ლიდერი & მენეჯერი

Posted on December 2, 2011

5



(მედიამენეჯმენტის დავალებაა და თუ გინდათ თქვენც წაიკითხეთ)
მენეჯერისა და ლიდერის შედარებისას აუცილებელია გავიაზროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი – ეს ცნებები უნდა უნდა განვიხილოთ მრავალ განასერში. ისინი ერთმანეთს  ცალსახად არც ემთხვევიან და არც უპირისპირდებიან. მათი მნიშვნელობები ზოგჯერ უახლოვდება ერთმანეთს, ზოგჯერ კი შორდება. მარტივად რომ ვთქვათ, ლიდერი არ არის მენეჯერის იდენტური ცნება, ხოლო მენეჯერის არსი თავის თავში მოიცავს ლიდერობის გარკვეულ ელემენტებს.  სხვაობისა და მსგავსების უკეთ დასანახად, უმჯობესი იქნება, თუკი პირველ ეტაპზე თითოეულ მათგანს ცალცალკე განვიხილავთ.
Image
მენეჯერის ცნება, როგორც ამას ოტი, პარკერსი და სიმპსონი განმარტავენ წიგნში “ორგანიზაციული ქცევა,” ნიშნავს, რომ ორგანიზაციაში ინდივიდს ძალაუფლება ფორმალურად მიენიჭა/გადაეცა. მენეჯმენტის პროცესი გულისხმობს, რომ გარკვეული ტიპის უფლებამოსილება (როგორც წესი, ფორმალური) განპირობებულია დაკავებული თანამდებობით. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა კი რანგით უფრო მაღლა მდგომი ძალაუფლების მქონე ინდივიდების მიერ ხორციელდება. მენეჯმენტის პროცესი გულისხმობს ორგანიზაციული რესურსების გამოყენებაზე სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების აღებას.
მენეჯერის ფუნქციები მრავალგვარია. ის ვალდებულია, რომ ნაკისრი პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩამოაყალიბოს ეფექტური ფორმალური გეგმები, შექმნას ორგანიზაციის მყარი სტრუქტურა, იზრუნოს ორგანიზაციის პროდუქტიულობაზე, გაუწიოს მონიტორინგი როგორც მომუშავე პერსონალს, ასევე ორგანიზაციის ზოგად მდგომარეობასა და მისი ფუნქციონირების შედეგებს, დაამყაროს წესრიგი და თანმიმდევრულობა, უზრუნველყოს თანამშრომელთა წარმატებული მუშაობა, იზრუნოს მათ განვითარებასა და უფლებების დაცვაზე ორგანიზაციის მიზნების გათვალისწინებით. ზოგიერთი მკვლევარი (მაგ: საიმონი)  კი მენეჯმენტის პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესთან აიგივებს, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ კომპლექსური და საინტერესო პროცესია. ეს პროცესი ყოველთვის გულისხმობს გარკვეული მიზნების დასახვას და მის სისრულეში მოსაყვანად სტრატეგიის შემუშავებას. ამ ყველაფერს კი ემატება ზემოთ ნახსენები ფორმალურობა.Imageრაც შეეხება ლიდერობას, იგი თავისი არსით შედარებით უფრო ზოგადი და ნაკლებად ფორმალური ცნებაა. მაგალითად მისურის უნივერსიტეტის მკვლევარი გლორია გალანესი ამ სიტყვის განმარტებისას ეყრდნობა ჰეკმანისა და ჯონოსონის განმარტებას, რომ ლიდერობა ეს არის კომუნიკაციური ქცევა/აქტი, რომლის უმთავრესი მიზანია ჯგუფისა და ორგანიზაციული მიზნების თანხვედრა მოახდინოს. ლიდერობის ფენომენზე საუბრისას, მკვლევარი ევინ პ. ჰოლანდერი 1992 წელს გამოცემულ სტატიაში “The  Essential  Interdependence  of Leadership  and  Followership” აღნიშნავს, რომ ლიდერობა გულისხმობს უფრო მეტად პროცესს, ვიდრე ინდივიდს. მას ყურადღება გამახვილებული აქვს ძირითადად ლიდერებსა და მათდამი დამორჩილებული თანამშრომლების ურთიერთობის ფორმებსა და შინაარსზე და ხაზს უსვამს, რომ აღიარებული სტერეოტიპის მიუხედავად, ლიდერობა ნიშნავს არა ლიდერისა და მისი თანამშრომლების ცალმხრივ ინტერაქციას, არამედ მიზნის მისაღწევად აქტიურ ძალისხმევას ორივე მხრიდან.
