული ფრაზა გავუმეორეთ. თან კედლებს ვათვალიერებდით. მართლა ძალიან ლამაზი იყო იქაურობა.

-ქრისტიანული ჟურნალებია? მანახეთ ერთი – შემოგვიტრიალდა მეორე ქალი, დაბალი, მსუქანი, კაცურად შეჭრილი თმებით და ჩიყვიანი სახით. ხელში შეატრიალ-შემოატრიალა ჟურნალი და თავის სახლში შეგვიპატიჟა – მოდით, ცოტა ხანი დაისვენეთ, ყავას დაგალევინებთ.

მე და ნატამ გაბადრულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცხელოდა, ყავას მაინც დიდი სიამოვნებით დავლევდით. თან ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვინმემ ასეთი ყურადღება გამოიჩინა.

სახლში შევყევით. სიმართლე გითხრათ, იმ ქალის სახელი აღარ მახსოვს. უცნაური სადარბაზოდან, კიდევ უფრო უცნაურ სახლში აღმოვჩნდით. გაგანია ივლისში ოთახის შუაგულში მორთული ნაძვის ხე დაგვხვდა. კედლებზე ფანქრით ნახატი პორტრეტები და მანქანებიანი პოსტერები იყო გაკრული. სიბინძურის სუნი იდგა. საწოლებზე ტანსაცმელები ეყარა. მაგიდაზე კი ფერადი ფანქრები, გუაშის კოლოფები იყო მიყრილ-მოყრილი.

–         დასხედით – მიგვითითა დაბალ, უზურგო სკამებზე -მე ყავას მოვხარშავ და ახლავე მოვალ.

მე და ნატა პიდაღებულები ვათვალიერებდით კედლებს. ვერ მივხვდით რა შუაში იყო ნაძვის ხე ზაფხულთან. ან აბსტრაქციებთან ფერარის ფირმის ავტომობილები. იატაკზე ისეთი ამბავი იყო, ძლივს მივაგენით სკამებამდე გადასასვლელ გზას.

-ბოდიში ცოტათი არეულობაა ჩემს სახლში – გამოგვძახა ქალმა სავარაუდოდ სამზარეულოდან. წარმომიდგენია იქ როგორი წესრიგი იქნებოდა.

მე დ ნატას სიცილი აგვიტყდა, თან ერთმანეთს ვაჩუმებდით – გაჩერდი სირცხვილიას- ვიმეორებდით, თან უფრო ხმამაღლა გვეცინებოდა. დებილები.

როგორც იქნა გამოვიდა მასპინძელი, ყავით ხელში. ლამბაქები ხელში დაგვაჭერინა და ზედ ყავის ჭიქები ჩამოგვილაგა. ჭიქებსაც და ლამბაქებსაც ჭუჭყის ზოლები დაყვებოდა. გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ნატას სახეს შევხედე, ეტყობოდა ისიც ზედმეტად კმაყოფილი იყო.

–         იცით, მე ნატო ვაჩნაძის შვილი ვარ – შემოგვხედა მასპინძელმა.

–         უი, მართლა? -უნდოდ აღმომხდა, თან ნატასკენ გავაპარე თვალი და ვანიშნე, ეს ვერ არის ჯანზე, ეტყობა უბერავს-მეთქი.

–         დიახ, ნატო ვაჩნაძის შვილი ვარ… ხომ იცით ვინ იყო დედაჩემი ? საქარველოში ყველაზე ლამაზი ქალი. ჰოდა იმის უკანონო შვილი ვარ, როგორც კი გავჩნდი მაშინვე მუხრანში გამაშვილეს, სახელი რომ არ გასტყდომოდა. იქ ვიზრდებოდი, მერე თბილისში ჩამოვედი. ეს ჩემი ნახატებია – შეხედა კედლებს – კარგად ვხატავდი და აკადემიაში ჩავაბარე. მაგრამ არ დამამთავრებინეს, ვიღაცებმა საწამლავი ჩამიყარეს საჭმელში და გავგიჟდი. მერე ცოტა ხნით ფსიქიატრიულში ვიწექი. იქაც არ მომასვენეს. ბოლოს ავდექი და გამოვიპარე. მერე გავთხოვდი და შვილი მეყოლა. ეს პლაკატები მისია.

–         სადაა თქვენი შვილი ?

–         არ ვიცი, წავიდა, – თქვა და სამზარეულოში გავიდა.

მე და ნატამ ერთმანეთს გადავხედეთ.

–         აუ გული მერევა ლაშ, ვერ არის ეს ქალი, დროზე წავიდეთ რა – მითხრა შეწუხებული სახით ჩემმა „კოლეგამ“.

