იდენტობად ქცეული ქალთმოძულეობა

Posted on July 15, 2011

17



მიუხედავად სუფრული სტერეოტიპის არსებობისა, რომ ქართველები ქალებს განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, მთელი ჩვენი ისტორია და რეალობა მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს – მიზოგინია ანუ ქალთმოძულეობა ჩვენი იდენტობის ნაწილია. ეს მტკიცება სადავო აღარ გახდება თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ გამოქვეყნებულ, უკანასკნელ ინფორმაციას ვნახავთ – საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლია. ჰო, აი ასე, ჯერ ვსვამთ სადღეგრძელოს ოჯახის დიასახლისების თამადობით, შემდეგ კი ამ დიასახლისებს ვურტყამთ, ვაგინებთ და ა.შ.

ის, რომ მიზოგინია ჩვენი იდენტობის ნაწილი და მოუშორებელი ჭირია კიდევ ერთხელ გამოჩნდა 8 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე. მსვლელობა, რომელიც ფილარმონიიდან რიყის პარკამდე მოეწყო ქართველი ფემინისტებისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობით, ხალხმრავლობით სულაც არ გამოირჩეოდა. აქცია – „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“ შეიძლება ჩაითვალოს პირველ საჯარო ფემინისტურ აქტივობად საქართველოში. მისი ორგანიზება კონკრეტული ორგანიზაციის ეგიდით არ მომხდარა და ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა. მთავარი მოთხოვნა კი იყო – ქალთა სხეულებრივი ავტონომიის პატივისცემა, ქალების სექსუალურ-რეპროდუქციული უფლებების დაცვა და სექსუალური განათლების შემოღება საქართველოში. აღნიშნული მოთხოვნების საჯაროდ წამოყენება ჩვენს ნახევრად პურიტანულ, ორთოდოქსულ საზოგადოებაში ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო და, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ადამიანების ნაწილის აღშფოთებაც გამოიწვია.

მთელი მსვლელობის განმავლობაში აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბრალო გამვლელები. ისმოდა შეძახილები „წაეთრიეთ საქართველოდან და იქ მოითხოვეთ სექსის თავისუფლება,“ „ღირსები ხართ ყველანი დაგიჭიროთ და გაგაუპატიუროთ“ და ა.შ. თუმცა ზოგიერთი მოქალაქე სიტყვიერ აგრესიას არ დასჯერდა და ფიზიკურ ძალადობასაც შეეცადა.

ანი ჭანკოტაძე, რომელიც აქციაში მოანწილეობდა, იხსენებს „მე და ჩემი მეგობრები დემონსტრაციის მსვლელობას ჩამოვრჩით, ხუთნი ვიყავით და გავაგრძელეთ გზა რათა დემონსტრატებს დავწეოდით. მიგვქონდა რამდენიმე პლაკატი აქცის ლოზუნგებით… როდესაც მელიქიშვილზე ჩავდიოდით შუახნის ქალი შემოგვხვდა, უეცრად მეცა, გულზე დაკიდებული პლაკატი ჩამომგლიჯა და ხელი დამარტყა.“  ქალბატონი შეეცადა ფიზიკურად შეხებოდა სხვა დემონსტრატებსაც, მათი პლაკატები დახია და ფეხით გათელა. „ამ ქალბატონს მისი მეგობარი ძლივს აკავებდა და თან  ჩვენ  გვიხსნიდა, ძალიან მორწმუნეა და არაფერი უთხრათო. ჩვენ რა უნდა გვეთქვა, თვითონ გვიყვიროდა, გვლანძღავდა: ,,საქართველოდან წაეთრიეთ, სექსი მოგინდათ? ბოზების დაყრილებო თქვენ’’. მინდოდა ამ ქალისთვის ჩვენი აქციის მიზანი ამეხსნა, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საბოლოოდ ვარჩიეთ გამოვცლილიყავით, რათა სიტუაცია არ გაგვემწვავებინა.“-იხსენებს ანი.