ხოლო ზემოთ უკვე ნახსენები ოტი, სიმპსონი და პარკერსი, 2003 წელს გამოცემულ წიგნში აქცენტს სვამენ დაქვემდებარებულობაზე და მენეჯერთან შედარებით მის ნაკლებ სუბორდინირებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მართლაც, ლიდერს არ სჭირდება ვინმესაგან ძალაუფლებისა თუ უფლებამოსილების მინიჭება, სხვადასხვა გზით ის თავად აღწევს მას. (მიღწევის გზებზე საუბარი ქვემოთ გვექნება).
ამ დარგში აღიარებული სხვადასხვა სპეციალისტი სხვადასხვა ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად სთოდგილი (Stodgill) აღნიშნავს, რომ ლიდერობის ცნება არ უნდა დავიყვანოთ ინდივიდებამდე, ლიდერობა შეიძლება განვიხილოთ ჯგუფების დონეზეც. სტივენ რობინსი კი ლიდერობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს ინდივიდის მიერ ჯგუფზე იდეების ჩამოყალიბებისას და განხორციელებისას გავლენის უნარზე.
ხშირია, როდესაც მენეჯერისა და ლიდერის ცნებებს ერთმანეთში ურევენ. თუმცა რეალურად ისინი შესაძლოა თანხვედრაშიც იყვნენ და ორ განსხვავებულ მნიშვნელობასაც გულისხმობდნენ. მათ შორის უმეტეს წილად განსხვავებაა ფუნქციონალურად და მოვალობების მიხედვით. მენეჯერი როგორც წესი გარკვეული რანგის მქონე ოფიციალურ პირს აღნიშნავს, რომელსაც უამარავი ვალდებულება აქვს აღებული. ლიდერი კი შესაძლოა იყოს ორგანიზაციული პირი, რომლის თანამდებობაც სულაც არ არის მაღალი. თუმცა გარკვეული გარემო-პირობებისა თუ პიროვნული მახასიათებლების გამო ის ხდება ჯგუფში (ორგანიზაციაში) დომინანტი და მისი ავტორიტეტიც იზრდება.
ვინაიდან მენეჯერი ლიდერიცაა, უმჯობესი იქნება თუ ლიდერობის შესახებ საუბარს განვავრცობთ.
ლიდერების დახასიათებისას, როგორც წესი ყურადღება მახვილდება რამდენიმე თეორიაზე, ძირითადად – თვისებების, ქცევის და სიტუაციურ თეორიებზე. მათ შორის თვისებების თეორია ალბათ წამყვანია. ყველა დროის საუკეთესო ლიდერების დახასიათებისას პირველ რიგში სწორედ მათ თვისებებზე საუბრობენ ხოლმე. ასეთ დროს ყურადღება მახვილდება ადამიანთა პიროვნულ, ინტელექტუალურ თვისებებზე, ქარიზმასა და სხვა შინაგან მახასიათებლებზე.თვისებების თეორიისაგან განსხვავებულია ქცევის თეორია და ის ყურადღებას უთმობს ლიდერთა მიერ გამოხატული ქმედებების ანალიზს და მათ კორელაციას ჯგუფზე ლიდერის გავლენას შორის. ამ თეორიის მიხედვით, ისევე როგორც თვისებების თეორიის მიხედვით, შესაძლებელია ლიდერთა უამრავი ტიპის გამოყოფა, თუმცა დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ უნდა აღინიშნოს რომ იგივე რობინსის აზრით, ქცევითი თეორიის გამოყენებისას, როგორც წესი ორ მახასიათებელზე კეთდება ყურდღება – სტრუქტურულობა (რამდენად აქვს ლიდერს გეგმათა სწორი სტრუქტურალიზაციის უნარი) და ყურადღებიანობა ( უფრო თუ განვაზოგადებთ – თანამშრომლებთან დამოკიდებულება). ლიდერის თვისებებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კიდევ ერთ თვისებას – თვითკონტროლის უნარს (Galanes / IN THEIR OWN WORDS, 2003).
