ზიზღი ქართულ პრესაში

Posted on August 1, 2011

6



ქართული პრესა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნამდვილად საინტერესო ფენომენია. ერთი მხრივ, ისინი მუდმივად ვიღაცისაგან მოითხოვენ სამართლიანობას, დემოკრატიას, ჰუმანურობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას, მეორე მხრივ კი წარმატებით ახერხებენ ხელი შეუწყონ ქსენოფობიას, ნაციონალიზმს, რელიგიურ ექსტრემიზმსა და ჰომოფობიას. პირადად ჩემთვის ბუნდოვანია თუ რატომ უნდა დავუჯერო მედიას, რომელიც ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, ახდენს საზოგადოების სტერეოტიპიზაციას და აღვივებს ზიზღს ადამიანთა შორის.

რომ აღარაფერი ვთქვათ ამგვარი საქციელით არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაზე, პრესის ასეთი დამოკიდებულება სხვადასხვა სახის უმცირესობისადმი უბრალოდ საშიშია საზოგადოებისთვის. ზიზღისა და ცრურწმენების საყოველთაო გავრცელებით ისინი ასეულობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმენიან საფრთხეს.

იმას, რომ ქართული ბეჭდური მედია შორს დგას საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და პრინციპებისაგან, მეტყველებს მედიის განვითარების ფონდის მიერ გაქმოქვეყნებული უკანასკნელი გამოკვლევაც. პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გულისხმობს მონიტორინგს ბეჭდურ- და ინტერნეტგამოცემებში გამოვლენილ დისკიმინაციაზე სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მიხედვით. კვლევა მოიცავდა დაკვირვებას 6 გაზეთსა („რეზონანსი,“ „24 საათი,“ „ალია,“ „ქრონიკა,“ „ასავალ-დასავალი,“ „კვირის პალიტრა“) და ორ ჟურნალზე („ტაბულა,“ „თბილისელები“).

შედეგი კი, რომელიც კვლევამ ცხადყო, ნამდვილად არ არის მოულოდნელი და გასაკვირი. რეალურად რომ ვთქვათ, ის საზოგადოებაში არსებული განწყობის პირდაპირპროპორციულია. მთლიანობაში გაანალიზდა 35-ზე მეტი სტატია თუ საინფორმაციო შეტყობინება. აქედან სტატიების 63% მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ნეიტრალურად – 24%, პოზიტიურად კი მხოლოდ 13%. ნეიტრალურ შეფასებებში ჟურნალი „ტაბულა“ და გაზეთი „24 საათი“ პირველობენ, უარყოფით შეფასებებში კი ჟურნალი „თბილისელები“, გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „კვირის ქრონიკა“.

როგორც კვლევა აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით 2007-2010 წლებში აღნიშნული საკითხებისადმი მიდგომა მკვეთრად პოლარიზებული გახდა. მოიმატა პოზიტიური ტიპის ინფორმაციის ოდენობამ ჰომოსექსუალთა შესახებ, თუმცა ამის პარალელურად თითქმის გაქრა ნეიტრალური დამოკიდებულების ამსახველი საინფორმაციო შეტყობინებები და მკვეთრად გაიზარდა ნეგატიური დამოკიდებულებაც.

კვლევის დეტალური ანალიზი ალბათ შორს წაგვიყვანს, თუმცა ტენდენცია ცალსახაა – ისევე როგორც ქართული საზოგადოება, ქართული პრესაც მკვეთრად ჰომოფობიურია -ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – განათლების, პროფესიონალიზმისა და დემოკრატიზაციის დაბალ დონეზე.

ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მედიის შეზღუდვის თუ სხვა დარღვევების დროს ხშირად იშველიებენ ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების დეკლარაციას, რატომღაც ავიწყდებათ, რომ ამავე დეკლარაციის მეშვიდე მუხლი გულისხმობს ადამიანთა დისკრიმინაციის აკრძალვას სქესის, რასის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსის მიხედვით.

ამის პარალელურად კი ისეთი ბულვარული გამოცემები, როგორებიცაა „სარკე“ „თბილისელები“ „გზა“ და ა.შ. ავსებენ საკუთარ ფურცლებს გამოგონილი ისტორიებით გეების, ლესბოსელების შესახებ. ამგვარი ქმედებით კი ისინი უწყობენ ხელს ზიზღის გაღვივება განსხვავებული ადამიანების მიმართ. სამაგიეროდ ასეთი „ზღაპრები“ კარგად იყიდება და სულაც არ ფიქრობენ, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

ჰომოფობიისა და მისი მასმედიის საშუალებით გავრცელების ხელშწყობა მხოლოდ ქართული პრობლემა არაა. ეს ეტაპი ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა. თუმცა დღესდღეობით თითქმის მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არც ავადმყოფები არიან, არც საზოგადოებისათვის ზიანის მომტანნი და არც რაიმე განსაკუთრებულები. თავისი ბუნებით კი ჰომოფობია დამღუპველია.

ამის ნათელი გამოხატულება გახდა აშშ-ში გეი-ტინეიჯერთა შორის თვითმკვლელობების მაღალი პროცენტულობა. მას შემდეგ რაც 15 წლის მოზარდმა ბილი ლუკასმა თავი მოიკლა თანაკლასელთა დაცინვის შემდგომ, მთელი ამერიკა კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ჰომოფობიის პრობლემაზე. დაიწყო კამპანია „It Gets Better” და მასში უბრალო მოქალაქეებთან ერთად ამრიკის პრეზიდენტი, ცნობილი ადამიანები და სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ. ისინი მოუწოდებდნენ ჰომოსექსუალ მოზარდებს, რომ თავის მოკვლაზე არც ეფიქრათ და რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ალბათ წარმოუდგენელია დავიჯეროთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშიც დაიწყება მსგავსი კამპანია, რომელშიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ან რომელიმე სასულიერო პირი მიიღებს მონაწილეობას. პოპულიზმის მაღალი მოთხოვნილების გამო ყველა ერიდება არამომგებიან განცხადებებს, თუნდაც ამ განცხადებას ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს.

ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს – ქართულმა პრესამ და მასმედიამ კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს საკუთარ პროფესიულ ეთიკას, ვალდებულებებსა და პრინციპებს. გადაკითხვასთან ერთად უნდა გაანალიზოს თუ რას გულისხმობს ის და უნდა შეეცადოს იყოს ჰუმანური.

სწორედ მედიაა ის მოქმედი ინსტიტუცია, რომელიც ადამიანებში წარმოდგენებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მან ხელი უნდა შეუწყოს სოციალური ფობიების დაძლევას და არა პირიქით – სტერეოტიპიზაციას. სოციალური ფობიები კი ყოველთვის დეზინფორმაციით არის გამოწვეული და საკმაოდ იოლად დაიძლევა სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში.