ჩემი თიკა მასწი

Posted on August 23, 2011

13



კაი ტიპი თუ ხარ მასწავლებლები არ უნდა გიყვარდეს. ეს აქსიომაა.

არ აქვს მნიშვნელოვანი შენს სოციალურ სტატუსს, ასაკს, განათლებას, პლიტიკურ შეხედულებებს და რწმენა-წარმოდგენებს.

გინდ კაი ბიჭი იყო და ქუჩაში სულ ჩმდდშვც-ების ძახილით დარბოდე, გინდ განათლებულის შარავანდედი გმოსავდეს და ნონკონფორმისტი გეგონოს თავი.

სკოლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტის წლების ჩათვლით, უნდა იცოდე რომ მასწავლებელი/ლექტორი არ უნდა გიყვარდეს.

იმიტომ რომ მასწავლებელი სისტემაში ზის, იმიტომ რომ მასწავლებელი კონფორმისტია, იმიტომ რომ მასწავლებელი რეტროგრადია, იმიტომ რომ მასწავლებელი უბრალოდ მასწავლებელია.

თუ ბიჭი ხარ, მაშინ ხომ საერთოდ. მასწავლებლის სიყვარული ნიშნავს, რომ შენ ლუზერი ხარ. აი ისეთი სათვალიანი, მუსქანი, ჭორფლებიანი, ვიოლინოს ფუტლიარიანი „შკოლნიკები“ რომ არიან.

ერთი შეხედვით ყველაზე ატიპურ ტიპებსაც კი მასწავლებლები არ უყვართ. რომ აღარაფერი ვთქვათ კოლექტიურ-ცხოველური ცნობიერების მქონე სკოლის უკან ჩაცუცქულ ბირჟავიკებზე.

მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ – ეს სტერეოტიპია. ისეთივე სტერეოტიპია, როგორც ის, რომ ყველა კაცს თმები მოკლედ უნდა ჰქონდეს შეკრეჭილი, საყურე კი მხოლოდ გოგოებსა და “პიდარასტებს” უკეთიათ.

ოღონდ ცოტათი რომანტიკული სტერეოტიპია.

“we don’t need no education,

we don’t need to throught control.

No dark sarcasm in the classroom

Teachers leave them kids alone”

ზოგიერთი მასწავლებელი თავად უწყობს ხელს ამ ყველაფერს. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მე გამიმართლა, რადგან …

მე მყავდა თიკა მასწი. თიკა ჩემი ინგლისურის მასწავლებელი იყო. ახლაც მასწავლებელია, ოღონდ ახლა იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს და  ინგლისურის ნაცვლად ცხოვრებას მასწავლის ხოლმე. ანდა ფეისბუკში მწერს და მეჩხუბება რომ სულ გავტუტუცდი. ზოგჯერ ისეთი უხეშია, რომ მგონია ჩემთან ურთიერთობა დისკომფორტს უქმნის-მეთქი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არავინაა ამ ქვეყნად, ვისაც თიკას მსგავსად ადვილად შეუძლია დამანახოს შეცდომები, მოახდინოს ჩემზე გავლენა და გადაწყვეტილებების მიღებაში დამეხმაროს. დედასაც კი დავიფიცებ, რომ არ ვაჭარბებ. თიკას შეუძლია ყველაფერი გამიგოს. მაშინ როდესაც მეგობარები არ მყავდა, ხშირად გამომიჭერია საკუთარი თავი – როდესაც რამე საკითხზე საკუთარ თავთან ვმსჯელობდი, მეგონა ინგლისურის გაკვეთილზე ვიჯექი და თიკას ველაპარაკებოდი.

თიკა ჩვეულებრივი მასწავლებელია. თიკა არაჩვეულებრივი მასწავლებელია.

ისიც სტერეოტიპია, რომ მოსწავლესთან დაახლოება მასწავლებელს პატივისცემას დააკრგვინებს. რადგან მე თიკა მასწთან ყველაზე ახლოს ვიყავი მასწავლებლებს შორის. ამის პარალელურად კი ყველაზე მეტად მას ვცემდი პატივს.

თიკა მასწს შეუძლია საკუთარ პრობლემებზე გულახდილი ლაპარაკით, ჩემი პრობლემების მოგვარებაში დამეხმაროს.

ჩემი და თიკა მასწის შეხედულებები არ ემთხვევა – პოლიტიკაზე, რელიგიაზე, სიყვარულზე და ა.შ. სამაგიეროდ არცერთხელ არ მახსოვს განსხვავებული აზრების გამო მე და თიკა მასწი ერთმანეთისაგან შორს ვმდგარიყავით.

პირადად ჩემთვის ეს ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება განსხვავებულმა აზრებმა დაგაახლოვონ და არა პირიქით – დაგაშორონ.

თიკა მასწავლებელია. ზუსტად ისეთი მასწავლებელია, როგორებიც მოსწავლეებს არ უყვართ. მაპატიეთ მასწავლებლებო, მაგრამ მადლიერი მოსწავლეების რიცხვი მინიმალურია. რადგან თუ გინდა რომ კაი ტიპი იყო, მასწავლებლები არ უნდა გიყვარდეს. კაი ტიპობა კი ყველას უნდა. სხვადასხვანაირად მაგრამ მაინც უნდათ.

როგორც წესი, მასწავლებლებმა არ იციან, რომ ყველაზე კარგი მოსწავლეებიც კი მათზე ყველაზე ცუდ რაღაცებს ამბობენ.

მე თუ მკითხავთ – ჩვენ, მოსწავლეები ან ყოფილი მოსწავლეები უმადურები ვართ. ძალიან უმადურები. რადგან კაი ტიპობის გამო ხელაღებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვიყვარს მასწავლებლები რადგან ისინი ……

ჰო არაპოპულარულია ის, რასაც ვამბობ, მაგრამ რა ვქნა. თიკა მასწავლებელი ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს მეგობრებზე მეტადაც კი.

(რამდენიმე დღსი წინ ერთმა მეგობარმა სიმღერა მომასმენინა, რომელიც მასწავლებლებს ეძღვნებოდათ. მომეწონა და დამაფიქრა. ჰოდა თქვენც მოუსმინეთ, იქნებ დაგაფიქროთ მაინც თუ არ მოგეწონებთ)<a href=”” title=”ეს კი ჩემს თიკა მასწს”>