სიტუაციური თეორია კი სცილდება ინდივიდს და უფრო მეტად გარმოს და მასში შქმნილ სიტუაციებსა და ამ სიტუაციებისადმი ლიდერის ურთიერთმიმართებაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია ლიდერებისა და თანამშრომლების ურთიერთმიმართებაც, რომელიც როგორც წესი ცალმხრივ პროცესად აქვთ წარმოდგენილი როგორც ლიდერთა (მენეჯერები, ადმინისტრატორები, დირექტორები და ა.შ.) ასევე თანამშორმელთა დიდ ნაწილს. სინამდვილეში კი ეფექტური ფუნქციონირება გულისხმობს იდეათა, შესაძლებლობათა და რესურსთა მუდმივ ცირკულაციას ლიდერიდან მასზე დამოკიდებული პირებისადმი და პირიქით. როგორც ჰოლანდერი ბარნსისა და კრიგერის (Barns & Kriger) დაყრდნობით წერს, სწორი მუშაობა მხოლოდ პლურალურისტური მიდგომითა და მაქსიმალური ურთიერთნდობის პირობებშია შესაძლებელი. დიდი ყურადღება უნდა მიქცეს ასევე ლიდერის საქმიანობის სტილსაც. სასურველია, რომ ის რაც შეიძლება ნაკლებად ავტორიტარული, ნაკლებად იერარქიული და მაქსიმალურად ჰორიზონტალური და დემოკრატიული იყოს.
აქვე უნდა ვახსენოთ ლიდერობის თეორიებიც, რომელთაგან უნიშვნელოვანესებია – ქარიზმატული ლიდერობა და ტრანსფორმაციული ლიდერობა. ქარიზმატული ლიდერობა ინდივიდის ისეთ უნარს გულისხმობს, რომელიც ადამიანებს “აიძულებს” მოეპყრან მას როგორც ზებუნებრივს, ადამიანურ შესაძლებლობებზე აღმატებული უნარის მქონეს. ტრანსფორმაციულობა კი გულისხმობს ლიდერის უნარს, შეუქმნას თანამშრომლებს (ჯგუფის წევრებს) მოტივაცია/განწყობა, რომ მათ საქმის გულისთვის საკუთარი რესურსები მაქსიმალურად ამოწურონ.
საერთო ჯამში ალბათ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ლიდერობის თეორია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მენეჯმენტის შესწავლისას. სწორედ ეს თეორია უნდა გახდეს საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა მომავალი  (როგორც დანიშნული, ასევე ჯგუფის მიერ არჩეული) ლიდერის საქმიანობა. თუმცა ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარგი მენეჯერი აუცილებლად არ ნიშნავს კარგ ლიდერს, და პირიქით, კარგი ლიდერი არ ნიშნავს კარგ მენეჯერს. მენეჯერის ფუნქციები უფრო ფორმალური და რუტინულია, ხოლო ლიდერი უფრო თავისუფალია თავის ქმედებებში და მისი  საქმიანობაც უფრო მრავალპლანიანი შეიძლება იყოს. ამის პარალელურად კი არ უნდა გამოვრიცხოთ რომ ეს ცნებები გადაიკვეთონ.
წყაროები  –
  • “The Essential Interdependence of Leadership and Followership^ Edwin P. Hollander 2003
  • “In Their Own Words : An Exploratory Study of Bona Fide Group Leaders”  Gloria J. Galane 2003
  • რ. გორდონი თ ა ვ ი 1 – “ლიდერობა” რელევანტური ISLLC სტანდარტები
  • ტიმოთი ჯაჯი; სტივენ რობინსი – ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები. თავი 11 “ლიდერობა”
  • და კიდევ ჩემი მედიამენეჯმენტის სახელმძღვანელო, რომლის ავტორიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აზრზე არ ვარ ვინაა – ქსეროქსებით ვსწავლობ🙂