ცოტა პური და ბევრი სანახაობა

Posted on August 26, 2011

7



ზაფხულის ბოლო თვეა. პოლიტიკოსები ისვენებენ. ისედაც სულ ისვენებენ, მაგრამ ახლა უფრო მეტად. პარლამენტში დებატები საშემოდგომო სესიებამდე გადადებულია. ყველამ იცის, საშემოდგომო სესია მხოლოდ კალენდარულად თუ დადგება, თორემ დებატები არც სხდომების დაწყების შემდეგ იქნება. ოპოზიცია გარინდულია. ანუ აღარ არის ისტერიკაში. სექტემბრიდან სავარაუდოდ ისტერიკის ახალი ტალღა დაიწყება, თუკი ამის თავი მაინც შერჩათ. წინასწარვე გული მერევა. მხოლოდ ლეიბორისტები თუ გამოჩნდებიან ხოლმე ნიუსებში და თავიანთი ჩვეული არტისტიზმით კიდევ ერთ პერფორმანსს წარმოგვიდგენენ – სადმე ცხვარს გაატყავებენ ან პრეზიდენტისაგან მოსულ ანაკლიაში მოსაწვევ ბართს  საჯაროდ დახევენ.

სამაგიეროდ, საინფორმაციო გამოშვებები ცხოვრობენ რიტმით „კონცერტამდე“ და  „კონცერტის შემდეგ“. ბათუმში მიხეილ დოიაშვილმა ახალი მიუზიკლი დადგა. (არ გეჩვენაბთ, ჩვენი პრეზიდენტის სახელი და „ქეთო და კოტეს“ ოფიციალური რეჟისორის გვარი ერთმანეთს შევურწყე, რადგან ჯერჯერობით კვლავაც ვერ გავარკვიე ნამდვილი რეჟისორის ვინაობა). პატრიარქმა რევოლუციის აჩრდილი შენიშნა ბათუმის თეატრის შენობაში და თუკი რამდენიმე თვის წინ მისი ნათქვამი „რაღა დროს მარქსია“ ეკერა ყველას პირზე, ახლა ახალი პატრიარქიზმი მოედო სოციალურ ქსელებს – „რევოლუცია სცენაზე“.

თამარ(ა) გვერდწითელმაც გაშალა რუსეთიდან ჩამოტანილი ქოლგა ნიცის პიაცაზე. უხ, მომიტევეთ, ისე დაემსგავსა ბათუმი ნიცას, რომ სულ მერევა ერთმანეთში. მერე რა, რომ თამარა ხან პუტინს უმღერის, ხან მეორე პუტინს (მედვედევს).  რუსეთს ხან პირველ სიყვარულს უწოდებს და ხან „ჩემს სიამაყეს“. მერე რა რომ რუსეთში ერთხელ სიმღერის გამო პაატა ბუჭულაძე ლამის საკუთარი საქველმოქმედო ფონდის დასახმარებელი გახადეს.  სტერეოტიპებს არღვევენ, ოღონდ თავისებურად.

რობერტ სტურუას კი სომეხი პრეზიდენტი არ უნდოდა. ამის გამო, კორექტულად რომ ვთქვათ, თანამდებობიდან გადააყენეს. მიზეზი – ქსენოფობია. ვფიქრობ რომ სუსტი არგუმენტი იყო.  ქსენოფობიის მიზეზით თუ მივდგებით, სამი მეოთხედი საქართველოს გადაყენება რომ დაგვჭირდება ეს ფაქტია. მათ შორის პრეზიდენტის, მინისტრების, მასწავლებლების, ლექტორების, ექიმების, პოლიციელების და ა.შ. ერთი მხრივ, კარგია, რომ ქსენოფობიის გამო დასჯის პრეცენდენტი შეიქმნა, თუმცა ცუდია, რომ ამ შემთხვევის პრეცენდენტულობის ჯაბა იოსელიანი რაღა იყო და ნიკა რურუასაც არ სჯერა. მთავარია ხალხმა დაიჯეროს. თან მოსახლეობის ნახევარი რეალურად ვერც გაიგებს რის გამო აღიმართა „დამოკლეს (/რურუას)  მახვილი“ რობერტ სრუტუას თავზე.

ისე ჩვენს არაქსენოფობ მთავრობას რომ ჯერ ეზრუნა და ხალხისთვის აეხსნა რა ბოროტებაცაა  ქსენოფობია, მგონი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ამისთვის სივრცე არ აქვთ ალბათ. ტოლერანტობის დეკლარირება ფურცლებზეც კმარა, ამ თემაზე დისკუსია კი რა საჭიროა. ხალხს გართობა უყვარსო დაადგინეს გამოკითხვებით (ნეტა ამას რა გამოკითხვა უნდოდა, მასობრივი კომუნიკაციის ყველა წიგნში წერია) ამიტომაც სატალევიზიო ეთერებში მღერიან, ცეკვავენ, ხტუნაობენ, ღლაბუცობენ, კუნტრუშებენ. ხალხიც ბედნიერია და მთავრობაც. „პური და სანახაობა“ შეიკვეცა და დარჩა „სანახაობა“.

