პოზიცია – პოზიციის არ ქონა

Posted on January 3, 2012

14



ალბათ გახსოვთ, როგორ გაერთიანდა სრულიად საქართველო, როდესაც რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფრთხო და, მე თუ მკითხავთ, პოზიტიური კანონი მიიღო ხელისუფლებამ. კიმ ჩენ ირის დამტირებლებსაც კი შეშურდებოდათ ქართველთა ერთსულოვნება მეტეხის ხიდზე მეტანიების კეთებისას. ჩემი დაკვირვებით, ეს ადამიანები ისეთ ზოგად და ჰიპოთეტურ იდეებს იცავდნენ როგორიც „მამულიშვილობა,“ „ქართველობა (ანუ სარწმუნოება)“ და „კაცობა“ იყო. ზოგი ტიროდა (ოღონდ გაურკვეველია რის გამო), ზოგიც იარაღდებოდა გაურკვეველი საფრთხის წინააღმდეგ. მოკლედ, პათეტიკის ნამდვილი დემონსტრაცია იყო. საბოლოოდ კი რაც მოხდა, თავადაც უკეთ იცით.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, CRRC-ის კვლევის მიხედვით ამიერკავკასიაში რელიგიურ ინსტიტუტებს ყველაზე მეტად საქართველოში ენდობიან. გამოკითხულთა 86% ენდობა ან სრულად ენდობა საკუთარი ქვეყნის რელიგიურ ინსტიტუტებს. (რთული მისახვედრი არაა, რომ ძირითად ინტიტუტად მართლმადიდებლური ეკლესია იგულისხმება).

ანუ საჭიროების შემთხვევაში, ეკლესიას საკმაოდ დიდი მასების მობილიზება შეუძლია.

ახლა ერთი რამე მაინტერესებს, მაშინ როდესაც საპატრიარქო და თითქმის ყველა სასულიერო პირი ნებისმიერ დროს, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად ერევა საერო ცხოვრებაში, პოლიტიკურ მოვლენებში და ხშირად გადამწყვეტ როლსაც თამაშობენ, რატომ ჩუმდებიან ისინი ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა „გუდიაშვილის სკვერის“ სიღნაღო-სინგაპურიზაცია? რატომ არ აფიქსირებენ ისინი საკუთარ პოზიციას ქალაქისთვის მნიშვნელოვან მომენტში ? ფაქტია, რომ მოსახლეობას ვერ აგებინებ, რომ რაღაც უნდა გააპროტესტოს, თუ ამისკენ მოძღვარმა ქადაგებისას არ მოუწოდა.

(რამდენიმე დღის წინ, გუდიაშვილის სკვერში აქციის მცირერიცხოვნობით შეწუხებული მეგობრები ვხუმრობდით,  რომელიმე მამაოს უნდა ჩავაწვეთოთ, რომ дьявол носит „прада“  და რომ გუდიშვილის სკვერში „პრადას“ მაღაზიის გახსნას აპირებენ. იქნებ მოძღვრებმა მოუწოდონ ხალხს, რომ „სატანისტების შემოსვლას ხელი შეუშალონ“ და იქნებ მაშინ მაინც გააპროტესტონ ადამიანებმა ის, რაც გასაპროტესტებელია.)