–         მოიცა, მაგარი ქალია, მეც მერევა გული. ამ თეფშს რომ ვუყურებ გული როგორ არ ამერევა, მაგრამ მოიცადე, კიდევ მოგვიყვება რამე საინტერესოს. ალბათ ალენ დელონი მამამისია – გავიღრიჯე უაზროდ.

შემობაჯბაჯდა ისევ ჩვენი მაასპინძელი.

–         თქვენ რა გქვიათ? – შემოგვხედა.

–         ლაშა.

–         ნატა.

–         რა გვარები ხართ ?- გვკითხა.

–         ქავთარაძე.

–         სუჯაშვილი

–         უი, სუჯაშვილები ნათესავები მყავს ყაზბეგში, იქიდან იქნები შენც – უთხრა ნატას. მე ცოტათი შემშურდა ჩემმა გვარმა და სახელმა რომ არ დააინტერესა მაინცადამაინც.

–         კი მოხევეები ვართ – ნაძალადევად გაიკრიჭა ნატამ, თან შეღონებული სახე მაჩვენა, დროზე წავიდეთო.

–         ჰოდა, კარგი ბავშვები ხართ, რომ ამ სიცხეში დადიხართ და მუშაობთ. აბა ახლანდელი ბავშვები რამედ ვარგიან? ერთი სული აქვთ ვის რა დაუშავონ. ერთმანეთის მიყოლებით ყველანი უსაქმურები არიან.

–         ეს ნაძვის ხე რატომ გიდგათ? – ვკითხე, იმის იმედით, რომ რამე საინტერესოს გვეტყოდა.

–         იმიტომ რომ ახალი წელი მიყვარს და თან ჩემს შვილს უყვარს ნაძვის ხის აწყობაც და აშლაც. ველოდები, როდის მოვა და დაშლის.

როგორც იქნა ბოლო ყლუპი ყავაც დავლიე და ნატას ვანიშნე გავედით-მეთქი. ნატამაც მანიშნა ჰო წავედითო.  ჭიქა მაგიდაზე დავდე, ლამბაქი კი მეორე ხელით ძლივს ავიძრე ისეთი ბინძური ძირი ჰქონდა. კინაღამ კიდევ ამერია გული. „ნეტა რა დავლიე?“ გავიფიქრე და ჩვენს მასპინძელს შევხედე.

–         იცით, ახლა უნდა წავიდეთ, მთელი დღე უნდა ვიმუშაოთ და ეს ჟურნალები უნდა გავყიდოთ. დიდი მადლობა ყავისათვის – ვთქვი მე.

–         დიახ, უნდა ვიმუშაოთ. ძალიან დიდი მადლობა – მხარი ამიბა ნატამაც.

წამოვდექით და ჩვენი ჩანთები ავიღეთ.

–         მოიცადეთ, ბუტერბროდებსც გაგიკეთებთ, მშივრები იქნებით – შემოგვხედა ქალმა.

აი სად დაგვენძრა, გავიფიქრე. და ლამის ერთდროულად ვიყვირეთ მე და ჩემმა მეგობარმა – არა, არა, როგორ გეკადრებათ…  გვეჩქარება… თქვენი შეწუხება არ გვინდა… მადლობა ყველაფრისთვის… „ და გასასვლელი კარისაკენ დავიძარით.

–         კარგით, რახან საქმე გაქვთ, აღარ გაგაჩერებთ, კარგი ბავშვები ხართ თქვენ – გაგვიღიმა ნახევრად უკბილო პირით. და რკინის კარი გააღო.

მე და ნატა ერთმანეთს ვასწრებდით გასვლაში, აღარ გაგვხსენენია, რომ ზედა სართულებზეც უნდა ავსულიყავით

–         ნახვამდის – დაიძახა ნატამ.

–         კარგად ბრძანდებოდეთ – ვთქვი მეც და კისრისტეხით დავეშევით კიბეებზე, ერთი სული გვქონდა დაბლა ჩავსულიყავით და გულიანად გვცინა.

–         სუჯაშვილო არ დამივიწყო – ჩამოგვძახა ქალმა კიბის სახელურებს შორის.

მე და ნატა დაბლა ჩავცვივდით და ავკანკალდით სიცილისგან, მაგრამ ახლა მრცხვენია.

ახლაც მახსოვს ის ქალი, ნატო ვაჩნაძის შვილი ვარო რომ თქვა და თან თავის შვილს ელოდება, როდის მივა და როდის დაშლის ნაძვის ხეს.