ტრადიციული მედიის “დაისი” (?)

Posted on July 28, 2011

7



უკვე დიდი ხანია დილით, გაღვიძებისთანავე, ინსტინქტურად ვრთავ კომპიუტერს, შევდივარ რამდენიმე სოციალურ ქსელზე ერთდროულად და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ზრუნვას საუზმეზე. შემიძლია თამამად ვთქვა, მას შემდეგ რაც კომპიუტერი მაქვს, ტელევიზორი, გაზეთი და რადიო ახლა უკვე დროის არარაციონალურად ხარჯვა მგონია. ჩემი მაგალითის გენერალიზება, რა თქმა უნდა, არაეფექტური იქნება. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ინფორმაციულად კიბერდამოკიდებული.

მასკომუნიკაციისა და მედიის მკვლევრები უკვე დიდი ხანი საუბრობენ ტრადიციული მედიის – ბეჭდური, ტელე- და აუდიო მედიასაშუალებების – „დაისზე“. მსოფლიოში ბევრი თანხმდება, რომ ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა გაზეთებს მკითხველი, ტელევიზიებს კი მაყურებლები დააკარგვინა. ალბათ, აბსურდი იქნება დავიწყოთ ამის დადებით ან უარყოფით ტენდენციად შეფასება. ეს უბრალოდ მოცემულობაა.

როგორც 22 ივლისს „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ გამართულ შეხვედრაზე, გამოცდილმა ჰოლანდიელმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა ჰენკ ბლანკენმა განაცხადა, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ინფორმაციის გავრცელების ტრადიციული საშუალებები ძალიან მალე უბრალოდ გაქრებიან. ეს განსაკუთრებით ბეჭდურ მედიას ეხება. ამაზე დარდიც კი არ ღირს, მთავარია რომ ჟურნალისტიკა არ გადავაყოლოთ ამ ყველაფერს და მის გადარჩენაზე ვიზრუნოთ.

თუმცა ამ აზრს ყველა არ იზიარებს. GAZETA.RU-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გერმანული „შპიგელის“ რედაქტორი მატიას ბლუმენკრონი დარწმუნებულია, რომ ბლოგები, სოცქსელები, მიკორბლოგები და ა.შ. უბრალოდ ვერ შეძლებენ ტრადიციული ნიშის დაკავებას. ისინი შესაძლოა გახდნენ ერთგვარი დამატებითი მედიასაშუალებები, თუმცა მეინსტრიმი ყოველთვის ბეჭდური და სატელევიზიო მედია იქნება.

საქართველოში კი ჯერ-ჯერობით ეს საკითხი არც ისე მწვავედ დგას. ინტერნეტიზაციის დაბალი დონის თუ ზოგადი საზოგადოებრივი გულგრილობის გამო, წამყვანი ადგილი რა თქმა უნდა, ტელევიზიებს უკავიათ. სოციალური ქსელების ფუნქციაც ძირითადად გართობით შემოიფარგლება. თუმცა ჩვენთანაც ჩამოყალიბდა ერთგვარი „კასტა“, რომელიც ონლაინმედიაზე საკმაოდ არის დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში მეინსტრიმული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სწორედ ბლოგებსა და სოციალურ ქსელებზე ხდება განხილვის საგანი.

სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი შოთა ხინჩაგაშვილი, რომელიც უკვე წლებია ბლოგერიცაა მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ონლაინმედიამ ტრადიციული მედია რევოლუციურად ჩაანაცვლოს საქართველოში.

„ალბათ გაგრძელდება ის, რაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუნდაც კომერციულად წარმატებული გაზეთების მაგალითზე – ტრადიციული მედია აღიარებს ინტერნეტის ინტერაქტიულობის მნიშვნელობას. თუმცა არის რამდენიმე მომენტი, სადაც ონლაინმედიას განსაკუთრებული იმედის თვალით უნდა ვუყუროთ. მაგალითად, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ყოველთვის ვერ გაივლის მედია კორპორაციების თუ სახელმწიფო ცენზურის ფილტრს; ასევე – ადგილობრივი მაუწყებლობა, ე.წ. local reporting, რომელიც თემზე და მის ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული.

სხვა თვალსაზრისით, მეინსტრიმი მაინც ტელევიზია იქნება – თავისი პოპულარული შოუებითა და საინფორმაციო გადაცემებით. ქართული სივრცისთვის ინტერნეტის როლი სპეციფიკურია – მეინსტრიმ მედიაში მიმდინარე მოვლენების მეორადი გადამუშავება – კომენტარი, კრიტიკა, საკითხის გაშლა და ა.შ.“- ამბობს შოთა.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე ტენდენციები, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით, განვითარებული მსოფლიოს ტენდენციებს საკმაოდ ჩამორჩება. მნიშვნელობა არ აქვს ამის მიზეზად ისტორიას დავსახავთ თუ ჩვენს ნაკლებ მოტივირებულობასა და ზოგად პასიურობას. ფაქტია, რომ ჩვენთან დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოება არც თუ ისე გამოკვეთილია. ამას ემატება სოციალური სიდუხჭირე და ეკონომიკური ფონიც. სწორედ ეს პრობლემური კომპლექსი უნდა მივიჩნიოთ არაჯანსაღი მედიაგარემოს მიზეზეადაც. რა თქმა უნდა, ამ გარემოში ონლაინმედიაც უნდა განვიხილოთ.

შოთა ხინჩაგაშვილის აზრით, ახალი მედიის განვითარებაში მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ინტერნეტიზაციის დაბალი დონეა – „ ახალი მედია ნაკლებ კონტროლსა და ცენზურას ნიშნავს და ამ თვალსაზრისით, მისი მნიშვნელობა უდავოდ იზრდება – შედარებით ყველაზე თავისუფალი, უკონტროლო და ამავდროუალდ ინტერაქტიული სივრცეა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ორიენტირდნენ საკუთარ ინტერესებში, გემოვნებაში, შეხედულებებში, პოლიტიკურ პრეფერენციებში. მაგრამ თუ მკითხველამდე ვერ აღწევს შენი ხმა, ყველაფერს აზრი ეკარგება. ამიტომ გადამწყვეტი მაინც ფართო მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომის ხარისხია.“

ერთი სტატიის ფარგლებში რთულია განიხილო ყველა ის პრობლემა, რომელიც ახალ მედიას უკავშირდება. ხშირად წამოიჭრება ხოლმე ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის საკითხი, თუმცა თავისი ხასიათით ონლაიმედია მაინც ყველაზე ობიექტურია, ის გაძლევს საშუალებას თავად გქონდეს წვდომა ნებისმიერი ტიპის ინფორმაციაზე და თავად გამოიტანო შესაბამისი დასკვნები.

როგორც ზემოხსენებულ შეხვედრაზე ჰოლანდიელმა მედიაექსპერტმა და ჟურნალისტმა ჰენკ ბლანკენმა განაცხადა, უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ტრადიციული მედია ვეღარასოდეს იქნება ისეთი პოპულარული, როგორც ის გასული საუკუნის ბოლო ორ დეკადაში იყო. მთავარ საკითხად კი უნდა დავსახოთ, რომ ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჟურნალისტიკამ, იქნება ის ბეჭდური, სატელევიზიო თუ ონლაინჟურნალისტიკა, არ დაკარგოს თავისი ღირსება – იყოს ორიენტირებული საზოგადოებრივ ინტერესსა და ადამიანურ ღირებულებებზე.

 

(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”)