მანამ სანამ „კულტურულ ქარ-ცეცხლში“ გავეხვეოდით ტელეეკრანებზე „ჯაშუშების“ რამდენიმე სერიაც ვნახეთ. კონსპირაციის თეორიის პრაქტიკული კურსიც ჩაგვიტარა შსს-მ. ვიღაცებმა დაიჯერეს, რომ ფოტოგრაფებმა სამშობლო სულ სურათ-სურათ გაყიდეს, ვიღაცებს კი პროფესიული სენტიმენტები აღეძრათ და შსს-ზე უკეთესი სცნარები დაწერეს სიტყვის თავისუფლების ჩაგვრის შესახებ. საბოლოოდ კი სასამართლომ ყველას ბედნიერება უსურვა და მსოფლიო სამართლის ისტორიაში საფუძველი დაუდო ახალი ტიპის განაჩენს – დამნაშავეა ანუ გათავისუფლდეს. როგორც წესი დამნაშავეებს სჯიან. ჩვენ კი ლიბერალური პენიტენციალური სისტემით სკანდინავიასაც გავასწარით.

უფროსი ძმა მყავს (მომიტევეთ ლირიკული გადახვევისათვის). ბავშვობაში ყოველი ჩხუბის შემდეგ დამნაშავე ყოველთვის ის მეგონა. ამიტომაც ბოდიშს არასდროს ვიხდიდი. ზუსტად ასე იქცევა ხელისუფლება (ოპოზიციაც). არასდროს იხდის ბოდიშს არაფერზე. თუნდაც აღიაროს, რომ რამე შესცოდა. არადა მხოლოდ მრავალფეროვნების გამო მაინც მოისმენდა ადამიანი სახელისუფლებო (ანდა საერთოდ, პოლიტიკურ) ბოდიშს. თუმცა ჩვენს ისტორიაში (თუნდაც აშშ-ის ისტორიისაგან განსხვავებით) ამის  პრეცენდენტი არ მოიძებნება. აქ ყოველთვის ყველა მართალია.

მთელი ამ ჯაშუშური  შემხედვარე, ჩემდა უნებურად გამოვიტანე ერთი დასკვნა :

საქართველოში რომ უოტერგეიტის სკანდალი მომხდარიყო, რომელსაც აშშ-ში პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, აქ ალბათ ჯაშუშებს იპოვნიდნენ (უფრო სწორი იქნება თუ გამოვიყენებთ სიტვას „იშოვიდნენ“) და ერთ კვირაში ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდებოდა.

საქართველოში რომ მონიკა ლევინსკის ეცხოვრა, რომელთან ბილ კლინტონის სექსუალური ურთიერთობასაც ლამის პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოჰყვა, ის აუცილებლად ჯაშუში აღმოჩნდებოდა, რადგან პრეზიდენტი მტყუანი ვერ იქნებოდა.

საქართველოში ქრისტეს რომ ეცხოვრა, ისიც კი ჯაშუში აღმოჩნდებოდა. მუჰამედიც, ბუდაც.

მართალია ქრონოლოგიურად ერთობ არეული ნაწერი გამოვიდა, მაგრამ, ასეთი შემთხვევები იმდენად ტიპურია ჩვენი ყოფისათვის, რომ დროით მახასიათებლებს მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხარო ისაა, რომ ზემოთ აღწერილი მოვლენები ჩვენს სივრცეში ხდება. და უკვე ჩვეულებრივიც კი შეიძლება ეწოდეოს.

ესეც კიდევ ერთი ზაფხული, ცოტა პურით და ბევრი სანახაობით. სექტემბრიდან კი რა? პრინციპში, არც არაფერი – ჩვენთან პოლიტიკური ცხოვრება ხომ არც სექტემბერში დუღს, არც იანვარში და არც მაისში. ისევ ისე ძველებურად გაგრძელდება ყველაფერი. ცოტა ალოგიკურად და ცოტა საშიშად. ვიღაცებს დაიჭერენ, ვიღაცებს თანამდებობებიდან გადააყენებენ, ვიღაცებს კი დანიშნავენ, შუშის შენობებსაც გახსნიან, სინგაპურიზაციიდან ჰონკონგიზაციის გზას დავადგებით, სიღნაღის, ბათუმისა და ანაკლიის შემდეგ ჩხოროწყუში და ლაგოდეხშიც გახსიან ლამაზ შენობებს და ალბათ ივერიაც გაბრწყინდება.