სიმართლე გითხრათ, მსგავსი ინცინდენტი ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ჯერ კიდევ მიუღებელია სექსუალურ განათლებაზე მსჯელობაც კი, არათუ მისი შემოღება. როგორც წესი, მორწმუნეები ასეთი ტიპის განათლებაში სექსის პროპაგანდას ხედავენ. არადა სექსუალურ სწავლებას პროპაგანდასთან ისევე აქვს კავშირი, როგორიც ფემინიზმს სატანიზმთან. თუმცა მათი არგუმენტები ისეთივე მყიფე და სტერეოტიპულია, როგორც მაგალითად გენდერული კლიშეები.

ცალკე საკითხია თავად ფემინიზმის ქართულ კონტექსტში განხილვა. მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში ფემინისტებმა განვითარების რამდენიმე „ტალღა“ გაიარეს, ამ მხრივ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ალბათ პროტოფემინისტურ პერიოდად უნდა ჩაითვალოს.  როგორც ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი თავის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს- „მკვლევარს, რომელიც საქართველოში ქალთა საკითხების შესწავლას გადაწყვეტს მოუწევს ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობა თითოეული ქალის ისტორიის დასაწერად ან გადასაწერად, რადგან ყოველ ჯერზე აღმოაჩენს, რომ ის, რაც ჩვენ ვიცით მათ შესახებ, არ არის ის, რაც მათ სურდათ, რომ გვცოდნოდა. გარდა ამისა, მკვლევარი გადააწყდება სრულიად უცნობ ქალებსაც, რომლებიც კი არ დაივიწყეს, არამედ უარყვეს, როგორც უცხო, დამანგრეველი და საშიში.“

ჩვენს მკაცრად სტერეოტიპულ საზოგადოებაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს მზაობა სერიოზული ფემინისტური მოძრაობისათვის. მიუხედავად ზოგიერთი აქტივისტის მცდელობისა ფართო ფენებისთვის ჯერ კიდევ უხილავია ქალთა თემი. საჯარო სივრცეში ყველა ერთხმად აღიარებს ქალთა უფლებების დასაცავად ბრძოლის აუცილებლობას, სამართლებრივადაც ერთი შეხედვით გენდერული საკითხი პრობლემატური არაა, თუმცა რეალობა რომ გაცილებით ტრაგიკულია შსს-ს ზემოხსენებული ინფორმაციაც ცხადყოფს.

„ქალების სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ქალმა იცოდეს თავისი უფლებები და ჰქონდეს განათლება. მათ შორის სექსუალური განათლება არის აუცილებელი როგორც ქალებისთვის ასევე კაცებისთვის,“ აღნიშნავს 8 ივლისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია გვიანიშვილი და დასძენს – „ სამწუხაროდ, ჩვენთან ქალს არჩევნის საშუალება ხშირ შემთხვევაში ეზღუდება. მაგალითად, სექსუალური პარტნიორის არჩევა-არარჩევის დროს, ბავშვის გაჩენა-არგაჩენის საკითხში და ასე შემდეგ. ჰოდა პრინციპში ამას ვაპროტესტებდით. ჩვენი მთავარი მესიჯი იყო, რომ ქალს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით თვითონ უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება.“

მიუხედავად მცირე უსიამოვნო ინცინდენტებისა 8 ივლისის აქციამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ალბათ რთული მისახვედრია თუ რატომ უნდა იყოს ქალი მამაკაცის თანასწორი ანდა რა საჭიროა სექსუალური განათლება, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია – ჩვენ ჯერ კიდევ არ შგვიძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და როგორც წესი, ასეთ აზრებს ქსენოფობიური გამოხდომებით, ლანძღვა-გინებით ვხვდებით. არადა მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არც სექსუალურ განათლებას და არც ქალთა მოძრაობას ბოროტება არავისთვის მოუტანია.

(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”)